დავით კირვალიძე, შალვა ფიფია, დავით შერვაშიძე, დავით გალეგაშვილი, გიორგი ჩხეიძე, კონსტანტინე ხურცაიძე, გიორგი იაკობაშვილ, ხვიჩა კოჭოშვილი და გიორგი მარდანეიშვილი, ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანთა სრული სია, რომელთა სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის შუამდგომლობით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს 27 ივნისს მიმართა.
სასამართლომ ფარული მოსმენის ნებართვა არ გასცა სოფლის მეურნეობის მოქმედ მინისტრზე შალვა ფიფიაზე, მის მოადგილეზე დავით შერდაშიძეზე და და სამინისტროს თანამშრომელ გიორგი მარდანეიშვილიზე. სასამრთლომ სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენის ნებართვა გასცა ყოფილ მინისტრზე დავით კირვალიძეზე, მინისტრის მოქმედ მოადგილზე დავით გალეგაშვილზე, ხვიჩა კოჭოშვილზე და კონსტანტინე ხურციძეზე.
ადვოკატი ლევან სამუშია, რომელიც „ტარქტორების საქმეზე“ დაკავებული პროფესორების ზაზა მახარობლიძეს და ომარ თედორაძის ინტერესებს იცავს for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მან საქმის მასალებში აღმოაჩინა, რომ 27 ივნისს პროკურორმა დავითაშვილმა სასამართლოს სოფლის მეურნეობის მოქმედი და ყოფილი მინისტრის, ასევე სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების მოსმენის ნებართვა სთხოვა.
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკამაყოფილა და პროკურატურას მხოლოდ მინისტრისა და მისი მოადგილის მოსმენის ნებართვა არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალჩინოსნებს სასამართლოს მიერ გაცემული სანქციით 27 ივნისიდან 27 ივლისის ჩათვლით ოფიციალურად უსმენდნენ, პროკურატურამ წინა სასამართლო სხდომაზე არ წარმოადგონა ფარული ჩანაწერები. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქმეში მხოლოდ სასამართლოს ნებართვა დევს ფარული მოსმენის შესახებ, ხოლო საუბრის შინაარსი, გამოიკვეთა თუ არა დანაშაულებრივი კავშირები არ დევს.
აქიდან გამომდინარე, ადვოკატი ლევან სამუშია ფიქრობს, რომ პროკურატურას „ტრაქტორების საქმეზე“ მტკიცებულებების არარსებობის გამო სურდა სატელეფონო საუბრების მოსმენა.
„არანაირი მტკიცებულება ამ საქმეზე გამოძიებას არ ჰქონდა. აქიდან გამომდინარე, გამოძიება ცდილობდა რამენაირად მოეპოვებინა დანაშაულის ნიშნები და იქამდეც მივიდნენ, რომ საქართველოს მთავრობის წევრზე, მოქმედ მინისტრზე ფარული მოსმენის ნებართვა მოითხოვეს.
ვისზეც გასცა სასამართლომ მოსმენის ნებართვა, მათი მოსმენის შედეგები საქმის მასალებში არ დევს. პროკურატურამ არ მიიჩნია საჭიროდ, რომ ეს საქმეში ჩაედო. ბუნებრივია, რაიმე ხელშესახები რომ ჰქონოდათ წარმოადგენდნენ. დანაშაული არ მომხდარა და არმომხდარ დანაშაულზე მტკიცებულების მოპოვება გამორიცხული და ალოგიკურია. რაც არ იყო იმას ვერ ნახავდნენ და ვერც ნახავენ. აქიდან გამომდინარე, გვაქვს მხოლოდ პროკურორ დავითაშვილის შუამდგომლობა და სასამართლოს ნებართვა. ფარულ მოსმენაზე სასამართლო ნებართვა გაცემულია 1 თვით, 27 ივნისიდან და 27 ივლისამდე“, - აცხადებს ლევან სამუშია.
მისივე თქმით, ფარულ მოსმენაზე სასამართლოს ნებართვის გაცემა უკანონო არაა და სასამართლოს აქვს უფლება გასცეს ეს ნებართვა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს ნებართვა პროკურატურას დასჭირდა ბრალდების გასამყარებლად, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება ამ საქმეში პროკურატურას არ გააჩნია.
საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე თვლის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებს გასცდა. მისივე თქმით, ძიება მიმდინარეობს იმ მეთოდებით, რომლებიც შესაძლოა თავად შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.
