გორში სტალინის ძეგლის დადგმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის შეფასებები უმალვე მოჰყვა. მისი ტონი კატეგორიულია - „გადახედოს პრემიერმა სტალინის ძეგლის აღდგენაზე მიღებულ ბრიყვულ გადაწყვეტილებას“.
საქართველოს პრეზიდენტი გორში იოსებ სტალინის ძეგლის აღდგენას მთავრობის მხრიდან მიღებულ ანტისახელმწიფოებრივ აქტს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართველ ერს კარგად უნდა ახსოვდეს იოსებ სტალინი, რომელმაც წერტილი დაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას. მეტიც, სტალინმა საუკეთესო მიწები ჩამოაჭრა საქართველოს და გადასცა სხვა რესპუბლიკებს, სტალინის ბრძანებით განადგურდა ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი, იოსებ სტალინმა ჩაიდინა წარმოუდგენელი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე... ამიტომ, სააკაშვილის აზრით, 21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა წარმოუდგენლად ბარბაროსული, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი აქტია.
სააკაშვილის პროგნოზით, ეს აქტი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს და, შესაძლოა, იმ ქვეყნების დასაცინები გავხდეთ, რომელთა დასაცავებიც უნდა ვყოფილიყავით.
პარალელურად, განცხადებებს ავრცელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც გორში სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე სტალინის ქანდაკების დადგმის ნებართვის გაცემას უარყოფს. მათი თქმით, მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და სტალინის ქანდაკების გორში განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო ჯერ კიდევ 2010 წლის 16 ივნისის N 29-ე განკარგულებით.
სტალინის შესახებ საკუთარ პოზიციას გამოთქვამს საქართველოს პატრიარქიც. უწმინდესის განმარტებით, სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა და ასეთები იშვიათად იბადებიან. უფრო მეტიც, სტალინს გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა და ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით, - ბოლო პერიოდში.
პატრიარქის განცხადებით, სტალინი ერთდროულად იყო ქართველიც და რუსიც, მან შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერები და საგალობლები. უწმინდესი იხსენებს, რომ, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, სასულიერო სემინარიის სტუდენტები, მათ შორის, თავად ილია მეორეც, სააქტო დარბაზში ტიროდა.
„სტალინის პიროვნებაზე ჩვენ ბევრს გვიამბობდა ჩვენი რექტორი- კონსტანტინ რუჟიცკი, რაც მას გაგებული ჰქონდა უწმინდესი პატრიარქის ალექსი პირველისგან. ალექსი პირველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, დიდი კულტურითა და სულიერებით. ის ძალიან აფასებდა და უყვარდა სტალინი. ერთხელ, როდესაც სტალინმა ის მიიღო, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მიმართა მათ: „რაში გჭირდებათ დახმარება?“ მათ უპასუხეს, რომ მადლობელი იყვნენ იმისთვის, რომ მან ნება დართო, გაეხსნათ ტაძრები. მან კი უპასუხა: „არა, ეს საკმარისი არ არის. გახსენით სასულიერო სემინარიები და აკადემიები“. ეს თვითონ მან თქვა. ის ხომ თავად იყო სემინარიელი. მან იცოდა სასულიერო განათლების ფასი“, - განაცხადა ილია მეორემ.
ალბათ, არცერთ პიროვნებას არ გამოუწვევია აზრთა ისეთი სხვადასხვაობა, როგორც იოსებ სტალინს, ცალმხრივად მისი მოღვაწეობის შეფასება კი შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, For.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ ისტორისკოსები და პოლიტოლოგები სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით. ისე მოხდა, რომ ყველა ჩვენი რესპოდენტი რეპრესირებულთა შთამომავლები აღმოჩნდა, თუმცა გადატანილი ტრაგედიის მიუხედავად, სტალინის ფენომენის შესახებ მათი შეფასებები განსხვავებულია.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ სტალინის ძეგლის აღდგენის გამო საერთაშორისო იზოლაციაში არ მოვექცევით და, როგორც ყოველთვის, პრეზიდენტი ახლაც აბსურდულ რაღაცებს ამბობს. ისტორიკოსის თქმით, შესაძლოა, სტალინი მართლაც სასულიერო წიაღიდან იყო წამოსული, მაგრამ დღევანდელ თაობებსაც კი მისი სისასტიკე და რეპრესიები კარგად ახსოვთ. თუმცა, ამავდროულად, გიორგი ოთხმეზურის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტალინი დიდი პოლიტიკური ფიგურა იყო. ამდენად, მისი რჩევაა, რომ კომპრომისი უნდა გამოინახოს და გორელებსაც უნდა გაეწიოთ ანგარიში, რადგან სტალინი წარმოშობით გორიდან იყო.
