ფონდი

ფონდი "ქართული გალობა" კარგად დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს

29 ივლისს ფონდმა „ქართული გალობა“ ქართული მუსიკის მოყვარულებს ღვაწლმოსილი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის სიმღერების განახლებული ალბომი შესთავაზა, რომელიც ორი კომპაქტური დისკისგან შეგდება. ფონდის საბჭოს წევრმა ანზორ ერქომაიშვილმა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ჰამლეტ გონაშვილისადმი მიძღვნილი მონოგრაფიის ავტორმა მაყვალა გონაშვილმა და ჰამლეტ გონაშვილის ოჯახის წევრებმა ისაუბრეს ჰამლეტ გონაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტის შესახებ, რომელიც 28 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართება. 

სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა გულბათ ტორაძემ ისტორიული უწოდა ფონდის ინიციატივებს, სათანადო პატივი მიაგოს ქართული ტრადიციული მუსიკის ამაგდარ მომღერლებსა და ლოტბარებს. ჰამლეტ გონაშვილი ქართული მისიკალური ნიჭიერების განუმეორებელი ფენომენია და გასახარია, რომ საქართველო მას არ ივიწყებს. მივესალმები ამ ფონდის საქმიანობას. მან ჯერ კიდევ გასულ თვეს 11 ივნისს, ფონდის დაფუძნებისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე გააცხადა თავისი გეგმების სერიოზულობა და კარგია, რომ კარგად დაწყებული საქმე ღირსეულად გრძელდება, აღნიშნა მან და გვთხოვა გამოქგექვეყნებინა მისი შთაბეჭდილებები ფონდის პირველი ღონისძიებაზე. აღნიშნულ მასალას დღევანდელ ნომერში გთავაზობთ.

ქართული მუსიკალური კულტურის ზეიმი, ანუ ერთხელ კიდევ:

“რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი!”

დიახ, უნებურად გაგვახსენდა დიდი გალაკტიონის ეს სიტყვები - ყველას, ვინც კი ამ დღეს ვიმყოფებოდით რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა ფონდი “ქართული გალობა”.

ამ ძალზე მნიშვნელოვანი, კეთილშობილი და მამულიშვილური საქმის წამომწყები და სულისჩამდგმელია ფონდის დამფუძნებელი, ცნობილი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელსაც მხარში უდგანან ფონდის საბჭოს წევრები - ჩვენი გამოჩენილი მუსიკოსები - ანზორ ერქომაიშვილი და ლექსო თორაძე.

დარბაზში დამსწრეთა თვალწინ გადაიშალა ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების უმდიდრესი პანორამა, რომელიც აკადემიკოსი ბორის ასაფიევის სიტყვებით: “აცვიფრებს და ქედს ახრევინებს ადამიანს ქართველი ხალხის მუსიკალური გენიის წინაშე”.

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საგუნდო და ქორეოგრაფიული კოლექტივები, ჟღერდა ღვთით ბოძებული სასულიერო მუსიკა, ამაღლებული და განწმენდილი საგალობლები, დიდებული “მრავალჟამიერები” და “ჩაკრულო”, უნიკალური, ცეცხლოვანი გურული სიმღერები და სხვანი და სხვანი. მოკლედ, ყოველივე ის, რის წყალობითაც, “იუნესკოს” ისტორიული გადაწყვეტილებით, ქართული ხალხური პოლიფონია გამოცხადებულია “კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად” (2001 წ.).

ცხადია, ჩვენ მანამდეც არაერთგზის განგვიცდია უმდიდრესი მშობლიურ ხალხური შემოქმედებისაგან მიღებული “ესთეტიკური სიხარული”, ქედს ვიხრით წარსული და თანამედროვე ხალხური სიმღერის შემსრულებლების, მოამაგეებისა და მკვლევარების წინაშე (მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა), მაგრამ იმდღევანდელი საღამო სამუდამოდ შევა ქართული კულტურის ისტორიაში, რამდენადაც, ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, მას ჰქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური - საქმიანი და ზნეობრივი დატვირთვა.

