ორი ავადმყოფობა და ორივე შემთხვევაში ეჭვი სიმულაციის შესახებ. ექსპერტი მამუკა არეშიძე წინასაარჩევნოდ ყოფილი მმართველი პარტიის მიერ, ვანო მერაბიშვილის ავადმყოფობასთან დაკავშირებით ტიმოშენკოს სცენარის გათამაშებას არ გამორიცხავს. სხვათაშორის, არეშიძემ „ტიმოშენკოს სცენარის“ ალბათობა ორი დღის წინ იწინასწარმეტყველა, როდესაც მან ინტერვიუ მისცა გაზეთ „რეზონანსს“.
ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა - კაჩინსკიმ ყოფილი პრემიერი - ვანო მერაბიშვილი საპატიმროში მოინახულა და მის ავადმყოფობაზე დაიწყო საუბარი, „ნაციონალები“ წინასაარჩევნოდ ტიმოშენკოს სცენარის გათამაშებას აპირებენ და ეს ფსევდოავადმყოფობა საერთაშორისო პოლიტიკური თანამეგობრობის გასარჩევი გახდება. მეტიც, ექსპერტის განმარტებით, ვიღაცამ გადაწყვიტა, უკრაინის მაგალითი გადაეღო და ეს პიარსვლა ქართულ პოლიტიკაში ჩაედო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კარდიოლოგის დახმარება დასჭირდა. მას ჩივილები ჰქონდა, რის გამოც ადგილზე საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდა.
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, სამედიცინო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელია.
ყოფილი პრემიერის მეუღლემ, თაკო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია ვანო მერაბიშვილისათვის ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შესახებ. თუმცა, მისი თქმით, სერიოზული არაფერია.
რაც შეეხება უკრაინულ პარალელებს, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ იულია ტიმოშენკოს მომხრეები ყოფილი პრემიერის ფიზიკური განადგურების მცდელობაზე საუბრობდნენ. ტიმოშენკოს მეუღლე მსოფლიო ლიდერებს მკაცრი სანქციების დაწესებას სთხოვდა უკრაინის ხელისუფლებისთვის, რათა მათ ფიზიკური განადგურებისგან ეხსნათ იულია ტიმოშენკო, რადგან იანუკოვიჩის რეჟიმს არ სჭირდებოდა ნარინჯისფერი რევოლუციის ცოცხალი ლიდერი. თუმცა, მოგვიანებით, ციხის კადრები გავრცელდა, თუ როგორ თავისუფლად გადაადგილდებოდა „საწოლს მიჯაჭვული“ უკრაინის პრემიერი. ამ დროს კი იულიას ქალიშვილი ჩიოდა, რომ დედამისს ფსიქოსომატური ხასიათის ავადმყოფობა აწუხებდა, რის გამოც გადაადგილება უჭირდა...
ტიმოშენკოს სცენარის გათამაშებასთან დაკავშირებით For.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
რის საფუძველზე აცხადებთ, რომ უკრაინული სცენარი შესაძლოა, საქართველოშიც განმეორდეს?
- რაღაცნაირად სუნი მცემს იმ პიარფორმატის, რაც მოხდა უკრაინაში, როცა ტიმოშენკოს ავადმყოფობის ამბავი გამოყენებულ იქნა იმ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაში ჩართული არის უამრავი ადამიანი და ევროპული პოლიტელიტის ნაწილი ამ ფაქტს იყენებს იანუკოვიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ შემთხვევაში, არ ვამბობ, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლება მართალია, არც იმას ვამბობ, რომ ტიმოშენკო ტყუის, არც იმას ვადასტურებ, მართლაც ავად არის თუ არა მერაბიშვილი, ეს მეც არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პარალელები თავისთავად იგულისხმება.
ამ ფონზე საინტერესოა მერაბიშვილის მეუღლის კომენტარიც. იგი აცხადებს, რომ არაფერი სერიოზული არ სჭირს ვანო მერაბიშვილს. სხვათა შორის, მერაბიშვილის ბიძაზეც მსგავსი ინფორმცია გავრცელდა, მაშინაც, მას ჩივილები აღმოაჩნდა. ამდენად, მისი „ოჯახური დრამა“ ჯდება ამ კონტექსტში.
- მეჩვენება, რომ კაჩინსკის ვიზიტი დროში ძალიან სერიოზულად დაემთხვა ამ ავადმყოფობის დასაწყისს. ვთვლი, რომ კაჩინსკის ვიზიტი არ იყო შემთხვევითი, კაჩინსკი არის ევროპაში ცნობილი პოლიტიკოსი, სხვა საკითხია, რამდენად პატივს სცემენ და მოსწონთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსია და, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ კაჩინსკი იყოს ის „მოლაპარაკე თავი“, ვინც ამის გამო ატეხავს ერთ ამბავს. აშკარაა, რაღაც პროცესი უკვე მიმდინარეობს. მე გამოვთქვი ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ეს ეჭვი არ არის, ეს არის აზრი და ვფიქრობ, ამ სცენარით განვითარდება შემდგომი პროცესები, რომ თურმე გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე არის ავად და დღევანდელი ტირანული ხელისუფლება მას ციხიდან არ უშვებს.
