მმართველ გუნდს გიორგი გაჩეჩილაძეც დაუპირისპირდა

მმართველ გუნდს გიორგი გაჩეჩილაძეც დაუპირისპირდა

პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი უმრავლესობაში განხეთქილების მიზეზი გახდა. მმართველ გუნდს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე დაუპირისპირდა, რომელიც „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებს აკრიტიკებს, თანაგუნდელებს თანამებრძოლი პარტიების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს და პროტესტის ნიშნად, უმრავლესობის სხდომებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

გიორგი გაჩეჩილაძის გაღიზიანება ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო წინადადებამ გამოიწვია, რომლის გათვალისწინებითაც, საბიუჯეტო დაფინანსებას მხოლოდ ის 14 პარტია მიიღებს, რომელთაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახეს 4%-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში - 3%-იანი ბარიერი.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის შეფასებით, პარტიების დაფინანსების წესის დახვეწასთან დაკავშირებით, წარმოდგენილ კანონპროექტს საერთო არაფერი აქვს.

„თუკი პარლამენტში საკუთარ პარტიას არ წარმოვადგენ და არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რატომ ვარ პარლამენტში?! არ მინდა იმგვარად გაიგოთ, თითქოს, რამე თქვენი საწინააღმდეგო მაქვს, მაგრამ ორ სერიოზულ კითხვას ვსვამ - კანონპროქტით პრინციპი, ფორმულა და სხვა სამართლებრივი საკითხები არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ის, რომ 14 პარტიას დაფინანსება ემატება და ამასთან ერთად, რამდენიმე პარტიას ბონუსად დახმარება ეძლევა, რომ არ გარდაიცვალონ, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის თუ არა პოლიტიკური?! პარლამენტში ორი პარტია ვართ წარმოდგენილი და ის არგუმენტი, რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია, არ არის სწორი. მაშინ, სად ვართ ახლა და როგორ ვართ პარლამენტში წარმოდგენილი, თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგვიღია?!“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

 დეპუტატის შეფასებით, დაფინანსების არცერთ ნუსხაში „მწვანეთა პარტია“ და „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ არ მოხვდნენ.

„ეს პოლიტიკური გადაწვეტილებაა და ძალიან სამწუხაროა, რომ თანამებრძოლი პარტიების მიმართ არავითარი თანაგრძნობა არ არსებობს. კოალიციის დატოვებისგან მხოლოდ იმიტომ შევიკავებ თავს, რომ ვილნიუსის სამიტზე პრობლემები არ შეიქმნას და კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს. გარდა ამისა, სერიოზული ფაქტორია ბიძინა ივანიშვილის პიროვნება და სანამ ის პოლიტიკაშია, არ შემიძლია მას ვუღალატო! პროტესტის ნიშნად კი, არც უმრავლესობის სხდომას დავესწრები და არც ფრაქციის შეკრებებს. თუ სურთ, თავად გამრიცხონ!“, - დასძენს კანონმდებელი.

საკითხზე საუბრისას გია ჟორჟოლიანი აქცენტს დაფინანსების ფორმულაზე აკეთებს და ამბობს, რომ მათი პარტიები დაფინანსების ღირსია, მაგრამ არსებული მოდელი მათ დაფინანსებას არ ითვალისწინებს.

„ჩვენი პარტიების მსგავსი რეიტინგი პარტიათა 80 პროცენტს არ აქვს, უფრო სწორად, მათ ამის ნახევარიც არ აქვთ. „ნახევარს“ ვამბობ, რომ მათ არ ვაწყენინო. მართალია, არჩევნებში დამოკიდებლად მონაწილეობა არ მიგვიღია, მაგრამ დიდი მხარდაჭერა ჩვენც გვაქვს. არჩევნებში როგორც საარჩევნო სუბიექტები არ ვმონაწილეობდით და დაფინანსებასაც ამიტომ ვერ ვიღებთ, მაგრამ გიას მიაჩნია, რომ ეს უმსამართლობაა. ვთვლი, რომ საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი ფუნდამეტურად უნდა გადაიხედოს და დაფინანსება საწევროების საფუძველზე უნდა მოხდეს. დაფინანსება ჩვენც გვჭირდება“, - განუცხადა for.ge-ს ჟორჟოლიანმა.

თანაგუნდელების კრიტიკის საპასუხოდ, ინტერფაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მას გიორგი გაჩეჩილაძის განწყობის ესმის, მაგრამ „მწვანეთა პარტია“ დაფინანსებას არსებული პრინციპით ვერ იღებს.

„ბუნებრივია, გაჩეჩილაძე ნაწყენია და ამბობს, რომ თქვენი მხარდაჭერის მიზნით, რეგისტრაცია არ გავიარეთ და შედეგები როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა არ ვაჩვენეთო. კანონმდებლობით, თუ პარტიას რეგისტრაცია არ აქვს გავლილი და შედეგები ნაჩვენები არ აქვს, დაფინანსებას ვერ მიიღებს. სხვა შემთხვევაში, 220 პარტიას აქვს უფლება დაფინანსება მოითხოვოს, რაც არ არის მართალი, რადგან ეს პარტიები ჩვენი მოქალაქეების ფულიდან ფინანსდებიან. „ქართული ოცნება“ ცდილობს, განსხვავებული აზრისადმი განსხვავებული დამოკიდებულება დანერგოს და პროცესებს შევხდეს არა გაკიცხვით, არამედ ლოიალობით“, - განუცხადა for.ge-ს ქუცნაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირენით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, მაგრამ მათ ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი არ სურთ. for.ge-ს ინფორმაციით, დაფინანსებასთან დაკავშირებით, დღეს, ბიუროს სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და პავლე კუბლაშვილმაც იკამთეს. საბოლოო ჯამში, ბიუროს დარბაზი კუბლაშვილმა განაწყენებულმა დატოვა, თავის მხრივ, ოპოზიციონერს უსუფაშვილიც გაბრაზებული ესაუბრებოდა.

რაც შეეხება ცვლილებებს, პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო, რომლის თანახმად, საბაზისო დაფინანსება ეზრდება ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი თანხების მიმღებ პარტიებს. ასევე დაფინანსება 300 ათასი ლარის ოდენობით ემატება პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც პარლამენტში ფრაქცია გააჩნიათ. ამასთან, 1-ელ ოქტომბერს არჩევნებში მონაწილე შვიდი საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ არიან, ერთჯერადად 150 ათასს ლარს მიიღებენ.