აზერბაიჯანი კბილებამდე იარაღდება. სომხეთი სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებულია რუსეთით, მისი მთავარი დამცველით. გამოყოფილი მთიანი ყარაბახის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის გაჩაღების ალბათობა ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე დიდია.
სიტუაციის გამწვავება სომხების მიერ კონტროლირებადი ანკლავის ირგვლივ აზერბაიჯანში, სადაც ბოლო თვეებში ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ არაერთი ინციდენტი მოხდა, იმის მაჩვენებელია, რომ არასტაბილური სამხრეთ კავკასიის რეგიონი კვლავ ფეთქებადსაშიშია ხუთი წლის შემდეგაც კი რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომიდან 2008 წლის აგვისტოში.
ხუთდღიან ომში, რომელიც საქართველოს პრომოსკოვური სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ირგვლივ გაჩაღდა, ცალსახად რუსეთმა გაიმარჯვა. მაგრამ იმავდროულად მან შეარყია მოსკოვის რეპუტაცია, როგორც ქვეყნისა, რომელსაც თითქოს პოლიტიკური ბროკერის და გამნაღმველის როლი გააჩნდა რეგიონში, რომელიც ეთნიკური დაპირისპირებებითაა ცნობილი.
„[ომი] სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვისაც იმის სიგნალი იყო, რომ რუსეთი გამოიყენებს სამხედრო ძალას საკუთარი ინტერესების განხორციელებისათვის“, ამბობს შტეფან მეისტერი, უფროსი მკვლევარი საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოდან (ECFR). „მან გარკვეულწილად შეარყია ასევე რუსეთის როლი, როგორც მოთამაშის, რომელსაც თითქოს ჰყავს მოკავშირეები რეგიონში“.
სინამდვილეში, რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე რეგიონში, სომხეთი, მოსკოვს ბოლო დროს ეჭვის თვალით შეჰყურებს გაზის ფასებზე დავისა და იმ ზეწოლის გამო, რომელსაც კრემლი ერევანზე სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მიზნით ახდენს. აზერბაიჯანს, რომელსაც პუტინი ამ თვეში ეწვევა, მოსკოვს დიდი ხანია უფრთხის და საკუთარ ენერგორესურსებს იყენებს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
რაც შეეხება საქართველოს, მართალია, თბილისს და მოსკოვს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა, მაგრამ ეს ურთიერთობა თბილი სულაც არ არის.
„რუსეთი ისევ ის იმპერიაა“
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვაფა გულიზადე ეთანხმება იმ აზრს, რომ რუსეთის ძალისმიერი პასუხი საქართველოს მიმართ 2008 წელს, გაფრთხილება იყო მთელი კავკასიისათვის.
„სინამდვილეში, რუსეთ-საქართველოს ომი იყო რუსეთის აგრესია დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ – ეს უდავოა“, ამბობს გულიზადე. „და ეს ძალიან სახიფათო ქმედებაა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ კავკასიაში, რადგან იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი ისევ ის იმპერიაა – ძალიან აგრესიული ყველა ხალხისა და პატარა ერისთვის რეგიონში“.
2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთი შეეცადა მისი, როგორც შუამავლის როლის გააქტიურებას ყარაბახის კონფლიქტში, მაგრამ ამ ძალისხმევას, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისგან მოდიოდა, შედეგი არ მოჰყოლია. მას შემდეგ, რაც 2012 წელს კრემლში ვლადიმერ პუტინი დაბრუნდა, რუსეთმა მნიშვნელოვნად შეზღუდა საკუთარი როლი, როგორც ქვეყანამ, რომელიც ორივე მხარის მთავარი სამხედრო მომმარაგებელი გახლდათ.
თუმცა, მოსკოვისადმი მზარდ უნდობლობას რეგიონში, არ მოჰყოლია სამხრეთ კავკასიის ამ სამ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაქტიურება, დიდწილად იმის გამო, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბახის კონფლიქტის მოუგვარებლობის გამო გაუცხოებულები არიან.
აზერბაიჯანს და საქართველოს შორის სტაბილური ურთიერთდამოკიდებულება ჩამოყალიბდა ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო უზრუნველყოფს მარშრუტს აზერბაიჯანის ნახშირწყალბადის ექსპორტისთვის რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო კი თბილისს ეხმარება მკვეთრად შეზღუდოს მისი ენერგოდამოკიდებულება მოსკოვზე.
