სააკაშვილი ეცდება, შემობრუნდეს როგორც ტრიუმფატორი

სააკაშვილი ეცდება, შემობრუნდეს როგორც ტრიუმფატორი

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო აქტიური ხდება. ვერ ვიტყვით, რომ მისი ქცევა ხელისუფლებიდან წამსვლელი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელია. ის ყველა მეთოდით ცდილობს, დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტირებას, არაბუნებრივია, მაგრამ საზოგადოება უკვე მიჩვეულია პრეზიდენტისგან, რბილად რომ ვთქვათ, არარეალური და არაზუსტი ინფორმაციის საუძველზე მოწინააღმდეგის დამარცხებას. რამდენად დაამარცხებს მოქმედ ხელისუფლებას ძნელი სათქმელია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ უსაფუძვლო ბრალდებების ასპარეზად მსოფლიო ტრიბუნების გამოყენებასაც არ ერიდება.

რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს სააკაშვილს, ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება თუ არა მისგან საქართველო, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, თუ 10-წლიანი მმართველობის შემდეგ, კვლავ შეეცდება ხალხით მანიპულირებას, რას შეიძლება ველოდეთ სააკაშვილის ტიპის ლიდერისგან, ამ თემებზე ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

ბატონო რამაზ, ქართული საზოგადოება არაერთხელ გამხდარა მოწმე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების წყარო გამხდარა. თქვენი, როგორც ფსიქოლოგის შეფასებით, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ტაქტიკას, ვისთვის არის გამიზნული?

- საკმაოდ რთულ კითხვას სვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი, თითქოს, ზედაპირზე დევს. ასეთი კითხვა ყველას გაგვჩენია სხვადასხვა დროს და პასუხი არც ისე მარტივია, რადგან გეთანხმებით, შიდა აუდიტორიისთვის ძალიან ადვილია გაშიფვრა, მეორე მხარე გამოვა და ინფორმაციას დევალვირებას გაუკეთებს. საერთაშორისო საზოგადოებისთვის აგრეთვე გაუგებარია, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ერთადერთი, არ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლოა, მართლაც ფსიქოლოგიაშია საქმე და არა პოლიტიკურ გათვლაში - ძალიან ბევრი ბრალდება, რომელიც სააკაშვილისგან, სხვადასხვა დროს, ისმის, იმაში ბრალდებაა მეტოქისა, რასაც თვითონ სააკაშვილი გააკეთებდა.

თუ დავაკვირდებით, იმ ბრალდებებში, რაც ნაციონალების მხრიდან ისმის, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომ ადამიანთა უფლებები იზღუდება, ავიწროვებენ მედიას, პოლიტიკურ ოპონენტებს, არ უნდათ სხვა აზრი, გარდა საკუთარი აზრისა, - ეს ბრალდებები თავის დროზე ისმოდა სწორედ ნაციონალების მიმართ.

რა შედეგზე შეიძლება იყოს ეს გათვლილი?

- შედეგი გულისხმობს იმას, რომ ამ ყველაფერში პოლიტიკური ნაბიჯი დაინახო, მაგრამ ფსიქოლოგია უშვებს, იმას, რომ ადამიანმა შეიძლება უშედეგო ნაბიჯებიც გადადგას, თუკი გულს იფხანს. იძულებული ვარ ვაღიარო, რომ ძალიან ბევრი რამ რასაც აკეთებს გარკვეული ჯგუფი (სხვათა შორის, ჯგუფი აღარც კი, მარტო პრეზიდენტი, დანარჩენები შედარებით დაწყნარდნენ), ეს, უბრალოდ, გულის მოფხანაა.

ანუ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ აღარ აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობის შანსი და ლაპარაკობს იმას რაც მოესურვება?

- ამბობს იმას, რაც სიამოვნებს.

საკუთარ თავს არ თუ ვერ აკონტროლებს?

- როდისმე შეატყვეთ, რომ საკუთარ თავს აკონტროლებდა? ეს არის უდავოდ ნიჭიერი, საკმაოდ გონიერი, ოღონდ გონიერი არა ანალიტიკური გონების თვალსაზრისით, არამედ ემოციურ ექსტაზში რომ იდეა გაუჩნდება ადამიანს, იმ ტიპის გონება აქვს - არაპროგნოზირებადი. პოლიტიკოსისთვის ძალზე მნიშვნელოვანია არაპროგნოზირებადობა, მაგრამ როდესაც რთული სიტუაციაა, ეს იმპულსურობა პლიუსად აღარ მიდის და შეცდომებს აშვებინებს.

