რომი – სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თუკი ევროკავშირს მიმდინარე კრიზისის გადალახვა სურს, ამისთვის ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელება არასაკმარისია. ჩვენ გვჭირდება უფრო კონკრეტული, ნაკლებად რიტორიკული და თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაზე უკეთ მორგებული ევროპა. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ევროკავშირის პოლიტიკის არა მხოლოდ კონკრეტულ ელემენტებზე, არამედ ამ „პოლიტიკის“ შეცვლის შესაძლებლობაზე – ასეთმა ცვლილებებმა სამოქმედო გეგმაში ეკონომიკური ზრდა პირველ ადგილზე უნდა დააყენოს.
ევროკავშირს არ სჭირდება დავა არჩევანზე ხისტ ეკონომიკასა და ეკონომიკურ ზრდას შორის: ის პრაგმატული უნდა იყოს. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენდა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომა, რომელზეც ევროკავშირის ორ ყველაზე აქტუალურ პრობლემას განიხილავდნენ: შრომის ბაზრების ცუდ ფუნქციონირებას, რაც გამოიხატა ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელში, და საკრედიტო ბაზრების ცუდ ფუნქციონირებას, როდესაც ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გართულებულია, ხოლო საკრედიტო პროცენტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთიანი ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში.
საბჭოს ივნისის სხდომის შედეგები იმედისმომცემი იყო, და უახლოეს თვეებში ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ კიდევ ორ, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხში: როგორ შევუწყოთ ხელი ნოვატორობას და ციფრული ეკონომიკის განვითარებას და როგორ უზრუნველვყოთ ევროკავშირის მწარმოებლური კონკურენტუნარიანობა.
აუცილებელია შევაფასოთ ის, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი ნაციონალურ დონეზე და რა უნდა აკეთონ ევროკავშირის ინსტიტუტებმა. საბიუჯეტო კონსოლიდაცია და ნაციონალური რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გაგრძელდეს. მაგრამ მიზნებს უფრო სწრაფად მივაღწევთ ევროკავშირის ერთიანი კონსტრუქციის ფარგლებში, რომელიც, კი არ შეეწინააღმდეგება, არამედ მხარს დაუჭერს ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდისათვის ნაციონალურ დონეზე მიღებულ ზომებს. ევროპული კომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რითაც წევრ სახელმწიფოებს გარკვეული მენევრირების შესაძლებლობა მიეცა პროდუქტიული სახელმწიფო ინვესტიციებისთვის, იმ ინვესტიციებისთვის, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებთანაა დაკავშირებული, ამ მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია.
მეორე საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ევროზონის უფრო მტკიცე შიდაინტეგრაციისთვის აუცილებლად უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები. მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯია საბანკო კავშირის შექმნა, რომელმაც უნდა აღკვეთოს ფინანსური ბაზრების ფრაგმენტაცია სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და შეამციროს კრედიტების ღირებულება კერძო სექტორისათვის. საკრედიტო პროცენტები კვლავ ძალიან მაღალია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და ზედმეტად არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად, ევროკავშირის რომელ ქვეყანაში მდებარეობს კომპანია.
ჩვენ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ საბანკო კავშირის შექმნის გზაზე, კერძოდ, ზედამხედველობის საკითხებში. ახლა მეორე საძირკველზე უნდა ვიმუშაოთ – საბანკო კრიზისის გადაწყვეტაზე. ბაზრის და მომსახურების საკითხების ევროკომისრის, მიშელ ბარნიეს შემოთავაზება ძალიან თამამია, მაგრამ ევროკავშირს სინამდვილეში სჭირდება ძლიერი, ეფექტური მექანიზმი, რომელიც საბანკო კრიზისების გადასაწყვეტად დროული ნაბიჯების გადადგმას უზრუნველყოფს.
უნდა განვიხილოთ ასევე ის, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციის ზრდა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მათი მწარმოებლურობის დაახლოებას. ჩვენ უკვე გვაქვს მრავალმხრივი დაკვირვებისთვის კარგი მოქმედი მექანიზმი, მაგრამ უნდა შევეცადოთ მის მიმართვას ისეთი დარგებისკენ, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირისთვის.
ეს უნდა კეთდებოდეს იმის განხილვის პარალელურად, თუ რა სტიმულების შეთავაზება შეუძლია ევროკავშირს მისი წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მიისწრფვიან რთული სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისკენ ხარჯების შემცირების პერიოდში, რასაც შეიძლება მოჰყვეს მოლაპარაკებები საგადასახადო-საბიუჯეტო კოორდინაციის შესაძლო ფორმებზე. და მართალია, ახლა ადრეა მსგავსი დისკუსიების გამართვა, თუმცა ამ საკითხის დავიწყება არ შეიძლება.
