ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, შესაძლოა, ქუთაისში კიდევ ერთი წელი დარჩეს. საპარლამენტო კულუარებში ინფორმაცია ვრცელდება, რომ ხელისუფლება უწყების თბილისში დაბრუნებას კიდევ ერთი წელი არ გეგმავს და შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილსამყოფელი განისაზღვრება, კენჭისყრაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დადგეს.
მმართველი გუნდი პარლამენტის ქუთაისში ყოფნის ერთ-ერთ მოტივად, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის სასესიო დარბაზებს ასახელებს და ხუთთვიან სარემონტო სამუშაოებზე აპელირებს, ხოლო უმცირესობა, რომელთა ნებითაც, თბილისში ისტორიული შენობის დარბაზების დემონტაჟი განხორციელდა, ქუთაისში პარლამენტის არსებობის როლსა და მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ უწყების რეგიონში დარჩენის საკითხს მხარს იმისდამიხედვით დაუჭერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ქუთაისში თუ რა რაოდენობის ხმებს მიიღებს.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, თავის დროზე, უმცირესობას უთხრეს, რომ ამ საკითხის განხილვა ნოემბრამდე არ მოხდებოდა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციის შეცვლას არ აპირებს და ფიქრობს, რომ ქუთაისში უწყების არსებობას რეგიონის განვითარებისთვის გადამწყვეტი როლი აქვს.
„გადაწყვეტილებას არ შევცვლით და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ პერიოდულად, იმ დეპუტატებს პრობლემები ექმნებათ, რომელთაც ბიზნესები აქვთ და შესაძლოა, ცვლილებებს მხარი მათ დაუჭირონ“, - აღნიშნავს დეპუტატი.
თუ როდის დაბრუნდება პარლამენტი თბილისში და თუ როდის დადგება კენჭისყრაზე შესაბამისი საკანონსტიტუციო ცვლილება, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არ ფლობს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ინიციატივა სექტემბერშიც არ იქნეს განხილული.
„შესაძლოა, ამ საკითხის განხილვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდეს. ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმაზე საუბარი არ არის და ახლა იმ საკითხებზე ვსჯელობთ, რომელიც დროში უფრო საშურია. პარლამენტის ადგილსამყოფელზე სექტემბერში ვიმსჯელებთ თუ ოქტომბერში, ამას ვერ გეტყვით, რადგან ეს არ არის დაკავშირებლი მარტო ცვლილებასთან, არამედ კავშირშია დარბაზებთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იქნა განადგურებული. როგორც ცნობილია, დარბაზების მოწყობას ხუთი თვე სჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, პარლამენტი თბილისში დაბრუნდება“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.
პარლამენტის ადგილსამყოფელის გარდა, უწყება საშემოდგომო სესიაზე კიდევ სამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე იმსჯელებს, რომელთაგან ორი, იმ კონსტიტუციურ ნორმებს ეხება, რომელიც 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ - ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედის ძალაში.
კერძოდ, ინიცირებული ერთ-ერთი პროექტით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ეძლევათ, რადგან მომზადებული ცვლილებებით, კონსტიტუციიდან ამ ნორმის ამკრძალავი მუხლი ამოდის.
მეორე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ფარგლებში, მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრისთვის იმ უფლებამოსილების ჩამორთმევას გეგმავს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს „მიაბას“. კიდევ ერთი საკონსტიტიციო ცვლილებებით, უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის 3/4-იან კვორუმს აუქმებს, რომლის შესაბამისი მუხლიც ასევე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო.
პავლე კუბლაშვილის განმარტებით, უმცირესობა ორმაგ მოქალაქეობასა და ქვორუმის დაწევას, მხარს არ დაუჭერს, რაც შეეხება მესამე ინიციტივას, მისი თქმით, აქ არის საკითხები, რომელთა მხარდაჭერაც შესაძლებელია.
„ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ, როცა პოლიტიკურ სპექტრში მუდმივად არის ოკუპანტ ქვეყანასთან გარკვეული კომუნიკაციის მცდელობა და რუსეთი მისთვის სასურველი დასაყრდენის პოვნას ცდილობს, ორმაგი მოქალაქეობა საქართველოს პოლიტიკური მომავლისა და ზოგადად, ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. მოქალაქეობა გულისხმობს კონკრეტული პირის დაკავშირებას რომელიმე ქვეყანასთან. ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ“, - აცხადებს კუბლაშვილი.
კანონმდებელის განცხადებით, პარლამენტის თითქმის 2/3-ს ხელისუფლება აკონტროლებს და მათი მხრიდან მცდელობაა, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები გადაიბიროს.
„კონსტიტუციური ცვლილებები მაღალი პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა იყოს. 3/4-იანი კვორუმის შემოღება ჩვენი გადაწყვეტილებაა და ამით ჩვენ საკუთარ თავსაც ვუყენებდით ვალდებულებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან გვეთანამშრომლა. აუცილებელი არ არის პროცედურის გამარტივება და კვორუმის შემცირება. სამწუხაროა, რომ დღეს ამას მხარს უჭერენ პარტიები, რომლებიც მუდმივად გვაკრიტიკებდნენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მარტივად გვინდოდა და მხოლოდ ერთი სუბიექტი იღებდა გადაწყვეტილებას. თუკი ჩვენ საკონსტიტუციო კვორუმს შევამცირებთ, იმას მივიღებთ, რომ ცვლილებებს კონსტიტუციაში მხოლოდ კოალიცია „ქართული ოცნება“ განახორციელებს და მას კონსულტაციის ვალდებულება არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან არ ექნება, რასაც, მხარს არ დავუჭერთ“, - აღნიშნავს დეპუტატი, რომლის განცხადების საპასუხოდაც, კობახიძე მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ სექტემბრამდე დიდი დროა და არ არის გამორიცხული, ზოგმა დეპუტატმა ინდივიდვალური გადაწყვეტილება მიიღოს.