უამრავი შეცდომა ვნახეთ ამ 9 წლის განმავლობაში, რომელმაც ავტორიტარულ რეჟიმამდე მიგვიყვანა, სადაც სახელმწიფო სისტემა ემყარებოდა ძალადობასა და შანტაჟს და, რამაც ყოფილ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ძალაუფლება დააკარგვინა. ასეთი შეცდომები სააკაშვილის ტიპის ლიდერებისთვის არის დამახასიათებელი, თუ შეიკრიბა დაახლოებით ერთი ფსიქოტიპის ადამიანთა გუნდი, რომელსაც სხვაგვარად მართვა არ შეეძლო?

- კიდევ მრავალი წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ ყველა დეტალის ცოდნის ფონზე გავიაზროთ რა 9 წელი გაიარა საქართველომ და რა იყო მიზეზები.

რაც შეეხება ძალადობაზე დამყარებულ ქვეყანას, ამას ფსიქოლოგიური ახსნა არ სჭირდება, რადგან ვიცით უამრავი რეჟიმი, რომელიც ძალადობას ემყარება. უფრო ადვილია მართვა, ხეირი მმართველ გუნდს უფრო მეტი აქვს, შიშის პირობებში მოწინააღმდეგეები, ან ჩუმად არიან, ან ფიზიკურად აღარ არიან - გადიან ქვეყნიდან. ასე რომ, ამ შემთხვევაში, სააკაშვილის ტიპაჟი გვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ ერთი რამ - მისმა ნიჭიერმა გონებამ საკმაოდ უცბად აუღო ალღო, რა იქნებოდა პირადად მისთვის ყველაზე მომგებიანი ვარიანტი მართვისა. მან წააგო მხოლოდ ისტორიასთან, შეიძლება ასეც ითქვას. ისტორიული აუცილებლობა რომ არ ყოფილიყო იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოჩენილიყო ჰორიზონტზე, სააკაშვილის ხელისუფლებას ისე ჰქონდა გათვლილი თავისი არსებობის უკვდავყოფა, ალბათ, არაფერი შეუშლიდა ხელს, რომ სწორედ ამ ძალადობის საფუძველზე სამუდამოდ დაეკავებინა ქვეყანა ხელში.

თუ გადავხედავთ ამ 9-წლიან ისტორიას, სააკაშვილის დემაგოგია მისი მმართველობის დასაწყისში საზოგადოებისთვის უფრო ნაკლებად შესამჩნევი იყო, თუმცა შემდეგ წლებში, შესაძლოა, თვითონაც აღარ ცდილობდა, კარგად შეეფუთა ტყუილი. სააკაშვილი მივიდა იქამდე, სადამდეც მიუშვა ხალხმა, თუ რაიმე სხვა ტიპის ტრანსფორმაციაზე შეიძლება ვისაუბროთ?

- სააკაშვილი საკმაოდ ფრთხილი ადამიანი იყო ხელისუფლებაში მოსვლამდე. თამამი, ოღონდ იქ, სადაც ატყობდა, რომ ეს სითამამე გაუვიდოდა, ან შედეგს მოუტანდა. ამიტომ, დასაწყისში არ აკეთებდა ისეთ რამეებს, რასაც მოგვიანებით. ოღონს ნაკლებად შესამჩნეობა თვითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავსაც უნდა დავაბრალოთ - ბევრი რამ ჩვენი ბრალია. მაგალითად, „ვერთობოდით“ იმით, რომ სააკაშვილი თეატრალურ წარმოდგენებს დგამდა მთავრობის სხდომისგან, ხან გამოქვაბულში აკეთებდა ამ სხდომებს და ხან სახურავზე.

ბუტაფორიულობისკენ მიდრეკილება ჩანს, სხვათა შორის, სააკაშვილის არქიტექტურაშიც. სიღნაღი ბრწყინვალე ქალაქია და გადააქცია ბუტაფორიად, ძველი თბილისი გადააქცია ბუტაფორიად და ა.შ.

