რიზეს ციხეში 5 ქართველი პატიმარი 18 დღეა შიმშილობს

რიზეს ციხეში 5 ქართველი პატიმარი 18 დღეა შიმშილობს

რიზეს ციხეში 5 ქართველი პატიმარი 18 დღეა შიმშილობს. პატიმრები თურქეთში საქართველოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებით, მათი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, საკონსულოდან მათ არავინ გამოხმაურებია. ამ ბრალდებას უარყოფენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მაია ფანჯიკის უწყებაში ირწმუნებიან, რომ მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა კონსული და შიმშილობა შეწყვიტეს, რასაც არ ადასტურებენ დაკავებულების ოჯახის წევრები.

2010 წლის 16 მაისს, თურქმა სამართალდამცავებმა ცოლქმარი ელიზ და ვიზდომ აკაგუნდუსებზე თავდასხმის და სასტიკად წამების ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე 44 წლის როსტომ სილაგაძე და 37 წლის ზვიად სანოძე დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, თავდასხმის დროს, ოჯახის უფროსმა, 73 წლის მოხუცმა წამებას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მრავალჯერადი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქმა სამართალდამცავებმა თავდაპირველად 73 წლის მოხუცის მკვლელობის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს, თუმცა, საქართველოს ხუთი მოქალაქე არდაშენის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. როსტომ სილაგაძე და ზვიად სანოძე, რომლებიც ვიზდომ აკაგუნდუსის სამეურნეო მიწაზე დაქირავებულ მუშებად მუშაობდნენ, ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან, მათ ქურდობისა და მკვლელობის მუხლით წისაწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე რიზეს წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულნი. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის შვილი პოლიციის თანამშრომელია.

დაკავებულების ჩვენების საფუძველზე გამოძიებამ ძებნა კიდევ ორ ადამიანზე გამოაცხადა. მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ მათი მეტსახელები  „კიტაიცი“ და „მაჰმუდა“. სასამართლოზე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ მათ მოხუცი ცოლქმრის დაყაჩაღება სწორედ „კიტაიცასა“ და „მაჰმუდთან“ ერთად დაგეგმეს, თუმცა მათზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღიათ და მოხუცების ცემის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ. გაირკვა ისიც, რომ დამნაშავეებს იარაღი არ გამოუყენებიათ. ყაჩაღებმა შემთხვევის ადგილიდან 2600 ლირა, მობილური ტელეფონები, ოქროს სამკაულები და ტანსაცმელი წაიღეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველები კარგად იცნობდნენ დამქირავებლებს და მათი ფინანსური შესაძლებლობებიც იცოდნენ. მოხუცები მათ ენდობოდნენ.

„თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ მოხუც ცოლქმარს პენსია ორი დღის აღებული ჰქონდა. მათ სახლში რამდენიმედღიანი სარემონტო სამუშაოს შესრულების შემდეგ, ყაჩაღობა დაგეგმეს. გვიან ღამით ისინი სახლში შევიდნენ და მოხუცი ცოლ-ქმარი ჯერ გაკოჭეს, შემდეგ სცემეს, ბოლოს კი, ოჯახის უფროსი, 73 წლის აკაბუნდუზი მოკლეს. მისმა მეუღლემ გადარჩენის მიზნით, სიკვდილის სიმულაცია მოახდინა. სამართალდამცველებმა იგი ბოროტმოქმედების მიმალვიდან ოთხ საათში იპოვეს“, - ასეთ ინფორმაციას ავრცელებდა თურქული მედია მომხდართან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სანოძე და სილაგაძე ამ დრომდე უარყოფენ თურქეთის მოქალაქის მკვლელობას. თუმცა ამის მიუხედავად ისინი 2 წელია დაკავებულები არიან. მათ უფლებებს სახაზინო ადვოკატი იცავს. ქართველებს არ ეძლევათ უფლება საქმეში ქართველი ადვოკატი ჩართონ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ შესთავაზეს, რომ ეღიარებინათ დანაშაული, რაზეც საქართველოს მოქალაქეებმა უარი განაცხადეს.