შეიძლება ითქვას, რომ იმ საღამოს გაცხადებული ქველმოქმედების აქტი უზრუნველყოფს და გარანტიას შეუქმნის ქართულ ხალხურ შემოქმედებას, მის მსახურთა, მონაწილეთა და მკვლევართა მთელ შესანიშნავ კორპუსს შემდგომი წარმატებებისათვის, სტიმულს მისცემს მათ ჩვენი უნიკალური კულტურული საგანძურის კიდევ მეტი წარმოჩენისა და პროპაგანდისათვის. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი!

ის, რაც წამოიწყო და უკვე ახორციელებს ბატონი ვანო ჩხარტიშვილი ჩვენი ხალხური მუსიკალური შემოქმედებისათვის, ჭეშმარიტად ისტორიული და ფუძემდებლური ხასიათისაა და მას გულწრფელი მადლობა ეკუთვნის მთელი ქართველი საზოგადოებისაგან.

ცნობილია, რომ წარსულში ვ.ჩხარტიშვილმა ჩვენი ხალხური მუსიკალური კულტურისათვის ბევრი რამ სასიკეთო გააკეთა, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ასეთი მასშტაბის შესანიშნავი ქველმოქმედებითი აქციის განხორციელების საშუალება ვ.ჩხარტიშვილს მხოლოდ ახლა მიეცა - ქვეყანაში მომხდარი უდიდესი და სასიკეთო პოლიტიკური და სოციალური ძვრებისა და განახლების პირობებში, რამაც შესაფერისი ნიადაგი შექმნა ასეთი სახის ჰუმანიტარული და მამულიშვილური წამოწყებისათვის.

გაცხადებულია “ქართული გალობის” ფონდის კონკრეტული მიზნები და ამოცანები: ხალხური შემოქმედებისათვის ხელშეწყობა საქართველოსა და უცხოეთში, მარადიული სიმღერისა და გალობის პოპულარიზაცია, ძველი აუდიო, ვიდეო, სანოტო ჩანაწერების მოძიება და მათი გამოცემა, საქართველოსა და უცხოეთში კონცერტებისა და ფესტივალების ორგანიზება, სამეცნიერო კონფერენციებისა და სამუშაო სემინარების გამართვა, ხალხური სიმღერების კრებულებისა და ფოლკლორული შრომების დაბეჭდვა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ დიდებული პროგრამის რეალიზაციის პირველი ნაბიჯები ჩვენ თვალწინ გადაიდგა ამ ღირსსახსოვარ საღამოს.

კონცერტი გაიხსნა დიდებული “შენ ხარ ვენახით” და ჩვენი პატრიარქის შესანიშნავი საგალობლით “კი რიე ელეისონ” (“უფალო შეგვიწყალე”).

საკონცერტო ნაწილში კი, რომელიც დაამშვენა თბილისის სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდმა, სახელოვანი საგუნდო ანსამბლების - “რუსთავის”, “სახიობის”, “დიდგორის”, “შავნაბადას”, “იმერის”, “ბასიანის”, “ელესას” და ბავშვთა გაერთიანებული გუნდის მონაწილეობამ, ჩვენ გველოდა კიდევ ერთი ძალზე სასიამოვნო და ამაღელვებელი შთაბეჭდილება: ქართველი უხუცესი სახალხო მომღერლების ინდივიდუალური გამოსვლა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერების შესრულებით, ასეთები გახლდნენ: 89 წლის საოცარი ანდრო სიბაშვილი (კახეთი), 88 წლის პოლიკარპე ხუბულავა (სამეგრელო), 80 წლის ისლამ (ეფთიმე) ფილფანი (სვანეთი), 75 წლის ტრისტან და 70 წლის გური სიხარულიძეები (გურია), 66 წლის როსტომ გოგოლაძე (რაჭა). ბარაქალა ვეტერანების ღვაწლსა და უბერებელ შემოქმედებით სულს!

მაგრამ ამ დაუვიწყარი საღამოს მთავარი სიურპრიზი, თურმე, წინ გველოდა: საჯაროდ გამოცხადდა, რომ ყველა მათგანი ჯილდოვდება სოლიდური ფულადი თანხით და საპატიო წოდებით “ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე”.

შემდგომ, კონცერტის მსვლელობაში, ასევე დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებითა და საპატიო წოდებებით ქართული მუსიკალური კულტურის სხვა გამოჩენილი წარმომადგენლები: ლეგენდარული “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი - ჯემალ ჭკუასელი (“ღვაწლმოსილი ლოტბარის” პრიზი), ლოტბარი და მომღერალი რობერტ გოგოლაშვილი, მომღერალი და ლოტბარი თემურ ქევხიშვილი (“საუკუნის ხმის” პრიზი), ცნობილი მუსიკოსი და ხმის რეჟისორი მიხეილ კილოსანიძე (“ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მემატიანის” პრიზი), ანსამბლი “ელესა” - აჭარული სიმღერების აღდგენისა და შესრულებისათვის, ქართული ცეკვის დიდოსტატი ფრიდონ სულაბერიძე (“საუკუნის მოცეკვავის” პრიზი) და, ბოლოს, ამ საღამოს ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ქართული ხალხური სიმღერის უდიდესი მოჭირნახულე, მრავალმხრივი მოღვაწე, ყველასათვის საყვარელი ანზორ ერქომაიშვილი (“საუკუნის მოამაგის” ტიტულით).

შემაჯამებელი სიტყვებით გამოვიდნენ ფონდ “ქართული გალობის” საბჭოს წევრები - გამოჩენილი მუსიკოსები ლექსო თორაძე და ანზორ ერქომაიშვილი. ორივემ აღნიშნა ფონდის დაარსების მნიშვნელობა და გამოთქვა რწმენა, რომ მისი წყალობით ძალზე გაფართოვდება ქართული ხალხური სიმღერის შემოქმედებითი არეალი, შესაძლებელი გახდება გაღრმავებული და სისტემატური მუშაობა ხალხური სიმღერის ყოველმხრივი მოვლის, პროპაგანდისა და პოპულარიზაციისათვის. დაგეგმილია მრავალი სხვადასხვა სახის ღონისძიება ამ კეთილშობილი და ძალზე აქტუალური კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმის განსახორციელებლად უკვე უახლოეს მომავალში, ხაზი გაესვა ბატონ ვანო ჩხარტიშვილის უდიდეს ღვაწლსა და დამსახურებას ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე.

ეს დაუვიწყარი საღამო დააგვირგვინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, როგორც მუდამ, ბრძნულმა და მაღალი სულიერებით გამსჭვალულმა სიტყვებმა და ლოცვა-კურთხევამ: - “ქართული სულის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გამოხატულებაა ჩვენი სიმღერა და საგალობელი, გამორჩეული თავისი საოცარი მრავალფეროვნებითა და, ამავე დროს, სულიერი ერთიანობით... ღვთის წყალობით, საქართველო აუცილებლად გადარჩება და მას ქართული სიმღერა, ქართული კულტურა გადაარჩენს”. ამინ!

ღმერთმა გისმინოთ, ჩვენო დიდებულო პატრიარქო, ქართველი ხალხის სულიერო მამავ!

“ბოლო სიტყვის” თქმა კი ამ დაუვიწყარ საღამოზე წილად ხვდა ბიჭუნათა გუნდს, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერის მთავარი “სავიზიტო ბარათი” - დიდებული “მრავალჟამიერი” დააგუგუნა.

დაილოცოს საქართველო, უნიკალური ქართული ხალხური მუსიკალური კულტურა. დიდი მადლობა მის შესანიშნავ ქომაგებს და მოამაგეებს!

გულბათ ტორაძე

სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი