კობა დავითაშვილის მიერ უმცირესობის დატოვებას არაეთიკურს უწოდებენ კოალიციის წევრები. თავად დავითაშვილი იმ მიზეზებს ასახელებს, რატომაც უმრავლესობა დატოვა. ეს არის შრომის კოდექსი, სურსათის უვნებლობის კანონი და იპოთეკარებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.
„ხალხის პარტიის“ ლიდერი მემარცხენე ოპოზიციურ ფლანგში გეგმავს ყოფნას და საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსტრუქციულ ოპონირებას აპირებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ფუნქციებს ვერ ასრულებს, მას ამის რესურსი არ აქვს. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არ შეიძლება იყოს. ჩემი მთავარი ამოცანაა, საპარლამენტო ტრიბუნა კონსტრუქციული ოპონირებისთვის გამოვიყენო. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ უნდა გადაისინჯოს ის კურსი, რაც ხელისუფლებას აქვს აღებული და რომელიც თვალის დახუჭვას და კოაბიტაციას გულისხმობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილი უკმაყოფილოა სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელზეც გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი ახალაიას და მისი თანამზრახველების მიმართ. ასევე ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული კომენტარები, რომელთა განცხადებით ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის დადასტურება.
„მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ახალაიას გამართლების დემოკრატიის გამარჯვებად გამოცხადება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არაა დემოკრატიის ზეიმი. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც შევასრულეთ. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხის, ვინც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას. ხელისუფლების მხრიდან დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს ხვალ მოჰყვება მერაბიშვილის გამართლება და სხვათა „უმანკო კრავებად“ გამოცხადება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილი ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნებში და დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გავა. იგი წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან იწყებს და საამისოდ, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას აქტიურად აპირებს. მისი თქმით, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან შედარებით მისი უპირატესობა სწორედ ის იქნება, რომ ის საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებს. მან იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ იკადრებს და არ გააყალბებს არჩევნებს.
„ჩემი ამოცანაა მეორე ტური. მე მიმაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მეორე ტური ჩატარდეს და მე ვგეგმავ მეორე ტურში გავიდე. ამჟამად პარტიის საარჩევნო ფონდში 180 ათასი ლარია. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ „ხალხის პარტია“ მატერიალური თუ ადამიანური რესურსებით იმ დონეზე არ არის გაძლიერებული, როგორც „ქართული ოცნება“ და არ მაქვს იმედი, რომ ამ რესურსებით რაიმე შედეგს მივიღებ, თუმცა მე მაქვს იმედი, რომ ცესკო ხმებს კარგად დაითვლის და ჩემი რეალური შედეგი დაფიქსირდება. ჩემი ამოცანაა მეორე ტური“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
უმრავლესობაში დავითაშვილის გადაწყვეტილებას არაეთიკურს უწოდებენ, ვინაიდან მან გადაწყვეტილება კოალიციას წინასწარ არ აცნობა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, დავითაშვილი იყო და რჩება მოხეტიალე ფორვარდად ქართულ პოლიტიკაში და მას ხშირად ლამაზი ფინტები გამოსდის.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიზე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დავითაშვილი არაა მიჩვეული ჩრდილში ყოფნას.
ბატონო რამაზ, როგორ აფასებთ დავითაშვილის წასვლას უმარვლესობიდან და იმ არგუმენტებს, რის გამოც ის ამბობს, რომ დატოვა კოალიცია?
რამაზ საყვარელიძე: ეს არაა გასაკვირი. დავითაშვილი არაა მიჩვეული ჩრდილში ყოფნას. ამხელა კოალიციაში და ამდენი ლიდერის თავყრილობაში, ძნელია ხოლმე საკუთრი ადგილის მოპოვება და ხმის მიწვდენა ამომრჩევლამდე. ასეთი ნაბიჯით ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ წონას შეიძენს. მათ შორის, როგორც კოალიციიდან გამოსვლით, ისე პრეზიდენტობის კანდიდატობით.
დავითაშვილს აქვს იმის შანსი, როგორც თავად ამბობს, გავიდეს მეორე ტურში?
- მძიმეწონიანი ფიგურების დიდი კონცენტრაცია არის წარმოდგენილი არჩევნებში. კობას სიმძიმეს ვერ დავუწუნებ, მაგრამ მეორე ტურში გადის ორი კანდიდატი. აი, მეორე ტურში იქნება თუ არა, ბევრ კანდიდატზე ისმის კითხვის ნიშანი და მე მგონი - კობაზეც.
