საკურორტო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტზე კონტროლი მკაცრდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობის გააქტიურებაზე საზოგადოებას ანგარიშს აბარებს, თუმცა არასამთავრობო სექტორიდან მის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდება ისმის.
სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების სურსათის, მათ შორის, სასმელი წყლის ნიმუშები, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა 43 ნიმუშში, რაზეც კანონმდებლობით განსაზღვრული ქმედებები განხორციელდა. საქართველოს მასშტაბით ვადაგასული სურსათის რეალიზაციის 379 ფაქტი გამოვლინდა.
2013 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაანადგურეს 55 442 კგ მყარი სურსათი, 8257 ლ თხევადი სურსათი, 12 160 კგ ხორცი და ხორცპროდუქტები მათ შორის, 5 ტონაზე მეტი ცხენის ხორცი, 650 000 ცალზე მეტი სასურსათო კვერცხი.
სასურსათო კვერცხისა და კვერცხის ფხვნილის, ქათმის გაყინული ხორცისა და ხორცპროდუქტების, კამეჩის გაყინული ხორცის იმპორტის განხორციელების მიზნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვეტერინარული კონტროლი 21 საწარმოში განხორციელდა. გეგმური ინსპექტირება კი 365-მა საწარმომ გაიარა, ხოლო არაგეგმური 110-მა საწარმომ. საწარმოებში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო კი ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ათას-ათასი ლარით.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა საქონლისა და ღორის ხორცის, კამეჩის, ქათმის, გაყინული თევზის, რძის პროდუქტების, ბოსტნეულისა და სასურსათო კვერცხის იმპორტი სხვასახვა ქვეყნიდან.
მიუხედავად ამგვარი აქტიურობისა, საქართველოს ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე, გიორგი ბურჯანაძე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხორცპროდუქტების გაუკონტროლებლობაში ადანაშაულებს.
საქართველოში ხორცპროდუქტების შესამოწმებელი ლაბორატორიის მშენებლობაზე მილიონობით ლარი დაიხარჯა, თუმცა არ არსებობს სპეციალისტი, ვინც აღნიშნულ საქმეს უხელმძღვანელებს.
„ლაბორატორიის არსებობა აუცილებელია, რადგან პრობლემა მეტად მწვავეა. სააგენტოს იმ პროდუქტებზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შევთავაზე, რომელიც საქართველოში დღეს შემოდის. აღმოჩნდება, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. რუსეთმა აკრძალა ამ პროდუქტების იმპორტი, რადგან აღმოაჩინა, რომ ხორცში ბიოლოგიური და ქიმიური შემადგენლოობის ნაცვლად სხვა რამეა, რაც დროთა განმავლობაში ონკოლოგიურ დაავადებას იწვევს.
დღეს კი ამ ბიზნესის მონაწილეები სამედიცინო დაწესებულების გახსნით არიან დაკავებულები, რომ იქიდანაც დამატებითი თანხები ამოიღონ. მე მაქვს ამ ყველაფრის დამადასტურებელი ვიდეო-მასალები. ჩემი ორგანიზაცია 2004 წლიდან არის დაკავებული სურსათის უვნებლობის კონტროლით და დღემდე არაფერი შეცვლილა. როდესაც არანაირი სახის რეაგირება არ ხდება, ის ან გარეულია კორუფციულ გარიგებებში ან რაღაცით დაინტერესებულია“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე ამბობს, რომ მას კონკრეტული ფაქტებიც გააჩნია, რომელიც სურსათის სააგენტოს გულგრილობის დამადასტურებელია. მაგალითად, თბილისში, დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე სააგენტოს მიერ ერთი თვის წინ ჩატარებული შემოწმებიდან მეორე დღეს ანტოკორუფციული სამსახური აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ დაჯარიმებული პიროვნების დახლის გვერდით მოქალაქე საკვებად უვარგის საქონლის ხორცს ისევ ყიდდა.
„როდესაც ვკითხეთ ამ პიროვნებას, რატომ ყიდდა საკვებად უვარგისს საქონლის ხორცს მაშინ, როდესაც წინა დღით გამყიდველი სწორედ ამის გამო დაჯარიმდა, მან გვიპასუხა, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლები ერთი თვის განმავლობაში ხორცპროდუქტებს კონტროლს აღარ გაუწევდნენ“, - აღნიშნა ბურჯანაძემ სააგენტო „მედიანიუსთან“ საუბარში. მისი შეფასებით, ასეთი ერთდღიანი შემოწმებები ვიღაცის დასანახად გაკეთებული პიარ-აქციაა.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვდომა რეგიონებში დაავადებით გარდაცვლილ ცხოველებზე, რათა მათი დაგდება ნაგავსაყრელზე კი არ მოხდეს, არამედ განადგურდეს.
„რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში ადამიანს კამეჩი მოუკვდა. აიღო და ნაგავსაყრელზე დააგდო. არადა, როდესაც საქონელი დაავედებით კვდება, მოქალაქე ვალდებულია სურსათის ეროვნულ სააგენტოს აცნობოს ამის შესახებ. როგორც რიგითი ადამიანი უნდა ვიყო დაცული, რომ ხვალ და ზეგ არ გვქონდეს პრობლემა აღნიშნულ საკითხებზე. ეს უნდა რეგულირდებოდეს. როდესაც შენ სახელმწიფო პირი ხარ და მე ხელფასს გიხდი, უნდა გააკეთო იმდენი, რომ ჩემი ჯანმრთელობა დაიცვა“, - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.