დეკორაციების, ბუტაფორიებისკენ მიდრეკილება, ამ თემას შემთხვევით არ ვუახლოვდები, ჩანდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის იუსტიციის მინისტრი იყო. სამინისტროს კარებთან დადგა ჯიხურივით კონსტრუქცია და იქ საპარადო ტანსაცმელში გამოწყობილი დარაჯი დააყენა, რომლითაც თბილისის ბიჭები ერთობოდნენ, რადგან მას განძრევის უფლება არ ჰქონდა, ესენი კი ემასხრებოდნენ ქუჩიდან.

ეს ბუტაფორიული მომენტი იყო, მაგრამ მაშინ არ გაგვიკეთებია განზოგადება, რომ ის მთელი ქვეყნისგან ბუტაფორიას გააკეთებდა. ეს ჩვენი ბრალია, რადგან უნდა გვეფიქრა, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ბუტაფორიისკენ მიდრეკილება, ტყუილისკენ მიდრეკილებაც ექნებოდა.

კიდევ რამდენიმე ანალოგიური დეტალის გახსენება შეიძლება, გვახსოვს, ალბათ, სახლების სურათების ფრიალი, როდესაც უთხრეს, ეს ამათი სახლები არ არისო, მან უპასუხა, არაუშავს, თავის საქმეს მაინც გააკეთებსო და ა.შ.

იყო დეტალები, რომლებიც ჩანდა. ეს დეტალები ვეღარ დავინახეთ, იმიტომ, რომ დეტალები იყო და მისი პირველ პირად გახდომის შემდეგ ეს დეტალები ზომებში გაიზარდა. შემდეგ კი, უკვე მთელი ქვეყანა გადაფარა ამ ბუტაფორიებმა. პოლიტიკაში, აგენტების დაჭერაში, სააგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკაში - ყველგან ბუტაფორია იყო. ამას ჩვენ პიარი დავარქვით, პიარი არ არის ბუტაფორია, ჩვენ უფრო კეთილშობილური შესატყვისი მოვუძებნეთ, გავამართლეთ.

ბუტაფორიებით ქვეყნის მართვა რომ შესაძლებელია, ამისი კარგი მაგალითი მოგვცა საბჭოთა კავშირმა, ნაცისტურმა გერმანიამ. ამ ბუტაფორიის მიღმა ციხეებში ადამიანის წამებამდეც მივედით, მაგრამ ეს ერთი ჯოხის ორი ბოლოა, იმიტომ, რომ მხოლოდ ბუტაფორიით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებ, რაღაც სხვა მეთოდიც უნდა იპოვო. გარეგნულად ბუტაფორია სჭირდება, სამართავად კი ძალადობა.

ძალიან ცოტა თუ მოიძებნებოდა, ვისაც სააკაშვილის არ სჯეროდავარდების რევოლუციამდე“ და მის შემდეგაც. ეს საზოგადოების უმწიფრობის შედეგი იყო თუ სააკაშვილმა კარგად შეძლო საზოგადოების მოტყუება?

- სააკაშვილმა საკმაოდ კარგად იცის ხალხის ხასიათი. რაც შეეხება ხალხის ხასიათს, ცნობილია, რომ ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჭეშმარიტებისგან შორს არის. ხალხი ემოციებით იღებს გადაწყვეტილებას. ხალხის ხმა - ხმა ღვთისა, ხმა ერისაო, მაგრამ ხალხის ხმა რომ ჭეშმარიტებასთან მიახლოება იყოს, ამ პრინციპში ყველაზე მეტად ქრისტიანი უნდა ეჭვდებოდეს - ქრისტე სწორედ ხალხმა აცვა ჯვარს.

ასე რომ, ხალხი საკმაოდ რთული მექანიზმია. თუ მისი შეცდომისკენ წაყვანა მოისურვე, ადვილად წაიყვან - ვერაგობაა როდესაც ხალხი შეგყავს შეცდომაში, იგივეა, ბავშვი რომ შეცდომაში შეიყვანო.

ხალხი გასაშუალოებული ინტელექტია - იქ არის მუშა, პროფესორი, ბიზნესმენი და ა.შ. ინტელექტი კი არ ემატება ერთმანეთს, არამედ ასაშუალოებს. რჩება რაც მათში საერთოა, ნიველირება ხდება მათ შორის განსხვავებების და ეს საერთო ყოველთვის ძალიან ღარიბია.

როგორც ბავშვია გამოუცდელი და მისი მოტყუება ადვილია, ისე- ამ გასაშუალოებული ინტელექტის მქონე ხალხი ადვილად მოსატყუებელია. ამისკენ მიდის ბევრი დიქტატორი და მათ შორის - მიშა.

შეგვიძლია ვთქვათ, იმ ხალხს, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს, უკვე 10-წლიანი გამოცდილება აქვს? მოითმენს იმდენს, რამდენსაც წინა ხელისუფლების პირობებში ითმენდა?

- მე მოგახსენეთ, რომ ემოციებია ხოლმე წამყვანი. ხალხის ემოციის ყველაზე მძაფრი გამოვლინება არის ბრბო. ჩვენ კი საგინებლად ვამბობთ-ხოლმე, მაგრამ ეს ხომ რეალობაა, რომ ბრბოდ შეკრული ხალხი რაღაც თავისებურებებით ხასიათდება, მათ შორის იმით, რომ ემოციურ ტალღაზე შეუძლია ან დაანგრიოს ქვეყანა ან ააშენოს. ამ თვალსაზრისით მოგახსენებთ, რომ გააჩნია, თუკი აუტანლობის ემოციური ტალღა გაჩნდება და მომწიფდება ვერ აიტანს. თუ უკმაყოფილების ემოციის ნაცვლად კმაყოფილების სხვა საფუძველი მიეცა... სანახაობა რატომ სჭირდებოდათ რომაელებს? - მაშინ პურითაც კმაყოფილი იქნება. ადვილია ხალხის განწყობილების მართვა.

ხალხის განწყობის ასე ბოროტად გამოყენებაზე ნამდვილად არ მიდის დღევანდელი ხელისუფლება. არ ვიცი, იმიტომ, რომ არ უნდა, ზნეობრიობის გამო თუ არ იცის - არც ესაა გამორიცხული, მაგრამ ფაქტია, როდესაც ვსაყვედურობთ, პიარი არ გივარგაო, ეს ერთ-ერთი ნიშანია, რომ ხალხით მანიპულირებას ის არ აპირებს.

თუმცა ეს სახიფათო ნიშანიც არის - ის არ გააკეთებს მანიპულირებას, ვიღაც ხალხის უკმაყოფილებაზე იმუშავებს და შეიძლება, ხალხი უფრო ადვილად დაუპირისპირდეს დღევანდელ არამოძალადე ხელისუფლებას, ვიდრე ის უპირისპირდებოდა მოძალადე სააკაშვილს.

გვახსოვს, სააკშვილის აქტიურობამვარდების რევოლუციამდე“ როგორ აიყოლია ხალხი. დღეს ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი საკმაოდ აქტიურია, შესაძლებლად მიიჩნევთ, რომ მან კვლავ ააგოროს უკმაყოფილების ტალღა?

- შესაძლებლად მიმაჩნია, სააკაშვილი არის, ნებისყოფის, ვერ ვიტყოდი, მაგრამ იმ შინაგანი ენერგიის მატარებელი, რომელიც მას ყოველთვის ეხმარება ფეხზე წამოდგომასა და ბრძოლაში. ის ბრძოლისუნარიანი პერასონაა. გარდა ამისა, სააკაშვილი არ არის მარტო.

ჩვენ სააკაშვილზე ვაკეთებთ ფოკუსირებას, მაგრამ მისი გონიერება (ამ სიტყვის კარგი გაგებით არა), გამოიხატებოდა იმაში (რაც ხშირად გვხვდება ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში,  მაგალითად, კრიმინალებთან), რომ თუ გინდა, ადამიანი შენი ერთგული იყოს, მას ცოდვა უნდა ჩაადენინო, შენივე ცოდვა. დანაშაულით დაახლოებული ადამიანები უფრო მყარად იცავენ ერთმანეთს, რადგან ერთის დაღუპვა მეორის დაღუპვასაც ნიშნავს. ასეთი კრიმინალური ჯაჭვით შეკრული საზოგადოების დიდი ნაწილი შექმნა სააკაშვილმა და სწორედ ეს კრიმინალური ჯაჭვი კრავს დღეს საზოგადოებას მის ირგვლივ. ამ ჯაჭვში მოიაზრება სასამართლო ხელისუფლება, ამ პრინციპით მოქმედებს პროკურატურის დიდი ნაწილი, რეგიონები და ა.შ.