დავითაშვილის გადაწყვეტილება არის ნიშანი კოალიციის დაშლის? ვრცელდება ინფრომაცია, რომ კოალიცია შეიძლება დატოვონ ზაზა პაპუაშვილმა და სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც დაკავშირებულია ნინო ბურჯანაძესთან...
- გეთანხმებით, რომ თავისთავად საინტერესო ფაქტია კოალიციის დატოვება მისი მხრიდან. ოღონდ ეს საინტერესო არაა იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის რღვევის პროცესის პირველი ძაფი. იმიტომ, რომ მასე მან ბევრი პარტია დატოვა, რომელიც არ დაირღვა. თუმცა, კობას აქვს მომეტის კარგი გრძნობა, პარტიები რომლებიც მან მიატოვა, მიატოვა იმ დროს, როცა იწყებოდა ამ პარტიების კრიზისი. ზოგმა ამ კრიზისს გაუძლო, ზოგმა ვერა. მაგრამ თავისთავად ის, რომ კობა ამ ნაბიჯს დგამს დამაფიქრებელი უნდა იყოს კოალიციისთვის, რომელსაც ტოვებს კობა დავითაშვილი.
კოალიციის დატოვება მოხდა ახალაიას სასამართლო პროცესის ფონზე. ე.ი. ახალაიას სასამართლო იყო რაღაცა ისეთი, რამაც დავითაშვილს ადვილად ათქმევინა საჯარაოდ, რომ ამ კოალიციას მე ვტოვებო. ეს ნიშნავს, რომ ახალაიას სასამართლომ იმდენად დასცა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რომ მისი განაცხადი რატომაც დატოვა კოალიცია ამომრჩევლისთვის არ იქნება მიუღებელი. მან თუ დატოვა ამ მომენტში ე.ი. პარტია უნდა დაფიქრდეს, რომ მას კრიზისი უდგას. მითუმეტეს, რომ ადამიანები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, თუ მათაც გადადგეს იგივე ნაბიჯი და სავარაუდოა, იმიტომ, რომ მაგ ფიგურებსაც იგივე მოთხოვნილება აქვთ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი იყოს წელში გამართული და პროფესიულად წარმოებული, რაც თქვა კიდევაც დავითაშვილმა. თუმცა, ცალ-ცალკე კოალიციის დატოვება ჯერ კიდევ არ იქნება კოალიციის რღვევა, რადგან კოალიცია პარტიების ერთობლიობაა.
რამდენად დამაჯერებელია დავითაშვილისგან, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ ახალაიას სასამართლო პროცესი წარიმართა არასამართლებრივად? ვინაიდან, ადრეც იყო საუბარი მისი უმრავლესობიდან წასვლის შესახებ, მას ჰქონდა განსხვავებული პოზიციები ბევრ საკითხებზე და ამაზე ის ღიად საუბრობდა, საჯაროდ დაუპირისპირდა ჯანდაცვის მინისტრს, რასაც მოჰყვა ასევე პრემიერის საჯარო კრიტიკა...
- საჯაროდ დავითაშვილის გაკრიტიკება პრობლემა არ იქნებოდა. პრობლემა იმაშია, რომ დღეს ის მოტივი, რაც დავითაშვილმა დაასახელა - ახალაიას სასამართლო პროცესი, ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე მათ ეს წარმოუდგენიათ. ახალაიას პროცესი ხაზს უსვამს ბევრ იმ მოლოდინს, რაც ხელისუფლების მიმართ მოსახლეობაში იყო. ამის ნიშანია დავითაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი. მერე უკვე თუ კი მოსახლეობამ დავითაშვილის ნაბიჯი გაამართლა და ჩათალა, რომ საპროტესტოა ახალაიას სასამართლოში „ქართული ოცნების“ უსუსურობა, მაშინ წინა კრიტიკებს მოსახლეობა ყურს აღარ დაუგდებს და თუ მის განწყობილებებს ეხმიანება დავითაშვილის განწყობილება, დავითაშვილს უფრო დაუჭერენ მხარს ამ თემაში, ვიდრე ივანიშვილს.
რამდენად შესაძლებელია, რომ კოალიცია ამ სახით ვერ მივიდეს არჩევნებამდე?
