რუსი სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ფედერაციაში საქართველოდან ფალსიფიცირებული პროდუქციის შეტანის რისკი იზრდება, რადგან „როსპოტრებნადზორის“ მონაცემებით, საქართველოში ღვინისა და მზა ალკოჰოლური პროდუქციის საკმარისი მარაგი არ არის. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო კი კატეგორიულად არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მათი თქმით, საქართველოდან ფალსიფიცირებული პროდუქციის გაგზავნა გამორიცხულია.
„როსპოტრებნადზორის“ ანალიტიკური ჯგუფის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში ღვინის და ალკოჰოლური პროდუქციის საკმარისი მარაგი არ არის. ამ პირობებში კი, რუსეთის ფედერაციაში ფალსიფიცირებული პროდუქციის შეტანის რისკი იზრდება, რაც აღნიშნული პროდუქციის ქვეყანაში შეშვების დადგენილი პირობების შენარჩუნების და ქვეყანაში მისი ბრუნვის გაძლიერებულ კონტროლს მოითხოვს“, - ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში.
2013 წელს საქართველოდან რუსეთში, 11 კომპანის ალკოჰოლური პროდუქციის 445 პარტია შევიდა, რომლის საერთო მოცულობამ 1,645 მილიონი ლიტრი შეადგინა. პროდუქციის ჰიგიენურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ექსპერტთა დასკვნები სულ ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელმა 30-მა კომპანიამ და მინერალური წყლის მწარმოებელმა ორმა კომპანიამ მიიღო, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო რეგისტრაციის 377 მოწმობა გაფორმდა.
ამასთანავე, 34-დან 23 კომპანიამ „როსპოტრებნადზორის“ ინსპექციის ახალი სტუმრობისთვის რუსულ უწყებას შესამოწმებლად საბუთები წარუდგინა.
„წარმოდგენილი საბუთების მიხედვით, დოკუმენტური შემოწმება დაწყებულია. „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტების მესამე გამგზავრების თარიღი კი მაშინ გახდება ცნობილი, რაც ყველა კომპანიის მასალებს მივიღებთ და მათი დოკუმენტური შემოწმება დასრულდება“, - აღნიშნულია სანიტარული უწყების განცხადებაში.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო კი კატეგორიულად არ ეთანხმება „როსპოტრებნადზორის“ განცხადებს. სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე ფალსიფიცირებული ქართული პროდუქციის შესვლის შიშის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
ის, რომ საქართველოში ცოტა მზა ალკოჰოლია, არ ნიშნავს, რომ რუსეთში ფალსიფიცირებული პროდუქციის ბრუნვის რისკი გაიზრდება. ამასთანავე, ჯერ კიდევ საკითხავია, მზა პროდუქტი და მარაგი ცოტაა თუ ბევრი. ქართული მხარე, რუსეთში ექსპორტირებისას, ღვინის ხარისხის მკაცრ კონტროლს ახორციელებს და რუსეთიც, თავის მხრივ, მიღებული პროდუქციის არანაკლებ მკაცრ კონტროლს ახდენს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ღვინის, შეტანის პიკი ახალი წლისთვის იქნება და უკეთეს შემთხვევაში, ქართული ღვინის მოცულობა 2013 წლისთვის 5 მილიონ ბოთლს მიაღწევს.
ქართული ღვინის ფალსიფიცირების შესახებ პირველად რუსულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია. რასაკვირველია, გამყალბებლებმა ყველაზე პოპულარული პროდუქცია - „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ ამოიღეს. ეს ფაქტი კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემაც დაადასტურა.
„საერთოდ, ხარისხიან ქართულ ღვინოს ფასიც კარგი აქვს. რა თქმა უნდა, ფალსიფიცირების მცდელობა ყოველთვის იყო და ახლაც არის. ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის სავაჭრო ქსელში ქართული დასახელების დაბალფასიანი ღვინო გამოჩნდა. ამგვარი ფაქტები აუცილებლად უნდა ვამხილოთ და უნდა გავაგებინოთ როგორც მომხმარებელს, ასევე ჩვენს იმპორტიორსაც. ამას დროც სჭირდება, მომხმარებელიც უყურებს, აკვირდება, ალბათ, მოკლე ხანში შეამჩნევს, რომელია ფალსიფიცირებული და რომელი არა.
ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე და კონტროლის მექანიზმებზე, რომლებიც ძალიან გამკაცრებულია. ჩემი აზრით, ის კიდევ უნდა გამკაცრდეს და სახელი, რაც ქართულ ღვინოს ჰქონდა, აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. რუსეთში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია და ამ ინტერესს ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.