„თოფი როგორც ქართულ მხარეს, ისე რუსულ მხარესაც იყო ჩამოკიდებული და ის აუცილებლად გავარდებოდა“

„თოფი როგორც ქართულ მხარეს, ისე რუსულ მხარესაც იყო ჩამოკიდებული და ის აუცილებლად გავარდებოდა“

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი russian today-სთან ინტერვიუში 5 წლის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის პრეისტორიას იხსენებს.

მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში ბოლო მომენტამდე იმედი ჰქონდა, რომ საქართველო კონფლიქტის ესკალაციას შეწყვეტდა. თუმცა დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, როდესაც იგი ესაუბრა მოვლენების ყველა უშუალო მონაწილეს, მათი მოხსენების შედეგად მოუწია, მიეღო ეს ურთულესი გადაწყვეტილება და გაეცა პირდაპირი ბრძანება სამხედრო მოქმედებების დაწყებისა და ცეცხლის გახსნის თაობაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს გარკვეული როლი ითამაშა იმ პირდაპირმა მხარადჭერამ, რომელსაც სააკაშვილს უცხადებდნენ აშშ და სხვა ქვეყნების ნაწილი.

„იცით, მე არ მაქვს კარგი წარმოდგენა სააკაშვილის სამხედრო და პოლიტიკურ შესაძლებლობებზე, ის ორიენტირებას აკეთებდა იმაზე, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა კონფლიქტში. სწრაფი შესვლა ცხინვალში, ძირითადი შენობების აღება, საქართველოს ხელისუფლების გაგებით, საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა და აშშ-სა და სხვა ქვეყნების მხრიდან მფარველობა. ჩვენ თავიდანვე არ გვქონდა რეჟიმის შეცვლის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სააკაშვილი, გასაგები მიზეზების გამო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პირია, მე მას სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევ. ჩვენ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ თავად ხალხმა უნდა განსაჯოს საკუთარი ხელისუფლება. რუსეთთან კონფლიქტში შესვლა აშშ-სთვის არ შეიძლება, ამას აცნობიერებს აშშ-ის ყველა პრეზიდენტი“, - აცხადებს მედვედევი.

ამასთან, იგი დასძენს, რომ აგვისტოს ომში ამერიკელი „ცხელი თავების“ პოზიცია მისთვის ცნობილია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა ორაზროვანი პოზიცია, რაც, ალბათ, საქართველოს ზოგიერთი ჭკვიანისთვის იმედის გაცრუება იყო.

ჟურნალისტის შეკითხვა, აგვისტოს ომი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო თუ საქართველო-ამერიკის ერთობლივი გეგმის ნაწილი, - მედვედევმა აიცილა, თუმცა დაამატა, რომ შტატები არის მსხვილი, აზრიანი, მასშტაბური სახელმწიფო, რომელიც თავის ინტერესებს მიჰყვება და ამერიკის ინტერესები არ ემთხვეოდა სწორხაზოვანი სააკაშვილის გეგმას, რომელიც სამარცხვინოდ დასრულდა. მედვედევი იმასაც იხსენებს, რომ სააკაშვილმა მას ივნისში დაურეკა, შემდეგ კი დაიკარგა.

ჰიპოტეტურ შეკითხვაზე, რუსეთში ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, წავიდოდა თუ არა სააკაშვილი ასეთ რისკზე? მედვედევს გაუჭირდა პასუხი, თუმცა აღნიშნა, თუ კედელზე იარაღი ჰკიდია, ის აუცილებლად გაისვრის. საქართველოს შეიარაღება, ნატოსადმი მიმართვა წევრობისთვის, ადრე თუ გვიან კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევდა.

მან იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ გადაიფიქრა რუსულმა ჯარმა თბილისში შესვლა, რასაც მედვედევი იმით ხსნის, რომ ეს არ იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ ქართულ-ოსურ კონფლიქტში რუსეთი იძულებით ჩაერია, რათა შეეჩერებინა საკუთარი მოქალაქეების განადგურება. ამიტომ, მას, როგორც მთავარსარდალს, არ გაუცია თბილისში შესვლის, პოლიტიკური რეჟიმის შეცვლისა და სააკაშვილის დასჯის ბრძანება.

მზადაა თუ არა რუსეთი სააკაშვილის წასვლის შემდეგ (თუკი საქართველოს ახალი ხელისუფლება შეძლებს ოს და აფხაზ ხალხთან ურთიერთობის დალაგებას) აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა?! მედვედევის პასუხი ასეთია, ჩვენ გვსურს, რომ მათ მშვიდობაში იცხოვრონ, რა ფორმა ექნება მათ ურთიერთობას, ეს მათი საქმეა.

ტალიავინის ვრცელტანიანი დასკვნის მიუხედავად, კითხვა კითხვად რჩება, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის შეჩერება?! ამიტომ საინტერესოა, ცდილობდა თუ არა მედვედევი საკუთარი თავის რეაბილიტაციას აგვისტოს ომიდან ხუთი წლის თავზე და რას ნიშნავდა მისი „აღიარება“, ამის შესახებ For.ge-ს ექსპერქტები ესაუბრნენ.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ეჭვობს, რომ მედვედევი პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს, ამიტომ მისი განცხადებები ყოველთვის ან თავის მართლებას ჰგავს, ან საკუთარი ქმედების წარმოჩენას თავისი „შეფისთვის“. 8 აგვისტოს მოახლოებასთან ერთად კი მედვედევი იძულებულია, მსოფლიო, რუსული თუ ქართული პრესის ინტერესი დააკმაყოფილოს. თუმცა მისი კომენტარები დროთა განმავლობაში ეწინააღმდეგება ხოლმე ერთმანეთს: ის ხან აცხადებს, რომ ეს იყო პასუხი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ხან აცხადებს, რომ ეს იყო სააკაშვილის აგრესიული პოლიტიკის შედეგი, ან კიდევ - რუსეთის სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

ის ფაქტი, რომ თურმე მედვედევს 2008 წლის ივნისში სააკაშვილთან ჰქონია კონტაქტი და შემდეგ სააკაშვილი დაკარგულა, გიორგი თავდგირიძისთვის არაფრისმთქმელია. მას აინტერესებს, რას ნიშნავს „სააკაშვილი დაიკარგა“? თუ რუსეთს ძალიან სურდა, გაერკვია, რას აპირებდა საქართველო, ეს კონტაქტი შეიძლებოდა ისედაც შემდგარიყო, უშუალოდ თუ არა, სხვა სახელმწიფოების ან პოლიტიკური ლიდერების საშუალებით.

„რაც გამოსჭვივის მედვედევის ამ ინტერვიუდან, მთავარი ისაა, რომ იგი აცხადებს, თურმე უნდა დაეცვათ რუსეთის ინტერესები და რუსეთის მოქალაქეების ინტერესები. მეორეა, რუსეთს როგორ ესმის ეს ინტერესები, რა ინტერესებზეა საუბარი და რა მეთოდებით იცავს თავის სახელმწიფო ინტერესებს. ფაქტია, რომ რუსეთის ნებისმიერ ქმედებაში არის ის, რომ რუსეთს გააჩნია გარკვეული გავლენის სფერო, სადაც მას შეუძლია, ნებისმიერი მეთოდი გამოიყენოს. ასეთ სფეროში იგი მოიაზრებს საქართველოს. ფაქტობრივად, სტატუს-ქვო, რომელიც დღეს არსებობს, ანუ საქართველო არც ნატოშია, არც რუსეთის ორბიტაზეა, არის ის ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც რუსებს ძალიან აწყობთ. ის, რომ 2008 წლის აგვისტოში შეიძლებოდა საქართველოს თავის ერთ-ერთ რეგიონზე აღედგინა კონსტიტუციური გავლენა, ეს რუსეთისთვის ნიშნავდა, რომ მისი, როგორც ზესახელმწიფოს მითი, დაიმსხვრეოდა და რეგიონულ დონეზეც კი მისი პოლიტიკური წონა ძალიან შემცირდებოდა. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამით იყო გამოწვეული ის ავანტიურისტული ქმედებები, რომელიც რუსეთის მხრიდან განხორციელდა“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

მისივე თქმით, ომი არ იწყება უშუალოდ გასროლით და პროცესი ისე მიმდინარეობდა, საბრძოლო შეტაკება აუცილებლად მოხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, რუსეთს რომ რეაქცია არ მიეცა და არ ემოქმედა, ალბათ, წარმოუდგენელი იყო. ამიტომ პუტინი იქნებოდა, მედვედევი თუ სხვა ვინმე, ქართული მხარე იძულებული გახდებოდა, ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა - ანუ, გარკვეულწილად, თავისი მოსახლეობა დაეცვა, რაც თავისთავად გამოიწვევდა კონფლიქტს რუსებთან და საბრძოლო მოქმედებები დაიწყებოდა. მეტიც, თოფი როგორც ქართულ მხარეს, ისე რუსულ მხარესაც იყო ჩამოკიდებული და ის აუცილებლად გავარდებოდა.

რაც შეეხება მედვედევის ნათქვამს აფხაზეთსა და ოსეთთან საქართველოს ურთიერთობის აღდგენის შესახებ, ამის იმედი ექსპერტს არ აქვს, სანამ საერთაშორისო ფორმატი არ იქნება. არსებობს მეორე ვარიანტიც, რომელზეც გიორგი თავდგირიძე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ აგრესიული, პრინციპული პოლიტიკა და ვაიძულოთ რუსეთი და რეგიონში დე ფაქტოდ არსებული სეპარატისტული ჯგუფები, უკან დაიხიონ და წამოვიყვანოთ მოლაპარაკებაზე.

