უსაფრთხოება, ინტეგრაცია და კავკასია

უსაფრთხოება, ინტეგრაცია და კავკასია

უკვე არაერთხელ ითქვა, რომ უსაფრთხოება კავკასიის რეგიონის მთავარი პრობლემაა და რომ მისი „გაყინული თუ გაუყინავი კონფლიქტები“ რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება.

პრობლემა, რაღა თქმა უნდა, ისაა, რომ იმ დროს, როდესაც არსებობს რეგიონულ დონეზე უსაფრთხოების პრობლემების განხილვის ტერმინოლოგია, ისტორია ერთ რამეზე მიგვითითებს – ცალკეული ქვეყნის ფარგლებში აღქმული უსაფრთხოება უფრო აქტუალურიცაა და უფრო პროდუქტიულიც. ამჟამად კავკასიის ქვეყნები რეგიონულ უსაფრთხოებაზე მეტად იმაზე ფიქრობენ, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს თვითონ.

მაგრამ ყველაზე მეტი, რასაც რეგიონმა უსაფრთხოების სფეროში მიაღწია, მყიფე სტაბილურობაა. თუმცა ერთი რამ სრულიად ცხადია, მშვიდობა და უსაფრთხოება კავკასიაში მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ყველა ქვეყანა მეზობლის საფრთხეს ისე აღიქვამს, როგორც საკუთარ პრობლემას და ისე დაიცავს მეზობლების ინტერესებს, როგორც საკუთარს დაიცავდა. გასულ კვირას თბილისში Wilton Park-ის კონფერენცია „უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში“ ჩატარდა და რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს რამდენადმე მოეფინა სინათლე. დისკუსია ბევრ საკითხზე წარიმართა, მაგრამ საკვანძო თემებად მაინც რეგიონის მოუგვარებელი კონფლიქტები და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია იქცა.

ამ დისკუსიების მსვლელობისას, განხილულ იქნა საქართველოს კონფლიქტებიც და ექსპერტთა უმეტესობა იმაზე შეთანხმდა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, კონფლიქტების მოგვარება რთული იქნება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს შეუძლია „მოიგოს აფხაზებისა და ოსების გული“, თუ განაგრძობს დემოკრატიის შენებასა და ეკონომიკურ რეფორმებს. ამიტომ, საქართველო რუსეთის განწყობებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გადაწყვეტაში წინაღობად აღიქვამს. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგები დაწყებულია და მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები ჯერ არ ჩანს. დღეს არსებულ სიტუაციას შეიძლება ეწოდოს „მართვადი ჩიხი“ იმის ნაცვლად, რომ კონფლიქტი რეალურად მოგვარდეს. საქართველოს მთავრობას ერთადერთი შანსი აქვს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებისა – მან უნდა იმოქმედოს „სახელმწიფო სტრატეგიით ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით“. ამ სტრატეგიას დასავლეთი ბოლომდე უჭერს მხარს. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებანი პოზიტიურია და დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ დაეთანხმებიან კი ამ შეთავაზებას დე ფაქტო მმართველები და ამ ტერიტორიების მოსახლეობა? მართლაც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოხსენიება ოკუპირებულ ტერიტორიებად, ალბათ, მხოლოდ რისხვასა და გაღიზიანებას გამოიწვევს, რადგან ეს ფაქტი იმპლიციტურად თითქოს იმაზე მიანიშნებს, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს არ ეკითხებიან, ვის მიერ და როგორ იმართება მათი ტერიტორიები.

ამიტომ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სტრატეგია ვერ შეძლებს ჩართულობის პროპაგანდირებას, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას კონფლიქტზე განსხვავებული წარმოდგენა აქვს. უფრო მეტიც, კონფლიქტების გადაწყვეტა და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხებად აღიქმება არა მხოლოდ ექსპერტების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მაგალითად, კავკასიის რესურსცენტრის მიერ 2009 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად (კვლევა შეისწავლიდა ქართველების ინფორმირებულობასა და განწყობებს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი), ქართველებისთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ტერიტორიული მთლიანობა და სამუშაო ადგილები. 2011 წლისთვის, როდესაც ამდენი წელი გავიდა და კონფლიქტების მოგვარება ვერ მოხერხდა, როგორც ჩანს, ადამიანებმა იმედი დაკარგეს, ამიტომ გამოკითხულთა მხოლოდ 42 პროცენტი მიიჩნევდა ტერიტორიულ მთლიანობას ნაციონალურ პრიორიტეტად. ორივე გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 50 პროცენტზე მეტს კონფლიქტები ევროკავშირში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორად მიაჩნიათ. კიდევ ერთი არგუმენტი ასეთი იყო – სამშვიდობო პროცესმა 2008 წლის რუსულ-ქართული აგვისტოს ომის შედეგად საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა, მანამდე კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. საჭირო გახდა ომი იმისთვის, რომ აქ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია შემოსულიყო.

