რექტორის პოსტზე ნაციონალები საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ცდილობენ

რექტორის პოსტზე ნაციონალები საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ცდილობენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორის არჩევის მოლოდინშია. დარეგისტრირებული 14 კანდიდატიდან საუკეთესო უნდა შეარჩიოს თსუ-ის 12-წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ, თუმცა საზოგადოებრივ წრეებში დღემდე არსებობს უნდობლობა აკადემიური საბჭოს მიმართ. ამ უნდობლობას აძლიერებს ის ეჭვი, რომ უნივერსიტეტშიც, სასამართლოს მსგავსად, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი რაუნდი მოიგოს იმ ფონზე, როცა „ქართულ ოცნებას“ კანდიდატებს შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, ხოლო საბჭოს წევრთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობისადმი“ ლოიალური განწყობების ნიშნით არის პოსტზე შერჩეული.

როგორც სტუდენტურ წრეებში საუბრობენ, დასახელებულ კანდიდატებს შორის უფრო სერიოზული შანსები აქვთ მარინა მუსხელიშვილს, ლადო პაპავას, მარინე ჩიტაშვილს და ირმა რატიანს.

თუმცა კულუარული საუბრებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ირმა რატიანი, რომელიც 2006 წლიდან დღემდე თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორი და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორია, შესაძლოა, გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ საუნივერსიტეტო პოლიტიკის შეფარვით გამტარებლად მოგვევლინოს.

საუნივერსიტეტო წრეებში ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ ირმა რატიანი განათლების ექს-მინისტრის - კახა ლომაიას კადრია, რომელსაც წლების მანძილზე კახა ლომაიას მოადგილე, შემდგომში კი მინისტრი – ბელა წიფურია ლობირებდა. იგი გასულ წლებში თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრიც გახლდათ, საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის ნაწილთან ერთად.

სხვათა შორის, კულუარული საუბრები მის კონცეფციაში აღნიშნულ მომხიბვლელ დაპირებებზეც არ წყდება. ირმა რატიანს მიაჩნია, რომ ის პროფესორები, რომლებმაც სამჯერ წარმატებით გაიარეს კონკურსი სრული პროფესორის თანამდებობაზე (ანუ საუბარია 2006 წლიდან რეფორმირებულ უნივერსიტეტში დარჩენილ თუ არჩეულ პროფესორებზე, რომლებსაც კონკურსების გზით თანამდებობებზე ასევე „ნაციონალური მოძრაობისადმი“ კეთილგანწყობის ნიშნით ირჩევნდენ), იმსახურებენ გარანტიებს უნივერსიტეტის მხრიდან, რომ მათ მიენიჭოთ უნივერსიტეტის მუდმივი პროფესორის პოზიცია.

გარდა ამისა, ირმა რატიანი მოქმედი აკადემიური საბჭოს წევრთათვისაც მუდმივი პროფესორის პოზიციის შეთავაზებასაც არ გამორიცხავს. ამდენად, საინტერესოა, ამ დაპირებების მიცემა ნიშნავს თუ არა იმ აკადემიური კონკურსების სამართლიანობის ერთმნიშვნელოვნად აღიარებას, რაც 2006 წლიდან უნივერსიტეტში ჩატარდა?!

საუნივერსიტეტო წრეებში, ასევე, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფინანსური რესურსით ჰპირდება ირმა რატიანი პროფესურას მუდმივ პოზიციას უნივერსიტეტში?!

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ უნივერსიტეტის რექტორის ამჟამინდელ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ღირებული პროფესურის ნაწილისთვისაც, რომლებიც 2006 წლის ზაფხულში კახა ლომაიას მიერ „რეფორმირებული“ უნივერსიტეტიდან განდევნეს. პროფესორთა ეს შემადგენლობა დღემდე ელოდება უნივერსიტეტში სამართლიანი აკადემიური კონკურსების გამოცხადებას, რათა ახლა მაინც დასრულდეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეებისადმი ერთგულთა ჰეგემონია უნივერსიტეტში.

ჩვენთან საუბარში საუნივერსიტერო წრის ცალკეული წარმომადგენლები სწორედ ამიტომ უკავშირებენ პროფესორ ირმა რატიანის სამოქმედო კონცეფციას იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ უნივერსიტეტში აწარმოებდა, მით უფრო, რომ ლომაიას ფავორიტად ცნობილი ირმა რატიანის ლოიალობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის მხარდამჭერთა მიმართ ცნობილია.

სხვა კანდიდატები კი, რომელთაც გამარჯვების შანსები აქვთ, საკმაოდ თავშეკავებულნი არიან მსგავსი შეთავაზებების გაკეთების მხრივ. მაგალითად, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი თვლის, რომ პირველი დიდი და მოცულობითი კონკურსი ფაკულტეტებზე ახალი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2017 წელს უნდა ჩატარდეს. 2014-2017 წლებში კი, თუ რომელიმე პროფესორი ვერ დააკმაყოფილებს კვლევის მოთხოვნას, უნივერსიტეტი გადააფასებს მის კონტრაქტს საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება პროფესორ მარინა მუსხელიშვილს, იგი თავის სამოქმედო გეგმაში აღნიშნავს, რომ ტენუირებული პროფესორებისთვის (გამოჩენილი მეცნიერი) განსაკუთრებული სტატუსისა და წამყვანი როლის მინიჭება არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს, ხარისხის კონტროლი ამ პროფესორების მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

აკადემიკოს ლადო პაპავას მთავარი აქცენტი გადააქვს ნიჭიერი სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების კონცენტრაციაზე და დოქტორანტების აღზრდაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისთვის მნიშვნელოვანია დოქტორანტების სწავლის გადასახადის გაუქმებისთვის ზრუნვა და პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შემოღება.

პროფესორ ცირა ბარამიძეს კი მიაჩნია, რომ რექტორობის შემთხვევაში, გაითვალისწინებს წინა აკადემიური კონკურსების ხარვეზებს და შექმნის პირობას სამართლიანი და გამჭვირვალე კონკურსების ჩასატარებლად.

ასე რომ, რექტორობის სხვა კანდიდატები შედარებით მოზომილი დაპირებებით შემოიფარგლებიან.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გაიმყაროს პოზიციები ყველგან, სადაც შეუძლია. ასეთი შესაძლებლობა აღმოაჩნდა სასამართლო სისტემაში, სავარაუდოდ, პროკურატურაში და უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, უნივერსიტეტში. ამდენად, ის ეცდება, იპოვოს და გაიყვანოს საკუთარი კანდიდატურა, რომელთანაც პრობლემები არ შეექმნება.

რამაზ საყვარელიძის თქმით, ნაციონალებმა იციან, რომ ლადო პაპავას მსგავს კანდიდატთან პრობლემები ექნებათ. ამიტომ ეცდებიან, ლადოსნაირი ფიგურა არ აღმოჩნდეს უნივერსიტეტის საჭესთან.

რაც შეეხება ირმა რატიანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, იგი ნაციონალების კანდიდატია, რამაზ საყვარელიძე ამის შესახებ ვერაფერს ამბობს. თუმცა, სჯერა, რომ სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს და ნაციონალები მაინც ეცდებიან საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ამ ადგილზე. დანარჩენი კი უკვე უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზეა დამოკიდებული.

„თუკი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოც აღმოჩნდა ნაციონალების პოლიტიკის მხარდამჭერი, ეს იქნება სამარცხვნო, თორემ დანარჩენი ყველაფერი გასაგებია“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

რექტორობის კანდიდატის მომნუსხველმა დაპირებებმა განაპირობა ჩვენი ინტერესი, რის გამოც კითხვებით მივმართეთ ირმა რატიანს.

ირმა რატიანი აცხადებს, რომ მისი კონცეფცია აგებულია პოზიტივსა და შემოქმედებით პრინციპზე, რეალისტურია და მორგებულია უნივერსიტეტის დღევანდელ ვითარებას. კერძოდ, გათვლილია მიღწევად შედეგებზე, როგორიცაა სამეცნიერო-კვლევითი აღმავლობის გზით მუშაობა, სიახლეების შეტანა პროფესურისა და სტუდენტების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ირმა რატიანი ვერ აკონკრეტებს, გაიმართება თუ არა რექტორის კანდიდატებს შორის დებატები, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი რამ არ სმენია. გარდა ამისა, უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების პროცესში ამ ტიპის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოთქვან ფაკულტეტების თუ სტუდენტების წინაშე საკუთარი აზრი.

როცა დავინტერესდით, მაშინ რატომ არ ისურვა ირმა რატიანმა სტუდენტებთან შეხვედრა, რომლებიც ამის გამო „ფეისბუკითაც“ გამოთქვამდნენ აღშფოთებას, ამის შესახებ მან განაცხადა, რომ მან აუხსნა სტუდენტებს, რომ, როგორც მოქმედ მეცნიერს, ქალაქიდან გასვლა უწევდა, თუმცა ნებისმიერ დროსა და ადგილზე სიამოვნებით შეხვდებოდა.

ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, რას ნიშნავდა მის კონცეფციაში მუდმივი პროფესორის პოზიციის შემოღების ცნება, რადგან ფაქტია, რომ ნაციონალების დროს წარმატებულ პროფესორთა ნაწილის ბედი პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით წყდებოდა და ჩატარებული კონკურსები, ძირითადად, სამართლიანი არ ყოფილა.

„ეს ძალიან რთული კითხვაა, მუდმივი პროფესორის პოზიციის შესახებ ვსაუბრობ კონცეფციაში და იქვე ახსნილი მაქვს, რას ვგულისხმობ ამ ტერმინის მიღმა. მუდმივი პროფესორის პოზიცია აქვს ყველა კარგი რანგის უნივერსიტეტს, ეს არის ამოცანა, რომლისკენაც უნივერსიტეტი აუჩქარებლად უნდა წავიდეს“, - აღნიშნა ირმა რატიანმა.

ჩვენს შეკითხვაზე, იმავე კადრით დაკომპლექტედება თუ არა მუდმივი პროფესორების პოზიცია, რომლებმაც ნაციონალების კონკურსების დროს გადალახეს ბარიერი, თუ სხვა მეცნიერებით, რექტორობის კანდიდატმა გვიპასუხა: „თქვენ უკვე მეორედ მისვამთ ამ შეკითხვას, ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ ნაციონალების კონკურსებში. ჩვენ გავიარეთ რამდენიმე სხვადასხვა ტიპის კონკურსი - 2006 წლის, 2009 წლის, 2012 წლის, რომელიც მეტ-ნაკლები წარმატებით იქნა დაძლეული. როდესაც ვსაუბრობ მუდმივი პროფესორის პოზიციაზე, იქ აქცენტი გადატანილი მაქვს გარე რეფერირების სისტემაზე, რაც გულისხმობს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ამ პროცესში“.

თუმცა ამის საპასუხოდ ირმა რატიანს შევახსენეთ, რომ მის მიერ დასახელებული წლები ზუსტად ემთხვეოდა ნაციონალების მმართველობის პერიოდს და მათ გავლენებს უნივერსიტეტში.

გარდა ამისა, დავინტერესდით, კონცეფციის ერთ-ერთი სხვა მუხლითაც, რომლის თანახმადაც, ირმა რატიანი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრობა სერიოზული დამატებითი დატვირთვაა ყველა პროფესორისთვის, ამიტომ მათ უკეთეს პირობებს ჰპირდება. ხომ არ არის ეს აკადემიური საბჭოს მოხიბვლის ან დაინტერესების მცდელობა რექტორის არჩევნების წინ?

ამის შესახებ ირმა რატიანმა აღნიშნა, რომ მას საერთოდ არ ახასიათებს წინასწარ ვინმეს მოხიბვლის ან განხიბვლის მცდელობა. უბრალოდ, ოთხი წლის განმავლობაში იგი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი იყო და კარგად იცის, როგორი სერიოზული სამუშაო და პასუხისმგებლობაა ეს უნივერსიტეტის წინაშე. მეტიც, ეს იყო ყოველკვირეული, ხანდახან კვირაში ორჯერ შეკრება 3-4 საათის განმავლობაში, თავისი სერიოზული დებატებით, რადგან რეალურად აკადემიური საბჭო იყო უნივერსიტეტის მმართველი ორგანო. ამიტომ ირმა რატიანი ვერაფერ ცუდს ვერ ხედავს, თუკი იტყვის, რომ ეს დასაფასებელი შრომაა.