შესაძლებელია, რომ პრობლემური ქვეყანა ერთ წელიწადში დადგეს ფეხზე?

შესაძლებელია, რომ პრობლემური ქვეყანა ერთ წელიწადში დადგეს ფეხზე?

დიახ, ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც, როგორც ჩანს, პრემიერმინისტრის პოსტი დროებით სამუშაოდ მიაჩნია. სანამ გასული წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოვიდოდა, და მას შემდეგაც, ის მუდმივად იმეორებს, რომ თანამდებობაზე დიდხანს არ დარჩება. და აი, ახლახან, EUobserver-თან ინტერვიუში, მან გადადგომის კონკრეტული ვადა დაასახელა – მას გადაწყვეტილი აქვს, ყველა დანაპირები შეასრულოს და ახალ წლამდე წავიდეს.


ადრე წასვლის სტრატეგია, ალბათ, ივანიშვილმა იმისთვის აირჩია, რომ აჩვენოს – ძალაუფლება მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს და არ აპირებს მას ჩაეჭიდოს, როგორც ამას ზოგიერთი მისი წინამორბედი აკეთებდა. ეს შეიძლება კარგი მაგალითი იყოს ქართველი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი შემდეგი საკითხია – შეძლებს კი ის დანაპირების შესრულებას?


მოსაგვარებელი პრობლემების უზარმაზარ სიაში შედის ელიტური კორუფციის აღმოფხვრა, ეკონომიკის გაჯანსაღება, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და, სხვათა შორის, ნატოში ინტეგრაციაც.


გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების კამპანიისას, ივანიშვილის კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს სთხოვა, მილიარდერისთვის თავიანთი ოცნებების ნუსხა გადაეცათ, მაშინ ეს, ალბათ, ეფექტური საარჩევნო ტაქტიკა იყო, თუმცა ახლა შეიძლება ნაწილობრივ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებისთვის ელვარება რამდენადმე დაკარგა.


გამოკითხვები აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილები ქართველებისთვის ყველაზე დიდ პრობლემად რჩება, ეკონომიკა კი, სამთავრობო მონაცემების თანახმად, იმ სფეროდ, სადაც ივანიშვილის კაბინეტმა ოცნებები ვერ აახდინა.


საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ექვს თვეში ეკონომიკური ზრდა 0.8 პროცენტით შენელდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხოლო დარეგისტრირებული ბიზნესსაწარმოების რაოდენობა 17 პროცენტით შემცირდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, უმუშევრობა ისევ 15 პროცენტია, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი უმუშევარია. დასაქმებულების საშუალო შემოსავალი თვეში კი სულ $433.76-ის ეკვივალენტია ლარებში.
თავის მიღწევებს შორის ივანიშვილი ასახელებს იმას, რომ მთავრობა ნაკლებად ერევა მედიის საქმიანობაში (თუმცა მისი ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე, ქვეყნის ერთ-ერთი ნაციონალური მაუწყებლის, ტვ 9-ის თანამფლობელია), წამების აღმოფხვრას ციხეებში და რუსეთის გადაწყვეტილებას ქართულ ღვინოზე, წყალსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ემბარგოს მოხსნის შესახებ. მისი მთავრობის კიდევ ერთ ნაბიჯს ზოგი მიესალმა, ზოგი კი აკრიტიკებს – ციხიდან გაათავისუფლეს ბევრი პატიმარი და მათ ადგილას ყოფილი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩასვეს.
მაგრამ თუ ივანიშვილი თანამდებობას მანამდე დატოვებს, სანამ ქართველებს მის წინააღმდეგ გაღიზიანება დაუგროვდებათ (რაც მოხდა წინა ლიდერებთან დაკავშირებით), არსად ჩანს სხვა პოლიტიკური მესია, რომელსაც ისინი თავიანთ უზარმაზარ იმედებს დაუკავშირებდნენ. ივანიშვილმა საქართველოს შემდეგი პრეზიდენტის თანამდებობაზე, თავისი განათლების თვითდაჯერებული მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი წამოაყენა. პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდმა ამისთვის გადანახული საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე დაასახელა –საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი იმ არამრავალრიცხოვან მაღალი რანგის წევრებს შორის, რომელიც არც ციხეში ზის, არც სამართლებრივ დევნას ელის და არც რეპუტაცია აქვს ბოლომდე შელახული.


მაგრამ საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, შემდეგი პრეზიდენტი პრემიერმინისტრს უთმობს პირველი ვიოლინოს პოზიციას. ახალი მესიის, პრემიერმინისტრის გამოჩენამდე კი სულ 5 თვე რჩება, რადგან ის მანამდე უნდა გამოჩნდეს, ვიდრე ამჟამინდელი პრემიერმინისტრი წავა.

foreignpress.ge