ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ-ს რექტორობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ნაციონალების მმართველობამ უნივერსიტეტში თავისუფალი აკადემიური სული ჩაკლა და უნივერსიტეტში უკვე მოდებულია აკადემიური კორუფცია, რაც მიკერძოებულ, არაობიექტურ შეფასებას გულისხმობს. ეს დაავადება ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მექრთამეობა, რადგან მის წინააღმდეგ ლეგალური სამართლებრივი საშუალებები არ არსებობს.
For.ge-ს გიორგი ბარამიძე ესაუბრება.
16 აგვისტოს თსუ-ს რექტორის არჩევნები ჩატარდება. თუმცა სამეცნიერო წრეებში ამ არჩევნების სამართლიანობა უკვე ეჭვქვეშ დგას. მეცნიერები ამბობენ, რომ ნაციონალები საკუთარი კანდიდატურის გაყვანას შეეცდებიან, რადგან უნივერსიტეტში განხორციელებული ცხრაწლიანი რეპრესიების შემდეგ ნაციონალებმა ცოდნის ეს კერა საკუთარ პატარა ბასტიონად აქციეს.
- რექტორის ამ არჩევნების მიმართ, რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოდებულია აკადემიური კორუფცია, რაც მიკერძოებულ, არაობიექტურ შეფასებას გულისხმობს. პროფესიონალს აფასებენ არაპროფესიონალები, არაკომპეტენტური ხალხი. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პროფესურის შერჩევა ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით. ფართო გაგებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მმართველობის ერთ-ერთი შტოა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ ადმინისტრაციას ფრანგული გაგებით, ანუ როგორც მენეჯმენტს, მთლიან მმართველობით სისტემას და ვაცხადებ, რომ უნივერსიტეტის სისტემა, საუნივერსიტეტო აკადემიური სივრცე არის კორუმპირებული.
აკადემიურ კორუფციაში ჩაფლულთა შორის ხომ არ გულისხმობთ აკადემიურ საბჭოს, რომლის შესახებაც აქამდეც იყო განსხვავებული მოსაზრებები?
- რა თქმა უნდა, როცა ვლაპარაკობ იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტში მოდებულია აკადემიური კორუფცია, იგულისხმება, რომ მისი მმართველობის ყველა დონეზე, მათ შორის, აკადემიური საბჭოც არ არის დაზღვეული ამ კორუფციისგან, რადგან ისიც ამ სისტემის ნაწილია. ხშირად საუბრობენ, რომ წინა ხელისუფლებამ, თითქოსდა, აღმოფხვრა კორუფცია. სინამდვილეში, აკადემიური კორუფცია ბევრად უფრო სახიფათო და საშიშია, ვიდრე მექრთამეობა, რადგან ქრთამის აღება კანონით ისჯება, მისი პრევენციის ლეგალური საშუალებები არსებობს. უნივერსიტეტში კი პარადოქსული ვითარებაა, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, არ გვახსოვს, მექრთამეობის გამო ვინმე მიეცეთ პასუხისგებაში. რაც შეეხება აკადემიურ კორუფციას, ეს დაავადება მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე და ისინი ისე ერგებიან ამ სისტემას და მისი ნაწილნი ისე ხდებიან, რომ შეიძლება, ამის აინუნშიც არ იყვნენ. ამისგან არავინაა დაზღვეული.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს „ქართული აკადემიური კორუფციის“ ფაქტებია, რადგან სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, ლოკალურად არსებობდეს ამის ნიშნები, მაგრამ არა -ასე მასობრივად?
- კორუფცია ყველგან კორუფციაა და ამას ეროვნება არ აქვს. განვითარებადი ქვეყნების საუნივერსიტეტო სივრცეში შეიძლება იყოს კიდეც ამგვარი კორუფცია. რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომლებსაც ჩვენ დასავლური ორგანიზაციებისგან ვიღებთ, სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რომ ამ ტიპის კორუფცია აღმოიფხვრას ჩვენში, რამდენადაც სამართლებრივი ლეგალური სანქციები ამის წინააღმდეგ არ არსებობს. კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, რომ მიკერძოების გამო ვინმე დაიჭირონ და გაასამართლონ. აკადემიური კორუფციის საპირისპირო გაგება არის აკადემიური თავისუფლება, როცა კოლეგები, როგორც თვითსწორი პირები და ინდივიდები, განიხილავენ და აფასებენ ერთმანეთს ყოველგვარი წინასწარ შედგენილი ზრახვებისა თუ გეგმების გარეშე, ანუ მიუკერძოებლად.
ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციაში აკადემიური თავისუფლება შეტანილია, როგორც ცალკე თავისუფლების ცნება. მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებები და თავისუფლება კონსტიტუციით ისედაც დაცულია, მაგრამ აკადემიური თავისუფლება ცალკეულ ქვეყნებში საკონსტიტუციო პრინციპის ფორმამდეა აყვანილი, რაც ძალიან სიმპტომურია.
მოსემ 40 წელი ატარა ხალხი უდაბნოში, ამას ასეთი ახსნაც აქვს, რომ არ შეიძლებოდა მონობაში დაბადებული თაობა თავისუფლებას ასე ადვილად ზიარებოდა და ეს 40 წელი იმიტომ იყო საჭირო, რომ ეგვიპტის მონობაში დაბადებული თაობა წასულიყო. მესმის, რომ თქვენთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის, ცოტა ძნელია კოლეგების შესახებ საუბარი, მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული აკადემიური საბჭოს წევრებზე, რომლებმაც არ უნდა დაუშვან, რომ ნაციონალებმა თავიანთი კადრი შეფარვით გაიყვანონ. თუმცა საინტერესოა, ამ შემადგენლობით როგორ მიიღწევა ეს ყველაფერი? როგორ გესახებათ, რომ ნაციონალების დროიდან თავისუფლებას შეუჩვეველი ადამიანები აკადემიურ თავისუფლებას ეზიარებიან? შეიძლება, ისინი ასე იოლად შეიცვალონ?
- ერთ-ერთი პირველი მე ვარ, ვინც ამ სიტუაციის აღსაწერად ვიყენებ სიტყვა „შახატ“-ს, ეს არის ძველი ებრაული გამოთქმა, რომელიც ძველ აღთქმაში გვხვდებოდა, შემდეგ ის ძველ ბერძნულად ითარგმნა, როგორც „პორნეო“, რომელიც ნიშნავს „გახრწნას“, „გარყვნას“, შემდეგ ეს დასავლურ ენებშიც ითარგმნა, როგორც „კორუფცია“. თავისთავად, კორუფცია ეს არის გახრწნა, თავისი ბიბლიური პირვანდელი მნიშვნელობით. რაც დღეს უნივერსიტეტში ხდება, ეს საუნივერსიტეტო იდეის გახრწნაა. თუმცა ბიბლიური ანალოგიების გავლენა, ალბათ, არ იქნება მართებული. ხშირად ვამბობ ამის შესახებ, უნივერსიტეტი თავისი იდეით, უნდა იყოს პროფესურისა და სტუდენტობის ერთობის პროგრამა, ხოლო ჩვენ ბოლო ცხრა კორუმპირებული წლის განმავლობაში მივიღეთ უნივერსიტეტი, რომელიც არის აკადემიურად კორუმპირებული საუნივერსიტეტო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად კორუმპირებული ხელისუფლების ერთობის ფორმა. ანუ სტუდენტი და პროფესორი ერთნაირად არსობრივად გამოთიშეს საუნივერსიტეტო აკადემიური სივრციდან და მივიღეთ რაღაც ადმინისტრაციული მონსტრი, რომელიც ცოცხლად ნთქავს როგორც თავის სტუდენტებს, ისე თავის პროფესურას და, რომელსაც არაფერი სხვა არ აინტერესებს, თუ არა თავიანთი კორუმპირებული მიზნების განხორციელება - მშობლის ჯიბე და სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ადმინისტრაცია, რომელიც პირდაპირაა მიბმული ამ ორ რესურსს. ისინი წარმატებით ახორციელებენ გამოძალვის სქემებს. განა გამოძალვის სქემა არ არის, როცა სტუდენტი ითხოვს, მისცენ ხარისხიანი განათლება და ამ დროს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ასპიტი სიჯიუტით ამის გაგებაც არ სურს? ნაცვლად ამისა, სტუდენტს და მშობელს აჩეჩებენ გაფუჭებულ პროდუქტს.
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნივერსიტეტში არაფერი შეცვლილა?
- ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აკადემიურ სივრცეში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რაზეც თქვენ მიანიშნეთ, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ნაციონალური მასშტაბით ჩაბარდა წარსულს, მაგრამ მისი ნარჩენები ცდილობენ, შეიქმნან ოაზისები და ერთ-ერთი ასეთი აკადემიურად კორუმპირებული ოაზისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. ისინი შეეცდებიან, იქ დაიტოვონ სასათბურე პირობები.
ამის ფუნდამენტი მართლაც აქვთ, თავიანთი დარჩენილი კადრით.
- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფუნდამენტი აქვთ. წინა ხელისუფლება პოლიტიკურად კორუმპირებულ თავის მიზნებს აგებდა ე.წ. მოლოდინის ეფექტზე და დარწმუნებული იყო, რომ მის სქემებს ექნებოდა მათთვის მისაღები ბმა, გამოძახილი აკადემიური წრეებიდან. მე ასეთ ტერმინს ვიყენებ, ე.წ. პატარ-პატარა სექტებიდან. ესენი არიან აკადემიურად კორუმპირებული სექტები, რომლებიც ესწრაფვიან თავიანთი მიკერძოებული გეგმების განხორციელებას. ამ სექტებს ძალზე ხშირად აქვთ რელიგიური შეფერილობა და ძალიან კარგად გრძნობენ თავს. სტუდენტების გაგონებაც არ უნდათ ამ ვაჟბატონებს და ქალბატონებს.
ესენი ლექტორები არიან?
- ესენი არიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფავორიტი ლექტორები, რომლებიც სწორედ ასეთი მიკერძოებული, არაობიექტური და აკადემიურად კორუმპირებული შერჩევების დროს დაწინაურდნენ. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის დისკვალიფიცირებული ხალხი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან კვალიფიკაცია ხარისხს ნიშნავს და ხარისხი ღირსებას უკავშირდება. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს არის უღირსებო ხალხი. დასავლეთმა ამის წინააღმდეგ ბრძოლას დიდი რესურსი შეალია. ჩვენც გვინდა, ჩავეწეროთ დასავლურ სივრცეში, რომლის ერთ-ერთი პრინციპი აკადემიურად თავისუფალი სივრცეა, სადაც პროფესიონალიზმი ფასობს.
ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა ამბობდა, ადამიანები ანგელოზები რომ იყვნენ, მაშინ სახელმწიფო საერთოდ არ იქნებოდა საჭირო. ეს ჭეშმარიტებაა, ადამიანი ანგელოზი არ არის და გადაცდომის საშუალება ყოველთვის აქვს, მას კეთილი ნება უნდა ჰქონდეს. კეთილ ნებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. კეთილმა ნებამ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინოს ადამიანს, რომ გაგიკვირდეთ. ბიბლიური „მეათე ჟამის მუშაკის“ ცნებაც ხომ არსებობს, ანუ ბოლო მომენტამდე აქვს ადამიანს იმის საშუალება, გამოსწორდეს. თუმცა პოლიტიკაში ეს უფრო პრაგმატულია, რომანტიულ ბურუსში არ უნდა გავეხვიოთ, ეს ძალიან ტრივიალური, მძიმე პროცესია.
რაც შეეხება რექტორის არჩევნებს, საზოგადოებას დიდი იმედი აქედან, ალბათ, არ უნდა ჰქონდეს, რადგან საზოგადოების შეკვეთა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, არ იქნება. ეს შეკვეთა შეკვეთად დარჩება.
ფიქრობთ, რექტორის ახლანდელ არჩევნებში გამარჯვება დროებითი იქნება და საზოგადოება რექტორის გადარჩევას მოითხოვს?
- მე ვფიქრობ, საზოგადოების თვალში ეს იქნება დროებითი, რამდენადაც საზოგადოების შეკვეთა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მიღწეული არ იქნება. არ ვაპირებ ჩემს კოლეგებსა და მათ პროგრამებზე რაიმის თქმას, მაგრამ არცერთ პროგრამაში, გარდა ჩემი პროგრამისა, არ არის სამართლიანობის აღდგენის პათოსი. აქედან გამომდინარეა ჩემი პოზიცია, რომელიც არ არის მენეჯერიალური, არ ითვალისწინებს, რომ აი, ახალი რექტორი მოვალ და მოვიყვან ახალ მენეჯმენტს. ამ ილუზიებით ქართველ ხალხს ვერავინ მოატყუებს. უნივერსიტეტის რექტორობა არის ზნეობრივი პრობლემა, ის უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ჩვენი ეროვნული პრიორიტეტების აღდგენას.
