ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების შეცვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში სინაურიძე გეგუთის ციხის უფროსად დაინიშნა

ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების შეცვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში სინაურიძე გეგუთის ციხის უფროსად დაინიშნა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას საქმეში ბრალდებულებს, ამავე ციხის თანამშრომლებს, გიორგი შამარზაშვილსა და ილია შანშაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულთა ადვოკატები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. 27 წლის პატიმრის მკვლელობის საქმესთნ დაკავშირებით დაკავებულია ილია შანშაშვილი, გიგა კოხოძე, ალექსანდრე ბაბუნაშვილი და თენგიზ ნასარია. გარდა ამისა, ბრალი წარედგინა ძალადობის აქტის უშუალოდ შემსრულებელ 7 პატიმარს.

გეგუთის კოლონიაში ცემის შედეგად დაღუპული პატიმრის ლევან კორტავას ოჯახი ეჭვის თვალით უყურებს გამოძიების შედეგებს და ფიქრობს, რომ მთავარი დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ. საუბარია საგამოძიებო დასკვნაზე, რომელიც მთავარმა პროკურატურამ 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. 27 წლის პატიმარი ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპებისა და დარბილების გამო, 2013 წლის 23 მაისს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ცნობიერების დაბრუნების გარეშე გარდაიცვალა.

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია განმარტებული, პატიმარს, რომელიც რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 12 მაისს გადაიყვანეს, იმავე დღეს მოუვიდა უსიამოვნება უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილთან. შელაპარაკება ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით მოხდა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა დაავალა სხვა პატიმარს, კერძოდ, შოთა სინაურიძეს, მეტსახელად „ბულდოგას“.
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დასკვნით ირკვევა, რომ კორტავას პატიმრებმა იმ დღეს ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით, მძიმე საგნების გამოყენებით, უმოწყალოდ სცემეს ორჯერ და მძიმე შედეგმაც არ დააყოვნა.

„განხორციელებული ძალადობის შედეგად, ლევან კორტავამ მიიღო მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლისა და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ლევან კორტავას მამიდას ხათუნა კორტავას არ სჯერა, რომ მთავარი დამნაშავეები გამოაშკარავდნენ და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების საკითხთა სამინისტროსაგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს. კორტავას მამიდა სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს და მისგან ითხოვს პასუხს, ვინ აფარებს ხელს გეგუთის კოლონიაში ე.წ. ციხის „მაყურებლებს“.

„ახლა მაინც ვერ მეტყვის სოზარ სუბარი, რომ ესენი არ იყვნენ „მაყურებლები“. პირველი დღიდან ვყვიროდი, რომ ეს გააკეთეს „მაყურებლებმა“. ის, რომ „მაყურებელია“ ზონაში ეს არის სოზარ სუბარის ბრალი. ჩემი შვილის მკვლელი არის გეგუთის კოლონიის „მაყურებელი“, სინაურიძე და მისი ჯალათები. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ. რატომ აფარებენ ხელს სინაურიძეს? ის არის მკვლელი! არავის არ შევარჩენ ლევანის ერთ წვეთ სისხლს.

არ მჯერა, რომ მთავარი დამნაშავეები გამოაშკარავდნენ. ეს უბრალოდ ლოგიკაშიც არ ჯდება. დავუშვათ ერთმა ჩინოსანმა გაიმეტა, სად იყვნენ დანარჩენები, ციხეში მარტო ერთი კაცი მუშაობს? ამდენ ხანს ამუშავებდნენ ამ ბავშვს და ნუთუ არავის არ ესმოდა? სამსახურეობრივ გულგრილობაში მაინც არ ადანაშაულებთ ამ ადამიანებს?

უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელიც არამარტო მე, საზოგადოებასაც აწუხებს. ვფიქრობ, საქმე გვაქვს დანაშაულის ჩაფარცხვასთან. არ მინდა, ვიფიქრო, რომ უდანაშაულო ხალხს დაადეს ხელი, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი შემკვეთები არ ჩანან და თუ ძლიერი არგუმენტები გაქვთ, დამაჯერეთ ბატონო, წინააღმდეგი არ ვარ“, - აღნიშნავს გადაცვლილის მამიდა.

ამასთან ის, სოზარ სუბარის უწყებისგან განმარტებებს ითხოვს, თუ რატომ გადაიყვანეს ლევან კორტავა რუსთავის ციხიდან გეგუთის კოლონიაში.

„ვითხოვ სასჯელაღსრულების სამინისტრომ მომცეს ახსნა-განმარტება, რა მიზეზით გადაიყვანა ჩემი შვილი რუსთავის ციხიდან გეგუთში? ადრე იქ მას შეპირდნენ, არ აპატიებდნენ, რომ 2008 წლის ხონის ციხიდან გაქცევის ორგანიზება თავის თავზე არ აიღო. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს გადაყვანა სპეციალურად მოხდა. გეგუთის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცნობილნი არიან „მაფიოზებად“ და ჩემს გაჭირვებულ ბიჭს რამეს შეარჩენდნენ? ვითხოვ სამინისტროს ახსნა-განმარტებას, რატომ გადაიყვანეს ლევან კორტავა გეგუთში ასე მოულოდნელად და რატომ არ იყო ეს ფაქტი ცნობილი ოჯახისთვის?“,  - აცხადებს ხათუნა კორტავა.

