2008 წლის „აგვისტოს ომიდან“ ხუთი წელი გადის. რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი კი აცხადებს, რომ 2008 წელს განვითარებული მოვლენები დრამატულია, მაგრამ ომის დროს, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო და ამ მოვლენებზე მისი შეფასება არ შეცვლილა. მისი თქმით, არსებობდა იმის საფრთხე, რომ შეტაკებები, საბრძოლო ოპერაციები და ადამიანების დაღუპვა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგაც პერმანენტულად გაგრძელებულიყო.
თუ რას ფიქრობენ დიმიტრი მედვედევის განცხადებებზე „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამის გარკვევის მიზნით, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:
ტალიავინის კომისიამ ომის დაწყების პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დააკისრა. წელს, „აგვისტოს ომიდან“ ხუთი წელი გადის და ამ გადმოსახედიდან რას ფიქრობთ, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო?
- არ არის სწორი ინფორმაცია, თითქოს, ტალიავინის კომისიამ ომის დაწყების თაობაზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დააკისრა. დასკვნაში კარგად არის აღწერილი თუ როგორ დაიწყო საომარი მოქმედებები და იქ პირდაპირ წერია, რომ იმ დროისთვის, როცა ქართულმა მხარემ ცხინვალზე შეტევა დაიწყო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალური ფორმირებები და დაჯგუფებები იმყოფებოდნენ. ეს ფაქტები კი იმას ადასტურებს, რომ ქართულმა მხარემ ეს შეტევა მოიგერია. როცა ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური მოქმედებები დაიწყეს, ამ დროისთვის, ავნევისა და ნულის სოფლები იბომბებოდა და უკვე მსხვერპლი გვყავდა როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე ჯარში. ამასთან, ტერიტორიიდან დაწყებული იყო მოსახლეობის გაქცევა. ქართულმა მხარემ ისე იმოქმედა, როგორც პასუხისმგებლობით აღჭურვილი ხელისუფლება უნდა მოქცეულიყო და ქვეყანა იმ ძალებით დავიცავით, რაც გვქონდა.
რატომ არ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა?
- ომი სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა და თავდასხმებიც ძალიან მასშტაბური იყო. ომი მიმდინარეობდა არა ლოკალურად, არამედ ფოთში, გორსა და ზუგდიდში. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა გადარჩენილიყო და მათი გამოყვანა მომხდარიყო. სახელმწიფომ მაქსიმალური გააკეთა, რომ ეს პროცესი ძალიან ტრაგიკული არ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ომს ტრაგიკული ვითარება მოსდევს. ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ეფექტურად იმუშავა, რომ ის მსხვერპლი აგვეცილებინა თავიდან, რაც შეიძლებოდა ომს მოჰყოლოდა.
თემის გაცოცხლება - ვინ დაიწყო ომი, სრულიად უპასუხისმგებლობაა. რატომ აკეთებს ამას მედვედევი, ეს გასაგებია, რადგან მას სურს, რომ თავი გაიმართლოს, აგრესორად არ წარმოჩინდეს და არაღიარების პოლიტიკა შეწყვიტოს, მაგრამ როცა ამას ქართველი პოლიტიკოსები იმეორებენ, ეს ეროვნული ინტერესების დაზიანებაა. იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე აღიარებს, რომ ომის დაწყებაში ჩვენ ვიყავით დამნაშავეები, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვანგრევთ, რაც უპატიებელი ღალატია!
მედვეევი აცხადებს, რომ მან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება შესთავაზა, რის საპასუხოდაც სამი თვის თავზე ცხინვალში „სამხედრო შეჭრა და ადამიანთა მკვლელობები მიიღო”. . .
- მედვედევი და პუტინი აცხადებენ, მათ ეფექტურად რომ არ ემოქმედათ, ამ შემთხვევაში, ნატოს საზღვრები რუსეთთან ახლოს გადაიწევდა. მათი განცხადება იმას ადასტურებს, რომ მათი მხრიდან ომის დაწყება სპონტანური გადაწყვეტილება კი არ იყო, არამედ ეს თავდასხმა დიდი ხნის წინ მზადდებოდა და ეს აღიარა პუტინმა, რომელმაც განაცხადა, რომ 2006 წლიდან ოსი სეპარატისტები იწვრთნებოდნენ. მათი ამოცანაა, რომ როგორმე, აგრესორისა და ოკუპანტის სახელი მოიცილონ. ჩვენი მიზანია, დავასაბუთოთ, რომ საქართველო იყო არა აგრესორი, არამედ მსხვერლი შეიარაღებული სახელმწიფოსი. თუ ვიტყვით, რომ აგრესორები ჩვენ ვიყავით, დეოკუპაციის საკითხი ათწლეულობით გადაიწევს, ან საერთოდაც ტერიტორიები დაიკარგება. მართალი გითხრათ, ადრე გაჟღერებულ მესიჯებს დიდი სახეცვლილება არ განუცდია.
