ბაჩო ახალაიას სამივე მოსამართლე სასამართლოში ერთსა და იმავე დღეს გადმოიყვანეს

ბაჩო ახალაიას სამივე მოსამართლე სასამართლოში ერთსა და იმავე დღეს გადმოიყვანეს

„ვინ არის გიორგი დარახველიძე?- ამ რამდენიმე ხნის წინ ეს შეკითხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა, რომელმაც თურმე არ იცოდა, რომელი მოსამართლე განიხილავდა ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად დაკავებული პირების საქმეს. ამ შეკითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტის რეზიდენციაში მყოფმა გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი კალანდაძემ მადლიერებით აღნიშნა, რომ ეს არის მოსამართლე, რომელმაც „სამართლიანი“ გადაწყვეტილება მიიღო და, რომელიც 9 თვის განმავლობაში იხილავდა მათ საქმეს, თუმცა არ მოექცა იმ ზეწოლის ქვეშ, რომელ ზეწოლასაც ოფიციალურად, უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის გარეშე, თურმე აწარმოებდა იუსტიციის მინისტრი.

მოსამართლე დარახველიძის შესახებ ცნობილია ისიც, რომ იგი არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში სასამართლოს თავმჯდომარეობისას, აპატიმრებდა „ოცნების“ მომხრეებს...

სულ ახლახანს კი, „ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრის“ ინფორმაციით, გაირკვა, რომ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი სამივე მოსამართლე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთსა და იმავე დღეს გადაიყვანეს, რაც გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, For.ge-ს „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი თამთა მიქელაძე ესაუბრება.

ბაჩო ახალაიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე განმხილველი მოსამართლეების დანიშვნის გარემოებების შესწავლის შემდეგ, თქვენ დაადგინეთ, რომ სამივე სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული მოსამართლეები არიან ერთსა და იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა სასამართლოებიდან გადმოყვანილნი. ცხადია, ამგვარი დამთხვევა პროცესის მიმართ გარკვეულ კითხვებს ბადე, რაც დასაბუთებულ განმარტებებს მოითხოვს სასამართლო ხელისუფლებისგან. თუ ფლობთ მონაცემებს, სხვა საქმეების განხილვის დროს აღნიშნულმა მოსამართლეებმა მსგავსი გამამართლებელი განაჩნები თუ გამოიტანეს?

- ამ მოსამართლეების მიერ სხვა საქმეების განხილვის პროცესი არ შეგვისწავლია. თუმცა ხაზგასმით გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ არ შევდივართ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანალიზში, არ ვახდენთ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების თუ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებას, რაც მხოლოდ ზემდგომი სასამართლო ინსტანციის კომპეტენციაა. ჩვენი განცხადება არ ეხება ბაჩო ახალაიას მიმართ მიმდინარე რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის ფაქტობრივ ან სამართლებრივ გარემოებებს. უბრალოდ, ჩვენ გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები ბაჩანა ახალაიას საქმეებზე მოსამართლეთა გამწესებისა და ზოგადად, სასამართლოში მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილების წესის პრობლემურობის შესახებ. ამ კონტექსტში საყურადღებოა, რომ მოსამართლე გიორგი დარახველიძე (რომელმაც ბაჩო ახალაიას სასარგებლოდ გამოიტანა გამამართლებელი გადაწყვეტილება 2013 წლის 1-ელ აგვისტოს) 2013 წლის 6 თებერვალს საჩხერის რაიონული სასამართლოდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სწორედ მან დაიწყო 2013 წლის 18 მარტს ბაჩანა ახალაიას საქმის არსებითი განხილვა, რომლის მომდევნო დღესაც, 2013 წლის 19 მარტს დარახველიძე, საბჭოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

რაც შეეხება მოსამართლე დავით მგელიაშვილს (იგი იხილავს ბაჩო ახალაიას შსს–ს მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ ეპიზოდს, რომელზეც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის), იგი, ასევე, 2013 წლის 6 თებერვალს გორის რაიონული სასამართლოდან მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში და 2013 წლის 19 მარტს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

მესამე საქმეზე კი, რომელიც ციხის ბუნტის ეპიზოდს უკავშირდება, არსებითი განხილვის სხდომას უძღვებოდა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი. ამავე სხდომაზე განიმარტა, რომ მისი, როგორც ამ საქმეზე სათადარიგო მოსამართლის ჩანაცვლება, შემდგომში, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძით მოხდება. ლაშა ჩხიკვაძე, ზემოხსენებული მოსამართლეების მსგავსად, 2013 წლის 6 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან იქნა გადმოყვანილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული.

