ვინ იქნება მეორე?

ვინ იქნება მეორე?

საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. მართალია, ზაფხული საარჩევნო კამპანიისთვის არც ისე ხელსაყრელი დროა და საპრეზიდენტო კანდიდატთა საბოლოო რეგისტრაციამდეც საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ ქვეყნის წარმავალი პრეზიდენტი პოლიტიკურ სცენაზე ჰიპრაქტიურობას კვლავ ინარჩუნებს.

როგორც ჩანს, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების მიღწევას ისევ სააკაშვილი ეცდება, ამჯერად დავით ბაქრაძის სახელით. „ქართული ოცნების“ მთავარი მოწინააღმდეგეც დღევანდელი მდგომარეობით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ იმ ფულისა და რესურსების გათვალისწინებით, რაც მას გააჩნია.

საპრეზიდენტო და ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია, საკმაოდ ძლირადაა წარმოდგენილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, როგორც მისი ოპონენტები ამტკიცებენ, ფლობს არჩევნების გაყალბების წლობით დახვეწილ მეთოდებს.

არავის შექმნია ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, მაგრამ ყველასთვის და თვით „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ კარგადაა ცნობილი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილის მოპოვება, მომავალში ხელისუფლებაში დაბრუნების სავიზიტო ბარათია.

ეს სააკაშვილის განცხადებებიდანაც კარგად ჩანს, როდესაც საუბრობს, რა პირობით აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას. აისახება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი აქტიურობა სხვა საარჩევნო სუბიექტების შანსებზე, რამდენად მისცემს დღევანდელი საარჩევნო გარემო ან პოლიტიკური მდგომარეობა სხვა საარჩევნო სუბიექტებს, თანაბარ პირობებში ბრძოლის შანსს, ამ თემებზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ბატონო ვახტანგ, საქართველოს პარლამენტიმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებკანონ ცვლის, რომლის თანახმად პოლიტიკურ პარტიების დაფინანსებ ზრდება. ეს საკმარისია იმისათვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თანაბარ საარჩევნო პირობებზე ვისაუბროთ?

- საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, ძირითადად, ოპოზიციის მოთხოვნა იყო-ხოლმე. რეალურად რომ ვთქვათ, არის საკითხები, რომელიც მოითხოვდა და მოითხოვს უფრო ზუსტ და სწორ დარეგულირებას, რომ ზოგადად, საარჩევნო გარემო ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარ პირობებში აყენებდეს.

წინა ხელისუფლებასთან ამ მხრივ პრობლემები არსებობდა, ამიტომ, ამ მხრივ, გადასადგმელი ნაბიჯები აუცილებელი იყო და ძალიან კარგია, რომ ეს ხდება. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი ნაწილია, არსებობს, მეორე პოლიტიკური მხარე - ახალი ხელისუფლება პირველად ატარებს არჩევნებს და ცდილობს, საზოგადოებას შინ თუ გარეთ, წარუდგეს უფრო დადებითად და პოზიტიური კუთხით აჩვენოს საკუთარი დამოკიდებულება ამ არჩევნებისადმი. ასე რომ, ამ მხრივ, დღეს სწორი ნაბიჯი იდგმება.

რაც შეეხება თვითონ საარჩევნო სუბიექტებს, არსებობს მოსაზრება, რომ რაც უნდა შეეცადოს ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაწონასწორებას, რეალურად ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური ძალა, რომალსაც გააჩნია ფული -ოცნება“ და ნაციონალები. ასეთი მოცემულობა რამდენად აძლევს შანსს სხვა პარტიებს, მაგალითისთვის ბურჯანაძის პარტიას?

