ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივნის, თამაზ ბაკურიძის მტკიცებით, მას აქვს ბოლო მონაცემები იმის შესახებ, რომ ზურაბ ადეიშვილი მოსკოვში იმყოფება. კერძოდ, მას პირადად მიაწოდეს ეს ინფორმაცია, რომ ადეიშვილი მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში უნახავთ. ოღონდ, თამაზ ბაკურიძის თქმით, ეს არ არის ოფიციალური ვერსია, ეს კერძო ინფორმაციაა, რომელიც მან გაახმაურა იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყურადღება მიაქციონ. თუმცა, ასლან აბაშიძის ყოფილი პრეს-მდივანი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ქართველი სამართალდამცავი ორგანოები მასზე უკეთ არიან ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ სად იმყოფებიან ყოფილი მაღალჩინოსნები.
სხვათა შორის, ამ რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილი ხუმრობდა ადეიშვილის ევროპული „ტურნეების“ შესახებ. კერძოდ, პრემიერი აცხადებდა, რომ საპატრიარქოში შეხვედრისას ადეიშვილის თემას მიხეილ სააკაშვილიც შეეხო.
მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას არ ვაპირებ, მაგრამ ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა მითხრა: მართალია, ადეიშვილი გაიქცა და ვერ გავიგე, რატომ გაიქცა, მაგრამ ევროპაში ტრამვაით მოგზაურობსო. აქ ტრამვაი აღარ არის, აყარეს ამათ რელსები, მაგრამ რატომ გაიქცა, თუ ტრამვაით მოგზაურობს? ჩამოვიდეს და ტროლეიბუსის ფულს მაინც მივცემთ“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ამის შემდეგ ადეიშვილი ევროპულ ქალაქებში გამუდმებით იცვლიდა ადგილსამყოფელს, სულ ახლახანს კი მოსკოვსაც მიაშურა, რამაც თამაზ ბაკურიძეს გაუძლიერა ეჭვი, რომ არცთუ უსაფუძვლო ყოფილა ყოფილ მაღალჩინოსანთა რუსული კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
„სავარაუდოდ, ადეიშვილმა ევროპიდან იმიტომ გადაინაცვლა მოსკოვში, რომ რუსეთში უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ხშირად ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პროევროპულობაზე დებს თავს, შესაძლოა, აღმოჩნდეს ყველაზე დიდი პრორუსული ძალა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა უფრო მეტად პრორუსული იყო, ვიდრე პროდასავლური და თვითონ მიხეილ სააკაშვილი, არ გამოვრიცხავ, იყოს ორმაგი მოთამაშე“, - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, მანვე განმარტა, რომ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, მეგის ქარდავა და დგებუაძე, იგივე „მასტერა“ ბათუმიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ ტრაპიზონში გრძნობენ თავს ყველაზე უსაფრთხოდ.
„ისინი ტრაპიზონში იმყოფებიან და ვერ სცილდებიან ამ ქალაქს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მათ ტრაპიზონი მოსწონთ, უბრალოდ, ტრაპიზონი აღმოჩნდა ყველაზე უსაფრთხო მათთვის ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ევროპაში, რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ გატარებული იქნებოდა მკაცრი ზომები. მე სახელმწიფოებს არ ვგულისხმობ, მე ქურდულ სამყაროს ვგულისხმობ, რომელიც მათ სხვა ქალაქში თავისუფლად ყოფნის საშუალებას არ მისცემს. თუმცა მანამდე ისინი იყვნენ სტამბოლში, შემდეგ გადმოფრინდნენ და ახლა ყველანი ტრაპიზონში არიან. ჩემთვის გასაკვირია, თუ ისინი ინტერპოლით ძებნილნი არიან, რატომ ვერ ახერხებს იმდენს ჩვენი ხელისუფლება, რომ მოხდეს მოლაპარაკება მეზობელ ქვეყანასთან და ისინი დაკავებულ და გადმოყვანილ იქნენ საქართველოში?!“ - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
ამასთან, ადასტურებს, - იმის გამო, რომ ევროპაში ძალიან ძლიერადაა ქურდული სამყაროსა და კრიმინალურ ავტორიტეტთა გავლენები, თითოეულ მათგანს ელოდებიან, როგორც „კარგ ლუკმას“, მაგრამ მათ ეს იგრძნეს და გადაწყვიტეს უკან დაბრუნება. უფრო მეტიც, ბაკურიძის ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი დღეს წამლის კაიფშიცაა და რატომღაც კარგად და დაცულად გრძნობს თავს.
მეტიც, ეს პირები ტრაპიზონის ძვირადღირებულ ფეშენებლურ სასტუმროში არიან და იქ მათი ყოველდღიური ყოფნა ძალზე ძვირი ჯდება, თუმცა ბაკურიძე დარწმუნებულია, რომ ოდესმე ამოეწურებათ მათ უკანონოდ წაღებული ფულები და მათი მომავალი უზრუნველი და კარგი აღარ იქნება. ამის დასტურად თამაზ ბაკურიძეს უახლოესი წარსულიდან მაგალითი მოჰყავს. კერძოდ, აჭარის რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძე მოსკოვში წავიდა და მას თან გაჰყვა უშიშროების მინისტრი სოსო გოგიტიძე, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი და მდიდარი პირი გახლდათ. თუმცა, რამდენადაც ცნობილია, დღეს იგი მოსკოვში ყველაზე ღარიბია და გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ამდენად, ბაკურიძის აზრით, იგივე ბედი და კანონის წინაშე პასუხისმგებლობა ელით ამ ადამიანებს, თუკი ახალი ხელისუფლება არ განახორციელებს მათთან კოაბიტაციურ რეჟიმში ურთიერთობას.
გარდა ამისა, თამაზ ბაკურიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის -დავით ჭაკუას დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა.
„მინდა, ჭაკუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად თქვენი ინტერნეტგამოცემის მეშვეობით გავახმაურო. იცით, როგორ ჩაბარდა სამართალდამცავებს ჭაკუა? მას კანონიერი ქურდები დაემუქრნენ და აპირებდნენ მის ლიკვიდაციას, თუმცა დაასწრო და ავსტრიელ სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. არავითარი ამ ხელისუფლების გავლენა არ ყოფილა. მცდარია ინფორმაცია, თითქოს, იგი ამ ხელისუფლების მეშვეობით იქნა დაკავებული. უბრალოდ, ის ჩაბარდა სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით“, - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
ამასთან, ასლან აბაშიძის ყოფილ პრესმდივანს გასაოცრად არ მიაჩნია, რომ ქართველი კანონიერი ქურდები დაემუქრნენ ჭაკუას, რადგან იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და უკანონობას ჩადიოდა.