„სხვათა შორის, ხრუშჩოვის პერიოდში სტალინის წინააღმდეგ პიროვნების კულტის დაგმობა როცა დაიწყეს, გორელებმა მაინც მოახერხეს და დაიცვეს სტალინის ძეგლი. სააკაშვილის ხელისუფლების დროს კი ეს ვერ გაბედეს, რაც ძალიან ბევრი რამის მთქმელია. ამიტომ სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას მუზეუმთან და არა - ქალაქის ცენტრში, სადაც იდგა. ეს იქნება ყველაზე უკეთესი გამოსავალი“, - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.
ამასთან, მიაჩნია, რომ ჰეიდარ ალიევისა და სხვათა ძეგლები სააკაშვილმა თავს ისე მოგვახვია, რომ ხალხის ნება არავის გაუთვალისწინებია. ეს მისი გემოვნება და მისი სურვილი იყო, რაც ყოველგვარი განხილვის გარეშე ერთპიროვნულად სრულდებოდა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, ამ მხრივ რეკორდსმენიც კი აღმოჩნდეს, რადგან მის წინაპრებს რეპრესიების ტალღამ მასობრივად გადაუარა. სოსო ცინცაძის თქმით, მის მამას ცხრა ძმა ჰყავდა, რვა მათგანი დაუხვრიტეს 37-ში, ასევე, დახვრიტეს მისი ბაბუაც დედის მხრიდან. მიუხედავად ამისა, სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ სტალინი ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი იყო. მართალია, ხრუშჩოვი ისეთ სისულელესაც კი ამბობდა, თითქოს, სტალინმა რუკა არ იცოდა და გლობუსით ხელმძღვანელობდა, მაგრამ, სინამდვილეში, სტალინი უაღრესად განათლებული გახლდათ. ამიტომ პოლიტოლოგი ყველას ურჩევს, წაიკითხონ ისეთი ობიექტური ავტორიტეტის ნაშრომი, როგორიცაა კისინჯერი, სადაც გადმოცემულია 37 წლების შემდგომი პერიოდი, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, ჰიტლერთან სტალინის პირისპირ დგომის დეტალები და ომის შემდგომი მოვლენები.
მართალია, კისინჯერს სტალინის შეცდომებიც აქვს გადმოცემული და მიღწევებიც, მაგრამ მიღწევები 10 და 20-ჯერ ფარავს მის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, შეცდომებს.
რაც შეეხება რეპრესიებს, სოსო ცინცაძე ამ მხრივ პეტრე პირველს იხსენებს, რომლის დროსაც რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობა დიდი იყო. რუსი ხალხის ძვლებსა და ჩონჩხებზეა აშენებული პეტერბურგი და 37 წლის რეპრესიები მკრთალდება პირადად პეტრეს რეპრესიებთან შედარებით. ამის მიუხედავად, რუსები მას პეტრე დიდს უწოდებენ. ასე რომ იყოს, მაშინ ყაზახებმა და შუა აზიის მოსახლეობამ ჩინგიზ ხანი ჯვარს უნდა აცვას, თუმცა მის შესახებ ფილმებს იღებენ.
ამიტომ სოსო ცინცაძის აზრით, ისტორიას თავისი გმირები ჰყავს და თავისი სიმპათია-ანტიპათიები გააჩნია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ემოციებთან. მეტიც, პოლიტოლოგს უკვირს, თუკი მსოფლიოში დგას ოდიოზური მეფეების ძეგლები, რატომ არ უნდა იდგეს სტალინის ძეგლი?! თუ პეტრეს 40 ძეგლი დგას რუსეთში და დღეს რუსეთის პრეზიდენტიდან დაწყებული, პრემიერით თუ რუსი გენერლებით დამთავრებული, ყველას კაბინეტში პეტრეს პორტრეტები აქვს ჩამოკიდებული, მაშინ სტალინი მხოლოდ უარყოფით ჭრილში რატომ უნდა დავინახოთ?