რაც შეეხება რეგიონის კიდევ ერთ, სომხეთ-აზერბაიჯანის, კონფლიქტს მთიანი ყარაბაღის გამო, სიტუაცია შემდეგი იდეის გარშემო ტრიალებს – „ვერაფერი ვერ შეთანხმდება, სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება“. ყველაზე საინტერესო ასპექტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ დებატებში იყო სომეხი ჩინოვნიკების განცხადებები სამშვიდობო პროცესში საკუთარი კონსტრუქციული როლის თაობაზე და ის ფაქტი, რომ ისინი საპირისპირო მხარეს ადანაშაულებენ. ამაზე სავსებით კორექტულად შენიშნა აზერბაიჯანელმა სპიკერმა: „მათ სჭირდებათ აგრესორის დასახელება, ანუ იმის თქმა, თუ ვისი ჯარი ვის ტერიტორიაზე დგას?“. აზერბაიჯანელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი კონფლიქტის გასაჭიანურებლად არსებობს და არა მის მოსაგვარებლად. ამ მოსაზრების მხარდასაჭერად ერთმა სომეხმა ექსპერტმა განაცხადა: „მინსკის ჯგუფი უფრო მინსკია, ვიდრე ჯგუფი“. კიდევ ერთმა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა თქვა, რომ მინსკის პროცესი დელეგირებულია კრემლში, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის აღმავლობას რეგიონში კარი გაუღეს, მაშინ როდესაც დასავლეთს არ უნდა, ან არ შეუძლია საერთაშორისო სამართლის აღდგენა რეგიონში.

სომხეთის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ ძალადობის ხშირ რეციდივებზე „კონტაქტის ხაზზე“, ხოლო აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა, რომ მზადაა „კონტაქტისთვის გამყოფი ხაზების გარეშე“. ყველაზე მეტად ექსპერტთა უმრავლესობას ის აშფოთებდათ, რომ კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა დღესაც ისეთივე არარეალური ჩანს, როგორც 10 წლის წინ იყო, ხოლო კონფლიქტის განახლების რისკი ახლა შესამჩნევად მატულობს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, თუ დაპირისპირება გაგრძელდა, პროცესი შეიძლება დაჩქარდეს, გასცდეს რეგიონის ფარგლებს და იფეთქოს „ხანმოკლე, შემთხვევით დაწყებულმა ომმა“, რაც მოლაპარაკებათა ამჟამად არსებულ მექანიზმს გაანადგურებს.

დღის წესრიგში დადგა კონფლიქტის დავიწყებული ასპექტებიც, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები. გასულ წელს ბრუკინგსის ინსტიტუტმა და ლონდონის ეკონომიკურმა სკოლამ გამოსცეს ერთობლივი ანგარიში „ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირთა პროექცია“. ამ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 20 წლის დევნილობის შემდეგ, ბევრს შეერყა უახლოეს მომავალში შინ დაბრუნების რწმენა, მაგრამ ამავე დროს იმატა საომარმა რიტორიკამ. „შეძლებდით 20 წლის განმავლობაში ლტოლვილობას?“ – აი, კითხვა, რომელიც ხშირად ისმის იძულებით გადაადგილებულ პირთაგან ბაქოსა და შორეულ სოფლებში. სამწუხაროდ, დევნილები და იძულებით გადაადგილებული პირები ძირითადად მიივიწყეს და ორივე მხარეს ახალი თაობა იზრდება ისე, რომ არაფერი იცის თავისი ფესვების შესახებ, ხოლო ზიზღი და სიძულვილი მეტოქის მიმართ სულ უფრო მატულობს.

საბოლოო ჯამში, უსაფრთხოების უკეთესი სისტემა და ინტეგრაცია დასავლეთში მხოლოდ ქაღალდზე რჩება. მიუხედავად რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის „ურთიერთობათა გადატვირთვა“ მიმდინარეობს, ხოლო რეგიონული ქვეყნები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ მიიწევენ, მოსკოვი, ვაშინგტონი და ბრიუსელი არ უთმობენ სერიოზულ ყურადღებას რეგიონს და არ ცდილობენ სათანადოდ გადაწყვიტონ უსაფრთხოების საკითხები კავკასიაში. რუსები ამბობენ „Mnoqo shuma, iz nicheqo“, რაც ინგლისურად ასე ითარგმნება: „Much ado about nothing“. ეს ფრაზა ორიგინალში უკეთესად ჟღერს, თუმცა მისი აქტუალობა სცდება ენის ბარიერებს.

foreignpress.ge