ლევან კორტავაზე საქმეზე ძიება დასრულებული არ არის. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, კორტავას საქმეში თუ კიდევ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, პასუხს აგებს. გარდაცვლილის მამიდა გეგუთის ციხის დირექტორის მალხაზ სინაურიძის და მისი მოადგილის თენგიზ კუჭავას სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
„ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით, ამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, ციხის დირექტორი და ყველა მოადგილე გავათავისუფლეთ, ხოლო კიდევ რამდენიმე დღეში მათ მიყვნენ რეჟიმის უფროსი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ანუ, ყველა მაღალი თანამდებობის პირი, ვინც იმ დროს ციხეში იყო, არის გათავისუფლებული. ძიება არ არის დამთავრებული და თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება კიდევ, ის ადამიანებიც პასუხს აგებენ“, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების კომენტირებისას.
გარდაცვლილის მამიდა ხათუნა კორტავა ამბობს, რომ მისი ძმის შვილის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, ვინაიდან როგორც ის ამბობს, ციხის უფროსის საქმე ეხება საკმაოდ დიდ ფულს. ხათუნა კორტავა ადასტურებს, რომ სწორედ ამ საკითხზე მოუვიდა დაპირისპირება ციხის „მაყურებელთან“ ლაშა კვანტალიანთან.
„მთავარი მოწმე მოკლეს. დიდ ფულს ეხება საქმე. კვანტალიანი და „მაყურებლები“ რის სანაცვლოდ მართავენ ციხეს? რის სანცვლოდ „ფარფაშობენ“ ისინი? ლევანი არ იყო ქურდული მენტალიტეტის ადამიანი. 12 პატიმარი შეყვანეს იმ დღეს და პირდაპირ ჩემი შვილი სცემეს. შესვლიდან 2 საათში მომიკლეს შვილი ხალხო, რომ არაფერი არ ვთქვათ დაგვიანებით გადაყვანაზე. სად იყო სინაურიძე და კუჭავა?
ფქვილივით იყო გადაქცეული ისეთი ნაცემი იყო ჩემი 24 წლის შვილი. მე უკან დამხევი არ ვარ. თუ არ დაისჯება სიანურიძე და კუჭავა, იცოდეს ყველამ, რომ მე ამათ არჩევნებს არ ჩავატარებინებ. სინაურიძეს ივნაშვილის მთავრობაში ჰყავს ახლობელი, როგორც ვიცი მისი ნათლიმირონია და ის მფარველობს. ყველამ ვიცოდით ვინ იყო კუჭავა და სინაურიძე, მითუმეტეს, პატიმრის მშობლებმა და რატომ დატოვეს?“, - აცხადებს ხათუნა კორტავა.
კორტავას ადვოკატი ლედი ტუკვაიძე განმარტავს, რომ მთავარი მოქმედი პირები არიან ციხის დირექტორი მალხაზ სინაურიძე და მისი მოადგილე თენგიზ კუჭავა. მისივე განმარტებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სინაურიძეს და კუჭავას ჰყავს მფარველები და შესაძლებელია, რომ რომ ისინი პასუხისმგებლობის გარეშე დარჩენილიყვნენ.
ვინ მფარველობს ციხის დირექტორს და მის მოადგოლეს?
- არის ასეთი ინფორმაცია, რომ სინაურიძეს ჰყავს ძალიან გავლენიანი ნათესავები დღევანდელ ხელისუფლებაში. ფაქტიც სახეზეა, ეს ადამიანები დარჩნენ პასუხისმგებლობის გარეშე. თქვენ როგორ ფიქრობთ, როცა ასეთი რაღაცა ხდება, შეუძლებელია ეს რიგითმა უფროსმა თავის თავზე აიღოს თუ ციხის უფროსი, ან მისი მოადგილე არაა საქმის კურსში? - ეს გამორიცხულია. ამიტომ გაიწირნენ რიგითები. მთავარი მოქმედი პირები დარჩნენ პასუხისმგებლობის გარეშე. ფაქტი სახეზეა, ამ ადამიანებს პასუხს არ სთხოვენ, რომლებიც მთავარი დამნაშავეები არიან. ამ საქმეზე თავიდანვე მოკვლევა დაიწყო ციხემ და დადეს ვერსია, რომ თითქოსდა კორტავა დაგორდა კიბიდან და მოხდა დოკუმენტაციის გაყალბება. ამის მერე ახალი ვერსია შეიმუშავეს, თითქოსდა, ვინმე ცხადაძემ ხელი ჰკრა და ამიტომ მიიღო დაზიანება. შემდგომ საქმეში ჩაერთო პროკურატურა და რაღაცა ეტაპამდე ეფექტურად იმუშავა, მაგრამ, ამ ორი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა. ეს გვაძლებს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მათ მფარველობენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხულია, რომ მათი ბრალეულობა არ გამოკვეთილიყო.
რა პრობლემა ჰქონდა ბრალდებულს ციხის ადმინისტრაციასთან? არის ორი ვერსია, რომ ე.წ. მაყურებელმა მას მოსთხოვა გარკვეული თანხა, ხოლო მეორე ვერსიით, მას ნარკოტიკის შეტანა მოსთხოვეს...
- თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან.
არ იცით, რატომ მოუვიდა მას კონფლიქტი ციხის ადმინისტრაციასთან?
- რა თქმა უნდა, ცნობილია, მაგრამ მოდით, ამ საკითხზე თავს შევიკავებ. მამიდას აქვს თავისი ვერსიები. დაინტერესება იყო სასჯელაღსრულების სამინისტროს რიგითი თანამშრომლებიდან. მან მისცა ჩვენება გამოძიებას და დაველოდოთ რას იტყვის გამოძიება. არის ვერსიები, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა კომენტარი გავაკეთო ამ საკითხებზე.
რაც შეეხება მაყურებელს, მას კონფლიქტი ჰქონდა ლაშა კვანტალიანთან. კონფლიქტი იწყება ლაშა კვანტალიანსა და კორტავას შორის, რასაც მოჰყვა ეს უბედური შემთხვევა, რასაც ბედნიერი სახით უყურებდნენ სასჯელაღსრულების თანამშრომლები. ყველა თანამშრომელი უყურებდა როგორ სცემდნენ ლევან კორტავას.