რაც მენეჯმენტობისგან შორსაა.
- გეთანხმებით, ამას ვერანაირი მენეჯერიალიზმი ვერ უშველის, თუმცა მენეჯერული პრინციპების ხელაღებით უარყოფას არავინ აპირებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმას შორის, რაც არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ფასეული, რამდენადაც ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ის უნივერსიტეტია, რომელიც ჩვენი ეროვნული თავისთავადობის აღდგენის პირმშოა და ეს პირდაპირ გადაჯაჭვულია ჩვენს ეროვნულ თავისთავადობასთან.
დღევანდელი ვითარების საპირისპიროდ, უნივერსიტეტის დამფუძნებელ მამებს შორის ზუსტად ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს თავი, რომლებშიც არ იყო ანგარება და ეს უფრო იდეისთვის ბრძოლას ჰგავდა. რით ახსნით, რომ ახლანდელი აკადემიური პერსონალი ასე დიამეტრულად მათ ანტიპოდად მოგვევლინა?
- ეს იმიტომ, რომ აკადემიური სივრცე გაიხრწნა.
თქვენ საიმედო პროგნოზი არ დახატეთ იმ თვალსაზრისით, რომ, სავარაუდოდ, უნივერსიტეტს ღირსეული რექტორი არ ეყოლება. ამიტომ ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალი ხელისუფლება დროულად, თუნდაც შეფარვით უნდა ჩაერიოს ამ საქმეში. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ვითარებაში აქტიური ჩარევა გაუმართლებელი იქნებოდა, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის ტრადიციის გამგრძელებელი რექტორი რომ გვყავდეს და აკადემიური საბჭოს ტენდენციურობა გამოირიცხოს, იქნებ, ჯობდეს კიდეც ასეთი ჩარევა? მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალებს სათქმელად ექნებათ, რომ ახალი ხელისუფლება ამ მხრივ აქტიურობს. თუ პროცესები თავის ნებაზე უნდა მივუშვათ?
- ეს არსებითი შეკითხვაა, რაც უკავშირდება უნივერსიტეტის ავტონომიის საკითხს, მაგრამ წინა ხელისუფლებამ მოახერხა ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა და ავტონომიად გაასაღა ის, რაც რეალურად არ იყო უნივერსიტეტში. ამას საერთო არაფერი ჰქონია უნივერსიტეტის ავტონომიის პრინციპთან. კორუმპირებულმა კლანებმა დანარჩენ საზოგადოებას მოწყვიტეს, იზოლაციაში მოაქციეს უნივერსიტეტი. ისინი დღემდე დანაშაულებრივ ტყვეობაში ამყოფებენ უნივერსიტეტს. ამიტომაც არ უნდათ ნაციონალებს, რომ არც სახელმწიფო და არც სხვა რომელიმე ინსტანცია ჩაერიოს ამ საქმეში, თორემ უნივერსიტეტის აბსოლუტური ავტონომია ისედაც ბლეფია. არსად, არცერთი ინსტიტუცია არ არის დამოუკიდებელი, თვით სახელმწიფოც კი არ არის დამოუკიდებელი, მით უმეტეს, დამოუკიდებელი არ არის უნივერსიტეტი. ამიტომ დღეს რაც ხდება უნივერსიტეტში, სახელმწიფო ვალდებულია, ჩაერიოს ამ საქმეში. დღევანდელი უნივერსიტეტი არის რეპრესიული ტიპის ტოტალური უნივერსიტეტი. წინა ხელისუფლება გვარწმუნებდა, თითქოს, ყოველივე საბჭოთას ებრძოდა. სინამდვილეში, საბჭოური პოლიტიკური სტრუქტურა ააშენეს, რომელიც სტუდენტისა და პროფესორის რეპრესიასა და მის დისკრიმინაციაზე გახლდათ აგებული. აქ ხდება მათი უფლებების მასობრივი დარღვევა. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც აქვს ლეგიტიმური ძალადობის უფლება, ეს სახელმწიფოა, სხვა დაწესებულებას არ აქვს ეს უფლება.
