„ბევრმა შურიანმა ადამიანმა დაიწყო ჩემსა და ივანიშვილს შორის გარკვეული პრობლემის ძებნა“

„ბევრმა შურიანმა ადამიანმა დაიწყო ჩემსა და ივანიშვილს შორის გარკვეული პრობლემის ძებნა“

გავრცელებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის შემდეგ, თანამდებობას კიდევ ერთი რესპუბლიკელი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დატოვებს.

 გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ზაქარეშვილმა ეჭვის ქვეშ დააყენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირობა, რომელიც მან მის უწმინდესობას მისცა.

იგეგმება თუ არა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილება, ამ საკითხზე უმრავლესობა კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება უმცირესობას, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ამბობს, რომ პრემიერმა არჩევნებამდე შეიძლება რამდენიმე ცვლილება გააკეთოს.

მისივე განცხადებით, არჩევნებამდე შესაძლოა ცვლილება შეეხოს გენერალურ პროკურორს. რაც შეეხება ზაქარეიშვილს, როგორც კუკავა აცხადებს, მისი უწყება საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩახედული პირებისთვის ეს თემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროკურატურა, შესაბამისად, არ გამორიცხავს დადგეს ზაქარეიშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

„მე რომ ვიყო ივანიშვილი ზაქარეიშვილს ნამდვილად დავითხოვდი პოსტიდან, ვინაიდან ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. მართალი რომ გითხრათ, ეს არის ერთ-ერთი ის მინისტრი, რომელზეც მეტი მოლოდინი არსებობდა საზოგადოებაში და მართალი გითხრათ, მეც მეტი მოლოდინი მქონდა. ის, როგორც ექსპერტი, გაცილებით აქტიური იყო როგორც ქართულ-აფხაზურ, ასევე ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მინისტრი გახდა, არაფერი არ ისმის მის მიერ გაკეთებულ საქმესთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, მან დაუშვა შეცდომები, როდესაც განცხადებები გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რის გამოც, მას შეეზღუდა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა. ევროპული მმართველობა გულისხმობს იმას, რომ არ შეგიძლია - წადი, სხვა მოვა. ჩვენ გვჭირდება კონფლიქტების მინისტრი არა უაზროდ შერჩეული, არამედ ჩვენ გვჭირდება მინისტრი რომელიც შეძლებს აფხაზეთან და ოსებთან დიალოგის წარმოებას. მიმაჩნია, რომ ამ მინისტრს და მის აპარატს ხელფასს ტყუილად ვუხდით. ლოგიკური არის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აცხადებს კახა კუკავა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ თუ იმ ტენდეციებს გავყვებით, რომელსაც მთლიანი გუნდი უყენებს „რესპუბლიკურ პარტიას“, არაა გამორიცხული ზაქარეიშვილის განთავისუფლება.

„თუნდაც ავიღოთ ბოლო ფაქტი, განათლების მინისტრმა 6 თუ 7 მოადგილედან მხოლოდ რესპუბლიკელი გაუშვა და თვითონ რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ ეს შემთხვევით არ მოხდა. არაა გამორიცხული, რომ მომდევნო მინისტრი, რომელსაც გაანთავისუფლებენ, ეს იყოს პაატა ზაქარეიშვილი. მაგრამ მე არ მგონია, რომ პარტიულობა იყოს პაატა ზაქარეიშვილის განთავისუფლების მთავარი მიზეზი. მე ვთვლი, რომ მისი ხედვები არის არასწორი და მის მუშაობას დამაკმაყოფილებლად ვერ შევაფასებ.

მე არ ვიცი რა საკადრო ცვლილებას გეგმავს პრემიერი, მე ისიც ვერ დავადგინე პრემიერ მინისტრი მიდის თუ რჩება. ივანიშვილს ყოველთვის სჭირდება ვიღაცა, რომელსაც დააბრალებს იმას, რომ საქმეს ვერ აკეთებს. აქამდე ამას აბრალებდა სააკაშვილს, მაგრამ ოქტომბრის მერე ეს ფუფუნება აღარ ექნება და ახალი განტევების ვაცები უნდა მოძებნოს. იმის გამო, რომ დაგროვდა საკმაოდ ბევრი პრობლემა, შესაძლებელია, ეს ცვლილება განახორციელოს პრემიერ-მინისტრმა“, - ამბობს ირმა ნადირაშვილი.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი თვლის, რომ მისი განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლოა.

„თქვენ რომ არ იყოთ, სხვას ამ თემაზე არ დაველაპარაკებოდი. როგორც კი გამოვჩნდი „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრმა შურიანმა ადამაინმა დაიწყო ჩემსა და ივანიშვილს შორის გარკვეული პრობლემის ძებნა, რაც უსაფუძვლოა. არაერთი ჭორი, რაც აგორებულა ჩემს წინააღმდეგ, არ გამართლებულა და საფუძველი არ გააჩნია.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე ეჭვქვეშ დავაყენე პუტინის განაცხადება. მისივე ხელმოწერილი ბრძანება არ შეასრულა და მე ეჭვი მეპარება, რომ შესრულებს არასაჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელი შეეწყობა აფხაზებისა და ოსების დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მე ეჭვი მეპარება პუტინის მიერ პირობის შესრულებაზე. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, რომ არ შეუშალონ ხელი ეკლესიის მცდელობას, რათა ასეთი წმინდა საქმე განახორციელოს და ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე, როგორიც არის დევნილების დაბრუნება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

კითხვაზე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხვდება თუ არა ის ახალი მთავრობის შემადგენლობაში, ასე პასუხობს: „ეს იმდროინდელი პერზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. ყველაზე უფრო არასანდო თანამდებობა, ეს არის მინისტრის თანამდებობა. მინისტრები პოლიტიკური ფიგურები არიან და მათ კანონიც კი არ იცავს, რომ იჩივლოს, რატომ აღარ ვარ მინისტრიო. ასე რომ, ნურავინ გამოეკიდება მინისტრობას და ნუ ჰგონია, რომ მინისტრობა არის სამუდამო. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მე სადაც ვიქნები, იქ იქნება აფხაზეთის და ოსეთის თემა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე უნდა ისაუბროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ამ საკითხთა დარეგულირება.

„ეს სამინისტრო ვერც გაამართლებს ვერასოდეს. ეს არის პოლიტიკური რუდიმენტი, ასე იყო წინა მინისტრების დროს და ასეა ამ მინისტრის დროს. მსოფლიოში არ არსებობს, რომ რეინტეგრაციის სამინისტროს ევალებოდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს კომიზმია. შეიძლება იყოს სამინისტრო რომელიც პრევენციულ ზომებს ღებულობს. ის, რომ ჩინოვნიკს აღედგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში და არც მოხდება არასოდეს. მე ვიცნობ ზაქარეიშვილს და როგორ დასთანხმდა ამ თანამდებობას მიკვირს.

მას პუტინის სჯერა თუ არა, ასეთი განცხადების გაკეთება არაა მართებული. მითუმეტეს, რომ შენ  გინდა ურთიერთობის ნორმალიზაცია, ცოტა თავს შევიკავებდი ასეთი განცხადებისგან.

არ გჯერა, ეს შენთვის შეინახე, მაგარამ ყოველთვის უნდა ეცადო პოლიტიკური მომენტის ადეკვატური იყო. მე ვურჩევდი პაატა ზაქარეიშვილს, რომ თავი შეიკავოს ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელმაც შეიძლება ხელი არ შეუწყოს ჩვენი ურთიერთობის დარეგულირებას რუსეთთან. ასეთი განცხადებისგან თავი შევიკავოთ ყველამ. რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე უნდა ისაუბროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.