სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დაიწყო. პროცესს თავად მსჯავრდებულებიც ესწრებოდნენ. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოსთვის გადაიდო. სასამართლო სხდომა, რომელიც 6 საათი გრძელდებოდა, პროკურატურამ ორი ბრალდებულისთვის ნახუცრიშვილისა და გივი ქაიხოსრიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის საკითხზე ვერ იშუამდგომლა, რადგან პროცესუალურად, ამ ეტაპზე, სასამართლოს მტკიცებულების დასაშვებობის საკითხზე უნდა ემსჯელა.
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე კი მტკიცებულების დასაშვებობის შუამდგომლობებზე გადაწყვეტილებას შემდეგ პროცესზე მიიღებს, რომელიც 8 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება.
დაცვის მხარემ ასევე წინასასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა, რომ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ივანიაძის დაკითხვის ოქმი საქმიდან ამოღებული იყოს, ხოლო ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა მოითხოვა.
პროკურორი ვლადიმერ ბორცვაძე განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ ბრალდებულების მიმართ, თუმცა შუამდგომლობის განხილვა ვერ მოესწრო, რადგან თავდაპირველად უნდა დასრულდეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა, ხოლო შემდეგ უნდა მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა. მისივე თქმით, გამოძიება დასრულებულია, მოპოვებულია ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას ამ ეტაპზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულების დაპატიმრება არ უნდა იქნეს გამოყენებული.
სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე სულ 9 პირია დაკავებული. მათ შორის შვიდი გირაოს სანაცვლოდ არის განთავისუფლებული, ორი კი, ჯერ, ისევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გამოძიება შპს „მექანიზატორის“ თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს.
სასამართლო პროცეს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის მტკიცებით ტრაქტორების საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების სიმყარეს სასამართლო დაადგენს. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, პროკურატურამ ამ თემაზე ბევრი იმუშავა.
„ისიც ვიცი, რომ ისეთმა სახელოვანმა და პროფესიონალმა ადვოკატმა, როგორიც სოსო ბარათაშვილია ასევე ბევრი იმუშავა ამ საქმეზე. ახლა ბოლო სიტყვა მოსამართლეზეა – დაადგინოს ადვოკატია მართალი, თუ პროკურორი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სასამართლო პროსესს ესწრებოდა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, რომელიც ჯერჯერობით არ საუბრობს, შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას. ჟურნალისტების კითხვას, განიხილება თუ არა მინისტრის თანამდებობაზე მისი დაბრუნების საკითხი, დავით კირვალიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი წინასწარ არც იმაზე საუბრობს, დათანხმდება თუ არა პოსტზე დაბრუნების შეთავაზებას.
ამასთან, დავით კირვალიძე მიესალმება პროკურატურის ინიციატივას სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთ ღონისძიების შეცვლის შესახებ. როგორც სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინიტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ამ საკითხის სამართლიანად და სამართლებრივად დროულად დასრულებისკენ.
„ის, რომ ამ საკითხზე ძალიან დიდი ინტერესია, ეს არის ფაქტი. ამიტომაც მივესალმები პროკურატურის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. სასიამოვნოა, რომ ამ ინიციატივით ბრალდების მხარე გამოვიდა. ჩემი მოსაზრებით, ეს არის ნაბიჯი იქითკენ, რომ სამართლიანად დასრულდეს პროცესი და მე ამ ადამიანების უდანაშულობაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.
ამასთან, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მას ე.წ. ტრაქტორების საქმეზე შეხვედრა ჰქონდა თომას ჰამერბერგთან, ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველთან საქართველოში კანონის, საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში.
„მე თომას ჰამერბერგთან მქონდა სამუშაო შეხვედრა არა მარტო „ტრაქტორების საქმეზე“. ეს იყო მერე, როდესაც ამ საქმის გამოძიება დაიწყო, ანუ ჩემი მინისტრობის შემდეგ“, - განაცხადა კირვალიძემ და აქვე დასძინა, მას აქვს ეჭვი, რომ ეს საქმე მიზანმიმართულად დაიგეგმა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ უწყებებსა და პირებზე არ საუბრობს.
„ეჭვი არის, რადგან ეს იყო ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც მიდიოდა წარმატებულად და წარმატებულადვე დასრულდა და ამ დროს მოხდა ასეთი რამ. შეურაცხადი უნდა იყო, რომ ეჭვები არ გაგიჩნდეს, მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვი. მარტო მე კი არა მაქვს ეჭვი, ეს ეჭვი არის გარეთაც, საზოგადოებაში. მიმართულებაზეც, თუ საიდან მოდიოდა, რომელი უწყებიდან, ჯერ ამაზეც ვერ ვილაპარაკებ, არაკორექტული იქნება“, - ამბობს კირვალიძე.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ბრალეულობას. ადვოკატი სოსო ბარათაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა შუამდგომლობა უსაფუძვლოა.
სოსო ბარათაშვილი: ჩვენ კვლავ იმ პოზიციაზე ვრჩებით, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმეზე არის მაღალი.
მას შემდეგ რაც ცნობილი ხდება ჰამერბერგის იმ სკანდალური წერილის შესახებ, პროკურატურამ დაკავებულებთან გააფორმა საპროსეცო გარიგება. ეს ადასტურებს თუ არა იმას, რომ გამოძიების არგუმენტები არის სუსტი?
- რა თქმა უნდა. ბრალდების მხარის ტრანსფორმაცია შერბილების მიმართულებით, აღკვეთ ღონისძიებას ეხება ეს და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ ბრალდების მხარეს პოზიცია არის დაუსაბუთებელი. პროკურატურას არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები, თუმცა ყოველივე ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ვიმედოვნებ, რომ სასამართლო იქნება ობიექტური.
საქმეზე წინასწარი გამოძიება დასრულებულია და თუ შეგიძლიათ უკვე თქვათ, რომ ეს არის პოლიტიკურად შეკერილი საქმე?
- მე ვალდებული ვარ ვისაუბრო სამართლებლივ დარღვევებზე. პოლიტიკურ შეფასებას პოლიტიკოსები გააკეთებენ. ვფიქრობ, რომ კორექტული არ იქნება ჩემი პოზიცია, თუ დავიწყებ პოლიტიკურ შეფასებას ამ საკითხზე.
ფიგურირებს თუ არა ამ საქმეში გენერალური პროკურორის მოადგლე?
- ოფიციალურად ამ საქმეში ბატონი ნაცვლიშვილი არ ფიგურირებს. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, მე ჩახედული არ ვარ.
თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ბრალდება ე.წ. ტრაქტორების საქმეზე ლაშა ნაცვლიშვილის ზედამხედბელობით შეიქმნა...
- მე მტკიცებულების გარეშე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ რაც შეეხება იმ პროკურორებს, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ და რომელთა მიმართ გაგვაჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მონაწილეობდნენ უკანონო მოქმედებაში, ისინი დაიკითხებიან მოწმის სახით.