საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) აღმასრულებელმა კომიტეტმა უმაღლესი ლიგის ახალი ჩემპიონატის კონტურები მოხაზა და სამართლიანობის ჯგუფის უფლებამოსილებაც დაამტკიცა. სხვა, მკვდარი სხდომებისგან განსხვავებით, აღმასკომის ბოლო სხდომაზე მოხდა სასწაული და გულშემატკივრისა და ფეხბურთის მომავლისთვის აუცილებელი საკითხი განიხილა.
უეფას მედია ოფიცრის, მამუკა კვარაცხელიას ოთხ წინადადებაზე იმსჯელეს, რომლებიც მან სფფ-ს ბოლო, 22-ე ყრილობაზე დააყენა. საკითხს მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე დავუბრუნდით, რადგან მათზე სერიოზული მსჯელობა არ ყოფილა, არადა, უმნიშვნელოვანესი თემებია.
კვარაცხელიას პირველი წინადადება სფფ-ს აღმასკომის წევრთა შეცვლას შეეხებოდა და ამბობდა, ის ხალხი, ვისაც ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ გაუკეთებია და ფეხბურთით ცხოვრობს, აღმასრულებელ კომიტეტში აუცილებლად უნდა შეიყვანონ. შეიყვანეს მხოლოდ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია.
სამი წლის წინ, როდესაც სფფ-ის პრეზიდენტის პოსტზე დაამტკიცეს, ზვიად სიჭინავას ეს იდეა არ მოსწონდა და ამბობდა, რომ ამ ხალხს რეალურად არაფერი გაუკეთებიაო. ახლა კი სხვაგვარად ალაპარაკდა, ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ფედერაციის აღმასკომის შემადგენლობაში ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ინვესტორთა ფართოდ წარმოდგენაო.
მაგრამ კვარაცხელიას იდეა, “გაფილტრული” სახით, მოიწონა და აღმასკომს ე.წ “ასოცირებული წევრების“ დამატება შესთავაზა, რომლის თანახმადაც, კერძო კლუბების ხელმძღვანელებს ხმის არმქონე დამკვირვებლების როლი უნდა მინიჭებოდათ. სიჭინავამ გურამ რუხაძის („ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი), ილია კოკაიას („ზესტაფონის“ პრეზიდენტი) და ლევან ფხაკაძის („ტორპედოს“ პრეზიდენტი) კანდიდატურები წარადგინა, რაზეც აღმასკომის წევრებმა თანხმობა განაცხადეს. სფფ-ს პრეზიდენტმა თავი მოიწონა, მსგავსი პრაქტიკა უეფამ უკვე დანერგა და საკმაოდ შედეგიანადაც მუშაობსო.
რეალურად, კერძო კლუბების ხელმძღვანელებს ხმის არმქონე დამკვირვებლების როლი მიენიჭათ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, "ზესტაფონის" პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას, ჯერ ერთი, არაფერიც არ გიკითხავთ და არც თანხმობა მომიცია და მეორე - ამ ფარსში მოანწილეობაზე უარს ვამბობო. ანუ კვარაცხელიას ეს წინადადება “გალაითებული” ფორმით ჩააგდეს.
უეფას ქართველი მედია ოფიცრის მეორე წინადადება: „იმ დროს, როდესაც საქართველოს კი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მწვავე დეფიციტია, ბოლო წლებში სამარცხვინო ტენდენცია შეიმჩნევა - უამრავი სტადიონი და ბაზა გასხვისდა ან მის ადგილზე სახლების ან სხვა მომგებიანი მშენებლობა დაიწყო. ეს ტენდენცია განსაკუთრებით, “ვარდოსნების” პერიოდში დამკვიდრდა.
მარტო თბილისში 10-მდე ცნობილი საფეხბურთო სკოლა, სტადიონი და მოედანი გასხვისდა. სხვათა შორის, ერთ-ერთი მათგანში სკანდალურად ცნობილი “ცენტრ პოინტი” მონაწილეობდა. ამ სამშენებლო კომპანიამ, ფეხბურთის ფედერაცისი ძველი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის გულგრილობით ისარგებლა. მას თბილისის მერმა გიგი უგულავამ წერილობითი ფორმით მიმართა, ხომ არ იქნებოდა წინააღმდეგი, ძველი 35-ე სკოლის ტერიტორია რომ გასხვისებულიყო, და ქართული ფეხბურთის მთავარმა პირმა ამაზე გამაოგნებელი პასუხი გასცა - მას პრეტენზია არ ჰქონდა. მიხეილ მესხისა და ბევრი ცნობილი ქართველი ვარსკვლავის გამზრდელი სკოლის ტერიტორია “ცენტრ პოინტს” გადაეცა. სამშენებლო კომპანიამ იქ ჯერ საკოლმეურნეო ბაზარი მოაწყო, ხოლო მალე სახლის მშენებლობა წამოიწყო.