იმ შემთხვევაში, თუკი ნაციონალების კადრი გაიმარჯვებს (და ამის ნიშნები უკვე ჩანს), უნივერსიტეტში შეუქცევადი პროცესები დაიწყება? ნაციონალების ხელში სტუდენტობა დათრგუნული იყო, თუ არ ჩავთვლით შარშანდელ მასობრივ აქციებს ციხის კადრებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, სტუდენტობა და გაცხრილული პროფესურა აქციებისთვის მზად იქნება? შემდომი რექტორის ბედი ქუჩაში გადაწყდება?
- ყველაფრიდან ჩანს, რომ ამას საზოგადოება არ შეეგუება. თუ ასეთი რამ მოხდება, ეს ცუდი გამოწვევა იქნება. ვერც უნივერსიტეტის კედლებში მომუშავე პროფესურის ნაწილი შეეგუება ამას, ძალიან მძაფრად დადგება ისევ სამართლიანობის აღდგენის პროცესი აკადემიურ სივრცეში. სამართლიანობის აღდგენა არ გულისხმობს მარტო, რომ ვინც უკანონოდ გაათავისუფლეს და ვინც უკანონო რეპრესია და დისკრიმინაცია განიცადა, მათ წინაშე ბოდიში მოიხადონ და ისინი აღადგინონ. ეს მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი იქნება. მთავარია, უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სამართლიანობას, როგორც მისი კონსტიტუციის, მისი აგებულების ფუძემდებლურ პრინციპს.
იქნებ, ახალი ხელისუფლება აცლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიაროს და ამის შემდეგ რეალური რექტორის ბედი გადაწყდეს?
- მე მაინც ვამჯობინებდი, ვისაუბრო სამოქალაქო საზოგადოებისა და უნივერსიტეტის ურთიერთობის შესახებ. ფაქტობრივად, უნივერსიტეტი, როგორც ინსტიტუცია, არც სახელმწიფოა, არც სამოქალაქო საზოგადოებაა და სადღაც საშუალო ადგილი უჭირავს. მათი ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ყოველ ეპოქაშია გარკვეული დაძაბულობა. დარწმუნებული ვარ, მთელი ქართული საზოგადოება ამ გამოწვევას ადეკვატურად უპასუხებს.
ინტელიგენციის კონფორმისტობაზე ხშირად საუბრობენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ მათი კონფორმიზმი მხოლოდ მითია და, საჭირო შემთხვევაში, ეს კონფორმისტი პროფესურაც ხმას ამოიღებს?
- ყველა ეპოქაში აკადემიური სივრცის მახასიათებელი იყო კონფორმიზმი. ამას ყველა აღიარებს და ეს შეიძლება დასაძრახიც არ იყოს, თუმცა ამის შესახებ სხვადასხვანაირი შეხედულება არსებობს და მეც შეიძლება, სხვანაირად ვფიქრობდე. თუმცა ნუ დაგვავიწყდება სტუდენტობა. სტუდენტი არ არის კონფორმისტი და არ შეეგუება, რაც ხდება უნივერსიტეტში, ეს აჩვენა ერთი წლის წინანდელმა ამბებმა. ვისაც აქვს ურთიერთობა სტუდენტობასთან, ეს მუხტი იგრძნობა. ეს უნიჭიერესი ხალხია, რომლებმაც კარგად იციან, რა პროცესებიც მიმდინარეობს მსოფლიოში. ამიტომ სტუდენტობა ძალიან დიდი ძალაა იმ პროფესურასთან ერთად, რომლისთვისაც საუნივერსიტეტო იდეალი უზენაესი იდეალია და მის დათმობას არ აპირებენ.
სხვათა შორის, წლების წინ სტუდენტობა რექტორის პოსტზე მხარს უჭერდა მიხეილ ქურდიანს, თუმცა მაშინ სტუდენტების სურვილმა ვერ გადასძალა ის, რაც დაშვებული იყო პოლიტიკური ნებით.
- წარსულის მაგალითები გასათვალისწინებელია, მაგრამ ასეთი კანონზომიერება არ არსებობს, რომ რაც წარსულში ხდებოდა, მომავალშიც განმეორდება.
