მმართველი გუნდის რიგებიდან დეპუტატთა გადინება დაიწყო. „პირველი მერცხალი“ კობა დავითაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც უმრავლესობა დღეს დატოვა. „ხალხის პარტიის“ ლიდერი კოალიციიდან წასვლის მიზეზად - სახელისუფლებო ძალასთან სისტემატურ უთანხმოებას ასახელებს.
დეპუტატის განმარტებით, მისი გაღიზიანება ბაჩო ახალიასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
„ხელისუფლების განცხადების სულისკვეთება ის იყო, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სასამართლოს დამოუკიდებლობის დადასტურებაა და ეს იყო დემოკრატიის ზეიმი. მათგან განსხვავებით, განსხვავებული მოსაზრება მაქვს. კერძოდ, ახალაიას გამართლების „დემოკრატიის გამარჯვებად“ გამოცხადება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც შევასრულეთ! დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს მერაბიშვილის გამართლება და სხვათა „უმანკო კრავებად“ გამოცხადება მოჰყვება. ფაქტია, რომ საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იმ ხალხის დაცინვაა, ვინც დღემდე სამართლიანობის აღდგენას ელის. ეს ყველაფერი პირდაპირი შედეგია ხელისუფლების უნიათო კურსისა კოაბიტაციაზე. ვინაიდან, ჩვენს შორის სისტემატურ უთანხმოებას ვხედავ, საპარლამენტო უმრავლესობას ვტოვებ და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ქართველ ხალხს ვანდობ“, - აცხადებს დავითაშვილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვასა და დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამის წარდგენას გეგმავს.
კობა დავითაშვილის გადაწყვეტილებას შეფასებები პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა. უმრავლესობის ნაწილი, დავითაშვილის „ფენომენიდან“ გამომდინარე, მის ნაბიჯში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს, მეორე ნაწილი კი, მას წასვლის ფორმას უწუნებს და მას უპასუხიმგებლობაში ადანაშაულებს. რაც შეეხება უმცირესობას, ისინი დავითაშვილს „პირველ მერცხალს“ უწოდებენ და „ქართულ ოცნებას“ რიგების შეთხელებას უწინასწარმეტყველებენ.
როგორც for.ge-ს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, მისთვის დავითაშვილის გადაწყვეტილება მოულოდენლი არ ყოფილა, რადგან ბევრი საკითხი იყო, რომელზეც მას განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა.
„ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამას მშვიდად ვუყურებ. არ ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს რაიმე განსაკუთრებული მოვლენა მოჰყვება. კობა მაღალი კვალიფიკაციის კაცია, მაგრამ მას განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა - ჯანდაცვის კუთხითა და კანონმდებლობის თვალსაზრისით. მისი ზოგიერთი ინიციატივა გავიდა, ზოგიც ჩავარდა. მან განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის პოზიციას არ ეთანხმება, მაგრამ ეს მოგვწონს თუ არა, გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო, რაც მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე მიუთითებს“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ უმრავლესობას დავითაშვილის სახით, პარლამენტში ნაციონალების გარდა, სხვა ოპოზიცია ეყოლება.
„ოპოზიციაში კიდევ ერთი დეპუტატი გვეყოლება, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მტკივნეული არ არის“, - დასძენს ბერძენიშვილი, რომლისგან განსხვავებითაც, გიორგი ცაგარეიშვილი დავითაშვილის გადაწყვეტილების თაობაზე წყენას არ მალავს და ამბობს, რომ ის ღრმად შეურაცხყოფილია.
ცაგარეიშვილის განცხადებით, დავითაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობა საქმის კურსში წინასწარ არ ჩააყენა და მათ შეტყობინება ღამის 3:00 საათზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა.
„ელექტრონულ ფოსტაზე, გამთენიისას შეტყობინება მივიღეთ და ვფიქრობ, რომ პასუხიმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა იქცეოდეს! კობასთან პირვნული ურთიერთობის მიუხედავად, ვიტყვი, რომ ამ ფაქტით ღრმად შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ჩემი თანაგუნდელის გადაწყვეტილების შესახებ, ღამის სამ საათზე არ უნდა ვგებულობდე. სასთუმალთან არ უნდა მოიდოდე და ყურში არ უნდა ჩამჩურჩულო, რომ მიდიხარ! ეს ფორმა არაფერში არ ჯდება“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.
კანონმდებელი დავითაშვილის გეგმებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, ყოფილ თანაგუნდელს თუ რა „ქვედაგრძნობები“ ამოძარავებს.