ვფიქრობთ, ასეთი საეჭვო დამთხვევა განპირობებულია იმ საკანონმდებლო რეგულაციით, რომელიც ძალიან ბუნდოვანია და სასამართლოების თავმჯდომარეებს განუსაზღვრელ უფლებამოსილებას აძლევს, რათა საქმეების შესწავლისას ობიექტური კრიტერიუმები არ გამოიყენონ.

იუსტიციის საბჭოს მხრიდან სამივე მოსამართლის ერთდროულ გადმოყვანა ბაჩო ახალაიას სასამართო პროცესებს გამიზნულად დამთხვ?

-  ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ახალაიას საქმეს ემთხვევა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც პოლიტიკურად სენსიტიურია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იხილება და, თუ ეს არ არის ტენდენცია, მაშინ საქმეების შემდგომმა შესწავლამ რატომ აჩვენა, რომ ასეთი ტიპის მოსამართლეები არიან ზუსტად დანიშნულნი განმხილველ მოსამართლეებად?! ეს კიდევ უფრო ზრდის ეჭვებს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ახალაიას საქმესთან დაკავშირებით გამოვლინდა. მათი მოვლენა მივლინებით მოხდა თბილისში და შემდგომში, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოხდა მათი დანიშვნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

აღნიშნული მოსამართლეების გადმოყვანასთ დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს მოტივაცია ამნისტიის საქმეთა სიმრავლე იყო.

- დიახ, თითქოს, ამნისტიის საქმეების გამო საჭირო იყო დამატებითი სამოსამართლო რესურსი ამ საქმეების გასამკლავებლად, თუმცა საინტერესოა, რომ თებერვლის ბოლოს, ამნისტიის ძირითად საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების დრო უკვე უნდა ამოწურულიყო. ამდენად, თებერვლის თვეში ამ მოსამართლეების გადმოყვანა და მათი დანიშვნა ცოტა პრობლემური ჩანს, რადგან ასეთი რესურსი თბილისის საქალაქო სასამართლოს თებერვლის შემდეგ აღარ დასჭირდებოდა. მეტიც, მივლინების დროებითი ხასიათის მიუხედავად, მოსამართლეთა უკან დაბრუნება არ განხორციელებულა და ისინი მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნენ.

აღსანიშნავია, რომ აქ უშუალოდ კუბლაშვილის პერსონა არ არის მნიშვნელოვანი, არამედ აქ მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის საბჭომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ნიშანდობლივია ისიც, რომ იუსტიციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ სხდომა, სადაც ამ მოსამართლეების დანიშვნა მოხდა, არ იყო საჯარო, დღემდე არ დევს საიტზე სხდომის ოქმი და არ იყო ხელმისაწვდომი. ანუ დაცული არ ყოფილა სხდომის პირობები, რაც გარკვეულ შეკითხვებს აჩენს.

უკვე დიდი ხანია, სამოქალაქო სექტორი ლაპარაკობს, რომ საკანონმდებლო რეგულაციები პრობლემურია, რადგან, რომელ საქმესთან დაკავშირებით რომელი მოსამართლე ინიშნებოდა, ხშირად საეჭვო იყო. რიგითობის ეს სქემა რამდენად გამჭვირვალეა, ამაზე ხელმისაწვდომობა არავის აქვს. ამიტომ, ამ საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებებია გასატარებელი და თანაც - დაუყოვნებლივ.

მოსამართლის მიერ ცალკეულ ეპიზოდში ახალაიასათვის გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი რას ნიშნავს? იქნებ, გაიხსენოთ, გამონაკლისის სახით, მსგავს პრეცენდენტს თუ იყენებდნენ ნაციონალები, როცა ასე იოლად ხდებოდა დამნაშავე პირთა გამართლება?

