თბილისი ეკოლოგიურ ჩიხშია

თბილისი ეკოლოგიურ ჩიხშია

საქართველოს დედაქალქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების ნიშანწყალიც არ შეიმჩნევა. ამის მიზეზი თბილისის მერიის არაადეკვატური პოზიციაა. ბოლო წლებში, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ქვეყნის მთავარი ქალაქი განსაკუთრებით დაზარალდა.

გარემოსდამცველი ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობას ძალიან რთულია. „ქალაქში დაბინძურების პრობლემაა. პირველ რიგში, ქვეყანაში შემოდის ტყვიითა და სხვა მძიმე ლითონების ნარჩენებით დაბინძურებული საწვავი, ეს არ ჯდება არც საერთაშორისო და არც საქართველოში მოქმედ სტანდარტებში.

შესაბამისად, პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ხე-ნარგავების მასობრივი გაჩეხვა და განადგურება. ეს ხდებოდა ძველი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, მართალია, დღეს ნაციონალები აღარ მართავენ ქვეყანას, მაგრამ ეს ახალ ხელისუფლებას არანაირად არ ათავისუფლებს ვალდებულებებისაგან“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მოქმედებაშია საკრებულოს 2012 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისში ბაღების, პარკების და სხვა მწვანე ტერიტორიების გასხვისება, ასევე მათზე სამშენებლო ნებართვის გაცემა და ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვა აკრძალულია, მაგრამ ამას დღესაც აკეთებენ, რასაც ადასტურებს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციულ ზონაში ხეების მასობრივი ჩეხვის ფაქტიც.

„მე როგორც გარემოს დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელი ვცდილობდი კუს ტბაზე მშენებლობისთვის ხელი შეგვეშალა, მაგრამ ეს არ არის გამონაკლისი. უამრავი ასეთი ფაქტი არსებობს. გაიჩეხა არაყიშვილისა და აბაშიძის ქუჩის კუთხე, ასევე 57-ე სკოლის ტერიტორია, საბურთალოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და მრავალი სხვა.

არაყიშვილისა და აბაშიძის ქუჩების შემთხვევაში აბსოლუტურად ჯანსაღი ხეების ჭრის ნებართვა გაიცა. კუს ტბაზეც გადარგვის ნებართვა გაიცა, რაც სეზონურობის თვალსაზრისით გაჩეხვის ტოლფასია“, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თბილისში გამწვანებული ტერიტორიები ევროპულ სტანდარტებზე ათჯერ ნაკლებია.

თბილისიდან ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 276500 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება, რომლის 83,3% ავტოტრანსპორტზე მოდის. ქ. ქუთაისში ატმოსფეროში მოხვედრილი გამონაბოლქვი ნივთიერებების მასა 76200 ტონას შეადგენს.

სმოგი კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია, რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება. თბილისში, ბაქოსა და ერევანში ხშირია სმოგი, რის გამოც ჰაერი ძალიან ჭუჭყიანია. ამის მთავარი მიზეზი კი ავტომობილებითა და სხვა ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩებია.

მსოფლიოს ოთხას ქალაქს შორის, თბილისი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მე-200 ადგილზეა. ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ჰაერის დაბინძურება იყო.

ჰაერის დაბინძურება კი უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. მაგალითად, მოსახლეობაში სასუნთქი გზებისა და ფილტვის დაავადების პროცენტული მაჩვენებლებით თბილისი მოწინავეა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, დაავადებულ ადამიანთა რაოდენობაც იზრდება.

დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობენ ქალაქის მკვიდრნიც. კონსალტინგური კომპანია „ეისითი“-ს კვლევის მიხედვით, ათიდან რვა თბილისელი (77%) თვლის, რომ თბილისში ეკოლოგიურად ცუდი, ან ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ რესპონდენტების უმრავლესობა (62%) ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას ამჩნევს.