გერგეთისკენ მიმავალ გზაზე არსებული ტრავერტინების ველის დაზიანებამ ერთი დადებითი შედეგი მაინც გამოიღო - ამიერიდან უნიკალური, იშვიათი წარმონაქმნის ბუნების ძეგლები სპეციალური კანონის დაცვის ქვეშ ექცევა. კერძოდ, დასაცავთა სიაში იმ ბუნების ძეგლებს შეიტანენ, რომლებიც საბჭოთა პერიოდშიც დაცული იყო. თუმცა მოხდება ამ ჩამონათვალის გაფართოება და, საერთო ჯამში, დაახლოებით ასამდე ობიექტის ბუნების ძეგლად გამოცხადება იგეგმება.
„ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების სივრცეში ამ ეტაპზე 16-მდე ბუნების ძეგლი შევა, მათ შორის, სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი – ბალდის კანიონი, ინიორეს ჩანჩქერი და ტობას პირველი მღვიმე, ტობას ჩანჩქერი და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლი, ასევე, - მოთენას მღვიმე, ჯორწყუს მღვიმე, ოჩხომურის ჩანჩქერი, ნაზოდელაოს მღვიმე, მდინარე აბაშის ჩანჩქერი და გოჭკადილის კანიონი.
აღნიშნული კანონის დაცვის ქვეშ ხვდება, ასევე, გოდერძის ნამარხი ტყე, დაშბაშის კანიონი, სამშვილდის კანიონი, მუხურას ჩანჩქერი, ბოდორნის კლდის სვეტები, ჯვრის უღელტეხილის ტრავენტინი და ქეთერისის მინერალური ვოლკუზის ბუნების ძეგლი.
კანონპროექტით დგინდება აღნიშნული ბუნების ძეგლების ფართობი და საზღვრები. გარდა ამისა, განსაზღვრულია მის ფარგლებში არსებული მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსის მოვლა, დაცვა და აღდგენა. თუ ბუნების ძეგლის განადგურება მაინც მოხდება, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან შესაბამისი სანქცია დაეკისრება.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა მოამზადა და იგი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.
„CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების” კოორდინატორი რევაზ გეთიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადრე უნიკალური წარმონაქმნის ბუნების ძეგლები წითელ წიგნში იყო შეტანილი და მათზე დაცვითი რეჟიმი ვრცელდებოდა. მას შემდეგ, რაც წითელი წიგნი გაუქმდა, ხელახლა უნდა მომხდარიყო ამ ძეგლების ინვენტარიზაცია და ისინი ისევ შესაბამის კანონს უნდა დაეცვა, თუმცა დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ დღეს უკვე შესასწავლია, რა მდგომარეობაში არიან ბუნების ეს ძეგლები და ბუნების კიდევ რომელი ახალი ძეგლის დამატება იქნება შესაძლებელი. მით უფრო, რომ ხშირად ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი სოფლის სიახლოვეს არის უნიკალური ძეგლები და მოსახლეობას აქვს სურვილი, ასეთი ტერიტორია დაცულ იყოს.
მთლიანობაში, კავკასიაში ძალიან ბევრია ასეთი ტიპის ძეგლები, რადგან ჩვენი ლანდშაფტი მრავალფეროვანია და ეს მრავალფეროვნება იძლევა ბუნების საინტერესო გადაწყვეტებს.
თუ რა კრიტერიუმით ენიჭება ამა თუ იმ ტერიტორიას ბუნების ძეგლის სტატუსი, ამის შესახებ რეზო გეთიაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი კრიტერიუმი მის უნიკალურობაშია. მაგალითად, დარიალის ხეობაში არსებული ტრავერტინების ანალოგია მთლიანად საქართველოში და კავკასიაშიც საკმაოდ ბევრია და ტურისტების ყურადღებასაც იპყრობს. თუმცა თრუსოს ტრავერტინები უფრო მეტად უნიკალურია, რადგან ვიზუალურადაც სხვანაირია და შედარებით იშვიათია.
„ხშირად გვაქვს ისეთი შემთხვევაც, როცა ადამიანის ზემოქმედება ბუნებასთან არის შეზრდილი და ესეც გვაძლევს საინტერესო წარმონაქმნებს. მაგალითად, იმავე თრუსოს ხეობაში არის მიტოვებული სოფელი და მწყემსების მონაყოლით ვიცი, რომ იქ ძველი, მიტოვებული წყლის წისქვილებია, რომლებიც მოწყობილია მინერალურ წლებზე. ათეულობით წლის განმავლობაში ამ წისქვილებზე ტრავერტინების დალექვა მოხდა და უკვე თვითონ წისქვილები გადაიქცა ბუნებრივ სინთეზურ ტრავერტინებად, რომელიც ძალიან ლამაზია და მსოფლიოში ასეთი რამის ნახვა შეუძლებელია“, - აღნიშნა რეზო გეთიაშვილმა.
მისივე თქმით, იმდენად მომხიბვლელია ეს ძეგლები, რომ მათი ჩამოტეხვა და დაზიანებაც ხდება. ამის ცნობილი მაგალითი იყო სათაფლიაში დინოზავრის ნაკვალევი და მღვიმეები, ასევე, გაქვავებული ტყეები, რომლებსაც შემდეგ უკვე ტურისტები სუვენირებად ამტვრევდნენ და მიჰქონდათ. სამწუხაროდ, ადამიანი კანონს უფრო ემორჩილება, ვიდრე მორალურ პრინციპებს. მსოფლიოში კი ბუნების ძეგლები საგამომცემლო ბიზნესის ერთ-ერთი წყაროა და მათ შესახებ მაღალი დონის პოლიგრაფიული გამოცემები არსებობს.
ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ, გარკვეულწილად, ბუნებრივი ძეგლები ყოველთვის იყო იმ ორგანოების თვალთახედვაში, ვინც გასცემდა ლიცენზიას. წიაღის შესახებ კანონშიც წერია ამგვარი რამ, რომ ეს ტერიტორიები დაცული უნდა ყოფილიყო და, თუ წიაღის მოსარგებლე მსგავს რამეს აღმოაჩენდა, შესაბამისი სტრუქტურისთვის უნდა ეცნობებინა. თუმცა ტრავერტინი, რომელიც ახლახანს დაზიანდა, საბჭოთა პერიოდშიც კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ბუნების ძეგლთა სიაში არასოდეს ყოფილა შეტანილი. უბრალოდ, ინჟინრებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მისი ხელის ხლება არ შეიძლებოდა.
„იმედია, ბუნების ძეგლთა აღნიშნული სია ნელ-ნელა შეივსება და სპეციალური კომისია ამაზე იმუშავებს. კონკრეტული კრიტერიუმი, რომლითაც ბუნების ძეგლთა შერჩევა მოხდება, არ არსებობს. უბრალოდ, გააჩნია, თითოეულ ქვეყანას რა უღირს კრიტერიუმად. საქართველოში ასეთი ადგილი ბევრია, ხოლო ტრავერტინები ყოველთვის მთელ მსოფლიოში ითვლებოდა უნიკალურ გამოვლინებად, ისევე, როგორც სტალაგმიტები და სტალაქტიდები“,-აცხადებს ნინო ჩხობაძე.
მისი თქმით, ბუნების ეს ძეგლები, ფაქტობრივად, ხელუხლებლადაა შენარჩუნებული, რადგან ეს ადგილები არ იყო ადვილად მისავალი და, როგორც წესი, გზა მათკენ არ მიდიოდა.