- განაჩენის დასაბუთებულობას ამ ეტაპზე ვერ შევაფასებთ, რადგან განაჩენის ტექსტიც კი არ არის გამოქვეყნებული. ჩვენ ვიცით მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში საერთოდ არ დგებოდა გამამართლებელი განაჩენები და ეს სხვა პრობლემა იყო. ვფიქრობ, ახალაიას საქმესთან დაკავშირებით უნდა შეფასდეს პროკურატურის ეფექტურობაც, თუ რამდენად დასაბუთებული და სერიოზული ბრალდებები წაუყენა პროკურატურამ. ამ ყველაფერს კი მხოლოდ მაშინ შევაფასებთ, როცა სასამართლო განაჩენი გვექნება და გვეცოდინება, პროკურატურამ რა მტკიცებულებები წარადგინა და კიდევ რისი წარდგენა შეეძლო.

მოსალოდნელია, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ეს მოსამართლეები კვლავაც გამოიყენოს მათთვის სასურველ საქმეებში?

- ეს მოსამართლეები დღეს ფორმალურად დანიშნული მოსამართლეები არიან და საქმეთა განაწილების სხვადასხვა წესით, ისინი საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე იმუშავებენ.

ფაქტია, რომ მოსამართლეებ ამა თუ იმ სასურველ საქმეებს სპეციალურადშეხვედრებენ ხოლმე. ასე ხდება ერთი ინსტანციიდან მეორეში საქმეების გადაგზავნისას, როცა ქვედა ინსტანციის მოსამართლეები საქმის გადაგზავნის დათქმულ ვადას შეგნებულად არღვევენ, რათა მათ მიერ უკანონოდ განხილული საქმეები ზემდგომ ინსტანციაში თავის თანამზრახველ მოსამართლეებს გადასცენ. იურიდიულად, ეს დარღვევა რას ითვალისწინებს?

- ბაჩო ახალაიას შემთხვევაში, ეს დადასტურებულია და ამას არავინ დავობს, რომ ამ მოსამართლეებს ჩააბარეს ეს საქმე. ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებიც არსებობს, რომ დანიშნული ორი მოსამართლე დანამდვილებით, ხოლო მესამე მოსამართლე, სავარაუდოდ, განიხილავს ახალაიას საქმეს. თუკი აღმოჩნდება, რომ რიგითობის დაცვის პირობები არ გამოიყენეს და ნორმა დაარღვიეს, მაშინ გარკვეულ დისციპლინარულ პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ეს შესწავლას მოითხოვს. ფორმალურად, ამ საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება ისეთია, რომ ვერავინ შეამოწმებს, რიგითობა დაიცვა თუ არა სასამართლომ. ამიტომ ვითხოვთ, საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნოს ის გადაწყვეტილება, რათა გავიგოთ, რიგითობით თუ განსაკუთრებული კომპეტენციით მოხდა ამ ხალხის დანიშვნა ამ საქმეებზე. განასაჯაროონ, რომ ნამდვილად არსებობდა საქმეების დიდი ოდენობა და სხვა არგუმენტები, როს გამოც მათი დანიშვნა მოხდა.

ზოგადად, სასამართლოში საქმეების შესვლის თარიღისა და მოსამართლეთა გვარების თანმიმდევრობით უნდა განაწილდეს საქმეები. ეს არის რიგითობა, მაგრამ კანონში ისიც წერია, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა ბევრი საქმეა და საკმარისი რესურსი არ არის, თავმჯდომარემ შეიძლება, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ მოსამართლეს მისცეს საქმე. თუმცა აქამდე ამას არავინ ამოწმებდა, თუ როგორ ხდებოდა ამ საქმეების გადანაწილება. ეს გამჭვირვალე სფერო არ იყო და რიგითობის პრინციპის დაცვის გაკონტროლება ამ ეტაპზე შეუძლებელი გახლდათ. ამიტომ, ასეთი მექანიზმი, რომ ცალკეული მოსამართლე აჭიანურებს საქმის გადაცემას, რათა ზემდგომ ინსტანციაში თავის სასურველ მოსამართლეს საქმე შეახვედროს, შესაძლოა, ვიღაცებმა გამოიყენონ.