„არ ვიცი, მას რა გეგმა აქვს, მაგრამ მისი არგუმენტები ძალიან მწირია, თან არასერიოზული. ივანიშვილს არასოდეს უთქვამს, რომ ყველაფერი ცხრა თვეში დასრულდება და ასეთი ძალადობით ნაშენი შენობა ცხრა თვეში დაინგრეოდა. როგორც ჩანს, მან პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო. მართალი გითხრათ, ამდენი ხანი კობა ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა“, - აცხადებს დეპუტატი.
საკითხზე საუბრისას, თინა ხიდაშელი ყურადღებას დავითაშვილის „სპეციფიურ“ ფენომენზე ამახვილებს და აცხადებს, რომ მას მისი გადაწყვეტილება არ უკვირს.
„კობა წასვლის მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, იმიტომ რომ ის ასეთია, ის ყოველთვის ასე იქცევა. ის ძალიან სპეციფიური ფენომენია და მისგან ეს გადაწყვეტილება არ მიკვირს. შესაძლოა, მან პარლამენტს გარკვეული ხიბლიც შესძინოს. რაც შეეხება რესპუბლიკელებთან დაკავშირებით განცხადებას, ამ თემაზე ზედმეტი კომენტარების გაკეთებას აღარ ვაპირებ, რადგან საქართველოში სტილი დამკვიდრდა - ვისაც არ ეზარება, მას შეუძლია თქვას, რომ ჩვენთან პრობლემები აქვს. არაუშავს, უარესებისთვის გაგვიძლია! კობას წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა, გამიჭირდება დავინახო მარტო დარჩენილი დეპუტატის წარმატება, როდესაც დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასამყარებლად ფართო ნაბიჯები იდგმება“, - აცხადებს ხიდაშელი.
უმრავლესობის მსგავსად, დავითაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა უმცირესობისთვის, რომელიც აცხადებს, რომ კოალიცია ძალიან ეკლეკტურია და მისი რღვევა გარდაუვალია.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების ერთობაა, რომელთაც არანაირი საერთო არ აქვთ.
„ეს ამ ფაქტმა დაამტკიცა. „ოცნება“ დღითიდღე დიდ კრიზისში შედის და ყველა სფეროში სერიოზული ჩავარდნა აქვს. ვისაც პოლიტიკური ალღო აქვს, მას სურს ამ ვითარებას გაერიდოს და თქვას - „მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა“! კობამ ამ მომენტით ისარგებლა და წავიდა. ეს პროცესი დაწყებულია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ეს არ არის ერთიან იდეებზე დაფუძნებული გაერთიანება, არამედ ეს არის საერთო ზიზღზე გაერთიანებული კოალიცია. საერთო რომ არ აქვთ, პრობლემებს სწორედ ამიტომ ვერ აგვარაბენ“, - განუცხადა for.ge-ს ვაშაძემ, რომლის პათოსსაც სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძეც იზიარებენ.
რატიანის შეფასებით, დავითაშვილი „პირველი მერცხალია“ და კოალიციის რღვევა გარდაუვალია.
„კოალიცია ძალინ ეკლეკტურია და მისი რღვევა გარდაუვალია. ქვეყანაში კრიზისი მატულობს და ხელისუფლება ვერანაირ დაპირებას ვერ ასრულებს. დავითაშვილი კი, პირველი მერცხალი“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა.
ჯაფარიძის მოსაზრებით, დავითაშვილი თვეების განმავლობაში აცნობიერებს, რომ „ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებების შესრულება არარეალურია და ის დიდი ხანი მიზეზს ეძებდა, რომ უმრავლესობიდან წასულიყო.
„მას უმრავლესობიდან წასვლის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მან ახლა „წონიანი საბაბი“ იპოვა და წავიდა. ამ ადამიანს ხელისუფლებაში კოალიციით მოხვედრა და შემდეგ, მისი დატოვება ახასიათებს, სანამ ხელისუფლების რეიტინგი დაეცემა. მისი ტაქტიკაა, ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადავიდეს, შემდეგ კი, ხელისუფლებაში ახალი ოპოზიციური ძალით დაბრუნდეს“, - განუცხადა for.ge-ს ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს დაუპირისპირდა და ის კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა, რის გამოც, მან პრემიერ-მინისტრის კრიტიკა დაიმსახურა. მაშინ, დავითაშვილი უმრავლესობიდან წასვლას აანონსებდა, რაც მოუგვიანებით გადაიფიქრა.