„ამ საქმეში თავიდანვე გამოიკვეთა, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. გამოძიებას არ ჰქონდა მტკიცებულება, რომ დაედო. რაც შეეხება პროკურატურის მოქმედებას, მთავრობის წევრის ფარული მოსმენის ნებართვასთან დაკავშირებით, ეს კანონმდებლობით აკრძალული არაა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ეს უკანონოა, მაგრამ უბრალოდ, მიუთითებს იმაზე, რომ საქმე არაა მყარი და ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ დასჭირდათ მინისტრის მოსმენა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი ამბავია მინისტრის მოსმენა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა კოჟორიძე.
ამასთან აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ გამოაქვეყნა სოფლის მეურეობის საქმეზე დაკავებულ მამუკა ივანიაძის ფარული ჩანაწერი. პროკურატურის მტკიცებით, ივანიაძის ფარული ჩაწერა კანონთან შესაბამისად განხორციელდა. კოჟორიძის მტკიცებით, პროკურორი გიორგი დავითაშვილი როდესაც ახდენდა ფარულ ვიდეო გადაღებას მამუკა ივანიაძის მიმართ სასჯელაღსრულების სისტემაში, მაშინ მას მაღალი ალბათობით არ ჰქონდა სასამართლოს სანქცია. მან ჩაიდინა დანაშაული და ეს არის გამოსაძიებელი.
„კანონი ავალდებულებს სასამართლოს, რომ წინა სასამართლო სხდომაზე 5 დღით ადრე დაცვის მხარეს გადასაცეს საქმის მასალები, მაგრამ პროკურატურამ დაცვის მხარეს არ გადასცა ფარული ჩანაწერები, რაც გვიქმნის იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ასეთი განჩინება საერთოდ არ არსებობს. თუ სასამართლოს ნებართვა არაა გაცემული, მაშინ ეს არის დანაშაული. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ამ საკითხზე, პროკურატურამ მეორე დღესვე გააკეთა განმარტება, რომ ყველაფერი იყო კანონშესაბამისად გაკეთებული, მაგრამ ეს სანქცია საქმეში არ დევს.
თუ სასამართლოს განჩინება არსებობს, მაშინ პროკურატურამ გაასაჯაროვოს ეს საქმე. დიდი ალბათობით, ასეთი განჩინება არ არსებობს. როდესაც პროკურორი სასაჯელაღსრულების სისტემაში უკანონოდ იწერს პიროვნებას, ეს სერიოზული შეშფოთების საგანია.
პროკურატურის პრესრელიზში მითითებულია, რომ მამუკა ივანიაძის ჩვენების „ნამდვილობა და უტყუარობა, ამ ჩვენებისგან დამოუკიდებლად დადგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით“. ამ ციტატიდან რამდენიმე წინადადების შემდეგ პრესრელიზში განსხვავებულ აღწერილობას ვხვდებით.
ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებულია იმ მომენტისათვის არსებული საგამოძიებო ვერსიისგან, რითაც ეჭვგარეშე დასტურდება, რომ ამ ინფორმაციის მატარებელი იყო პირადად ივანიაძე და არა გამომძიებელი ან პროკურორი, შესაბამისად, გაუგებარი ხდება, თუ პროკურატურას უკვე ჰქონდა ივანიაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მისი ჩვენების ნამდვილობა დასტურდება „ათეულობით მოწმის“ ჩვენებით და „სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით“, მაშინ როგორ არის იგივე ჩვენება „არსებითად ახალი და განსხვავებული?“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა უწყვეტ რეჟიმში მოწოდებული არ არის და იგი დამონტაჟებულია.
„ფაქტია, რომ ვიდეოგადაღება მოხდა ფარულად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორც ჩანს, კამერა თავად პროკურორ გიორგი დავითაშვილს ჰქონდა დამონტაჟებული, შესაბამისად, გასარკვევია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჰქონდა თუ არა გამოძიებას სასამართლოს ნებართვა ფარული ჩანაწერის განხორციელებაზე. სასამართლოს ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, იმ პირთა ქმედებებში, ვინც ფარული ჩანაწერის გაკეთება დაგეგმა ან განახორციელა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, პროკურატურაში ისევ არიან ის პირები, რომელთა ქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით, წინა წლებში კითხვები არსებობდა. კახა კოჟორიძე შოთა ტყეშელაშვილის მაგალითზე საუბრობს.
„მაგალითად ის პროკურორი, რომელიც 2013 წლის 22 ივლისს პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე დამაჯერებლად უხსნიდა საზოგადოებას, რომ ივანიაძეზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, 2012 წლის 22 ივნისს, ასევე იმ საქმეში, სადაც ჩვენი ადვოკატები იყვნენ ჩართულნი, იმავე დამაჯერებლობით უხსნიდა საზოგადოებას, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ანტენების გადაცემის მეშვეობით ამომრჩეველთა მოსყიდვას აწარმოებდა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას კახა კოჟორიძემ.