რა შეიცვალა რეალურად აფხაზეთშა და სამხრეთ ოსეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ?
თავიდანვე, 1990-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველოს გამოყოფილ ტერიტორებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კონფლიქტის დარეგულირების პროცესი რთულად მიმდინარეობდა. ის ეფუძნებოდა ფართო საერთაშორისო ძალისხმევას, რომელშიც ფასილიტატორების სახით აქტიურად იყვნენ ჩართულები გაერო და ეუთო და პარტნიორის სახით რუსეთი. ომმა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში გაჩაღდა ეს ფორმატი დრამატულად შეცვალა.
საქართველოსთვის ეს ომი კატასტროფით დასრულდა, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. რუსეთმა უარი თქვა შუამავლის როლზე და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რითაც მათი უსაფრთხოების მთავარ გარანტორად იქცა. რუსეთის დაჟინებული მოთხოვნით, კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გაეროს და ეუთოს მანდატები შეუწყდა.
ამ გამოყოფილ ტერიტორიებთან დაკავშირებული სამშვიდობო პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში უზარმაზარი ძალისხმევის ფასად იგებოდა, სრულად დაინგრა. კონფლიქტის მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ჟენევის სამშვიდობო მოლაპრაკებები დარჩა, რომელიც ომის დამთავრებიდან 24 რაუნდად გაიმართა, თუმცა ხელშესახები შედეგები არ მოჰყოლია.
ამ ფონზე, რა პერსპექტივა აქვს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას?
დღესდღეობით, ვერც აფხაზეთი და ვერც სამხრეთ ოსეთი ეკონომიკურად საკუთარ თავს ვერ ინახავს. მათი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს რუსეთი ავსებს. საერთაშორისო არენაზე, ორივე სახელმწიფო ვირტუალურად იზოლირებულია და მათ მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა და ნიკარაგუა აღიარებს. რუსეთის ისეთმა ახლო მოკავშირემაც კი, როგორიც ბელარუსია, აღიარებაზე უარი თქვა.
იმავდროულად, როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები გარდაუვალი ასიმილაციის და ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. როგორც ჩანს, ამაზე ფიქრობდა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, როდესაც ახლახან გამართულ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განიხილავდა სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან, რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკასთან მიერთების შესაძლებლობას. თუმცა, ეს არჩევანი შეიძლება ძალიან ნეგატიურად აისახოს დსთ-ს სახელმწიფოებში არსებულ ვითარებაზე.
იმავდროულად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის დღევანდელი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება ძალიან სარისკო ექსპერიმენტად იქცეს ფართო კავკასიური კონტექსტისა და თავად რუსეთში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. პირველ რიგში, ეს ჩრდილოეთ კავკასიას ეხება, რუსეთის ფედერაციაში ყველაზე კრიზისულ რეგიონს. მარტო ჩეჩნები, ინგუშები და ყაბარდოელები რომ ავიღოთ, როგორ ირეაგირებენ ისინი ამაზე? არ გაზრდის ეს მათ მადას დამოკიდებლობისკენ სწრაფვის პროცესში?
რუსეთს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახლემწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან დიდი რესურსის (არსებული შეფასებებით, ხარჯი წელიწადში 700 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს) ფასად უჯდება. როგორი იქნება საბოლოო ჯამში რუსული საზოგადოების რეაქცია ამ ხარჯებზე? ღია დებატები ამ თემაზე ჯერ არ იმართება. მაგრამ ეს დრო აუცილებლად დადგება.
რაც შეეხება საქართველოს, არსებობს გამონათქვამი, რომ კავკასიაში სტაბილურობის მიღწევა თბილისის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა ცალმხრივი იყო, რადგან ის რუსეთს უპირისპირდებოდა და, ფაქტობრივად, მთელ გათვლას პირველ რიგში შეერთებული შტატების და შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერაზე აკეთებდა, და ეს ყველაფერი ხდებოდა მისი რეალური კონტრიბუციის გარეშე.
სააკაშვილის პოლიტიკა, რა თქმა უნდა, გაუაზრებელი და არაფექტური იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით: ის არ ითვალისწინებდა მთავარ პრობლემას, ნდობის აღდგენისა და შერიგების აუცილებლობას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომლებსაც სამჯერ მოუწიათ ომში ჩაბმა ქართველებთან, რის გამოც მათი მოსახლეობა შოკის და ტრავმის მდგომარეობაშია.
მიუხედავად ამისა, ეს შეცდომები, შესაძლოა ძალიან სერიოზულიც, ვერ გაამართლებს საქართველოს სრულად გარიყვას რომელიმე სამშვიდობო პროცესიდან, როგორც ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარებით.
არსებობს ასევე ახალი დინამიკა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და იმის ნიშნები, რომ საქართველოს მთავრობას სურს ახლებურად შეხედოს კონფლიქტის დარეგულირების ზოგიერთ ასპექტს, მათ შორის ისეთს, როგორიცაა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა. რუსეთისთვის კი ისეთი პრობლემა, როგორიცაა კავკასიაში გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა, ვერ გადაწყდება ეფექტურად, თუ არა საქართველოსთან პარტნიორობით და არა მასთან დაპირისპირებით.
და ბოლოს, არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ასევე განხილვის ღირსია, როდესაც ლაპარაკია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში, საქართველო (განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ) სერიოზულ დაბრკოლებად გადაიქცა, გაართულა რა შეთანხმებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე, როგორიცაა ირანი, სირია და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთი. ამ დაბრკოლების მოხსნა ძალიან სასურველია.
ცხადია, არსებობს საერთო ინტერესი იმისა, რომ კავკასიის რეგიონი მთლიანად სტაბილური იყოს; მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს ასევე განცდა, რომ რუსეთის ცალმხრივი ქმედება, რომლითაც ის საკუთარი ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს იცავს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, სამართლიანი პოლიტიკური თანამშრომლობის ზოგიერთ საბაზისო წესს ეწინააღმდეგება. საქართველოს კონფლიქტების თემა შესაძლოა ხელახლა წამოიჭრას ამ კონტექსტში, მიუხედავად უკვე არსებული რამდენიმე გამაფრთხილებელი სიგნალისა.
პოლიტიკური დარეგულირების პროცესი არ უნდა ჩამოყალიბდეს აფხაზების და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა იმ ლეგიტიმური წუხილების ხარჯზე, რომელიც მათ საქართველოსთან თავიანთ მომავალ ურთიერთობაზე გააჩნიათ. პოლიტიკურ დარეგულირებასთან დაკავშირებული იდეები, რომელიც მათთვის ფართო ავტონომიის უზრუნველყოფას გულისხმობს, დიდი ხანია შემუშავებულია. შესაძლოა, ამ მოსაზრებების უფრო ყურადღებით გადახედვის დროა.
foreignpress.ge