„მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მისი ეს ნაბიჯი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა“

„მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მისი ეს ნაბიჯი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა“

კობა დავითაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. დავითაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობასთან სისტემატური უთანხმოების გამო მიიღო. თუმცა გადაწყვეტილების თაობაზე უმრავლესობასთან საუბარი არ ჰქონია და შეტყობინება ყოფილ თანაგუნდელებს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა.

კობა დავითაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხომადა გაიმართა, რომელსაც კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო. როგორც მან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დავითაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების ნიშნები იყო მანამდეც და ეს დასანანია.

„კობა დავითაშვილის განცხადებას გავეცანი. ინფორმირებული ვარ მისი გადაწყვეტილების შესახებ. ამის ნიშნები მანამდეც იყო, დასანანია“, - ასე შეაფასა მარგველაშვილმა დავითაშვილის გადაწყვეტილება.

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ, რომლის შეფასებით დავითაშვილმა პირადი ინტერესები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე გუნდის პრინციპები. საგანელიძემ დაადასტურა, რომ დავითაშვილის გადაწყვეტილება უმარვლესობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„პოლიტიკაში არსებობს ორი პრინციპი, ეს არის გუნდური ბრძოლა და პირადი პოლიტიკური პოპულიზმი. „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ყოველთვის აღწევს კონსესუსს და ერთიანი გუნდი იბრძვის იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც კოალიციამ არჩევნების წინ მოსახლეობას განუცხადა. ეს რთულია, მითუმეტეს, იმ კოაბიტაციურ პირობებში, რაშიც ჩვენ გვიწევს მუშაობა და ასეთ სირთულეს ბევრი პოლიტიკოსი ვერ უძლებს. კობა დავითაშვილმა ჩათვალა, რომ მისი პირადი პოპულისტური განწყობა და მისი პირადი ინტერესები პოლიტიკაში უფრო მაღლა დგას, ვიდრე გუნდის პრინციპები“, - აღნიშნა უმარვლესობის ლიდერმა.

როგორც საგანელიძე ამბობს დავითაშვილის გადაწყვეტილება მისთვის გასაკვირი არ ყოფილა. მეტიც, მისი თქმით ერთი კვირის წინ მისთვის ვინმეს რომ ეკითხა, ვის შეიძლებოდა დაეტოვებინა პირველი უმრავლესობა, აუცილებლად კობა დავითაშვილს დაასახელებდა. საგანელიძემ დავითაშვილის მისამართით კრიტიკული სიტყვებიც არ დაიშურა და აღნიშნა, რომ დავითაშვილმა არ გამოიჩინა პოლიტიკური ზნეობა და ეთიკა, რადგან მის თანაგუნდელებს გადაწყვეტილება არ გააცნო.

„ტელევიზიით შევიტყვე ეს ინფორმაცია, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. ელემენტარული პოლიტიკური ეთიკა და ზნეობა ამბობს, რომ ასეთი თემები ყოველთვის უნდა იყოს გუნდში გარჩეული. მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მისი ეს ნაბიჯი ჩემთვის და კოალიციის ბევრი წევრისთვის ნამდვილად არ იყო მოულოდნელი. როგორც ჩანს, ის შეეცადა მოულოდნელობით მეტი ქულები დაეწერა, რაც მისთვის უცხო ხილი ნამდვილად არ არის“, - განმარტა საგანელიძემ.

რაც შეეხება დავითაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალაიას გამამართლებელი განაჩენი პირდაპირი შედეგია ხელისუფლების უნიათობისა, საგანელიძე ყოფილ თანაგუნდელს ასე პასუხუხობს:

„დავითაშვილს ყოველთვის ჰქონდა განსხვავებული აზრი, რაც მის მიერ პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტებშიც იგრძნობოდა და მინდა გითხრათ, რომ ეს კანონპროექტები უფრო მეტად დავითაშვილის პირად პოპულიზმს ემსახურებოდა. ხშირად შემოჰქონდა კანონპროექტები, რომლებიც საერთოდ არ იყო შეთანხმებული მთავრობასთან და პოლიტიკურ გუნდთან. ეს კანონპროექტები შემდეგ ან ვარდებოდა, ან მათი უკან გატანა ხდებოდა. ეს კანონპროექტები მიმართული იყო არა ქვეყნის წინსვლისკენ, არამედ პატარა ჯგუფებისგან ქულების დაწერისთვის“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე დავით საგანელიძემ.

რაც შეეხება კობა დავითაშვილის საპრეზიდენტო შანსებს გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში, უმრავლესობის ლიდერმა ამ საკითხზე ვრცელი კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრიფინგი სახუმაროდ არ დანიშნულა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკვშირებით, რომ უმრავლესობა შეიძლება სოსო ჯაჭვლიანმა და ზაზა პაპუაშვილმაც დატოვონ. შეგახსენებთ, რომ ჯაჭვლიანი ამ დრომდე რჩება „სახლხო კრების“ წევრად. როგორც ცნობილია „სახალხო კრება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ნინო ბურჯანაძეს უჭერს.

For.ge დაუკავშირდა როგორც ჯაჭვლიანს, ასევე პაპუაშვილს, მაგრამ მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. მეტიც, სოსო ჯაჭვლიანმა არც ჩვენს ტექსტურ შეტყობინებას უპასუხა.

თავად უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკვშირებით, რომ უმარვლესობა შეიძლება სხვა წევრებმაც დატოვონ. როგორც მან აღნიშნა, ის არ ვარაუდობს, რომ უმრავლესობა, შესაძლოა, სხვა წევრებმაც დატოვონ.