ფაქტობრივად, სააკაშვილმა მართვის ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც, ფაქტობრივად, მის გარეშეც იმოქმედებს, როგორც სააკაშვილი.

არის სააკაშვილი ის ტიპაჟი, რომ რაც მან შექმნა ასე ადვილად დათმოს? სხვათა შორის, საპარლამენტო არჩევნებზეც არ ველოდებოდით ასეთ კომპრომისს...

- რაც თვითონ არ შეუქმნია, იმასაც კი არ თმობდა. ისიც და ზურაბ ჟვანიაც შევარდნაძემ მოიყვანა ხელისუფლებაში. არავინ დაუშვებდა მათ პოლიტიკაში არსებობას, შევარდნაძე რომ არა.

დღეს რომ ვლაპარაკობთ, ესა თუ ის პარტია რეიტინგულია თუ არა, ივანიშვილმა გვერდით რომ დაიყენა და ხელისუფლებაში შემოიყვანა, ანალოგიური შემთხვევა იყო მაშინაც და ისევე, როგორც ივანიშვილმა ისარგებლა ინტელექტუალური პოტენციალით, ასე მოიქცა თავის დროზე შევარდნაძეც, წინ წამოსწია „მწვანეთა პარტია“. მერე ჟვანიამ მოიყვანა სააკაშვილი.

ისინი პოლიტიკაში ხალხიდან კი არ შემოვიდნენ, საჯარო შემოსასვლელიდან კი არ შემოსულან, არამედ უკანა კარიდან შემოიყვანა შევარდნაძემ. მაგრამ ის ხელისუფლება ისე დაიიღლიავა სააკაშვილმა, რომ მადლობაც კი არ უთქვამს შევარდნაძისთვის. ანუ, ეს ბარიერი მისთვის არ არის, რაც შეუძლია აიღოს, აიღებს, მითუმეტეს, თუ ეს მისია.

თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება სპონტანური თუ წინასწარ შეუდგება შანსების გათვლას, მისი ტიპის ლიდერები როგორ მოქმედებენ?

- მის ემოციურობას და იმპულსურობას ნუ ჩათვლით უგუნურებად. ემოციას შეუძლია ზოგჯერ ისეთი მობილიზება გააკეთოს ინტელექტისა, რომ მშვიდად მყოფი ადამიანი ვერასდროს მოიფიქრებს იმას, რასაც ეგზალტირებული.

ანუ, სააკაშვილი თავიდან დაიწყებს ყველაფერს?

- არ არის გამორიცხული, რადგან საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ დაიწყებს თუ არა თავიდან, ეს საკითხავია. უფრო სავარაუდოა, წავა იქ, სადაც უკეთესად მიიღებენ. საქართველო არ არის მისთვის კომფორტული ქვეყანა. ეცდება, იმ ხალხმა, რომელიც აქ დარჩება, შეამზადოს საფუძველი, რომ ერთხელ გაშვებული სააკაშვილი შემობრუნდეს, უკვე, როგორც ტრიუმფატორი.

ასეთ შემთხვევაში მშვიდად წასვლა ბევრად სასარგებლო იქნებოდა - ის აშკარად პროვოკაციული პოლიტიკით ცდილობს კვალის დატოვებას...

- ლოგიკური ვერსიაა და უფრო გააადვილებდა იმ ფონს, როდესაც მას მეორედ მოსვლა შეეძლებოდა, მაგრამ იმპულსურობიდან გამომდინარე, სააკაშვილს აქვს კიდევ ერთი თვისება - ის აგრესიულია და მას უჭირს იმ იმპულსის შეკავება, რომელიც გულისხმობს სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

მისი ხასიათიდან გამომდინარე, კიდევ კარგად იქცევა, გაიხსენეთ რას ეძახდა ოპოზიციას ან იმ ხალხს, რომელიც თვალში არ მოუვიდოდა... ახლა ზრდილობიანად მაინც ამბობს, რომ წუხს რაღაცაზე და ა.შ. წარმოიდგინეთ, როგორ იკავებს თავს.

