დღეს გორში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი გორის ცენტრში 760-მა სამხედრო მოსამსახურემ დადო. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ოფიციალური ცერემონია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სამხადროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა: „ჯარისკაცებო, ფიცის დადება ერთგულების აღთქმას, წესისა და კანონის დაცვას, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. ფიცის დადებით თქვენ გახდით შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი წევრები და დღეიდან უდიდესი მისია დაგეკისრათ - დაიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა. გილოცავთ ამ დღეს!
არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი. თქვენ საინტერესო გზა გაქვთ გასავლელი. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე შეიძენთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ასე სჭირდება საქართველოს. სამშობლო - ღირსება - ერთგულება - ეს შეიარაღებული ძალების დევიზია და მჯერა, თქვენი სახით დღეს ჩვენს სამშობლოს ღირსეული და ერთგული დამცველები შეემატა.
შეიარაღებული ძალების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის.
ქართულ არმიას არ აკლია ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული, ჩვენმა ხალხმა მას ყველაზე დიდი ნდობა გამოუცხადა. ეს ძალიან დიდი პატივი და ამავე დროს დიდი ტვირთია, რომელიც ღირსეულად უნდა ატაროს თითოეულმა თქვენგანმა.
თქვენ უნდა გააგრძელოთ ჩვენი წინაპრების რთული და საამაყო გზა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ სულის სიმტკიცეს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჯარისკაცს.
ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ყოველთვის მზად ხართ თავი გაწიროთ სამშობლოსათვის. არა მარტო აქ, არამედ უცხო მიწაზეც, საქართველოდან შორს, ჩვენი ჯარისკაცები, საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის ფასად საერთაშორისო უსაფრთოებას და მშვიდობას იცავენ.
ხალხს სწორედ თქვენი გმირობისა და თავდადების იმედი აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად თქვენი სიცოცხლე გვჭირდება.
ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯარისკაცებს, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს კი პატივი მივაგოთ და მათ ოჯახებს ამაყად და ღირსეულად ცხოვრების საშუალება მივცეთ. მართალია, დანაკლისს ვერაფერი აანაზღაურებს, ტკივილს ვერაფერი გაანელებს, მაგრამ სახელმწიფოს ვალია, ზრუნვა და თანადგომა არ მოაკლოს მათ.
ჩვენი ინიციატივით, დაღუპულთა ოჯახები 2014 წლიდან მიიღებენ ყოველთვიურ 500-ლარიან კომპენსაციას, ხოლო 2015 წლიდან - 1000-ლარიან კომპენსაციებს. ამასთან ერთად, სხვა სოციალური შეღავათებიც დაწესდა მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
დღევანდელი ფიცის დადება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს ხდება - ხუთი წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. ის უმძიმესი დღეები მაშინ ყველამ ერთად გადავიტანეთ და განვიცადეთ.
ნგრევა და მსხვერპლი - ასეულობით დაღუპული ადამიანი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათიათასობით ჩვენი თანამემამულე - აი, ეს არის ის უმძიმესი შედეგი, რომელიც 8 აგვისტოს ომმა მოგვიტანა.
პატივი და დიდება ყველა იმ ჯარისკაცსა და ოფიცერს, ვინც გმირულად იბრძოლა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს! სამარადისო ხსოვნა ომში დაღუპულ ადამიანებს, იქნება ეს ქართველი თუ ოსი ჩვენი თანამოქალაქე.
მე მჯერა, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული დღეებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ. მწამს, რომ თანამიმდევრული სტრატეგიით ჩვენ შევძლებთ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენას.
ჩვენ მოვიკრებთ ძალას და შევძლებთ პატიებას. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, - ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაღიაროთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიც. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ჩვენ მზად ვართ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობისთვის.
საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებსა და ოსებს ჩვენსკენ და საბოლოოდ დაარწმუნებს მათ, რომ საქართველოა მათი სამშობლო.
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა. ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. ეს იყო უდიდესი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე. მოვლენების ამგვარად განვითარებაში, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს, რაც 2009 წელს ევროკავშირმა თავისი დასკვნით დაადასტურა.