ახლანდელი არჩევნებისთვის ცალკეულ რექტორობის კანდიდატთა დაპირებები მომხიბლავია. მათი ნაწილი მუდმივი პროფესურის სტატუსს ჰპირდება იმ პროფესორებს, რომლებმაც ნაციონალების დროს გადალახეს კონკურსები, აკადემიურ საბჭოს კი უფრო მეტ დაფასებას აღუთქვამენ. ფაქტია, რომ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებშიც ხდებოდა ხალხის მოტყუება ლამაზი დაპირებებით, ესეც ანალოგიური ხომ არ იქნება? ასევე, საინტერესოა, რას გვეტყვით უნივერსიტეტის განვითარების თქვენეული კონცენფციის შესახებ?
- სხვა კანდიდატურებს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ ცალკეული ჯგუფები, რა თქმა უნდა, იკრიბებიან და ხვდებიან მათთვის საინტერესო აუდიტორიებს. თუმცა მთავარია, რომ უნივერსიტეტი გახდეს სამართლიანი. ამას ალტერნატივა არ აქვს. ვინც ამას არ ამბობს, ის ღრმად ჩახედული არ გახლავთ საუნივერსიტეტო პრობლემატიკაში. ჩემი კონცეფციაც სამართლიანობის აღდგენას ემყარება. სწორედ ეს არის საზოგადოების დაკვეთა.
უნივერსიტეტიდან განდევნილი პროფესურის დაბრუნებას გულისხმობთ?
- ჩემი არჩევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს საუნივერსიტეტო სტრუქტურების თვითდაშლა და თვითგაუქმება, უნივერსიტეტმა უნდა გამოაცხადოს გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც სასწავლო პროცესს დაბრკოლება არ შეექმნება. ამისთვის უნივერსიტეტმა უნდა შექმნას დროებითი სტრუქტურები. უნივერსიტეტის მმართველობამ ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა იმ ადამიანის წინაშე, ზოგიერთი დაღუპულის ხსოვნის წინაშეც, რომლებიც უკანონოდ განდევნეს აკადემიური სივრციდან. უნდა შეიქმნას საუნივერსიტეტო კომისია, რომელიც დაითვლის მათ ზარალს. მორალურ ზარალს ამ ადამიანებს ვერავინ აუნაზღაურებს, მაგრამ მატერიალური ზარალი უნდა აუნაზღაურდეთ.
განაცდურ ხელფასებს გულისხმობთ?
- დიახ, ამის აპრობირებული მეთოდი არსებობს, თუ როგორ უნდა დაიანგარიშოს ეს ყველაფერი კომისიამ და ამ ხალხს აუნაზღაუროს. არ შეიძლება, ამან მიიღოს რევანშისტული ხასიათი, რომ არიქა, ვინც გარეთ გაუშვეს, უნდა დაუპირისპირდეს უნივერსიტეტში დარჩენილ კადრს, ეს დაუშვებელია. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საერთო საუნივერსიტეტო თანხმობის, კონსენსუსის საფუძველზე. ამის შემდეგ აკადემიურ სივრცეში მყოფი ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ, ხარისხის პრინციპებიდან გამომდინარე, ორგანიზებულ კონკურსში, რომელიც გამოიყენებს გარეშე რეფერირების პრინციპს. ექსპერტების მოწვევა, საჯარო ლექციის წაკითხვა, რასაც, როგორც წესი, არ იყენებდნენ, რადგან აკადემიურად კორუმპირებულ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თვითონვე ძალიან კარგად მოეხსენებოდა, რომ მათი ფავორიტები ასეთ კრიტერიუმებს ვერ გაუძლებდნენ.
სხვათა შორის, ხარისხის შეფასებისას სტუდენტების როლი არსებითია, რადგან სტუდენტი არის აკადემიური ხარისხის ბუნებითი შემფასებელი. შემთხვევითი არ არის, რომ სტუდენტური შეფასებების კრიტერიუმი შესწავლილია და ეს გათვალისწინებულია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებში. თუმცა ჩვენში სტუდენტის როლი აბუჩადაა აგდებული, სტუდენტი აკადემიური სივრცის დანამატია, რაც სამარცხვინოა.
ანუ უნივერსიტეტს ელის ცხელი პროცესები, მიუხედავად იმისა, ვინ აღმოჩნდება ივანე ჯავახიშვილის სავარძელზე, რადგან ამ ეტაპზე არ ჩანს სამართლიანობის აღდგენის რესურსები? ამასთან, თუკი წინასწარ იცით, პროცესები როგორც წარიმართება, მაშინ რატომ იღებთ რექტორის ამ არჩევნებში მონაწილეობას?
- რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს ცხელი პროცესი ელის. მე მაინც ფილოსოფიის დარგის წარმომადგენელი გახლავართ და გეტყვით, რომ არსებობს ფალსიფიკაციის და დეკონსტრუქციის მეთოდი. ჩემი გადასახედიდან მე ვიცი, რა პროცესებიც მიმდინარეობს უნივერსიტეტში, მაგრამ მაინც ვიღებ მასში მონაწილეობას, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს სიმართლის გამოვლენას. ეს ვითარება გამოიწვევს პროცესის ფალსიფიკაციას. საუნივერსიტეტო ადმინისტრაცია ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ჭეშმარიტება მასთანაა, თუმცა ამ ყველაფრის ფალსიფიკაცია მოხდება. ნახავთ, რა სურათიც დაიხატება. ანდა მეორე, ჟაკ დერიდას, დიდი ფრანგი მოაზროვნის ტერმინია ასეთი-დეკონსტრუქცია, რომელსაც მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვიყენებ იმ მნიშვნელობით, რომ მოხდება ნამდვილი მიზნის, სქემის გამჟღავნება და საზოგადოება დაინახავს, რაც ხდება უნივერსიტეტში.
პარასკევს, 9 აგვისტოს იწყება ეს პროცესი. აკადემიურ საბჭოს დაგეგმილი აქვს კანდიდატების მოსმენა, რომლის ვიდეოჩაწერაც მოხდება. 20-წუთიანი დრო მოგვეცემა კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად. იქ სწორედ იმის სათქმელად მივდივარ, რაც ახლა ვილაპარაკე მიუკერძოებლად, რომ ერთხელ და სამუდამოდ აკადემიურ სივრცეში უნდა აღმოიფხვრას ტერორისა და მოსყიდვის ყველანაირი შესაძლებლობა. ასეთნაირად მესახება ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში. სახელმწიფოსთან კავშირი და სახელმწიფოს ჩარევა უნივერსიტეტში საფრთხედ არ უნდა იყოს აღქმული. ეს ნორმალური პროცესია, რადგან უნივერსიტეტი ვერასდროს იქნება სპილოს ძვლის კოშკი, რომელსაც არავისთან და არაფერთან კავშირი არ აქვს. სახელმწიფო კიდეც უნდა აფინანსებდეს უნივერსიტეტს, მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა ნორმალური და კარგი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ხმა მივეცით ოქტომბრის არჩევნებში, მაშინ მანაც უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება, არ ჩაერიოს საუნივერსიტეტო თვითმმართველობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს კონცეფციაში ასეთი პუნქტიც შევიტანე -თუკი არსებითი საფრთხე შეექმნება საუნივერსიტეტო პრინციპებს- აკადემიურ თავისუფლებას, ავტონომიას და ხარისხს, უნივერსიტეტი უფლებამოსილი უნდა იყოს, რომ იქცეს სამოქალაქო, არაძალადობრივ დაუმორჩილებლობის კერად. პროფესურა მონურ და დეპრესიულ მდგომარეობაში კი არ უნდა იყოს, როცა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ.
იქნებ, ნაციონალური კონკურსების გადალახვის კვალობაზე, პროფესურის ნაწილს აწყობს კიდეც ასეთი მდგომარეობა?