მედვედევმა დღესაც საქართველოში რუსული ჯარების ინტერვენციის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გამართლება სცადა და ეს იყო ყველაზე დიდი ცინიზმით აღსავსე განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ილუზია, რომელსაც ამკვიდრებდა ივანიშვილის ხელისუფლება იმის თაობაზე, რომ თითქოს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფუნდამენტური პრობლემა კი არ არსებობდა, არამედ ლიდერებს შორის იყო პერსონალური პრობლემები და იმ შემთხვევაში თუ ეს შეიცვლებოდა, რუსეთის პოზიციის ტრანსფორმირება მოხდებოდა, ეს სრულიად დამსხვრეულია და არ მჯერა, რომელიმე ჭკუათმყოფელმა ადამიანმა ეს დაიჯეროს.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეა საუბარი. მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების გადახედვას ამ ეტაპზე არ გეგმავს, თუმცა, მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს, თუ ქართული მხარე 2008 წლის ფაქტებს აღიარებს. ამასთან, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დიალოგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს. როგორ გესახებათ დიპლომატიური ურთიერთობის განახლება?
- 2008 წელს, დიპლომატიური ურთიერთობები იმის გამო იქნა შეწყვეტილი, რომ რუსეთმა ქვეყანის ოკუპაცია მოახდინა, ასობით მოქალაქე დახოცა და ათიათასობით ადამიანი დევნილად აქცია. ამდენი ხსნის განმავლობაში პოზიტიური არაფერი მომხდარა და შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საფუძველი არ არსებობს. რუსეთის ულტიმატუმია - თავიანთი საქმე გააკეთეს და ახლა დაზარალებულმა მხარემ თავი აგრესორად აღიაროს და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი დაიწყოს. რაც შეეხება იმას, რომ დიპლომატიური ურთიერთობები წინაპირობების გარეშე აღდგეს, ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და პირიქით, მკაფიო წინაპირობები და პირობებიც უნდა დადგეს, რადგან სხვა შემთხვევაში, იმ ქვეყანასთან ვერ აღვადგენთ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ საზღვრებში არ აღიარებს. თუ რუსეთის მხრიდან პოზიციების ცვლილება არ მოხდა, ქართულმა მხარემ უკან არ უნდა დაიხიოს. თუ სხვა ქვეყანა შენს საზღვრებს არ ცნობს, მასთან ურთიერთობა როგორ უნდა აღადგინო?! ეს ხომ დიპლომატიური ნონსესია?!
წინასაარჩევნო პერიოდში, თქვენ აცხადებდით, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის „პროექტი“ იყო. ათთვიანი მმართველობის პირობებში, ივანიშვილს „რუსეთუმეობის“ რაიმე ნიშანი შეატყვეთ?
- ივანიშვილმა ქართული მხარე ომის დაწყებაში ღიად დაადანაშაულა. ასე ხდებოდა არჩევნებამდეც და ასე ხდება ახლაც, თუმცა მისი დეკლარირებული პოზიცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ რუსეთისგან მას საკმარისი ნაბიჯები მიეღო. ივანიშილი უკვე კარგად ხედავს, რომ რუსეთის მხრიდან მის განცხადებებს პოზიტიური ნაბიჯები არათუ მოჰყვება, არამედ პირიქით, ახალი მიწების მიტაცება ხდება. შესაძლოა, ივანიშვილი უკვე იმაშიც დარწმუნდა, რომ ბავშვური და მიამიტური იყო მისი განცხადება, რომ ვერბალური ტონალობების შერბილებით მოხდებოდა რუსეთის ფუნდამეტური პოლიტიკის ცვლილება.
თუმცა, ყველას კარგად ახსოვს პრეზიდენტის ტერმინოლოგია და აგრესიით გაჟღენთილი გამოსვლები. . .
- ცდუნება ძალიან დიდი იყო, რომ სააკაშვილი დაენაშაულებიათ - ეს ტონალობები რომ არ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდაო, მაგრამ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ათი თვე გავიდა და ზოგიერთი ლიდერის მხრიდან გაკეთებული ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებების მიუხედავად, პოზიტივი კიდევ არ ჩანს. აქედან გამომდინარე, მიზეზი იყო არა სააკაშვილის განცხადებები, არამედ კრემლის მიზანი, რომ საქართველო არ ჩამოყალიბდეს თანამედროვე სახელმწიფოდ, რომელიც მომავალს თავად განსაზღვრავს.
„აგვისტოს ომზე“ საუბრისას შეუძლებელია, პრეზიდენტის „ხოხვა“ არ გაგვახსენდეს. მიხეილ სააკაშვილი როგორც მთავარსარდალი, როგორ მოქმედებდა?
- ეს თემა თითიდან გამოწოვილ საკითხად მიმაჩნია, რადგან როცა ტერიტორია თვითმფრინავებით იბომბება, მსგავსი რეაქციები არსებობს. ეს ყველაფერი თუ როგორ მოხდა, კადრებში შეგიძლიათ ნახოთ. პრეზიდენტი დაცვამ წააქცია და ის ყვრიოდა, რომ თავი დაენებებინათ. პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ სახელმწიფო არ დანებდა და პირიქით, მთავრობა ახალი გადალაგებისთვის ემზადებოდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, თუ 1939 წლის ფინეთის შემთხვევას არ ჩავთვლით, როცა ქვეყნიდან მთავრობა არ გაიქცა და ამას მტერთან გმირული წინააღმდეგობის გაწევა ჰქვია.
ანუ, თვლით, რომ „აგვისტოს ომში“ მიხეილ სააკაშვილი გმირულად და ვაჟკაცურად მოქმედებდა?
- ის მოქმედებდა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მისი ყველა ნაბიჯი ადეკვატური იყო. არავინ ფიქრობდა, რომ ომში რუსეთი დამარცხდებოდა, მაგრამ საქართველომ გააკეთა ის, რომ ყველაფერს სახელი დარქმეოდა. ამ ყველაფერს კი, მთელმა მსოფლიომ ოკუპაცია უწოდა.