2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულმა კონფლიქტმა საქართველოში, ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და რამდენიმე ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. ხუთი წლის შემდეგ, ვხედავთ იმას, თუ როგორ აისახა სამხედრო კონფლიქტი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე. ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) და მისი წევრი სახელმწიფოებისთვის, კონფლიქტი და მისი შედეგები იმის მუდმივი შეხსენებაა, თუ რა არის ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მანდატი: უსაფრთხოების საერთო სივრცის ჩამოყალიბება, განსხვავებულობის პატივისცემა, ნდობის შენება და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის ბრძოლა.
ხუთი წლის შემდეგ, ეუთო, როგორც შუამავალი, აქტიურად მონაწილეობს კონფლიქტის შედეგების დაძლევაში. ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. ეს მიმდინარე მოლაპარაკებები ერთადერთი ფორუმია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარეა წარმოდგენილი. აქ თავმოყრილი არიან მონაწილეები თბილისიდან, ცხინვალიდან და სოხუმიდან, ასევე მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან.
დისკუსიები რეგულარულად იმართება ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში, ერთგან უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებზე, მეორეგან – ჰუმანიტარულ პრობლემებზე, მათ შორის, იძულებით გადადგილებულ პირებსა და დევნილებზე.
მაგრამ პოლიტიკური მოლაპარაკებების მხარდაჭერა საკმარისი არ არის. ადამიანები, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ცხოვრობენ, იმსახურებენ მშვიდობას, სტაბილურობას და იმის შესაძლებლობას, რომ სწორედ დღეს და ახლა იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნა, რომელიც ადგილზე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებზე მუშაობს. პრობლემები მოიცავს – სახიფათო ტერიტორიებზე მომუშავე გლეხების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების პოვნის ხელშეწყობას და ისეთი გზების მოძიებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების გადაადგილების თავისუფლებას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. მექანიზმი მოიცავს ყოველთვიურ შეხვედრებს ადგილზე აღნიშნული საკითხების განსახილველად; შეიქმნა ასევე „ცხელი ხაზი“ პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზის არსებობისათვის იმ ხელისუფლებებს შორის, რომლებიც ჩართულები არიან IPRM-ში. ეუთო და ევროკავშირის მონიტორინგის მისია ხელს უწყობენ ამ შეხვედრებს, რომელიც სოფელ ერგნეთში იმართება.
ეუთო ახორციელებს ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომელიც პირდაპირ აუმჯობესებს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ყოფას და ხელს უწყობს მათ შორის ნდობის აღდგენას.
მნიშვნელოვანი გახლდათ ორივე მხარეს მცხოვრები თემებისთვის წყლით მომარაგების აღდგენითი პროგრამა: სასმელი და საირიგაციო წყლით უზრუნველყოფის პროექტები ზნაურის, ნიქოზის და ზონკარის სოფლების მცხოვრებლებისათვის უკვე დასრულებულია; და ზონკარის წყლისგამანაწილებელი ჯებირი დღეს სრულად ფუნქციონირებს. მიმდინარეობს მუშაობა საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და დამატებითი სასმელი წყლით უზრუნველყოფის გეგმებზე.
foreignpress.ge