საქართველო ეგვიპტელი კოპტების თავშესაფრად იქცა

საქართველო ეგვიპტელი კოპტების თავშესაფრად იქცა

საქართველო ქრისტიანი კოპტებისთვის აქტუალური ქვეყანა გახდა. „სირიელი და ეგვიპტელი ქრისტიანები თავშესაფარს კავკასიაში ეძიებენ“, - სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა GlobalPost-ი ნიკოლას კლეიტონის სტატიას.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველო და სომხეთი იმ კოპტების თავშესაფრად იქცა, რომლებიც სამშობლოში ძალადობასა და დისკრიმინაციას გაურბიან. კერძოდ, ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გადაყენებიდან ორი წლის შემდეგ, ეგვიპტელი კოპტები რთული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ ან უნდა დატოვონ ეგვიპტე, ან დარჩნენ და იცხოვრონ დისკრიმინაციისა და ძალადობის რისკის ქვეშ, რამდენადაც ქვეყანაში რელიგიური დაძაბულობა მატულობს.

იმის გამო, რომ ეგვიპტეში რთულია აშშ-ისა და ევროპის ვიზის მიღება, კოპტებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლეს. „ჩვენ არ აგვირჩევია საქართველო, საქართველომ აგვირჩია ჩვენ“, - ციტირებს სტატიის ავტორი 50 წლის ეგვიპტელი ვინმე ადელის სიტყვებს, რომლის თანახმადაც, ეგვიპტელებმა არაფერი იცოდნენ პატარა, გაჭირვებული ქვეყნის - საქართველოს შესახებ, ვიდრე ეგვიპტის ხელისუფლებაში „მუსლიმთა საძმო“ არ მივიდა.

მართლაც, საქართველომ წელს ეგვიპტელებისთვის 2 ათასამდე ვიზა გასცა და თითქმის ყველა მათგანი კოპტელი ქრისტიანია. გასულ წელს კი, „ევრაზიანეტის“ ინფორმაციით, გაცემული ვიზების რიცხვი 222 იყო. საქართველოში ამ დროისთვის 2 500 ეგვიპტელი ცხოვრობს. სომხეთის მთავრობის განცხადებით კი, მათ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი 7 ათასმა სირიელმა სომეხმა გამოთქვა.

სტატიის ავტორი, ასევე, ციტირებს კიდევ ერთი ეგვიპტელის - აჰმედის სიტყვებს, რომელიც საქართველოში იანვარში ჩამოვიდა და მცირე ტიპის სასტუმრო გახსნა. თუმცა, 39 წლის აჰმედი აცხადებს, რომ, როგორც კი სასტუმროში ჩადებულ თანხას ამოიღებს, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდება, რადგან, მართალია, საქართველო მშვენიერი ქვეყანაა მშვენიერი ხალხით, მაგრამ არახელსაყრელია ბიზნესისთვის და მუდმივი საცხოვრებლისთვის.

სტატიის ავტორი აფხაზეთსაც ახსენებს. მისი თქმით, შუა აღმოსავლეთიდან წამოსული იმიგრანტებისთვის მომხიბვლელია საქართველოს სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთიც, საიდანაც 1993-94 წლების ომის შემდეგ 200 ათასი ქართველია იძულებით გადაადგილებული.

მართლაც, ქრისტიანი კოპტებისთვის ეგვიპტესა და სირიაში ცხოვრება გაუსაძლისია. ადგილობრივი ქრისტიანები ყვებიან, თუ როგორ დაუჩეხეს ერთ-ერთ მათგანს მუსლიმანებმა დანით სახე მხოლოდ იმის გამო, რომ ქრისტიანი იყო. მსგავსი შემთხვევების სტატისტიკა კი, ეგვიპტური რევოლუციის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. ისიც ცნობილია, რომ მუსლიმანების 4000-კაციანი ჯგუფი ეგვიპტის ერთ-ერთ სოფელში კოპტების სახლებს თავს დაესხა. თავდამსხმელებმა სოფელში ეკლესია დაწვეს, ხოლო პასტორი და სამი დიაკვანი გაიტაცეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 85 მილიონი მოსახლეობით დასახლებულ ეგვიპტეში 10% ქრისტიანია, ცხადი ხდება, რომ ლტოლვილთა ნაკადი არცთუ ისე მცირერიცხოვანი იქნება. ამდენად, საინტერესოა, როგორი უნდა იყოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკა კოპტი ქრისტიანების მიღების თვალსაზრისით. ამის შესახებ დემოგრაფებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

დემოგრაფი, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ, ბუნებრივია, ეგვიპტის უძველესი მოსახლეობა - ქრისტიანი კოპტების სახით ხშირად განიცდის შევიწროებას ეგვიპტეში. თუმცა აზიის სხვა ქვეყნებშიც, სადაც ძირითადი აღმსარებლობა მაჰმადიანობაა, გარკვეულწილად, შევიწროებას განიცდიან სხვა ქრისტიანებიც. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ სადაც ქრისტიანს გამოდევნიან, ყველამ აზიის თუ აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოში მოიყაროს თავი.

დემოგრაფის აზრით, 2000 კოპიტის ჩამოსვლა ძალიან დიდი რაოდენობაა ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის. მით უმეტეს, როცა მიწები გაიყიდა და კახეთში თუ სხვა სოფლებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ინდოელს, პაკისტანელს, ჩინელს. ამიტომ დემოგრაფიული თვალსაზრისით, საშიში ტენდენციაა, რომ 2 ათასი ვიზა გაიცა მათ ჩამოსაყვანად.

