„თბილისის შემოვლითი რკინიგზის უკან, ყოფილი ხელისუფლების პირადი ინტერესები დგას“

„თბილისის შემოვლითი რკინიგზის უკან, ყოფილი ხელისუფლების პირადი ინტერესები დგას“

ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების და თბილისის მერიის მიერ ინიცირებული დედაქალაქის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები გახდა.
აღნიშნულ სარკინიგზო პროექტს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და თბილისის მერი მთავრობას პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყეტილების მიღებამდე ერთობლივ მსჯელობას სთავაზობენ.

ამ თემაზე For.ge ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი მომავლის პროექტია და რადგან მშენებლობა დასასრულისკენაა მისული, მისი გაჩერება ან დაკონსერვება არ უნდა მოხდეს.

„ეს არის მომავლის პროექტი და მისი ამ ეტაპზე გაჩერება არ უნდა მოხდეს. ამასთან, დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც ძალიან საინტერესო პროექტია“, - განაცხადა ირაკლი ლევინაძემ.
პროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამენ და კონკრეტულ არგუმენტებსაც ასახელებენ თუ რატომ არ უნდა მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის თქვენი შეფასება სუბიექტური?
- ამ სარკინიგზო პროექტის მშენებლობის დასრულებას ვემხრობი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში რაიმე სახის ფინანსური ან სხვა ტიპის დარღვევები გამოვრიცხოთ. პროექტის დეტალები, შესაძლოა, გადახედვას მართლაც ექვემდებარებოდეს, თუმცა, საერთო ჯამში, ამ პროექტის მშენებლობის შეჩერება გაუმართლებელია.
განხორციელების შემთხვევაში, რა იქნება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მიერ დედაქალაქისთვის მოტანილი მთავარი სარგებელი?
- პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები გამოთავისუფლდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუთარი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა. ეს ტერიტორიები შესაძლოა დედაქალაქის თვითმმართველობამ აითვისოს, შესაძლოა დეველოპერულმა კომპანიებმა საკუთარი პროექტების განხორციელება დაიწყონ; მოხდეს ახალი სატრანსპორტო გზის მშენებლობა და ამ ტერიტორიის მოსაზღვრე მოსახლეობაც მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. ასევე, სავსებით რეალურია, სავაჭრო ობიექტების, საცხოვრებელი კომპლექსების და სხვა მრავალი ტიპის დაწესებულების მშენებლობები.

როგორ ფიქრობთ, აღნიშნული სარკინიგზო პროექტის მშენებლობის დასრულების და რკინიგზის დედაქალაქიდან გადატანის შემთხვევაში, რა პერიოდის შემდეგ შეიძლება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტების ნახვა?
- რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი პროექტები ერთ დღეში არ აშენდება, ამას დრო სჭირდება. თანდათან მოხდება ამ ყველაფრის ათვისება და განხორციელება, მაგრამ ერთი რამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - არც ერთ დიდ ევროპულ ქალაქში და მეგაპოლისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ცენტრში არ არის განლაგებული.
თბილისის სარკინიგზო პროექტის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ გადაწყვეტილებას რა უკუშედეგები მოჰყვება საქართველოს ეკონომიკაზე იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოების თითქმის 80% უკვე შესრულებულია?
- რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. მშენებლობაზე ძირითადად ვალით აღებული და სხვადასხვა ფონდებიდან მოზიდული თანხებია დახარჯული. ფაქტობრივად, 200 მილიონ დოლარამდე დახარჯული თანხა არაფრისმომტანი შედეგის მომცემი იქნება. ამ ეტაზე მისული რკინიგზის მშენებლობა აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს ჰქონდა თუ არა გარკვეული კონსულტაციები ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ექსპერტებთან?
- პირადად ჩემთვის არავითარ განხილვაში მონაწილეობა არ შემოუთავაზებია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დაიგეგმა მსგავსი ტიპის შეხვედრა, მე მზად ვარ მონაწილეობისთვის, თუმცა ჩემი პოზიცია გამაჩნია და ეს არის უცვლელი - პროექტი არ უნდა გაჩერდეს, ან დაკონსერვდეს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კირიკაშვილმაც გააკეთა. მინისტრი არ ადასტურებს, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია. მისი თქმით, „აღნიშნული საკითხი შესწავლის პროცესშია და ამ ეტაპზე არაა გამორიცხული, რომ მშენებლობის დროებით კონსერვაცია მოხდეს.

ოფიციალურად საბოლოო გადაწყვეტილება არ არის დაფიქსირებული. ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა და ისეთი ტექნიკური დეტალები გამოიკვეთა, როგორიცაა გზის დახრილობა და ასე შემდეგ. ამის შესწავლა, როგორც ამბობენ, სამწუხაროდ წინასწარ არ მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც პერიოდი ეს პროექტი უნდა დავაკონსერვოთ და შემდგომში უკეთესი ტექნიკური გადაწყვეტილების მომზადების შემთხვევაში დავუბრუნდეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„საქართვლოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძის განცხადებით კი, გამტარუნარიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, აღნიშნული სარკინიგზო მაგისტრალი წამგებიანია, რადგან რიკოთის უღელტეხილზე კიდევ ერთ მალიმიტირებელ მონაკვეთს გააჩენს. თბილისის შემოვლითი სალიანდაგო გზის მშენებლობის უკან, ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პირადი ინტერესები უფრო დგას.

„ყოველწლიურად 50%-ით გაიზრდება მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯები. მოძრაობის ორგანიზება ტექნიკურად გართულდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს რკინიგზაზე გამტარუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდება და კიდევ ერთი მალიმიტირებელი მონაკვეთი გაჩნდება რიკოთის უღელტეხილის გვერდით. ასე რომ, ერთ მხარეზეა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც საქართველოს რკინიგზაა და მეორე მხარეს დგას ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ინტერესები - გამოთავისუფლებული მიწები საკუთრებაში მიეღოთ“, - განაცხადა კოკა გუნცაძემ.
აღნიშნულ საკითხს თბილისის მერი გიგი უგულავაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ერთი კომპანიის ინტერესებს ქალაქის ინტერესები არ უნდა შეეწიროს, მით უმეტეს, როდესაც აღნიშნული პროექტის, თითქმის, 80% უკვე დასრულებულია“.

ამასთან, დედაქალაქის მერი ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შეჩერების საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ერთობლივ მსჯელობას სთავაზობს.

„თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა შეჩერებულია, არადა სამუშაოების თითქმის 80% უკვე შესრულებულია და თითქოს, მთავრობას განსაზვრული აქვს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მაგისტრალის ნაცვლად, კიდევ ერთი შემოვლითი გზა გაიყვანოს. მე მინდა ვკითხო მთავრობას და ვთხოვო, იქნებ მოვახერხოთ, დავხსდეთ და გავიაროთ ეს საკითხი, რადგან სასწორის ორ მხარეს არათანაბრად წონადი პროექტები დევს. ერთ მხარეს ქალაქის, დამატებითი სამუშაობის შექმნის, თბილისელების და დედაქალაქის განვითარების ინტერესია და მეორე მხარეს ერთი კომპანიის ინტერესია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.