„რაც შეეხება სტალინის როლს საქართველოს გასაბჭოების საქმეში, ამ ხალხმა, ელემენტარულად, ისტორია არ იცის. მაშინ გაცილებით რთული სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს წარმოუდგენიათ, რომ თურმე სტალინს მოუსურვებია და გაუსაბჭოებია საქართველო. კომუნისტურ რუსეთში არავინ არ დატოვებდა დამოუკიდებლად ამიერკავკასიას და, მთლიანად, სამხრეთ კავკასიას, ბაქოს ნავთობიდან დაწყებული, საქართველოს ტრანზიტული პოტენციალით დამთავრებული. მით უმეტეს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის წარმომადგენელი ვერსალის კონფერენციაზე პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჯარი გავგზავნოთ სომხეთში. მაშინ სომხეთზე უფრო ტიროდნენ, ვიდრე- საქართველოზე და მთელი საფრანგეთი რატომღაც სომხეთზე ლოცულობდა, რასაც ადასტურებს ბრიტანელი პოლიტიკოსის - ლოიდ ჯორჯის მოგონებები. ის ამბობდა, ჩვენ ჯარს ვერ გავგზავნით, ჯარი არ გვყავს და ფული არ გვაქვს. თუ ვინმე გაგზავნის ჯარს, ჩვენ მხოლოდ ტაშს დავუკრავთო, ხოლო საქართველოს წარმომადგენელს ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ თქვენი ადვოკატები ვიქნებით, თუკი აქ სასამართლო პროცესი გაიმართება. სხვა რამ კი, რომ ჩავერიოთ და ბოლშევიკებს ომი დავუწყოთ, არ შეგვიძლიაო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ამასთან, პრეზიდენტის მხრიდან საერთაშორისო იზოლაციაზე საუბარი უვიცობად მიაჩნია. მით უფრო, რომ ისრაელში დღესაც სტალინის ბიუსტები დგას იმ მადლიერების გამო, რომ სტალინმა დადებითი როლი შეასრულა 1948 წელს ისრაელის დაარსებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის გამო ისრაელი იზოლაციაში არ მოხვედრილა.
„ნეტავ, საერთაშორისო იზოლაციას რაც იწვევს, იმას მიხედონ. დღეს წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს ადამიანს საერთაშორისო ვითარებაზე, რომ თქვას, სტალინის ძეგლი თუ აღდგა გორში, მთელი ევროპა იტყვის, ნატოში რა უნდა საქართველოს, თურმე ქართველები სტალინისტები ყოფილანო. რუსეთში ჯერ კიდევ ძალზე ძლიერია პროსტალინური განწყობა სამხედროებში. ეს საქართველშია, რომ თითო-ოროლა ომის მონაწილე დარჩა, თორემ რუსეთში ასი ათასამდეა დარჩენილი მარტო ომის მონაწილე ოფიცერი, ჯარისკაცებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ, პირიქით, ძეგლის დადგმა ამ ხელისუფლებისადმი სიმპათიას გაზრდის რუსეთის გარკვეულ წრეებში. ხოლო დასავლეთს აბსოლუტურად არ აინტერესებს სტალინის ძეგლის დადგმის თემა, ისევე, როგორც დასავლეთში თავის დროზე ყურადღება არავინ მიაქცია, რომ გორში სტალინის ძეგლი აიღეს“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას განმარტებით, აქ მთავარია, რა ფასეულობების გარშემო დგას ჩვენი სახელმწიფო. თუ ამაზე არ ვართ ჩამოყალიბებულნი, მაშინ საერთოდ ზედმეტია არათუ დასავლურ ინტეგრაციაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე საუბარი. მეტიც, თუკი დღეს საკამათო ხდება სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას თუ არა ქვეყანაში, მაშინ ჩვენ გვქონია ფუნდამენტური ისტორიის არცოდნის პრობლემა.
ელენე ხოშტარიას აზრით, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის ერთ-ერთი ბოროტებაა სტალინი და საბჭოთა კავშირი, ასევე, გასათვალისწინებელია ის სისხლი, რომელიც იმ დროს დაიღვარა. ამიტომ, ეს არის ქვეყნის იდენტობის ფუნდამენტური საკითხი.
„ჩემი პირადი აზრია, რომ არათუ არ უნდა არსებობდეს ძეგლი, არამედ საერთოდ გასამართლებული უნდა იყოს კომუნისტური პარტია და სტალინი, როგორც ბოროტმოქმედება კაცობრიობის წინაშე. აქ საუბარი არ არის არქიტექტორული ნაგებობის ყოფნა-არყოფნაზე, აქ საუბარია ქვეყნის ფასეულობებზე, თუ როგორ აფასებს ქვეყანა თავის წარსულს და დანაშაულს. საკვირველი და საწყენია, რომ პატრიარქი, რომელიც სარგებლობს ასეთი ავტორიტეტით, სტალინის რაიმე პოზიტიურ თვისებებზე საუბრობდეს“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
დასავლეთს რაც შეეხება, ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ არავინ ჩაჰყვება საქართველოს საფლავში და, როგორიც უნდა, ისეთი გზა უნდა აირჩიოს ქვეყანამ. თუ საქართველოს მოესურვება, რომ იყოს საბჭოთა კავშირის მეხოტბე, ამის გამო დასავლეთიც შესაბამის პოლიტიკას განავითარებს. მით უფრო, რომ არის ქვეყნები პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელთაც არანაირი აზრი და სურვილი არ აქვთ დემოკრატიაზე, ამიტომ დასავლეთის მხრიდან მათი დახმარება და გვერდში დგომა აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიულ ფასეულობებს.