ამ შეკითხვაზე პასუხის მოპოვებას for.ge სასაჯელაღსრულების მინისტრისგან შეეცადა. თუმცა სამწუხაროდ, მისმა პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მინისტრი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. სოზარ სუბარი კომენტარს არც „მაყურებლის“ ინსტიტუტის აღდგენაზე აკეთებს.

სანამ სოზარ სუბარი დუმს, მის უწყებაში ე.წ. „მაყურებლების“ გავლენაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკმაყოფილებას არ მალავენ და აცხადებენ, რომ ქართულ საპატიმროში მართვის კუთხით რეალური რეფორმა არ განხორციელებულა.

ა-ო „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ამ საკითხებზე მინისტრი ვალდებულია პასუხი გასცეს საზოგადოების შეკითხვებს.

„არც ერთ ეპოქაში, არც ერთ პერიოდში არ ყოფილა, რომ ციხეში „მაყურებელი“ არ ყოფილიყო. დღესაც არის და სააკაშვილის დროსაც იყო. განსხვავება ის არის, რომ ის „მაყურებლები“ რომელებიც სააკაშვილის დროს იყვნენ, პირდაპირ ადმინისტრაციაზე მუშაობდნენ და მათ მითითებას ასრულებდნენ. ახლა ამ „მაყურებლებზე“ ადმინსიტრაციამ კონტროლი დაკარგა.

რატომ არ უნდა აკეთებდეს ამ საკითხზე კომენტარს მინისტრი მე არ ვიცი. უნდა ახსნას რა სახის პასუხისმგებლობას უყენებს ადმინისტრაციის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ევალებოდათ ზედამხედველობა და რომლებმაც თავიანთი უყურადღებობის გამო, ფაქტიურად, სიკვდილის პირამდე მიიყანეს პატიმარი კორტავა“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

გამოძიების ინფორმაციით, პატიმარ ლევან კორტავას მიმართ განხორციელებულ ძალადობას გამოძიებისთვის გზა-კვალის არევის ინტენსიური მცდელობა მოჰყვა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა ილია შანშაშვილმა ეს სხვა თანამშრომლების დახმარებით გააკეთა. გაყალბდა ფაქტები.

„მსჯავრდებულის დაშავების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით მისულ გამომძიებელს განზრახ არასწორად მიუთითა ლევან კორტავას სხეულის დაზიანების ადგილი და განუცხადა, რომ ლევან კორტავამ დაზიანებები მიიღო მეორე სართულის კიბიდან დაგორების შედეგად, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ამგვარად, საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით, ილია შანშაშვილმა, მტკიცებულების ფალსიფიკაციის გზით, მცდარ კვალზე დააყენა გამოძიება“, - აცხადებენ პროკურატურაში.
უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის, ბრალდებულ შანშაშვილის მიერ შეთხზული ვერსია სარწმუნოდ ჩათვალა სასჯელაღსრულების მინისტრმაც, რომელმაც სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ეს ვერსია, რაც ასევე მოგვიანებით სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშიც აისახა. თუმცა, სუბარის თანამშრომლის მიერ შეთხზული ვერსია, რაც სამინისტროს ოფიციალური განცახება გახდა, უსაფუძვლოს უწოდებდა გარდაცვილის მამიდა. მინისტრი არც ამ საკითხზე აკეთებს კომენტარს.

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას საქმეზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საია, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობოები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსგან გეგუთის ციხის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

„ვინაიდან მაღალი ალბათობით დგინდება ციხეში ე.წ. „მაყურებლების“ არსებობა, აუცილებელია პროკურატურამ შეისწავლოს ამ ფაქტთან ციხის უფროსის, ბატონი მალხაზ სინაურიძის კავშირის საკითხი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მალხაზ სინაურიძეს 2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე მიცემული აქვს ჩვენება რამდენიმე პატიმრის წინააღმდეგ.  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სინაურიძემ თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ციხის ბუნტის ორგანიზატორი ბაჩო ახალაია იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენების შეცვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში, იგი გეგუთის ციხის უფროსად დაინიშნა.

საგანგაშოა, რომ გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას (რასაც მოყვა პატიმრის ცემა და საბოლოოდ გარდაცვალება) ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც სავარაუდოდ, გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. „მაყურებლები“ არიან. მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, კანონმდებლობის იმდაგვარი სრულყოფა უზრუნველყოს, რომელიც ციხეში არაფორმალური მმართველობის განხორციელების საშუალებას მინიმუმამდე დაიყვანას, ხოლო მეორე მხრივ, დაწესებულებებში შიდა მონიტორინგის სისტემა გაძლიერდეს, რომელიც საშუალებას მისცემს სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების არაფორმალური მმართველობის ფაქტები აღკვეთოს.

ასევე მოუწოდებენ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისა სამინისტროს, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს გეგუთის ციხეში არსებული ზოგადი მდგომარეობა და მმართველობის მეთოდები, დააყენოს გეგუთის ციხის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი, განახორციელოს სასჯელაღსრულებათა დაწესებულებების ეფექტური მონიტორინგი, რათა აღკვეთილ იქნეს არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტები.