საბანკო სესხებმა ძველებური ხიბლი ვერ დაიბრუნეს

საბანკო სესხებმა ძველებური ხიბლი ვერ დაიბრუნეს

საბანკო სექტორში კრედიტებზე განაკვეთების შემცირებას მოთხოვნის მკვეთრი ზრდა არ გამოუწვევია. სესხების მიმართ ძველებურად არც ფიზიკური და არც იურიდიული პირები აღარ აქტიურობენ.

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, სესხებზე განაკვეთები წლის დასაწყისიდან, საცალო ბაზარზე ლარში 2,7%-ით, 24%-მდეა შემცირებული, უცხოურ ვალუტაში 2,8%-ით - 16,5%-მდე.

ბიზნესის მხრივ ისევ და ისევ აქტიურია სავაჭრო სფერო.  იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში, ვაჭრობის სექტორის ხვედრითი წილი 46,7%-ით განისაზღვრება.

სებ-ის ცნობით, ვაჭრობის დაკრედიტების მოცულობა, პირველი ივლისისთვის 2,2 მლრდ ლარია. საანგარიშო პერიოდისთვის, 954.4 მლნ ლარია მრეწველობაზე გაცემული სესხების მოცულობა და იურიდიული პირების ჯამურ პორტფელში 19,8%-ს შეადგენს.

იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 75,9% მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. სულ, კორპორაციული სესხების პორტფელი 4,8 მლრდ ლარია.

საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიმართ ექსპერტთა ერთი ნაწილი უფრო კრიტიკულია. ისინი თვლიან, რომ რეალურად საპროცენტო განაკვეთების ცვლილება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა საპროცენტო განაკვეთების შემცირების რეალურ საფუძველს ვერ ხედავს. მისი შეფასებით, რეალური სასესხო საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ნომინალურთან შედარებით, შესაძლებელია, როდესაც საქართველოში გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებელი.

„სანამ არის დეფლაცია, მოსახლეობაზე სავალო წნეხი იზრდება, ანუ რეალური საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე გადახდა უჭირთ. კომერციული ბანკები აცხადებენ, რომ საპროცენტო განაკვეთებს, მხოლოდ ნომინალურს, ამცირებენ, რეალურად კი მაღალი საპროცენტო განაკვეთები რჩება. ამდენად, საუბარი, რომ საკრედიტო განაკვეთები შემცირდება, საფუძველს მოკლებულია“, -აცხადებს ელიავა.

მისივე შეფასებით, დეფლაცია თუ გაგრძელდება თვეების განმავლობაში და გაღრმავდება, კომერციული ბანკები ოდნავ დასწევენ განაკვეთებს, მაგრამ ეს არ იქნება შედეგის მომტანი და ვერ იგრძნობს მოსახლეობა.

„ნომინალური საპროცენტო განაკვეთების შემცირება არ ნიშნავს რეალური საპროცენტო განაკვეთის კლებას. ცალკე თემაა ისიც, რომ მოსახლეობა არ ჩქარობს ბანკებში ფულის მიტანას, დეპოზიტების ზრდის ტენდენციაც არის ძალიან მდორე. ამ და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინი, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, არ მაქვს. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა“, - აღნიშნავს ლია ელიავა პრესასთან საუბარში.

სპეციალისტები ცალსახად თანხმდებიან, რომ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება მიბმულია ქვეყნის მაკროეკონომიკასთან და ის მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები ვერ იქნება იმაზე უფრო დაბალი, ვიდრე ქვეყნის წლიური ინფლაციაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპოზიტარის სარგებელი უარყოფითი იქნება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებლით მსოფლიოს ქვეყნების პირველ ათეულშია.