ექსპერტი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შელახვის პოლიტიკის ნაწილი იყო მედვედევის ეს ვრცელი ინტერვიუ. უფრო კონკრეტულად, ექსპერტის აზრით, აქ ორი რამეა მნიშვნელოვანი, რომ რვა აგვისტოს მოახლოებისას გაჟღერდეს რუსეთის ხედვა ამ ომთან მიმართებით და მეორე, ახალი ხელისუფლების რამდენიმე სერიოზული შეცდომა, როცა მათ დააგეს ის მახეები, რომელშიც შემდეგ შეიძლება თავად საქართველო გაებას.

„ერთ-ერთი მახე იყო სწორედ ის, რომ თითქოს, საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველომ, რაც რუსეთმა ძალიან კარგად გამოიყენა. დღეს რუსეთის მთავარი პრობლემაა ის საერთაშორისო წნეხი და პასუხისმგებლობა, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო მოხდა საქართველოსთან მიმართებით. თუ ეს მოიცილა, რომ თურმე საქართველო თავად იყო დამნაშავე ომის დაწყებაში, მაშინ მისთვის ყველაფერი დალაგდება, არც ოკუპანტის წნეხი ააღელვებს, არც ეთნიკური წმენდის ფაქტორი. ეს ვალდებულებები, უბრალოდ, რუსეთს მოეხსნება. სწორედ ამ მომენტს ხედავს ამ მთავრობაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება და ჩვენი მთავრობა გაიაზრებს, რამდენად საშიშია ეს ყველაფერი“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

მისივე განმარტებით, რუსეთს აქვს ამბიცია არა მხოლოდ ამ რეგიონში გავლენის, არამედ - ამერიკის კონკურენტობის თვალსაზრისითაც. ამას ადასტურებს სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემა და მისი ქმედება სირიაში. ხოლო ის ნარატივი, თითქოს, საქართველო ნაწილობრივ წაქეზებული იყო ამერიკის მხრიდან, არის ძველი და ამაზე სულ საუბრობდა რუსეთი, თუმცა საუბრობდა სხვადასხვა ინტენსივობით და სხვადასხვა პერიოდში. გააჩნია, მისი და ამერიკის ურთიერთობის როგორი დინამიკა იყო.

მეტიც, ექსპერტის თქმით, რუსეთის სურვილია, პრობლემა დავიდეს სააკაშვილამდე, თითქოს, ფუნდამენტური პრობლემა რუსეთს არ აქვს და მხოლოდ ჰქონდა „ცხელთავიანი“ სააკაშვილის პრობლემა. სინამდვილეში, პრობლემა არის ფუნდამენტური -რუსეთის მხრიდან სუვერენული საქართველოს მიუღებლობა, ეს იქნება ივანიშვილის პირობებში, შევარდნაძის თუ გამსახურდიას დროს.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძე მიაჩნია, რომ აგვისტოს ომი არის მედვედევის პრეზიდენტობის „უდიდესი წარმატება“. ამიტომ იგი ცდილობს, თავისი როლი წამოსწიოს აგვისტოს მოვლენებში, რადგანაც იცის, რომ რუსეთში ამ ომს ჰქონდა დიდი მხარდაჭერა. ამიტომ ყოველთვის გაამართლებს თავის მცდელობას და ძალისხმევას და დაადანაშაულებს ქართულ მხარეს ომის დაწყებაში.

ექსპერტის აზრით, არცერთი რუსი ხელისუფალი უკან არ დაიხევს ამ ომის შეფასებისას, მით უმეტეს, მედვედევი, მიუხედვად იმისა, რომ რეალურად პუტინი მართავდა ყველაფერს.

„მედვედევს უნდა, ეს დამსახურება მაინც მიიწეროს საკუთარ თავზე, რადგან პრეზიდენტობის დროს ბევრი არაფერი გაუკეთებია. ასევე, მკვეთრად უსვამს ხაზს, რომ ამ ომის დაწყებით მან პირადად შეაჩერა ნატოს გაფართოება, რომ ეს იყო არა საქართველოს, არამედ ნატოს წინააღმდეგ ომი. თუმცა ტალიავინის კომისიის დასკვნაში გარკვევით წერია, როგორ ხდებოდა ამ კონფლიქტის პროვოცირება, როგორ ხდებოდა რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ანექსია და მხოლოდ ერთ მომენტში წერია, რომ საქართველომ დაიწყო ინტენსიური სროლა. ანუ ეს დასკვნა რომ ავიღოთ, დამნაშავე რუსეთია, საქართველო დამნაშავეა მხოლოდ იმ მომენტში, როცა რაღაც მომენტში დაიწყო ინტენსიური სროლა ცხინვალის მისამართით“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

რაც შეეხება მედვედევის მხრიდან თავის მართლებას, თითქოს, რუსული ჯარი თბილისისკენ არ მოიწევდა, ექსპერტი აცხადებს, რომ რაღაც მომენტში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჯარი გაჩერდა. თუმცა, ფაქტია, რომ მანამდე ეს ჯარი თბილისისკენ მოიწევდა.