მაგრამ ის, რომ მან აირჩია ბრძოლის და არა მშვიდობიანი სტილი, გასაგებია. გადავხედოთ მის ისტორიას, მთელი მისი პოლიტიკური ცხოვრება ბრძოლის რეჟიმია. ბრძოლა მისი სტიქიაა, მაგრამ ფიზიკურად ძალზე მშიშარაა, საკმარისია გორის თავზე თვითმფრინავის დანახვა, რომ მანქანის ქვეშ შეგორდეს დასამალად.

ვინც ფიზიკურად ძალზე მშიშარაა, ისინი ყოველთვის ძალზე აგრესიულები არიან, როცა ძალაუფლება და გარემო პირობები ამის საშუალებას აძლევს - კომპენსაციას ახდენენ.

ხშირად მომისმენია, რომ სააკაშვილს, სტალინს, ჰიტლერს და კიდევ სხვა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ლიდერებს ერთი ფსიქოლოგიური ტიპის ადამიანების რიცხვში მოიაზრებენ. ეს ერის თავისებურებიდან მოდის თუ ამ კონკრეტული ადამიანების დამსახურებაა? გარკვეულ კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე?

- ერთი და იგივე ტიპაჟი ტრიალებს მთელ მსოფლიოში, უბრალოდ, ეს ბალახი ამოვიდა ამჯერად ჩვენს ბოსტანში... არის ამაში კანონზომიერება. ანალოგიური სიტუაცია იყო საფრანგეთში - ის გილიოტინის ავტორია. აზიაში რომ გადავინაცვლოთ, იქ სხვა სპექტრი არც არის, ძირითადად ამ ტიპის მმართველობაა.

ადამიანებში ზის ეს, არატიპური უფრო ის მოდელია, რაზეც ახლა ჩვენ გვაქვს პრეტენზია - პლურალისტული, სადაც ყველა ინდივიდია და ყველა პიროვნება თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ეს ხელოვნური ამოცანაა ბუნებისათვის. ადამიანი თავისი ბუნებით, ისევე როგორც ცხოველები, ცდილობენ, მიმბაძველობით გაიადვილონ ცხოვრება.

საკმაოდ რთულია ის მოდელი, რასაც დემოკრატიული მოდელი ჰქვია, რომ სხვას კი არ აჰყვე, არამედ შენ გადაწყვიტო, რა სჯობს და რა - არა.

სულ რამდენიმე ხანია და თანაც დედამიწის მხოლოდ მცირე ნაწილში არსებობს ცხოვრების ასეთი წესის პროპაგანდა. პროპაგანდას ვამბობ, იმიტომ, რომ არავინ იცის ეს ცხოვრების წესია თუ არა. იგივე დასავლეთში, გვაქვს მასკულტურა, მუსიკა და კინო, რომელსაც ინდივიდუალური ფიქრი არ სჭირდება, ათასობით ადამიანი დგას და ერთი და იგივე მოძრაობით და ექსტაზით არის ჩართული ამ პროცესში. თვითონ მუსიკაში ჩაღრმავება იმდენად არ ხდება, რამდენადაც სხვებთან ერთად ამ რიტმის გაზიარება.

ეს ის შემთხვევაა, რასაც პოლიტიკაში მიუღებლად ვთვლით, ოღონდ ეს ხდება მუსიკაში. ასე რომ, მასობრივი აზროვნების, ემოციის, ქცევის მიდრეკილება ადამიანში ყველგან არის, ყოველთვის იყო და გაინდივიდუალურება უფრო ძნელი და შრომატევადი პროცესია.

დასავლეთმა, რომელიც პოლიტიკასა და ბიზნესში ნამდვილად ახერხებს ინდივიდუალურობას, მუსიკაში ინდივიდუალური კულტურის არსებობა, პრაქტიკულად, მოსპო, ეს ეტყობა ხელოვნების სხვა დარგებსაც.

ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიოში ეს სტანდარტია და გამონაკლისები მხოლოდ ჩვენ ვართ. უბრალოდ, რამდენიმე ქვეყანა გვაქვს, რომელიც რამდენიმე სფეროში ახერხებს ამ დემოკრატიული სტანდარტის რეალიზაციას, თორემ, ჯერ, მთლიანად, კაცობრიობაა შორს იმ სტანდარტებისგან, რაზედაც ვლაპარაკობთ, სადაც ხალხი ხალხი კი არ არის, არამედ პიროვნებების ერთობაა, სადაც პიროვნებები წყვეტენ ქვეყნის ბედს, არა ერთმანეთის მიბაძვით.