სამხედრო ბაზებზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან, მის მოადგილეებთან, პოლკოვნიკებთან არსენ ცუხიშვილთან და ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ეწვია. ცენტრის მეთაურმა ირაკლი ალასანიას ბაზაზე არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის მინისტრი სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებს და არსებულ პრობლემებსაც გაეცნო.
დღესვე თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიამ ადგილზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრი ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის სწავლებასაც დააკვირდა.
„ადგილზე დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ორფოლოს პოლიგონზეც ამოვედით, წვრთნებს ვაკვირდებით. სწავლება საკმაოდ მაღალკვალიფიციურად მიმდინარეობს. ჩვენ მთელს საქართველოში ვავითარებთ სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომ ჩვენს მეომრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ღირსეულად გაიწვრთნან და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ
დღესვე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის საავტომობილო სკოლა და ახალქალაქის ბაზა მოინახულა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას მუდმივად ეცნობა.