რა თქმა უნდა, ყველა ეს ცვლილება, პირველ რიგში ევროზონის წევრებს ეხება, მაგრამ ის მნიშვნელოვანია მთელი ევროკავშირისთვის. იმავდროულად, რაიმე ფორმით ევროზონის წევრების გამოყოფა დანარჩენი ევროკავშირისგან, გონივრული არ იქნებოდა. ევროზონის სტაბილურობის და ეფექტურობის უზრუნველყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანი ერთიანი ბაზრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ხოლო ეფექტური ევროკავშირის გარეშე ევროზონა ვერ აყვავდება. ჩვენ მხოლოდ ერთი ევროპა გვაქვს, და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ მისი გარდაქმნისა და წინსვლისთვის.
ევროკავშირის ერთიანი ბაზარი, რომელსაც 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მსოფლიო საქონლისა და მომსახურებისთვის უმსხვილეს პუნქტად რჩება, და ეკონომიკური ზრდის აღსადგენად საუკეთესო ძრავია. ეკონომიკის საკვანძო სექტორები, როგორიცაა მაგალითად ფინანსური მომსახურება, ძალიან იგებს, როდესაც ერთიან ბაზარზე საერთო წესებია. ერთიანი ბაზრის გარეშე თითოეული წევრი სახელმწიფო ნაკლებად მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ერთ წევრ სახელმწიფოში დამაგრდნენ და თავისუფლად გადაადგილდნენ მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ერთიანი ბაზარი არის ასევე პლატფორმა და ბერკეტი საქონლისა და მომსახურების ექსპორტისთვის საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომ, ერთიანი ბაზარი უფრო უნდა გავხსნათ როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.
მაგრამ ამისთვის ევროკავშირის ინსტიტუტები უფრო ეფექტური უნდა გახდეს, უკეთესი რეგულირებითა და ნაკლები ადმინისტრაციული ტვირთით. საერთო ინსტიტუტები აუცილებელია ევროკავშირის ყველა ქვეყნის ინტერესების დაცვის გარანტიების შესაქმნელად, ის საჭიროა ასევე, როგორც ხიდი ევროზონასა და ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ევროზონაში არ შედიან.
გულწრფელად რომ ვთქვათ, პრობლემის ნაწილი იყო ევროკავშირის და მისი ინსტიტუტების ფუნქციონირება კრიზისის დროს. ბევრი ადამიანისთვის ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცედურები არაგამჭვირვალე, არაეფექტური და დემოკრატიულ კონტროლს დაშორებულია.
ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ კრიზისმა პრობლემა შეუქმნა თავად ევროპული ინტეგრაციის იდეას. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ რეფორმისტული პროგრამის განხორციელებას, თუკი დამაჯერებელი იდეოლოგია გვექნება, ისეთი, რომელიც ახსნის, თუ რატომ გვჭირდება ევროკავშირი და რატომ არის ის დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებში.
მე ევროკავშირის მტკიცე მხარდამჭერი ვარ. კარგად მახსოვს განუმეორებელი კადრი – ჰელმუტ კოლი და ფრანსუა მიტერანი, ორი მოხუცი ლიდერი, როდესაც ისინი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ ვერდენთან 1984 წელს, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად.
მომავალ წელს იმ ომის დაწყებიდან 100 წელი შესრულდება. ორი მსოფლიო ომის გამოცდილება ევროინტეგრაციისთვის გადამწყვეტი საფუძველი გახდა. მაგრამ ეს მოგონებები აღარ არის საკმარისი კატალიზატორი ქმედებებისთვის. ჩვენ უნდა გამოვნახოთ გონივრული დასაბუთება, რომელიც ორმოცდაათწლიანი ინტეგრაციის შემდეგ, გვიჩვენებს იმას, თუ როგორ დაეხმარება ჩვენი ერთობლივი ქმედებები ევროკავშირს ამ შეცვლილ სამყაროში მისი მიზნების მისაღწევად.
არაფერი იმაზე ცუდი არ არის, როდესაც ხალხს აფიქრებინებ, რომ ევროინტეგრაცია არის რაღაც, რაც დაფარულად მოქმედებს და უჩინარი და არაკონტროლირებადი ძალები მართავენ. ევროკავშირი ვერ შენარჩუნდება, თუკი არ იქნება აგებული საკუთარი მოქალაქეების გულწრფელ მისწრაფებაზე. დღეს ჩვენ გვაქვს შანსი შევიმუშაოთ ევროკავშირის ახალი მოდელი. ევროპარლამენტის არჩევნები მომავალ წელს ქმნის ევროკავშირის მომავალზე საფუძვლიანი დისკუსიის შესაძლებლობას. თუკი ჩვენ ვერ შევძლებთ ევროკავშირის (მით უფრო, სხვაგვარი ევროკავშირის) არსებობის აუცილებლობის დასაბუთებას, ევროსკეპტიკოსთა პოზიციები გაძლიერდება და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები ევროკავშირში დაიბლოკება. არჩევანი ცხადია და, ადრე თუ გვიან, მისი გაკეთება მოგვიწევს.
ენრიკო ლეტა – იტალიის პრემიერმინისტრი
foreignpress.ge