„გრიგოლიას და დარჯანიას როგორც გამგეობის წევრებს, მე თვითონ დავსჯი“

„გრიგოლიას და დარჯანიას როგორც გამგეობის წევრებს, მე თვითონ დავსჯი“

25 ივლისს საქართველოს „ფუტზალის“ ასოციაციის რიგითი წევრების მიერ ჩატარებული ყრილობა, იუსტიციის სამინისტროს სამეწარმოო რეესტრმა კანონიერად არ სცნო. როგორც „ფუტზალის“ ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა დევდარიანმა, ვიცე-პრეზიდენტმა, ბექა კვიციანმა, „ფუტზალის“ პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა და ფედერაციის ადვოკატმა, ნინო ნიშნიანიძემ for.ge-ს პრეს-კლუბში განაცხადეს, ისენი გეგმავენ წესდების ყვალა მუხლის დაცვით მოიწვიონ გამგეობის სხდომა, რათა მოემზადონ შემდგომი ყრილობის ჩასატარებლად, რომ აღმოიფხვრას ის სამართლებრივი ნონსენსი, რომელიც შეიქმნა ქართულ „ფუტზალში“.

ადვოკატ ნინო ნიშნიანიძის განცხადებით, 25 ივლისს ჩატარებული კონფერენცია არის უკანონო და შესაბამისად, კვიციანი, დევდარიანი და ცქიტიშვილი იმყოფებიან იმ სამართლებრივ სტატუსში, რომელშიც იმყოფებოდნენ ყრილობის ჩატარებამდე.

„დარღვევულია ყველა ნორმა რაც კი წესდებაშია რეგლამენტირებული. გარდა მედიით გავრცელებული ინფორმაციისა, წერილობითი შეტყობინება არ არსებობს, რომ მოხდეს მისი განხილვა. მე გავეცანი ყველა წესდებას, ყველა წერილს, თუ კი რამე არსებობდა მიმართული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისადმი, მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, მათ ჩვენთვის არავითარი წერილობითი მიმართვა არ ჰქონიათ. შესაბამისად, კონფერენცია თუ ყრილობა, რომელიც მათ მოიწვიეს, ჩატარებულია კანონდარღვევით.

წესდებაში რეგლამენტირებულია სამართლებლივი დებულებები, როგორ უნდა მოხდეს კონფერენციის ჩატარება. კონფერენციას წინ უნდა უძღოდეს გამგეობის სხდომა, გამგეობის სხდომაზე უნდა იყოს დადგენილი კვოტა, ვინ უნდა იყოს მონაწილე წევრები, ეს არის ისეთი სამარლებლივი ნონსენსი, რომ ამის არ შესრულება იწვევს ამ კონფერენციის თუ ყრილობის ანულირებას“, - აცხადებს ნიშნიანიძე.

რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტების კახა დევდარინის და ბექა კვიციანის სამართლებლივ მდგომარეობას, როგორც ადვოკატი განმარტავს, იმისათვის, რომ ადამიანი გადააყენო თანამდებობიდან, საჭიროა, მათი წერილობითი განცხადება, რაც ამ შემთვევაში არ არსებობს.

„უკანონოდ მოწვეულ კონფერენციაზე როგორ შეიძლება ადამიანი გადააყენო პრეზიდენტობიდან, რომელმაც არც იცის, რომ კონფერენცია ტარდება, არავითარი შეტყობინება არ ყოფილა. გრიგოლიას არჩევა მოხდა ვიცე-პრეზიდენტად, შემდეგ მას დაავალეს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. მორალურ ასპექტს თუ მიუთითებთ, ბატონი ლევან ცქიტიშვილი იმსახურებს იმას, რომ სცოდნოდა, რომ კონფერენცია ტარდებოდა, ეს კონფერენცია ჩატარებულია უკანონოდ“, - განაცხადა ნინო ნიშნიანიძემ.

საპატიო პრეზიდენტი კახა დევდარიანი ამბობს, რომ ის პრობლემა, რომელიც „ფუტზალში“ არსებობს, წარმოშობილია არა რეალური საფუძვლებიდან, არამედ საქმე გვაქვს ამბიციებთან.