ევროკავშირის აქტიური ჩართულობა
2008 წლის ომში რუსეთის გამარჯვების ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ მან ეფექტურად გასწია ნატო და შეერთებული შტატები რეგიონიდან და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ამბიციები შეაფერხა.
ომის შემდეგ, განსაკუთრებით კი, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის დროს, შეერთებული შტატების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მიჩნეულია „როგორც ერთ-ერთი ქვესაკითხი აშშ-რუსეთის ურთიერთობებში“, ამბობს ანალიტიკოსი რიჩარდ გირაგოსიანი, რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი ერევნიდან.
იმავდროულად, კონფლიქტმა გზა გაუხსნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელოვან ზრდას. სწორედ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ დაასრულა 2008 წლის ომი, და ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც განლაგებულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის და დანარჩენი საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ომის შემდგომ წლებში.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ 2009 წელს, ბლოკმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა აამოქმედა – აქტიური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ექვს ყოფილ საბჭოთა ქვეყანასთან (ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა, და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) თანამშრომლობისკენ.
გირაგოსიანი ამბობს, რომ პროგრამის დაწყების მიზანი ევროკავშირის „პერიფერიაზე სტაბილიზაციის“ ხელშეწყობა იყო, მაგრამ პროგრამის წარმატება მისი რბილი ძალის მიმზიდველობამ განსაზღვრა.
„მას როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს კიდევ უფრო წარმატებულს და ეფექტურს ხდის თავად სახელმწიფოების მზადყოფნა რეალურად გამოიყენონ ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობა“, ამბობს გირაგოსიანი. „და ამ მხრივ, ევროკავშირი () ყალიბდება უფრო გარდამქმნელ ძალად, როგორც ღირებულებითი, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ის იძლევა ნამდვილ ეკონომიკურ სტიმულებს, რომელიც მანამდე არ არსებობდა ან უგულებელყოფილი იყო თავად სახელმწიფოების მხრიდან“.
დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი
შტეფან მეისტერი ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა უდიდეს როლს თამაშობს დემოკრატიზაციისა და სამართლებრივი რეფორმების ხელშეწყობის პროცესში საქართველოსა და სომხეთში. ის აცხადებს, რომ ევროკავშირის მონიტორინგმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმატებაში.
მაგრამ აღნიშნავს, რომ „აღმოსავლური პარტნიორობა“ არ მოიცავს უსაფრთხოების კომპონენტს, შესაბამისად ბლოკის შესაძლებლობები გავლენა მოახდინოს დაძაბულობის განმუხტვაზე ყარაბახის ირგვლივ, მინიმალიზებულია.
„მან უფრო მეტად უნდა დაუკავშიროს მისი სამეზობლო პოლიტიკა და ტრანფორმაციული პოლიტიკა, უსაფრთხოებას, რადგან უსაფრთხოება მთავარი ელემენტია ამ ქვეყნების დემოკრატიზაციასა და ტრანსფორმაციაში“, ამბობს მეისტერი.
როგორ შეიძლება ამის გაკეთება მოსკოვის პროვოცირების გარეშე, ძალიან გაურკვეველ საკითხად რჩება. შარშან კრემლში დაბრუნების შემდეგ, პუტინმა მისი ევრაზიული კავშირის პროექტი მთავარ პრიორიტეტად აქცია და მოსკოვი ზეწოლას ახდენს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე – განსაკუთრებით კი უკრაინაზე, მოლდოვასა და სომხეთზე – უარი თქვან ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებზე მოსკოვის ბლოკის სასარგებლოდ.
ქართველი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ 2008 წლის ომი საქართველოსთვის ნამდვილი დამოუკიდებლობის ძიებაში ქვაკუთხედი გახლდათ – სიტყვები, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაზე შეიძლება გავრცელდეს.
„გარკვეული თვალსაზრისით [ომი] რუსეთისთვის შურისძიება იყო, სამაგიეროს გადახდა კოსოვოსთვის [დასავლეთის მხრიდან მისი დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის] და სხვა წარუმატებლობებისთვის ბოლო 15-20 წლის განმავლობაში“, ამბობს შათირიშვილი. „მაგრამ ჩვენთვის ეს ომი იმპერიის წინააღმდეგ 25 წლიანი ომის მთავარი ეპიზოდი იყო. მაგრამ კონკრეტულად სად მიგვიყვანს ეს გზა ჩვენ არ ვიცით, რადგან ეს ისტორია ჯერ კიდევ დიდხანს არ დასრულდება. და ვიდრე ისტორია არ დასრულდება, ჩვენ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ“.
foreignpress.ge