საქართველოს მოქალაქეები უმძიმეს პირობებში არიან. ისინი ვერ სარგებლობენ კანონით მინიჭებული ჰაერზე სეირნობით, არ ეძლევათ ჰიგიენური საშუალების გამოყენების შესაძლებლობა. რაც შეეხება ოჯახთან დაკავშირებას, ეს ციხის თანამშრომლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. როგორც დაკავებული როსტომ სილაგაძის მეუღლე ნანა ჩაჩანიძე ამბობს, კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს მხოლოდ 5 წუთით უკავშირდება მას მეუღლე.

ნანა ჩაჩანიძე თურქეთში საქართველოს საკონსულოს უმოქმედობაში სდებს ბრალს. მისივე განცხადებით, საკონსულოს უყურადღებობის გამო, სასამართლო პროცესი არ ინიშნება. პატიმრების წერილობით თხოვნაზე, რომ გამოცხადნენ სასამართლოზე, იგნორირებულია საკონსულოს მხრიდან. მეტიც, არაერთი თხოვნის მიუხედავად, საკონსულომ არ უზრუნველყო სასამართლოზე თარჯიმანის მიყვანა.

სწორედ საკონსულოს უმოქმედობას უკავშირებს დაკავებულის მეუღლე პატიმრების მდგომარეობის დამძიმებას. მათ არ აწვდიან როგორც საკვებს, ასევე მედიკამენტებს.

„არანაირი დახმარების იმედი არ აქვთ. საკონსულო საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. პატიმრები რამდენი თვეა ითხოვენ, რომ კონსულმა მოინახულოს, მაგრამ - უშედეგოდ. კონსულს რომლის სახელია გიორგი რომელ ნომერზეც ადრე ვუკავშირდებოდით, გამორთული აქვს. სამსახურის ნომერზეც ვრეკავთ და არავინ გვპასუხობს, ირთვება ავტომოპასუხე, ვტოვეთ შეტყობინებას, მაგრამ არავითარი რეაგირება საკონსულოდან არაა.

პატიმრებს ჰიგიენურ საშუალებებს ისედაც არ აძლევდნენ და ახლა პურს და შაქარსაც კი არ აძლევენ. უკვე აღარ ვიცით რა ვქნათ, რისთვის არსებობს ეს საკონსულო თუ მისი ქვეყნის მოქალაქეებს არ დაეხმარება? რატომ არ რეაგირებს საკონსულოს უქმოქმედებაზე საგარეო საქმეთა მინისტრი? მათი უმოქმედობის გამო ეს ხალხი რამდენი დღეა შიმშილობს და არავინ გამკითხავი არაა“, - აცხადებს ნანა ჩაჩანიძე და აქვე დასძენს, რომ მათ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს აკისრებს.

ბრალდებას უარყოფენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მაია ფანჯიკის უწყებაში აცხადებენ საკონსულოში ორშაბათს შევიდა ინფორმაცია პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით და ადგილზე გავიდა საკონსულოს თანამშრომელი.

„როგორც საკონსულოში ამბობენ, 29 ივლისს შევიდა ინფორმაცია მათთან იმის თაობაზე, რომ რიზენის ციხეში შიმშილობენ საქართველოს მოქალაქეები, პატიმრები. საკონსულოს თანამშრომლებმა მოინახულეს ისინი, გაესაუბრნენ პატიმრებს და მათ შეწყვიტეს შიმშილობა. რაც შეეხება პატიმრების მოთხოვნას, ეს უკავშირდებოდა ციხეში დამატებითი პროდუქტის შეტანას, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. ამის შესახებ მიაწოდეს მათ ინფორმაცია რა არის დასაშვები და რა არა. კონსული მუდმივად იქნება კოორდინაციაში ყოველ ორ თვეში ერთხელ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარი ნარჩემაშვილმა.