„სხვა არის, როცა თითო-ოროლა კაცი თავშესაფარს გვთხოვს, ასეთი რამ ყოველთვის მოხდება და ჩვენც, ალბათ, უარს ვერ ვეტყვით, მაგრამ 2 ათასის ჩამოსახლება პატარა საქართველოში? თანაც, ასეთი პროცესები ხან ერთი ქვეყნიდან გამოჩნდება, ხან მეორიდან. კიდევ კარგი, ახლა მორატორიუმია გამოცხადებული და ცოტათი შეჩერდა ეს პროცესი, თორემ ჩვენთან უცხოელები ვიზის გარეშე შემოდიოდნენ. ისე მოშალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პირადად პრეზიდენტმა იმიგრაციული პოლიტიკა, რომ, როგორც არ უნდა მოვუაროთ ამ საკითხს, პრობლემა მაინც რჩება. თუმცა ასე ხელაღებითაც არ შეიძლება, რომ უცბად გამოვაცხადოთ, აღარავის ვუშვებთ საქართველოში. ეს ადამიანები მაინცდამაინც საქართველოში იმიტომ მოიწევენ, რომ სააკაშვილმა აბსოლუტურად უარყო ყოველგვარი ეროვნული. როგორ გგონიათ, სხვა ქვეყნებში ასე ხელაღებით მიიღებდნენ უცხო ხალხს?!“ - აცხადებს ანზორ თოთაძე.

მისი თქმით, მცირემიწიან ქვეყანაში ასეთი რამ დაუშვებელია და, თუ ასე გაგრძლდება, ჩვენს მიწებს სხვები დაეპატრონებიან და ქართული სოფელი აღარ დარჩება. ხოლო, თუ ქართული სოფელი არ იქნება, ქართული სულიც არ იქნება და საქართველო აღარ იარსებებს.

„ტიტულოვანი ერი, რომელმაც სახელწოდება მისცა თავის ქვეყანას, უნდა შენარჩუნდეს და ის უნდა იყოს მთავარი. ამას ყველა ერი აღიარებს“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.

დემოგრაფ, პროფესორ ანზორ სახვაძის თქმით, თავისთავად, 2 ათასი კოპტის შემოშვება, ჩვენი დემოგრაფიული პრობლემების მიუხედავად, საშიში არ უნდა იყოს. თუკი მათ პრობლემები აქვთ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, დასაშვებია, საქართველომ ისინი დროებით შეიფაროს. დემოგრაფი დარწმუნებულია, რომ, როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ბევრი მათგანი, ალბათ, ისევ სამშობლოში დაბრუნდება. ანზორ სახვაძეს ამის პრეცედენტიც ახსენდება. კერძოდ, საქართველომ თავის დროზე ჩეჩნეთიდან დევნილები მიიღო, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ უკან დაბრუნდა და ეს საფრთხეს არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის.

ამიტომ დემოგრაფის თქმით, კოპტების შემთხვევაშიც, შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მათ ქვეყნაში მოვლენები.

„ჯერჯერობით, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ კოპტები საქართველოში მუდმივად დამკვიდრებას აპირებენ. მოგეხსენებათ, ამ დღეებში რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი მონაწილეობდა, მათ შორის, საქართველოს პატრიარქიც. იქ დეკლარაციაც მიიღეს იმის შესახებ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იზღუდება მართლმადიდებლების უფლებები, მათ შორის, ეგვიპტეშიც, საიდანაც არიან კოპტები წამოსულები და სწორედ ეს არის რელიგიური დაპირისპირების შედეგი. ამიტომ მათ მიიღეს მიმართვა, შეწყდეს დაპირისპირება და ყველა მართლმადიდებელს მიეცეს თავის ქვეყნაში ნორმალურად ცხოვრების საშუალება,“ - აღნიშნა ანზორ სახვაძემ.

ამასთან, დემოგრაფი აცხადებს, რომ დაახლოებით, 10 მილიონამდე კოპტი შეიძლება იყოს ეგვიპტეში, რაც მთელი მოსახლეობის 10%-მდეა. მაინცდამაინც საქართველო კი იმიტომ შეარჩიეს, რომ ჩვენი ძველი ხელისუფლება ძალიან აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა უცხოელების მიღების თვალსაზრისით და აქვეყნებდა რეიტინგს საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ.

ანზორ სახვაძეს ისიც ახსენდება, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ქალაქის მერმა განაცხადა, როდესაც ეგვიპტეში შეიქმნა რთული პოლიტიკური სიტუაცია, ძალიან აქტიური ღონისძიებები გავატარეთ იმისთვის, რომ ინვესტიციები, რომლებიც ეგვიპტეში უნდა წასულიყო, და პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად არ წავიდა, საქართველოსკენ მოგვეზიდა.

დემოგრაფის თქმით, ეგვიპტეში კოპტები შეძლებულ ხალხად ითვლება. კერძოდ, ისინი გარკვეულ ფინანსურ ჯგუფებს წარმოადგენენ. შესაძლოა, პოლიტიკაში ჩართულები იმდენად არ არიან, მაგრამ ეკონომიკაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ამიტომ, როცა ისინი ჩამოდიან საქართველოში, ინვესტიციებიც ჩამოქვთ. შესაძლოა, ეს ინვესტიციები არცთუ ისე დიდია, მაგრამ თავდაპირველად მცირე ბიზნესში იკიდებენ ფეხს და, იმის მიხედვით, როგორ წაუვათ საქმე, ზოგმა, შესაძლოა, აქ დარჩენა ამჯობინოს, ზოგი კი სამშობლოში დაბრუნდეს.