„პატრიოტთა ალიანსი“ მთავრი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომას და სასამართლო ხელისუფლებიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჩამოცილებას მოითხოვს. „პატრიოტთა ალიანსი“ ამ მოთხოვნით 11 აგვისტოს მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავს. სოსო მანჯავიძე განმარტავს, რომ აქციის გამართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია უდანაშაულოდ ცნო რამდენიმე ეპიზოდში.
„ეს მარაზმი, რასაც ჰქვია კოაბიტაცია, უნდა დამთავრდეს. ის ადამიანები, რომლებიც ამ შეთქმულებაში მონაწილეობენ, უნდა გათავისუფლდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და აქციები სწორედ მათ წინააღმდეგ დაიწყება. ვურჩევ პრემიერს, გაითვალისწინონ ის, რომ მათი მოქმედებები უკვე აღარ ატარებს იმ ხასიათს, რომელსაც ადამიანები მოითმენენ“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
გენერალური პროკური არ იზიარებს იმ ბარლდებას, რომ პროკურატურის პოზიცია იყო სუსტი და არაარგუმენტირებული. არჩილ კბილაშვილმა სხვა გახმაურებული საქმეებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, რომ უახლოეს დროში სანდრო გირგვლიანის საქმეზე სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს; კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება გონივრულ ვადაში აუცილებლად გაიხსნება. რაც შეეხება ბუტა რობაქიძის საქმეს, როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, გამოძიება სხვა პირთა დადგენის მიზნით გრძელდება.
გენერალურ პროკურორს გადაგომისკენ მოუწოდებს იურისტი ლია მუხაშავრია. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ეს იქნება ყველაზე უკეთესი გადაწყვეტილება, რაც კი შეუძლია მან მიიღოს.
არჩილ კბილაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მყარი მტკიცებულებები ახალაიას წინააღმდეგ ვერ დადო ბრალდების მხარემ...
ლია მუხაშავრია: ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ არასწორი პოზიცია უკავია გენერალურ პროკურორს. იმის ნაცვლად, რომ აღიაროს, ეს საქმე სათანადოდ არ იყო გამოძიებული და ამის ბრალია ის, გადაწყვეტილებაც რომელიც მიიღო სასამართლომ. კბილაშვილი კი იცავს მუნდირის ღირსებას, რაც არაა გამართლებული. როცა აპელაციაშიც ძალაში დარჩება ეს გადაწყვეტილება, მერე ხომ ვერაფერს იტყვის დამდგარ განაჩენზე? პროკურატურა, რომ ვერ მუშაობს, ეს ხომ ცხადია?! რატომ სჭირდება მას დაიცვას იმ თანამშრომლების ღირსება, რომლებსაც ღირსება თვითონ არა აქვთ? - ეს ჩემთვის გაუგებარია. ძალიან საშიში პროცესები მიდის, როდესაც ასე ღიად აფარებენ ხელს სასამართლოს დაგაწყვეტილებას მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.
ახალაია ბრალდებულია კიდევ ორ საქმეში. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ საქმეებში გაცილებით სუსტია პროკურატურის არგუმენტები. ამასთან, ძალიან საინტერესო და ასევე საეჭვოც არის ის ფაქტი, რომ მის კორუფციულ დანაშაულზე არ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოაბიტაციის შედეგია ეს ყველაფერი?
- კობიტაცია კრიმინალთან, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, არსად არაა შესაძლებელი და არც საქართველოში. ამიტომ, კოაბიტაციას ნუ დავაბრალებთ იმას, რომ პროკურატურამ სათანადოდ ვერ გაამყარა მტკიცებულება და ისე წაიღო სასამართლოში საქმე. სასამართლო, რომელიც ახლა ცდილობს, რომ სიტუაციას მოერგოს, ბუნებრივია, მოსამართლე ასე ხელაღებით ვერ გამოიტანდა გამამართლებელ განაჩენს, რომ არ ჰქონდეს რაღაცის იმედი, გარდა საქმისა. გაცილებით ღრმა პრობლემები გვახვევია თავს, ვიდრე ეს არის მარტო ახალაიას გამართლება, ან კბილაშვილის კომენტარი. აქ გაცილებით რთულადაა საქმე - როდესაც ხელისუფლების შტოები ასე არიან ერთმანეთთან დაპირისპირებაში, ეს ანგრევს სახელმწიფოს. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ დაანგრიონ სახელმწიფო და ეს არის სახიფათო.
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში. არსებობს გარანტია იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ახალაიას ბრალეულობა დაამტკიცებს...
- მე არ მაქვს ამის იმედი. იმიტომ, რომ პროკურატურას რა მტკიცებულებაც ჰქონდა, უკვე წარადგინა და ახალს ვერ წარადგენს აპელაციაში. თუ აპელაცია ამ საქმის გარემოებებს გადასინჯავს და იტყვის, რომ უნდა გამტყუნდეს ახალაიაც და სხვებიც, მაშინ გამოვა, რომ ეს იქნება პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.
კბილაშვილის მიმართ ბრალდებები არის საკმაოდ ბევრი, მათ შორის ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახი უყენებს ბრალდებას, რომ საქმეზე ძიებაც კი არაა დაწყებული. მაგრამ კბილაშვილი ამბობს, რომ გონივრულ ვადაში ეს საქმე გაიხსება. მათ შორის აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, უახლოეს დროში სანდრო გირგვლიანის საქმეზე სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამ საქმეების წამოწევით, კბილაშვილი ცდილობს თუ არა ამ მდგომარეობიდან გამოსვლას?
- ვაზაგაშვილის საქმეს არავითარი გონივრული ვადა არ სჭირდება. იმიტომ, რომ ეს ოპერაცია განხორციელდა პოლიციის მიერ და ყველა პოლიციელი ვინც იქ იარაღი გამოიყენა, ატარებდა ტაბელურ იარაღს, რომელიც არის აღრიცხვაზე რეგისტრირებული. თითოეული ტყვია რომელიც ამ იარაღიდან იქნა გასროლილი, ძალიან მარტივად შეიძლება დადგინდეს ვის ეჭირა ხელში. ძალიან მარტივია იდენტიფიცირება პირებისა, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინეს და გონივრული ვადა თუ არაა 9 თვე, მაშინ მე არ ვიცი გონივრული რა არის საერთოდ.
ნუ დაგვავიწყდება, რომ პარლამენტმა 215 კაცი აღიარა პოლიტიკური ნიშნით დევნილად. ვინ გაასამართლა ეს ხალხი, ვინ მოამზადა მათი სისხლის სამართლის საქმე, ეს ხომ წერია ქაღალდებში, ამას ხომ არ უნდა ძებნა და იდენტიფიცირება, არც ერთ საქმეზე მსვლელობა არ ყოფილა და არაა გამოძიებული. კიდევ რაღა უნდა მოვიფიქროთ იმისთვის, რომ დავიტოვოთ კბილაშვილი იმ ადგილზე, რომელზედაც ის თავის მოვალეობას ჩვენდა სამწუხაროდ თავს ვერ ართმევს. ჩამდგარია ახლა თავდაცვის პოზიციაში და გვარწმუნებს, რომ გონივრულია. გარწმუნებთ, რომ გონივრული ვადის ყველა პირობა ამოწურულია.
რაც შეეხება რობაქიძის საქმეს, პროკურატურის უსუსურობა აქაც იკვეთება...
- გეთანხმებით. რობაქიძის საქმეში ძალიან კარგად არის გარკვეული ვინ რა როლი შეასრულა. ამას უნდოდა მხოლოდ დაკითხვების ჩატარება და კვალიფიკაციის მიცემა. ყველაფერი ვიდეოზეა, ეს დაჭრილია თუ დაჩეხილი, გამოძიება იმისთვის არსებობს, რომ სრულიად უკაცრიელ ადგილზე რომ მოკლავენ ადამიანს, ის უნდა გამოიძიოს. ქალაქის ცენტრში, ვიდეოკამერების თვალწინ მომხდარი მკვლელობის გამოძიება თუ არ შეუძლია პროკურატურას, აბა რას აკეთებს?! გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და გამოძიონ ეს საქმეები, დამნაშავეები დასაჯონ.
თუ დავდგებით და ვიძახებთ, რომ მართალია ყველა და ყველაფერს დრო სჭირდება, ამასობაში მეტი დრო გავა, მეტი შანსი დაიკარგება და უფრო ღრმა კრიზისში შევალთ, საიდანაც გამოსვლა უკვე შეუძლებელი იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე მთავარ პროკურატურას ურჩევს, პროკურორები, რომლებსაც სასამართლო პროცესებზე ბრალდების არგუმენტების დაცვა უჭირთ, საქმიანობას ჩამოაშოროს. ეს არის არგუმენტი იმისა, რომ ბრალდება ყველა საქმეში არის სუსტი?
- სხათა შორის, გონივრული ვადები გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ამას ვუკიჟინებთ პროკურატურას, მაგრამ იქ არსებითად ამ კუთხით არაფერი იცვლება. კბილაშვილს ვურჩევდი გამოიძიოს რატომ იყო ახალაიას საქმე ასეთი არადამაჯერებელი, გაარკვიოს პროკურორის როლი და ფუნქცია ამ საქმეზე, ვინც ზედამხედველობას ახორციელებდა, ვინც ბრალდებას უჭერდა მხარს ამ პროცესზე, მისცეს ეს ხალხი პასუხისგებაში და გადადგეს. ეს იქნება ყველაზე უკეთესი გადაწყვეტილება, რაც კი შეუძლია მას მიიღოს. გადაარჩინოს საკუთარი და პროკურატურის რეპუტაცია და რაღაცნაირი შანსი დატოვოს, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს უკეთესობისკენ.