ამიტომ, კვარაცხელია გადაუდებელ აუცილებლობად თვლის შემდეგ ნაბიჯებს: რეგიონულმა ფეხბურთის ფედერაციებმა ყველა ქალაქში, დაბასა და სოფელში აღრიცხოს არსებული მოედნები, ბაზები და ეს სია ფეხბურთის ფედერაციასა და პარლამენტს წარედგინოს, რომ შემდეგ იქ სახლები და არასაფეხბურთო შენობები რომ არ წამოჭიმონ. მაგრამ აღმასკომზე ეს საკითხიც გაატარეს.
უეფას მედია-ოფიცერი მესამე საკითხად ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისში აფხაზეთში მოქმედი კლუბების, სოხუმის “ცხუმის”, გალის “მზიურის” და ოჩამჩირის “ამირანის” აღდგენას ასახელებდა. აღმასკომის წევრებმა, რომლებიც ყველაზე პრობლემატურ საკითხებს უნდა განიხილავდნენ, ამაზე სამსჯელოდ დრო ვერ გამონახეს?!
მეოთხე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო კლუბის მეპატრონისთვის ოპტიმალური გადასახადების დაწესებას გულისხმობდა. „იმ ხალხს, ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს დებს, დაუწესონ გარკვეული შეღავათები. სახელმწიფოს ვთხოვთ არა ფულს, არამედ, დღევანდელობის შესაბამის კანონმდებლობას, სხვაგვარად, ფეხბურთი დაიღუპება“, - აცხადებდა კვარაცხელია.
რა გადაწყდა ამ და კვარაცხელიას წამოჭრილი სხვა საკითხებთან დაკავშირებით, არაფერი იყო ცნობილი.
ამიტომ, თავად წინადადებების ავტორს დავეკითხეთ.
ზოგადად, ფეხბურთის ფედერაციის ამასკომი მორჩილი ორგანოა და მხოლოდ სფფ-ს თავკაცებისა და ხელისუფლების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თქვენს შემთხვევაში წინადადებები როგორ განიხილეს?
- ახლა უკვე იმის დრო აღარ არის, რომ პრობლემაზე თვალი დავხუჭოთ.
თქვენს წინადადებებზე ვილაპარაკოთ.
- ყრილობაზეც ვთქვი და აღმასკომსაც ეს საკითხი მივაწოდე: ადრეც სფფ-ს აღმასკომის რიგებში უნდა იყოს ყველა ის პიროვნება, ვინც ქართულ ფეხბურთში საკუთარ ფულს დებს და გუნდს აფინანსებს! ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც ამისთვის აღმასკომის წევრთა რიცხვის გაზრდა გახდეს საჭირო.
მაგრამ - არა! ასეთი ხალხი მსჯელობს და კამათობს, სხვებივით ყველაფერზე უსიტყვოდ ხელს არ წევენ და ეტყობა, ჩვენს ფეხბურთში ინერციული პროცესების შეჩერება ჯერ კიდევ ძნელია.
რომან ფიფია აღმასკომში აირჩიეს. რამდენიმე კერძო კლუბის მეპატრონე - გურამ რუხაძე, ილია კოკაია და ლევან ფხაკაძე კი, ორგანიზაციის ასოცირებულ წევრად აღიარეს...
- ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. ეს წინადადება რომელიმე დელეგატს უნდა დაეყენებინა და არა მე - სტუმრის სტატუსით მიწვეულს. მაგრამ 33 დელეგატიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯიამ წამოწია რამდენიმე საკითხი, დანარჩენებს ხმა არ ამოუღია, თითქოს საფეხბურთო მეურნეობა აწყობილი გვქონდეს. მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? ნუთუ ილია კოკაიამ, ბესო ჩიხრაძემ, გურამ რუხაძემ, ლევან ფხაკაძემ, ფრიდონ ინჯიამ, ლექსო თოფურიამ, ვახტანგ წერეთელმა, ანუ ფეხბურთის ორიოდე მეცენატმა ეს არ დაიმსახურეს?! თუ მათ ხელი აიღეს ქართული გუნდების დაფინანსებაზე, ქართული ფეხბურთი მოკვდება! უფრო სწორად, წერეთელმა უკვე თქვა, რომ ფუტსალში მსოფლიო მნიშვნელობის კლუბიდან, “იბერიადან” მიდის და ჩათვალეთ, რომ ჩვენში ფუტსალს კიდევ დიდხანს არ ეშველება, სპორტის ამ სახეობის ასეთი მოამაგე რომ დავკარგეთ. რომ ყოფილიყო იგივე “იბერიას” პრეზიდენტი აღმასკომში, ამით ქართული ფეხბურთი რას წააგებდა, თუ არ მოიგებდა?