თქვენ აცხადებთ, რომ მერაბიშვილის „ავადმყოფობა“ საერთაშორისო პოლიტიკური თანამეგობრობის გასარჩევი გახდება?
- დიახ, ანალოგია მოვიყვანე, რომ ტიმოშენკოს შემთხვევაც საერთაშორისო პოლიტიკური თანამეგობრობის განსჯის საგანი გახდა და ლამის, ამან გამოიწვია სანქციები უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. იგივე შეიძლება მოხდეს და აბსოლუტურად არ გამიკვირდება, რომ ამ გზით წავიდნენ. აბა, მათთვის სხვა გზა არ არის დარჩენილი. ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, მართალს ამბობს თუ არა ვანო მერაბიშვილი, ეს ექიმების შესაფასებელია, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ დღეს ავადმყოფობაზე ჩივის ადამიანი, რომელიც, რამდენადაც ვიცი, საქართველოს კვალობაზე არის ნორმალურ პირობებში. ამ დროს უამრავი ადამიანი ციხეში ბუზებივით იხოცებოდა ავადმყოფობისგან, არანაირ დახმარებას მათ არ აღმოუჩენდნენ და, პირიქით, ცინიკურადაც ეპყრობოდნენ როგორც მათ, ისე მათ დაავადებას.
ახლა, ამ ფონზე ხდება ნერვიულობა, არიქა, რა მდგომარეობაში ყოფილა და რა სჭირს მერაბიშვილს. თუმცა, მას აღმოუჩინეს ყველა იმ ტიპის სამედიცინო დახმარება, რომელიც დაშვებულია დღევანდელი კანონით, მაგრამ მაინც ხაზგასმულად ვიხსენებ, რომ მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმ რეჟიმის, რომელმაც უამრავი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია თავისი გააზრებული სადამსჯელო პოლიტიკით ციხეებში.
წინასაარჩევნო პერიოდისთვის რას ნიშნავს საქართველოსთვის, თუკი აქაც იგივე პროცესები დაიწყება, რაც უკრაინაში ტიმოშენკოსთან დაკავშირებით?
- როგორც წესი, დასავლელი ობივატელი ზედაპირულ ინფორმაციას იღებს. აქედან გამომდინარე, მათთვის ცნობილი იქნება, რომ არსებობს საქართველოში რევოლუციური პარტიის ლიდერი, გენერალური მდივანი, რომელიც ციხეში იტანჯება ავადმყოფობის გამო და მას ტირანული ხელისუფლება მკურნალობის საშუალებას არ აძლევს. ამიტომ, რისკი შეექმნება დღევანდელ ხელისუფლებას.
ფაქტია, მერაბიშვილს მაღალი დონის ევროპელები სტუმრობენ- საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამარბერგი, მოგვიანებით, იგი ევროპარლამენტარმა ლისეკმა მოინახულა და მისი მხარდამჭერი განცხადებები კეთდებოდა. როგორც ჩანს, ეს პროცესები უფრო სერიოზულად არის ჩაფიქრებული. ეს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ არის მოფიქრებული და დაგეგმილი, თუ დასავლეთის გარკვეული წრეების ინიციატივაა, რომლებიც ლობირებენ სააკაშვილს?
- ეს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ არის მოფიქრებული. რა-რა, და სააკაშვილის ხელისუფლება პიარტექნოლოგიებს ნამდვილად არ უჩივის. პირიქით, ამაში არიან ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები - „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ეს საერთაშორისო შეთქმულების პროდუქტი იყოს, ეს არის მოფიქრებული მათ მიერ და დარწმუნებული იყავით, ამას ძალიან მაღალ დონეზე განახორციელებენ, თუკი მართლაც ეს აქვთ ჩაფიქრებული.
თქვენი ვარაუდით, მერაბიშვილის კარდიოლოგიური პრობლემების შესახებ პროცესები გაგრძელდება?
- აუცილებლად. თუ იმ პიარ-ფორმატზე გვაქვს საუბარი, რომელიც ტიმოშენკოს შემთხვევას გულისხმობს, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ძალიან სერიოზულად გაგრძელდება არჩევნების ჩათვლით და არჩევნების შემდეგაც.
და ბოლოს, გუნავას შეწყალების ფაქტი, ასევე, ბაჩო ახალაიას გამართლება ცალკეულ ეპიზიდში-ეს ყველაფერი როგორ აისახება მერაბიშვილის მომავალზე? შესაძლოა, რომ სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოასწროს ამ ადამიანის ციხიდან გამოშვება, როგორც ეს გუნავას შემთხვევაში მოხდა? ამის ეჭვები უკვე არის საზოგადოებაში.
- მერაბიშვილს ჯერ მისჯილი არ აქვს და რამდენადაც ვხვდები, დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს თავის შეცდომას გუნავასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილის პროცესი, ალბათ, უფრო ფუნდამენტურად იქნება მომზადებული. მით უმეტეს, ფაქტები ნამდვილად აქვთ. ვფიქრობ, ეს პროცესი გაიჭიმება არჩევნებამდე. ალბათ, გაიმართება სასამართლო პროცესები, რომლებიც გაგრძელებადი იქნება. იმდენი საქმეებია, იმდენი ბრალდებაა მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომ, არა მგონია, ერთ დღეში დამთავრდეს ეს ყველაფერი.