აფხაზეთში, ბიჭვინთის ღვთისმშობლის მონასტრის უზარმაზარი სივრცე საკონცერტო დარბაზადაა ქცეული და ტაძარში წირვა-ლოცვის ნაცვლად, საორღანო და კამერული მუსიკის კონცერტები რეგულარულად იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი და რეჟისორი დიმა ჯაიანი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ამავე ინფორმაციის შესახებ რუსული ტურისტული საიტებიც იუწყებიან. ისიც ცნობილია, რომ კონცერტებზე დასასწრებად ბილეთის ფასი 200-350 რუბლის ფარგლებში მერყეობს, რაც ჩვენს ვალუტაზე 15-30 ლარია.
ჯერ კიდევ 1975 წლის ნოემბერს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ორღანი სწორედ ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში დამონტაჟდა, რადგან საბჭოთა წლებში ეკლესიებს სათანადო დაფასება არ ჰქონდა. თუმცა, იმ დროსაც ძალიან ბევრს მსჯელობდნენ, უნდა ყოფილიყო თუ არა ორღანი ამ მონასტერში.
როგორც დიმა ჯაიანი იხსენებს, იმ პერიოდში ტაძარში ლიანა ისაკაძისა და ელისო ვირსალაძის კონცერტებიც იმართებოდა და ეს იყო ბიჭვინთის ცნობილი ფესტივალი. ამდენად, წირვა-ლოცვის ნაცვლად, ტაძარს დიდი როლი შეჰქონდა კულტურულ დარგში.
დღეს დიმა ჯაიანი აცხადებს, რომ უნდა ჩავიდეს უწმინდესი და თავად ნახოს საკონცერტო დარბაზად ქცეული ბიჭვინთის მონასტერი. მისი თქმით, საქართველოს პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის და, რაც მთავარია, ბიჭვინთის მიტროპოლიტის სახელს ზუსტად იმ ეკლესიების გამო ატარებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ბიჭვინთის ტაძარში ორღანის გამოყენება, რაც კათოლიკურია და მართლმადიდებლობასთან არაფერი საერთო არ აქვს. მისი თქმით, 1975 წელს ათეისტური სახელმწიფო გვქონდა და კომუნისტები იმას აკეთებდნენ, რაც უნდოდათ. მეტიც, თბილისში ზოგიერთ ეკლესიაში აბანო იყო გაკეთებული.
დღეს კი, ისტორიკოსი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერიოს ამ საკითხში, რადგან დაუშვებელია ბიჭვინთის ტაძრის საკონცერტო დარბაზად გადაკეთება, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი ქრისტიანული კერა იყო საქართველოში და ეს ტაძარი, ისევე, როგორც იშხანი, სვეტიცხოვლის დარად მოიხსენიებოდა.
უფრო მეტიც, 325 წელს, როცა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა, ამ კრებაში მონაწილეობა მიიღო ბიჭვინთის ანუ პიტიუნტის ეპისკოპოსმა სტრატოფილემ. ფაქტია, რომ აფხაზეთში საეპისკოპოსო საყდარი ისე არ დაარსდებოდა, რომ დიდი მრევლი არ ჰყოლოდა.
ისტორიკოსის თქმით, აფხაზთა სამეფო როდესაც ჩამოყალიბდა, ბიჭვინთა მთლიანად დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრად ითვლებოდა და იქ დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენცია იყო. მოგვიანებით უკვე, მე-16 საუკუნეში, იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე იძულებული გახდა საკათალიკოსო ცენტრი ბიჭვინთიდან გელათში გადაეტანა ჩრდილო კავკასიელი მთიელი ტომების - აფსუებისა და სხვათა მოძალების გამო.
„ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საყოველთაოდ ცნობილია ბიჭვინთის მოზაიკა, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების - სირიისა და პალესტინის მოზაიკური მხატვრობის მსგავსია, იქ გეომეტრიული, ცხოველთა და ფრინველთა ფიგურებია გამოსახული და ამ ყველაფერს რატომღაც სპობენ. ასევე, ექცევიან აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სხვა ქართულ ტაძრებსაც. ჩვენ ვნახეთ ილორის ტაძარი, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სალოცავი, სადაც რესტავრაცია ჩაატარეს აფხაზებმა და იგი რუსულ ეკლესიას დაამსგავსეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბედიაში, სადაც გვაქვს გაერთიანებული საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის პირველი მეფის - ბაგრატ მესამის ფრესკა. ამ კედელს გარედან ყუმბარა მოხვდა, შეზნექილია შიგნით და მოხვდა სწორედ იმ კედელს, სადაც ეს ფრესკაა. ამიტომ ესეც სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს, მაგრამ ქართველებს იქ არ გვიშვებენ, თვითონ კიდევ ამაზე თავს არ იწუხებენ და ყოველნაირად ცდილობენ ქართული კვალის წაშლას“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, ისტორიკოსს ეეჭვება, რომ ომის შემდეგ აფხაზეთში პატრიარქი და ზოგადად, ქართველები ჩაუშვან. თუმცა ისიც ფაქტია, რომ რუსეთს არ შეუძლია, ცნოს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით რუსებზე ზემოქმედება უნდა მოვახდინოთ, რადგან ბიჭვინთა მარტო ქართული კულტურის ძეგლი არ არის, ეს მსოფლიო კულტურის ძეგლია და ისეთნაირად უნდა იყოს დაცული, რომ არ დაანგრიონ მაინც.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ტერიტორია ოკუპირებულია და ყველაფერზე მკაცრი კონტროლია დაწესებული. ამიტომ აფხაზეთში მდებარე ტაძრების მოკითხვისა და მოლოცვის პერიოდი ახლა არ არის და ნუ მოვთხოვთ პატრიარქს ისეთ რამეს, რისი გაკეთების შესაძლებლობაც არ არსებობს.
„თუ დღეს რაღაც არასწორად ხდება ამ ტერიტორიაზე, ან კიდევ საეკლესიო ცხოვრება არაკანონიკური ნორმებით მიმდინარეობს და ტაძარი შეურაცხყოფილია იმით, რომ იქ საკონცერტო დარბაზია გამართული, რასაკვირველია, მდგომარეობა ცუდია. თუმცა, შიგნით, ეკლესიაში აფხაზებს სერიოზული განხეთქილება აქვთ. ამდენად, ყველაფერი განიხილება პოლიტიკურ სივრცეში. პატრიარქს რაც შეუძლია და რაც მის ძალას არ აღემატება, ყველაფერს აკეთებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსგან ამ ეკლესიის ჩამოცილება მართლმადიდებლურ სამყაროში არ მოხდება“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი For.ge-სთან კომენტირებისას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მერაბ ბოჭოიძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს და, მათ შორის, ძეგლების საკითხიც მოწესრიგდება.
რაც შეეხება საერთაშორისო ძეგლთა დაცვის წარმომადგენლების ჩართვას ამ საკითხში, მერაბ ბოჭოიძის თქმით, მსგავსი მოქმედებები ჩატარებული იყო და ქართულმა მხარემ თავის დროზე საერთაშორისო კონსულტანტებსაც მიმართა, მაგრამ ეტყობა, ეს მთლად ეფექტურად არ მოქმედებს.
ამდენად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის აზრით, ალბათ, ყოველმხრივ უნდა იყოს მიმართული ეს მოქმედებები, იმავე საგარეო საქმე სამინისტროს მხრივ უნდა ხორციელდებოდეს გარკვეული ქმედებები და საერთოდ უნდა მოწესრიგდეს პოლიტიკა, რათა კულტურის მესვეურებმა და საპატრიარქომ იქ შესვლა შეძლოს.