- რეალურად უნდა ითქვას, რომ პარტიული მეურნეობა მხოლოდ ამ ორ პარტიას აქვს მოწესრიგებული. „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავდა და ეყოლება თავისი ჯგუფი - არა მხარდამჭერების, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც იმუშავებენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

„ქართულ ოცნებასაც“, რა თქმა უნდა, ამ მხრივ საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს. არ ვიცი, დანარჩენი პარტიების მდგომარეობა, მაგრამ თუ რომელიმე შეიძლება გამოიყოს, ეს არის ბურჯანაძის პარტია, რომელმაც მართალია, წინა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას პარტიული სტრუქტურა შეძლებისდაგვარად გამართული უნდა ჰქონდეს. თუმცა არ ვიცი, რამდენად თანაფარდია ამ ორ პარტიასთან შედარებით.

როდესაც ექსპერტები და პოლიტიკოსები საუბრობენ ორ ძირითად პარტიაზე, სავარაუდოდ, გულისხმობენ სწორედ საარჩევნო მეურნეობის სრულყოფილ გამართულობას. ამ კუთხით, კიდევ თუ რომელიმე პარტიის განხილვა შეიძლება, ეს სწორედ ბურჯანაძის პარტიაა.

დამოუკიდებელ კანდიდატებზე ლაპარაკი ზედმეტია. სხვა პარტიებს არ მგონია ისე ჰქონდეთ გამართული პარტიული მეურნეობები, რომ 4000-მდე საარჩევნო უბანზე საკმარისი ადამიანური რესურსები გააჩნდეთ.

მაინც მგონია, რომ ეს არ იქნება არჩევნები, სადაც ფინანსები იქნება გადამწყვეტი, არ არის ასეთი პოლიტიკური სიტუაცია დღეს ქვეყანაში.

ბოლო დღეებში მოხდა საკმაოდ საინტერესო ფაქტი, როგორიცაა ბაჩო ახალაიას გათავისუფლება. ეს როგორ შეიძლება აისახოს იმ საარჩევნო სუბიექტების რეიტინგზე, რომლებიც ამ კონტექსტში დაპირისპირებულ ბანაკებად მოიაზრებიან? მაგალითად, ხელისუფლებისთვის ეს არის პლუსი თუ მინუსი?

- საკმაოდ რთული საკითხია, რეალურად, საზოგადოებაში ამ თემის მიმართ გაურკვევლობა უფრო შეინიშნება, რაღაც ორაზროვანი განწყობა უფრო იკითხება.

ნელ-ნელა მაინც მოხერხდა და დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ასე თუ ისე, გადაავადა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პერიოდამდე. დღეს უფრო ხშირად მოისმენთ საარჩევნო ელექტორატში, ხალხში, რომ ჩამთავრდება ეს საპრეზიდენტო არჩევნები და შემდეგ დაიწყება ყველაფერი - ასე შეიცვალა მოლოდინი.

აქედან გამომდინარე, როდესაც ლაპარაკია ახალაიას გათავისუფლებაზე, ძალიან მეეჭვება, რომ საზოგადოებაში ვინმეს ამ საკითხის მიმართ აზრი შეეცვალა. თუ ამ საკითხს ვინმეს მიაწერენ, იტყვიან, რომ სასამართლო ძველი ხელისუფლების მხარდამჭერი დარჩა და უფრო სასამართლოს წინააღმდეგ იხრება საზოგადოების განწყობა, ვიდრე „ქართული ოცნების“.

საინტერესოა ის მომენტიც, რომ არც პროკურატურის წინააღმდეგ გაჩნდა ცუდი განწყობა, მაგრამ მაინც მგონია, ეს შედეგია იმ ფსიქოლოგიური განწყობისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი გამოსწორდება.

ეს იდეა იმდენად ძლიერად არის გამჯდარი მოსახლეობაში, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც სერიოზული პროცესი არ დაიწყება სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ხელისუფლების რეიტინგის მკვეთრი ვარდნა მოხდება. თუმცა არჩევნებამდე არ მგონია, ამ ფაქტმა რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს პროცესზე ქვეყნის შიგნით.

ამას აქვს მეორე მხარეც - განწყობა საერთაშორისო ასპარეზზე, იქ ვფიქრობ, ეს მომენტი, სწორედ რომ, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება გამოყენებული, აღიქმება, რომ ქვეყანაში კანონიერება და სასამართლოს უზენაესობა მკვიდრდება.

თუმცა ციხეში რჩება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და სავარაუდოდ, მას არჩევნებამდე განაჩენს არ გამოუტანენ...

- თუ დააკვირდებით, ძალიან საინტერესო რამ ხდება - ვანო მერაბიშვილის საკითხის მიმართ აქცენტირება ნელ-ნელა მინელდა ქვეყნის შიგნით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გუნავა შეიწყალა, საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნა, რომ თუ არჩევნებამდე დადგება ვანო მერაბიშვილისთვის გამოტანილი განაჩენი, შესაძლებელია ის სააკაშვილმა გაათავისუფლოს - საზოგადოებაში აქაც გადავადების სურვილი იგრძნობა. ასე რომ, ამ მხრივაც შეძლო ხელისუფლებამ განწყობის განეიტრალება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს საკმაოდ მძიმე ტვირთია ხელისუფლებისთვის.

ქვეყნის გარეთაც არ მგონია დიდი პრობლემები შექმნას იმ საკითხმა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეშია. დასავლეთი ისევ იმ ფორმატში გააგრძელებს ამ თემის აქტუალიზაციას, როგორც ხდებოდა აქამდე, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას ახალაიას გათავისუფლების ფაქტიდან გამომდინარე, აქვს არგუმენტი, რომ სასამართლო მუშაობს, ღებულობს გადაწყვეტილებებს და ხელისუფლება მის გადაწყვეტილებებში არ ერევა. ამ მხრივაც არ მგონია, რაღაც კატასტროფულად შეიცვალოს არჩევნებამდე.

თუ ასეთი განწყობა და მოლოდინებია საზოგადოებაში ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომნაციონალური მოძრაობისრეიტინგმა კიდევ უფრო იკლოს, რადგან თუნდაც გუნავას შეწყალების და ახალაიას გათავისუფლების საკითხში სწორედ ნაციოინალების კვალი იკითხება... თუ ასეთი სცენარი წარმოსადგენია, შესაძლებელია თუ არა, ასეთმა განწყობამ გაზარდოს სხვა პარტიის, მაგალითად, ბურჯანაძის შანსები და სწორედ ის ვიხილოთ მეორე საპრეზიდენტო კანდიდატად საქართველოში და არა ბაქრაძე?

- საკმაოდ რთული სათქმელია, გულწრფელად რომ ვთქვა, კარგი იქნება თუ მეორე ტურის ჩატარება გახდება აუცილებელი, ეს ზოგადად, ქვეყნისთვის იქნება კარგი.

რაც შეეხება განწყობებს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ნაციონალები უპრობლემოდ მიიღებენ მეორე ადგილს.

ჯერ საარჩევნო კამპანია არ გახურებულა, მაგრამ დამოკიდებულება ნაციონალებისთვის სასიკეთოდ რომ შეიცვალა, ამას ნამდვილად ვერ ვხედავ და ვერც ვიტყვი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტიულ სტრუქტურას. გარდა ამისა, ცესკოში საკმაოდ დიდი ოდენობით კომისიის წევრები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“. ამის გარდა, გააჩნია ფინანსები და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მეორე ადგილი მყარად დაიკავონ - არა დღევანდელობისთვის არამედ ხვალისათვის. მაგრამ ელექტორატში მათ მიმართ განწყობა დიდად არ შეცვლილა, ყოველ შემთხვევაში, - პოზიტიური კუთხით.

ამდენად, შანსი იმისა, რომ ბურჯანაძე მეორე კანდიდატი იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. გარდა ამისა, ვინ იქნება მეორე, ამისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება, რომელი კანდიდატი როგორ წარმოაჩენს საკუთარ პერსონას. კანდიდატების საბოლოო რეგისტრაციამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და არ გამოვრიცხავ სიურპრიზებსაც.