ქუთაისის “ტორპედოს” მეპატრონემ, ლევან ფხააკძემ საფეხბურთოი სამყაროს წარუდგინა პროექტი, რომელიც ბიზნესმენებისთვის ასეთი საგადასახადო წესების შემოღებას გულისხმობს. ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო წინადადებაა, რომელიც დახვეწის შემთხვევაში, ქართულ ფეხბურთს დიდ დახმარებას გაუწევს.
ეს ხალხი ჯიბიდან იღებს ფულს და ჩვენ ხელფასებს გვაძლევს, სახელმწიფოსგან არავითარი შეღავათი არ აქვთ! რესტორნის მეპატრონე და ეს ხალხი ერთნაირად იბეგრება! და რაც ყველაზე პარადოქსულია - ისინი აღმასკომი წევრებიც არ არიან! აქეთ უნდა ვეხვეწებოდეთ, რომ შემოვიდნენ. არადა, სამი წლის წინ, როდესაც ამ საკითხზე კენჭისყრა ჩატარდა, ეს ხალხი არ აირჩიეს!
ფიფია საფრანგეთიდან ჩამოვიდა და “დინამო” დაღუპვისგან იხსნა. ეს არ არის მხოლოდ კლუბი, მთელი მეურნეობაა, სადაც 2000-მდე ადამიანია დასაქმებული - დუბლები, “დინამო-2”, ცხრა ასაკობრივი გუნდი, სტადიონი, ბაზა, ახლადდაარსებული დარასელიას სახელობის აკადემია... 2000 კაცს ხელფასს უხდის...
კოკაიამ ზესტაფონში საფეხბურთო სამოთხე მოაწყო, გუნდი ორჯერ გახადა ჩემპიონი და ბაზის გასაკეთებლად ნაგავსაყრელს არ აძლევდნენ! ჩიხრაძემ “გაგრა” გაგვიცოცხლა, უეფაზე გაიყვანა და თავად ვარ მომსწრე, როგორ ეძებდნენ უცხოეთში მცხოვრები აფხაზები ინტერნეტში “გაგრაზე” ინფორმაციებს! 20 წელია, გურამ რუხაძე ბიოტექნოლოგიის დარგში მსოფლიო მასშტაბის მეცნიერია და ფეხბურთზე ჭკუა ეკეტება: “ვიტ ჯორჯიას” პატრონობს, ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, მცხეთაში სტადიონს ინახავს. ძმებმა ფხაკაძეებმა დაშლილ ქუთაისის “ტორპედოს” საფეხბურთო სული ისევ ჩაჰბერეს. წლებია, ფრიდონ ინჯია მშობლიური მარტვილის რაიონის “მერანს” საკუთარი ხარჯით ინახავს, ლექსო თოფურიაც თბილისის “ლოკომოტივში” საინტერესო ახალგაზრდებს ზრდის, ვახტანგ წერეთელმა კი ევროფუტსალში ფურორი მოახდინა - ამათ ვკრავთ ხელს?!
აღმასკომმა რამდენიმე მათგანი ასოცირებულ წევრად ჩემი განცხადების შემდეგ გააწევრიანა. რად უნდოდა ამას ჩემი განცხადება? ეს საკითხი რომელიმე დელეგატს უნდა დაეყენებინა და არა მე - სტუმრის სტატუსით მიწვეულს, მაგრამ 33 დელეგატიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯიამ წამოსწია რამდენიმე საკითხი, დანარჩენებს ხმა არ ამოუღიათ, თითქოს საფეხბურთო მეურნეობა აწყობილი გვქონდეს. ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილი ხალხი არიან ქართული ფეხბურთის ბურჯები და ვაი, თუ რომელიმე წაიქცა!
თქვენ ოპტიმალური გადასახადები ახსენეთ...
- ყრილობა და აღმასკომი ვალდებული იყვნენ, განეხილათ ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტის ლევან ფხაკაძის წინადადება და შეექმნათ საგანგებო კომისია, რომელიც უახლეს მომავალში დახვეწს ამ დოკუმენტს და მიაწვდის პარლამენტს: ბიზნესმენს, რომელიც საფეხბურთო გუნდს (უმაღლესი, პირველი, მეორე, რეგიონული ლიგა), ბავშვთა საფეხბურთო სკოლას ანაც რეგიონულ ფედერაციას პატრონობს, დაუწესდეს სახელმწიფოსგან საგადასახადო შეღავათი შესაბამისი ნიხრით, ანაც უცხოეთში აპრობირებული მეთოდით - გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან.