ამ ტრაგიკული გამოცდილებიდან არა მარტო მკაფიო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, არამედ მომავალზეც უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვიწევს რუსეთთან ურთიერთობის ფორმების ძიება. გასული წლის ბოლოს დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი და საწყის ეტაპზე კონკრეტული პრაგმატული საკითხების გადაწყვეტა დავისახეთ მიზნად. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კიდევ უფრო რთული პრობლემების მოგვარება. ჩვენს ხალხებს შორის კეთილი დამოკიდებულება გვაძლევს იმედს, რომ ეს პროცესი პოზიტიურად განვითარდება.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი, როგორც დაძაბულობის შემცირებისაკენ მიმართული კონსტრუქციული ნაბიჯი.
ამ ფონზე როგორც ჩვენთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაუგებარი და აუხსნელია ჩვენი ქვეყნის სიღრმეში მავთულხლართების გადმოწევა. და მაინც, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანამიმდევრულად მივსდევთ ჩვენ მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას.
რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას - ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ შეიძლება დადგეს, როდესაც სერიოზულ წინსვლას მივაღწევთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების გზაზე.
კარგად გვესმის, ამ პრობლემებს ერთი ხელის მოსმით ვერ გადავწყვეტთ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში ქმედით მხარდაჭერას გაგვიწევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ყოველი ნაბიჯი ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დახმარება გაუადვილდეთ.
ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ახლაც ხმამაღლა ვაცხადებ: საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, არის ჩვენი ერის სტრატეგიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს.
დარწმუნებული ვარ, ამ მიზნამდე აუცილებლად მივალთ, ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება სირთულეებს, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს დეოკუპაციას, აღვადგენთ ურთიერთობებს ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან და ისეთ ქვეყანას შევქმნით, რომელიც საამაყო იქნება ყველასთვის.“
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურის მთავარ მოვალეობას - სამშობლოს დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ჯარისკაცებს კარიერული წინსვლა უსურვა. „ჯარისკაცებო, თქვენ დღეს სამშობლოს დამცველები გახდით. დღეიდან საქართველოს დაცვა არის თქვენი მთავარი მოვალეობა და თქვენი ღირსების საქმე. თქვენ დღეს ფიცი დადეთ იმ ადგილას, სადაც ხუთი წლის წინ ქართველმა სამხედროებმა მტერსაც და მოყვარესაც აჩვენეს, რომ სამშობლოს დაცვაზე ღირსეული საქმე არ არსებობს – რომ იგი უმაღლეს ღირსებას მოითხოვს და რომ მას უმაღლესი ღირსება მოაქვს. ეს კი ყველაზე დიდი ჯილდოა თავისუფალი და თავმოყვარე კაცისთვის.
მრავალრიცხოვანი მტრების მიუხედავად საქართველო არაერთხელ წამოდგა ფეხზე, და ისევ გაიმართება წელში. ქართული სახელმწიფო საერთოდ, რომ არსებობს, ეს თქვენნაირი მამულიშვილების, პატრიოტების დამსახურებაა.
როდესაც იცვამ სამხედრო ფორმას, უკვე გაცნობიერებული გაქვს, რომ შენს სიცოცხლესაც კი შეელევი, თუ ამას შენი ღირსება და სამშობლოს დამოუკიდებლობა მოითხოვს. სწორედ ამიტომაა საამაყო, რომ გერქვას ჯარისკაცი, გერქვას მეომარი, და ღირსეულად იცავდე ქვეყანას.
ჩვენ ვიმყოფებით ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისათვის მძიმეა ეს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი იარაღი, რომელიც ყოველთვის ყველაზე თანამედროვე იარაღია, არის მეომრის გაუტეხელი სული.
საქართველოს შეიარაღებული ძალები იყო და იქნება ჩვენი სამშობლოს, საქართველოს, დამოუკიდებლობის ერთ–ერთი მთავარი საყრდენი. ძლიერ არმიასთან ერთად ძლიერი ეკონომიკა, სამართლიანი სასამართლო და განათლებული საზოგადოება ჩვენს დემოკრატიულ სახელმწიფოს მიმზიდველს გახდის ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისთვის.
თქვენ უნდა ისწავლოთ სამხედრო საქმე და შეიძინოთ განათლება. მხოლოდ ასე შევუწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, რაც გარდაუვლად მიგვიყვანს ჩენი სამშობლოს დაჭრილი სხეულის გამთლიანებამდე.
საქართველოს დამცველებო, ღმერთი იყოს ყოველი თქვენგანის და მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების მფარველი.“
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე გორის მოსახლეობაც მივიდა.