არჩევნების შემდეგ მთავრობაში „კარუსელის“ დატრიალებას ელიან

არჩევნების შემდეგ მთავრობაში „კარუსელის“ დატრიალებას ელიან

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანანმდებობას დაემშვიდობოს. საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი კბილაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და შესაძლებელია, მას პოსტის დატოვება რამდენიმე მინისტრის მსგავსად მოუწიოს.

როგორც უმრავლესობის ლიდერები for.ge-სთან კულუარულ საუბარში აღნიშნავენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, „კარუსელი“ მთავრობაშიც დატრიალდება და თანამდებობას რამდენიმე მინისტრი დატოვებს, რომელთა მუშაობის ტემპი პრემიერ-მინისტრს არ მოსწონს.

„არჩევნებამდე საკადრო ცვლილებებს არ ელოდოთ! ზოგიერთი მაღალჩინოსნის თანანმდებობებიდან გათავისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება, მათ შორის კბილაშვილის“, - განუცხადა for.ge-ს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულ საუბარში.

მართალია, უმრავლესობის ლიდერები კბილაშვილის მიმართ საჯარო კრიტიკას ერიდებიან, თუმცა, კულუარულ საუბრებში მთავარი პროკურორის „უმოქმედობაზე“ აპელირებენ. ასე მოხდა დღესაც, კერძოდ, დახურულ ფორმატში, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავარი პროკურორის შეხვედრა იყო ჩანიშნული და სანამ ცნობილი გახდა, რომ არჩილ კბილაშვილი „მნიშვნელოვანი საქმის გამო“ უწყებას ვერ ესტუმრებოდა, კანონმდებლები კითხვას სვამდნენ - „რისთვის მოდის?!“. დეპუტატთა კითხვას პასუხი პარლამენტის თავმჯდომარემ გასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას წუხელ, არჩილ კბილაშვილმა დაურეკა და ბოდიში მოუხადა, რომ გარკვეული საქმეების გამო ქუთაისში ჩასვლას ვერ ახერხებდა.

„წუხელ, ბატონი არჩილი დამიკავშირდა და ბოდიში მომიხადა, რომ პარლამენტში ვერ მოვა. დეტალები არ უთქვამს, მაგრამ დამაინტრიგა, მნიშვნელოვანი საქმე არისო. ეს შეხვედრა ვერ შედგება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

თუ რატომ „დაინტრიგდა“ პარლამენტის თავჯდომარე და თუ რატომ არ ესტუმრა უწყებას არჩილ კბილაშვილი, ამის გარკვევის მიზნით, for.ge მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა, შვებულებაში ყოფნის გამო, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციებს ხათუნა პაიჭაძე არ ფლობს და დაგვპირდა, რომ დეტალებს ხვალ გაიგებს.

საკანონმდებლო ორგანოში დანიშნული შეხვედრა რატომ ჩაიშალა, ამის შესახებ ინფორმაციას არც კანონმდებლები ფლობენ.

როგორც for.ge-ს შალვა შავგულიძე განუცხადა, პარლამენტმა შეხვედრის ინიციატივით მთავარ პროკურორს მიმართა და თუ ეს შეხვედრა შედგებოდა, კარგი იქნებოდა.

„შეხვედრაზე ბატონმა არჩილმა თანხმობა განაცხადა, მაგრამ ის ქუთაისში გადაუდებელი საქმის გამო ვერ წამოვიდა. მისი განცხადების მჯერა, რადგან რაიმე შემაფერხებელი გარემოება იმისა, რომ ბატონ არჩილს უმრავლესობასთან შეხვედრა არ უნდოდდეს, არ არსებობს“, - აცხადებს შავგულიძე, რომლის მსგავსად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრა მომავალში გაიმართება.

კობახიძის თქმით, მთავარ პროკურორთან გამართულ შეხვედრაზე, ის დაინტერესდება - თუ რა ვითარებაა საჩივრების განხილვის კუთხით, რადგან პროკურატურაში ყოველდღე ასობით საჩივარი შედის.

„საქმეების გადასინჯვასა და გამოძიებას მეც მთხოვენ, რის გამოც, მთავარ პროკურატურაში შუამდგლომლობებს ვაგზავნი. პროკურატურაში ათასობით საჩივარი დევს და მაინტერსებს, რა ვითარებაა. ეს ძალიან მძიმე ტვირთია, რომელიც მთავარმა პროკურატურამ უნდა ზიდოს. მესმის, რომ კადრების პრობლემაა, რაც ამ პროცესს აფერხებს, მაგრამ მოქალაქეებს პასუხი უნდა გავცეთ. არჩილ კბილაშვილი ძალიან გახსნილია, რასაც ზურაბ ადეიშვილზე ვერ ვიტყოდით, რომელიც ჟურნალისტებს ბოლოს როდის შეხვდა, არავის ახსოვს“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.