„ყველა ჩემი მოყვანილია ქუჩიდან. მათი უმეტესობა მოვიყვანე იმიტომ კი არა, რომ ისინი პროფესიონალები იყვნენ, არამედ მოვიყვანე იმიტომ, რომ არ ჰქონდათ სამსახური და მე მინდოდა, რომ ეს ხალხი რამეთი დამესაქმებინა. 20 წლის მანძილზე „ფუტზალიდან“ კაპიკი არ ამიღია. ახლა, როდესაც ალეკო ლეჟავა, რომელიც „ევრიკაზე“ მუშაობდა, თქვა, რომ მე უცხოეთიდან „დუხი“ (სუნამო) ჩამომიტანია და ჩეკები არ წარმომიდგენია.

ჩირქი მოგვცხეს იმიტომ, რომ ჩვენ არ დავემორჩილეთ ამ ყრილობის მოწვევას, არ მივედით იქ და გადაგვაყენეს. ჩვენ არ მიგვიმართია მათთვის, რომ გადაგვაყენონ. მე ვამბობდი და ვიმეორებ, რომ უკმაყოფილო ვარ ფედერაციის მუშაობით. ფედერაცია შესაცვლელია, მრავალი ნაკლი აქვს. სიჭინავა არაა არჩევნებით მოსული კაცი“, - აღნიშნა დევდარიანმა.

მან წარმოადგინა პასპორტი, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლოს საზღვარი გადაკვეთა 2003 წელს.

„საზღვარი არ მაქვს გადაკვეთილი და ამ დროს, ალეკო ლეჟავა იძახის, რომ „დუხები“ მაქვს ნაყიდი. ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. „დუხი“ კარგია, მაგრამ არ მიყიდია, არ ვყოფილვარ არსად. უდუხო კაცი ნამდვილად არ ვარ, დუხიანი კაცი ვარ და დუხიანი რომ არ ვყოფილვიყავი „იბერიის“ ოფისში ვიჯდებოდი დღეს. იქ ჯდომა უფრო კომფორტულია, ვიდრე იმ ოთახებში, სადაც მე ვზივარ. დარღვევით ჩაატარეს ყრილობა. არც წერილი მოგვსვლია და არც სატელეფონო შეტყობინება არ ყოფილა ამის შესახებ. ჩვენმა მეგობრებმა 1 საათში გადაგვაყენეს“, - ამბობს კახა დევდარიანი.

„ფუტზალის“ პრეზიდენტს ლევან ცქიტიშვილს, ასოციაციის რიგითი წევრების გრიგოლიასა და დარჯანიას წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვის გამო, ორშაბათს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. მანამდე კი მათგან ტელევიზიის მეშვეობით ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

„მე დღეს შეურაცხყოფილი ვარ. გრიგოლიას და დარჯანიას გადასაგდები არავინ არაა. თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდოდა „ფუტზალში“, პირველ რიგში, მოსულიყო და ეთქვა, რომ ლევან მე შენზე მეტი შემიძლია გავაკეთო და იქნებ, ჩემი ნებით მივდიოდი თანამდებობიდან. არანაირი საუბარი არ ყოფილა. ესენი არიან შემსრულებლები. აქ არის დამკვეთი. ეს დამკვეთიც ნელ-ნელა გამოჩნდება.

მე ერთს ვიტყვი, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს - ჩემს შვილებს, დედაჩებს და პირადად მე. ყველამ კარგად იცოდეს, რომ ლევან ცქიტიშვილი ასეთ რამეს არავის აპატიებს. ამ ქალაქში დაბადებული კაცი ვარ, კაცურად მიცხოვრია და ვიცხოვრებ კაცურად, არავის არაფერი შეეშალოს!“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

მისივე განცხადებით, „ფუტზალის“ ასაოციაციას ფედერაციასთან არავითარი ვალი არ აქვს.

„შეგიძლიათ გადაამოწმოთ ფეხბურთის ფედერაციასთან. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და დარჯანიამ, გრიგოლიამ და უხუცესმა ლეჟავამ იცოდნენ, რომ მე შეურაცხყოფას არავის ვაპტიებ. თუ ვინმეს შეუძლია ჩემზე მეტი აკეთოს „ფუტზალში“, მოვიდეს და მითხრას, მზად ვარ გადავდგე, მაგრამ მე არავის გადასაგდები არ ვარ. ქართული ფეხბურთისთვის რაც მაქვს გაკეთებული ბევრმა გააკეთოს და მერე მელაპარაკონ. მე „ფუტზალის“ პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ გრიგოლიას და დარჯანიას, როგორც გამგეობის წევრებს, მე თვითონ დავსჯი და პასუხს ვაგებინებ, უკან დამხევი არ ვარ“,  - აცხადებს ლევან ცქიტიშვილი.