- ბევრს აწყობს, არა მარტო კონფორმიზმის გამო, რომელიც შეიძლება, ჩვენ არ მოგვწონდეს, მაგრამ მაინც პრინციპია, არამედ - მატერიალური სიკეთეების გამო, რადგან 4-5-6-წლიანი ხელფასები აქვთ. თუმცა ჩემს ხელფასს, გასტრონომიულ მოთხოვნილებას უნივერსიტეტი, ჩვენი ქვეყნის მომავალი არ უნდა გადაყვეს. ვის რაში სჭირდება აკადემიურად კორუმპურებული სქემები, სილაბუსები, კურუკულუმი, რომელიც არაფრის მომცემი არ არის? ვის სჭირდება ისეთი პროფესურა, რომელთაც შესაძლოა, ოჯახშიც არ სცემენ პატივს?! შეიძლება, ამაში წარსული ხელისუფლების მზაკვრობაც დავინახოთ, რადგან მატერიალური სიკეთეები აკადემიურად მიკერძოებული სექტებისთვის კარგი სატყუარა იყო. ეს არის სოციალური პრესტიჟი, სამივლინებო გაუმჭვირვალე თანხები. დასავლურ უნივერსიტეტებთან შედარებით, ჩვენი უნივერსიტეტის ბიუჯეტი მიზერულია, მაგრამ ჩვენს პირობებში მაინც სოლიდური შესახედაობისაა, თუმცა თანხები ისე იხარჯება, რომ არავინ იცის ამის შესახებ. ვებ-გვერდზეა დადებული, მაგრამ სინამდვილეს არ შეეფერება, როგორც ამის შესახებ გონივრული ეჭვები არსებობს. ყველა თეთრი გაწერილი უნდა იყოს და არცერთი თეთრი არ უნდა ხმარდებოდეს სხვა რამეს, თუ არა მაღალი სტანდარტების სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობას. საუბარია იმაზეც, როგორ მოვიზიდოთ ეს სახსრები. ჩემი კეთილმოსურნე თუ ოპონენტი მეტყვის, რომ ამისთვის მილიარდია საჭირო. მილიარდს კი არა, ერთ თეთრსაც არავინ მისცემს უსამართლო ინსტიტუციას, უსამართლო უნივერსიტეტს, რომელიც წალეკა აკადემიურმა კორუფციამ. ვსაუბრობ ლეგალურ ფინანსურ შემოსავლებზე. ფინანსური რესურსები უნივერსიტეტმა ყველაფრიდან უნდა მოიზიდოს მაშინ, როცა ის იქნება სამართლიანი ინსტიტუცია.
საეჭვო აკადემიური რეპუტაციის მქონე ხალხი მაშინვე იყიდება, როგორც კი საერთაშორისო არენაზე წარდგება. უბრალოდ, მათ ნახეს, რომ უნივერსიტეტში ნოყიერი ნიადაგი იყო, თუკი წინა ხელისუფლებას დაუჭერდნენ მხარს და გააკეთებდნენ იმას, რაც ზოგიერთ აუდიტორიაში იგეგმებოდა ზოგიერთი სამსახურების მიერ. შემთხვევითი არ არის, რომ პრესაშიც მუსირებს ე.წ. ჩანერგილების თემა უნივერსიტეტში. ეს თემა ეროვნული მოძრაობიდან თანამდევი იყო.
საოცარი სიტუაციაა უნივერსიტეტში, კედლებსაც ყურები აქვს. 1979 წლიდან უნივერსიტეტში ვარ და ასეთი ვითარება არ მახსოვს. სტუდენტები როცა ვიყავით, და ვინც მიცნობს, იცის კიდეც, რომ არაფერს ვეპუებოდით, თუნდაც ქართულ ენასთან დაკავშირებით და ა.შ. დიდხანს ვმოღვაწეობდი უნივერსიტეტში და აკადემიურად კორუმპირებულმა სექტებმა შარშან გამომიშვეს იმ კონკურსების წყალობით.
თუმცა მათ მიერ უნივერსიტეტიდან პროფესურის გამოშვება შეიძლება დღეს საამაყოც იყოს.
- შეიძლება საამაყოც იყოს, თუმცა სავალალოა თავად უნივერსიტეტისთვის, აკადემიური სივრცისთვის. ბევრი ჩემი კოლეგა, სამწუხაროდ, დღეს აკადემიურ სივრცეში არ არის, მაგრამ არიან ძალიან კვალიფიციურები და ეს ვიცი დასავლელი კოლეგებისა და სამეცნიერო ცენტრების მხრიდან. ზოგიერთები დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან უნივერსიტეტის ხარისხის დაცემასთან დაკავშირებით, თუმცა რატომ არ დააბრუნეს ხარისხიანი და პროფესიონალი ადამიანები? ახლა ისინი ისედაც დაბრუნდებიან, მათ დრო დააბრუნებს, მათ საზოგადოება დააბრუნებს და უნივერსიტეტი დაუბრუნდება მათ, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის-სტუდენტებსა და პროფესურას. მათი მეშვეობით კი - მთელ ქართველ ხალხს და მთელ აკადემიურ საერთაშორისო სივრცეს.