-არ გამოვრიცხავ, რომ ვერ მივიდეს არჩევნებამდე იმ სრული შემადგენლობის პერსონალურობით რაც იყო. ანუ, შესაძლებელია გამოაკლდნენ კონკრეტული პირები, ისევე როგორც კობა. მაგრამ, სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტების, ანუ პარტიების მხრივ, მე მგონია სტრუქტურა არ შეიცვლება.
თვითონ პარტია „ქართული ოცნება“ შეძლებს პარტიის შენარჩუნებას? პრემიერმაც გააკეთა განცხადება, რომ ის ტოვებს თანამდებობას...
- ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი, რაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას - ლიდერია. ულიდერო პარტია წარმოუდგენელია. თუ ამ პარტიულ ცხოვრებას გამოეთიშა ივანიშვილი, მაშინ ვიღაცამ უნდა აიღოს ამ პარტიის ბედიღბალი.
დავითაშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რატომაც უმრავლესობა დატოვა. ეს არის შრომის კოდექსი, სურსათის უვნებლობის კანონი და იპოთეკარებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. როგორც ფიქრობთ, ეს გაზრდის უკამყოფილებას მოსახლეობაში და შესაძლოა, ეს რეალურად აისახოს საპრეზიდენტო არჩევნებში?
- დავამატებ, რასაც მოვკარი თვალი - კახა კუკავამ ახლაიასთან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას თქვა, რომ ეს სასამართლო მარგველაშვილზე იქონიებს გავლენასო და ვეთანხმები. კოალიციის თითოეული გადადგმული წამგებიანი ნაბიჯი, გადავა კოალიციის კანდიდატზე.
დღეს კოალიციას აქვს ის პოლიტიკური წონა, რომელიც მას საპარალამენტო არჩევნების წინ ჰქონდა? ფაქტია, რომ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს აქვს 35%...
- ანალოგიური საკითხის განხილვისას სულ მახსენდება ელცინის ამბავი. მას ჰქონდა 6% საპრეზიდენტო მარათონის დაწყების წინ. ჩამოიყვანეს მერე ამერიკელი პიარშიკები, დასვეს რუს პიარშიკებთან და ადგილბრივი და მსოფლიოს სპეციფიკის გათვალისწინებით ააწყვეს ელცინის პიარი. რაც მთავარია, ელცინი იყო დამჯერე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს პიარში. არჩევნები დასრულდა ელცინის 60%-იანი გამარჯვებით. ასე რომ, საწყისი წერტილი შეიძლება ძალიან დაბალი იყოს, მაგრამ თუ კარგად იქნა გათვლილი საარჩევნო კამპანია, მოგება ყოველთვის შეიძლება. მე, სამწუხაროდ, არ ვიცი სამზარეულო, როგორ ემზადება თითოეული კანდიდატი და ვერ ვიტვი.
ფაქტია, რომ მარგველაშვილს აქვს სტრატეგია გაჩუმებისა და ბოლოსკენ აკორდის გაკეთების. ანალოგიური სტრატეგია ივანიშვილსაც ჰქონდა. მასაც საყვედურობდნენ დიდხანს პასიურობას, თუმცა, ივანიშვილმა პიარაკორდები ბოლოში გააკეთა და პიკს მიაღწია არჩევნების მომენტში. სწორედ გათვლილი მომენტი იყო. სავარუდოა, რომ მარველაშვილიც ანალოგიურ სტრატეგიას ეყრდნობა. როგორი შედეგის მომტანი იქნება ძნელი სათქმელია.
გეთანხმებით, ფონი რითაც ივანიშვილი მოვიდა - მას ზურგს უმაგრებდა 20 წლიანი ივანიშვილი ლეგენდა. ანუ, ივანიშვილ ადამიანს და პოლიტიკოსს ზურგს უმაგრებდა ივანიშვილი მითი. მარგველაშვილს ზურგს უმაგრებდა ივანიშვილის პარტიის რეიტინგი, მაგრამ ეს რეიტინგი თუ წაიჩოქებს, ალბათ, მარველაშვილს მოუწევს საკუთარ რეიტინგზე თვითონ ზრუნვა.
დღეს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მეორე ტური და ვის შორის გაიმართება?
- მეორე ტური იქნება. ბევრი ძლიერი ფიგურაა თავმოყრილი.. უფრო ზუსტად, თანაბარ რეიტინგიანი ფიგურაა თავმოყრილი და ამიტომ ვთვლი, რომ მეორე ტური იქნება. მეორე ტური კი გაიმართება მარგველაშვილ-ბურჯანაძეს შორის.