For.ge-სთან საუბრისას, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, მარი ნარჩემაშვილმა არ დააკონკერტა საკონსულოს თანშრომლის ვინაობა, რომელიც შეხვდა მოშიმშილეებს. ნარჩემაშვილმა აღნიშნა, რომ ის თავად იღებს პასუხისმგებლობას იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც კონსულმა ნამდვილად მოინახულა მოშიმშილე პატიმრები.

ამის შემდეგ for.ge საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ტაბატაძეს დაუკავშირდა, რომელმაც საკონსულოს იმ თანამშრომლის ვინაობა გაგვიმხილა, რომელიც მოშიმშილეებს შეხვდა. ეს გახლავთ გიორგი ყუშიტაშვილი. რაც შეეხება ანკარაში საქართველოს ელჩს, პაატა კალანდაძეს ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება.

„საკონსულოში წერილი შესულია ორშაბათს და სამშაბათს უკვე მოხდა შეხვედრა. საკონსულოს წარმომადგენელი შეხვდა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ესაუბრა მათ, აუხსნა სიტუაცია რის შემდეგაც მათ შეწყვიტეს შიმშილობა, ეს ინციდენტი ამოწურულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

რაც შეეხება თვითონ შიმშილობის მიზეზს, ეს იყო უბრალოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ჩვენი მოქალაქეები ითხოვდნენ ჩაის, შაქარს და სიგარეტს შეღავათიან პირობებში, რაც დაუშვებელია თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით. აღნიშნულის თაობაზე მიეცათ მათ განმარტება. საკონსულომ დამატებით მიმართა თურქეთის მხარეს, რომ მიაწოდონ მათ შინაგანაწესი, მოხდება ამის გადათარგმნა, გაეგზავნება ჩვენს პატიმრებს და ქართულ ენაზე გაეცნობიან რისი საშუალება აქვთ, ან არ აქვთ“, - აცხადებს ტაბატაძე.

რაც შეეხება დაკავებულების ოჯახის წევრების ბრალდებას, ტაბატაძე განმარტავს:

„შეიძლება ამ ბოლო პერიოდში არის პრობლემა. ვინაიდან იქ ორი ადამიანი დარჩა, თანამშრომლებს დაუმთავრდათ მუშაობის ვადა და დაბრუნდნენ საქართველოში, ჯერჯერობით, საკონსულოში ახალი თანამშრომელი არაა ჩასული, გარკვეულ პროცედურას გადის და ამის დასრულების შემდეგ გაიგზავნება თანამშრომელი. იქ არის ორი ადამიანი, ფიზიკურად ძნელია ორი ადამიანისთვის, რომ მაქსიმალურად მოიცვას მთელი ტერიტორია და ყოველდღე მოინახულოს სასჯელაღსრულების დაწესებულება. შეიძლება ამან განაპირობა ის, რომ დაგვიანებით მოხდა შემოვლა“, - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

ნანა ჩაჩანიძე ამბობს, რომ დაკავებულებმა რამდენიმეჯერ მიმართეს წერილობით საკონსულოს.

„ყველა სასამართლოზე ითხოვდნენ კონსულის დასწრებას. ჩვენ გვირეკავენ და გვეხვეწებიან - იქნებ, კონსულს დაუკავშირდეთ რამენაირად, რომ მოგვაქციოს ყურადღება, ჩვენს მოთხოვნაზე არავითარი რეაგირება არ არისო. როცა ვურეკავდი კონსულს ვეკითხებოდი - იყავი-თქო? მეუბნებოდა, - არა არ ჩავსულვარო, ეს იყო მისი პასუხი. რას ნიშნავს, რომ ერთხელ შევიდა შეტყობინება?! 2 წელია რაც დაკავებულები არიან და კონსული სულ 3-ჯერ არის ნამყოფი. შარშან კიდევ უფრო დადიოდა კონსული და ახლა საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. მათი მოვალეობაა მიხედონ ამ ადამიანებს, მითუმეტეს, რომ ისინი უდანაშაულები არიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნანა ჩაჩანიძემ.