ესეც ყურიდან ყურში გაატარეს...
- ამ შემთხვევაში, როგორც ვიცი, აღმასკომის დავალებით, ამ საკითხზე რომან ფიფია იმუშავებს და მან იცის რა დოკუმენტი შექმნას.
თუმცა, უყურადღებოდ დარჩა საფეხბურთო სტადიონების დაცვის თემა.
- რაც ვიცი, ამ საკითხს მაინც განიხილავენ. ფაქტია, რომ სავალალო მდგომარეობაა და სფფ-მ და რეგიონულმა ფედერაციებმა საფეხბურთო მინდვრების სასწრაფოდ უნდა აღრიცხონ, რომ მათი განადგურება ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს. უკანასკნელ წლებში, მარტო თბილისში განადგურდა სტუდქალაქის (ჯერ დიდი, შემდეგ პატარა – “ირაოს” მოედანი), ავლაბრის (ერთი დიდი, ერთი პატარა მოედანი), “ნორჩი დინამოელის” სტადიონები (3 დიდი, 3 პატარა მოედანი), ძველი 35-ე სკოლის, გლდანის, ოქროყანის მინდვრები, ფეხბურთისთვის დაიკარგა “სინათლისა” და “შევარდენის” სტადიონები, განადგურების პირასაა ვაკეში სპორტის აკადემიის მოედანი. ბათუმში ხომ სულაც კურიოზული ვითარება იყო - 2006 წლიდან იქ სტადიონი აღარ არის!
ასლან აბაშიძის წამოჭიმული უმშვენიერესი სტადიონი იმ მოტივით დაანგრიეს, თითქოს, უხარისხოდ ააშენეს – არადა, გარკვეული პერიოდი, ერთადერთი იყო საქართველოში, რომელიც უეფას მოთხოვნებს პასუხობდა. სააკაშვილი ბათუმელ გულშემატკივარს რამდენჯერმე დაპირდა, რომ სუპერსტადიონს ააშენებდა, მაგრამ რაც ააშენა - კარგად ვნახეთ. მან, უბრალოდ, ასლან აბაშიძეზე შური ამგვარადაც იძია.
ეს ოთხი-ხუთი ათასი ბავშვის უფეხბურთოდ დატოვებას უდრის. მერე გვიკვირს, რატომ გამოდიან გვყავს ამდენი ლოთი, ნარკომანი და ავადმყოფი... ამიტომ, დარჩენილი სტადიონებისა და მცირე ზომის მოედნების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაეცეს საქართველოს პარლამენტს, რათა საქართველოში აღარ განადგურდეს საფეხბურთო მინდვრები.
აფხაზეთიდან ლტოლვილი გუნდების აღდგენაზე რას იტყვით?
- ამის მოგვარება ასე წარმომიდგენია: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პარლამენტს უნდა თხოვოს სახსრები, რათა ოკუპირებული ტერიტორიების ქალაქების საფეხბურთო გუნდების აღდგეს. ქართული მოსახლეობის ხსოვნაში დავიწყებას არ მიეცეს სოხუმის “ცხუმი”, გალის “მზიური” და ოჩამჩირის “ამირანი”. წარმოშობით სამეგრელოდან ვარ, მაგრამ აფხაზეთში, ბიჭვინთაში გავიზარდე და ეს საკითხი ძალიან მაღელვებს. პარლამენტმა და მთავრობამ კეთილი ინებონ, საკითხს სერიოზულად მოეკიდონ და ამ გუნდებს დაეხმარონ.
თუ საქართველოს სახელმწიფო ამ გუნდებს მინიმალურად დააფინანსებს (მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ლიგაში), მაშინ უცხოეთში მცხოვრები, ამ რეგიონიდან წასული ბიზნესმენები აუცილებლად შეუწყობენ ხელს! რომ არა ბესო ჩიხრაძე და დიმა სანაკოევი – “გაგრა” და ცხინვალის “სპარტაკი” არავის ეხსომებოდა... კვიპროსელებმა ჩვენსავით კი არ ჩამოუშვეს ცხვირი - ოკუპირებული ფამაგუსტას “ანორთოსისი” ლარნაკაში აღადგინეს და მის სახელს უფრთხილდებიან! მას სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ინახავს და არა კვიპროსელი ბესო ჩიხრაძე! ფამაგუსტელებს წელიწადში სამ მილიონ დოლარს ურიცხავენ. აი, ესაა პატრიოტი ერი!