ორი ფოტო - ერთი შეხედვით უბრალო, მსოფლიო ლიდერების საერთო სურათი ჩინეთში და შეხვედრა ოვალურ კაბინეტში, ამერიკაში. თუმცა, ამ გამოსახულებებში იმალება ორი ცივილიზაციის ფილოსოფია, მათი კულტურული კოდები და ფსიქოისტორიული არქეტიპები. თუ უფრო ღრმად ჩავხედავთ, დავინახავთ არა უბრალოდ ორ განსხვავებულ პროტოკოლურ კადრს, არამედ სამყაროს მომავალი წესრიგის ორ მოდელს.
აღმოსავლური არქეტიპი - მთლიანობის ჰარმონია
გრძელი ხაზი ლიდერების, რომლებიც დგანან მხარდამხარ. მათი სიმეტრიული განლაგება სიმბოლურად გამოხატავს წესრიგს, ფორმალური თანასწორობის ილუზიას და ერთიან სისტემაში ჩართულობას. ფონზე ქალაქი და მდინარე, ტრადიციული ჩინური არქიტექტურით დამშვენებული, თითქოს მიანიშნებს წარსულისა და მომავლის ათასწლოვან სინთეზზე - ეს არის კოლექტიური ძალაუფლების არქეტიპი. აქ არ არის ერთი გამოკვეთილი ცენტრი, არაა ფიგურა, რომელიც აშკარად აღემატება სხვებს. იდეა ასეთია: თითოეული ადამიანი, თითოეული სახელმწიფო არის ჰარმონიული მთლიანობის ნაწილი. ეს ღრმად კონფუციანური ფილოსოფიაა: წესრიგი იბადება იერარქიიდან, მაგრამ იერარქია დამალულია თანასწორობის ფასადში. ქმნის დიდი ოჯახის შთაბეჭდილებას, რომელიც თანაარსებობს აღმოსავლური ტიპის ეთიკაში.
ფსიქოისტორიული თვალსაზრისით, ეს ასახავს ტრადიციულ ჩინურ „იმპერატორულ ცენტრს“, რომლის გარშემოც ყალიბდება სამყარო: არა ღია დომინაციის გზით, არამედ ეკონომიკური, კულტურული, ცივილიზაციური მიზიდულობით.
დასავლური არქეტიპი - ინდივიდუალური ნება
ქვედა ფოტოზე სრულიად სხვა სცენაა: პრეზიდენტი ზის მასიურ მაგიდასთან, ხოლო მის გარშემო, მოპირდაპირედ, ადამიანები, რომელნიც უფრო ხელქვეითებს გვანან, ვიდრე თანასწორ პარტნიორებს. კომპოზიცია აშენებულია ერთი პიროვნების გარშემო. ეს არის ცენტრი, პირამიდის მწვერვალი, გადაწყვეტილებების წყარო.
აქ გამოკვეთილია გმირული ძალაუფლების არქეტიპი. ლიდერი არის ის, ვინც იღებს პასუხისმგებლობის ტვირთს, იღებს გადაწყვეტილებებს და განასახიერებს ბედისწერას. ეს პროტესტანტულ-ინდივიდუალისტური ტრადიციაა: ისტორია იქმნება პიროვნების ნებით.
ეს დასავლური ქრისტიანული მოდელის მემკვიდრეობაა: „ერთი ლიდერი - ერთი ცენტრი“. ამერიკა სამყაროს ხედავს ერთპოლუსიანობის პრიზმით, სადაც თეთრი სახლი არის სცენა, სადაც თავად ასრულებს მთავარ როლს, ხოლო ყველა დანარჩენი, მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლებად გვევლინებიან.
მსოფლიო ისტორიის ორი გზა
ჩემი აზრით, სამომავლოდ, მსოფლიო ისტორიის ორი გზა იკვეთება:
1. ჩინური მოდელი - მრავალპოლუსიანობა ჰარმონიის გზით. სამყარო, როგორც ორკესტრი: სხვადასხვა ინსტრუმენტის ხმოვანება ერთად ჟღერს, მაგრამ დირიჟორი თითქმის უხილავია.
ორგანიზაციული ერთობა (BRICS, SCO), სადაც თავმოყრილია დემოგრაფია, ტექნოლოგია და ბუნებრივი რესურსები.
2. ამერიკული მოდელი - ჰეგემონია, ერთპოლუსიანობა, უნივერსალური ფასეულობები - ადამიანის უფლებები.
მკაცრი ლიდერობა, პერსონალიზირებული, კონცენტრირებული ('Pax Americana', Eu, NATO და დოლარის პრიმატი).
თუ უფრო ღრმად შევხედავთ, ფსიქოლოგიური თვასაზრისით, ეს ორი გამოსახულება სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს მომავლის ორ არქეტიპს:
1. აღმოსავლური „იმპერიული სინთეზი“ - კაცობრიობა, როგორც ერთიანი სხეული, სადაც ინდივიდუალური განსხვავებები ჩართულია ჰარმონიაში. ეს არის გზა ცივილიზაციისკენ, სადაც წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური ნებებლობის ამბოხი, ხოლო აღმოსავლური ტიპის ოჯახური ეთიკა, უფრო ძვირფასია, ვიდრე დასავლური ტიპის თავისუფლება (LGBTQ+).
2. დასავლური „იმპერიული ინდივიდუალიზმი“ - კაცობრიობა, როგორც გმირების ბრძოლის სცენა, სადაც თავისუფლება და პიროვნების ნება მაღლა დგას ჰარმონიაზე. ეს არის გზა დრამატული გადაწყვეტილებებისკენ, კონფლიქტებისა და კრიზისებისკენ, მაგრამ ასევე გარღვევებისკენ, რევოლუციებისა და აღმოჩენებისკენ (Singularity, Posthumanism).
ეს ორი კადრი თითქოს ორი სარკმელია, რომელთაგან მომავლის ორი პერსპექტივა მოჩანს. ჩინური სარკმელი გვამცნობს: „სამყარო შენდება წესრიგსა, ერთიანობასა და ეთიკაზე“; ამერიკული კი პასუხობს: „სამყარო შენდება პიროვნულ ლიდერობაზე, ნების თავისუფალ გამოხატვა-განხორციელებაზე“.
XXI საუკუნის მთავარი კითხვა არის ის, თუ რომელი არქეტიპი გახდება დომინანტური: აღმოსავლური სინთეზი, სადაც თითოეული ჩართულია ჰარმონიაში, თუ დასავლური დრამა, სადაც ერთი იღებს გადაწყვეტილებებს ყველას მაგიერ.
შესაძლოა, მომავალი ორივე მიდგომის სინთეზი აღმოჩნდეს. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო დგას არჩევანის წინაშე - კოლექტიურ ჰარმონიასა და ინდივიდუალურ ნებას შორის, წესრიგსა და დრამას შორის, ჩინეთსა და ამერიკას შორის.
P.S. მულტიპოლარულობა, მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი. ომიანობის დროს კი, ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება და სამყარო ხდება ბიპოლარული. ეს იმიტომ, რომ ომია ისტორიის ძრავი, ხოლო ომი შესაძლებელია მხოლოდ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის.