"უნივერსიტეტს დღეს შველა უნდა! "

პროფესორმა გიორგი ბარამიძემ გადაწყვიტა კენჭი იყაროს თსუ-ის რექტორის თანამდებობაზე და უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია წარმოადგინა. “აუცილებელია უნივერსიტეტი დაუბრუნდეს მათ, ვისაც იგი ეკუთვნის: სტუდენტებსა და პროფესორებს, ხოლო მათი საშუალებით - ქართველ ერს, საქართველოს მოქალაქეებს და საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას.  ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია: უნივერსიტეტს მიენიჭოს ჭეშმარიტი ავტონომია,  პროფესურას - აკადემიური თავისუფლება, სტუდენტს - საუნივერსიტეტო ინსტიტუციის სრულუფლებიანი წევრობა”, - ეს არის პროფესორ გიორგი ბარამიძის სამოქმედო გეგმა.

პროფესორ გიორგი ბარამიძეს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტი გამუდმებით უნდა იღწვოდეს უნივერსალური ცოდნის მოპოვებისთვის, არ უნდა იზღუდებოდეს პოლიტიკური და,  მით უმეტეს, პარტიული საზღვრებით. იგი თავისი პრინციპულობითა და მიუკერძოებლობით აპირებს უნივერსიტეტში სამართლიანობის აღდგენას, უნივერსიტეტის რეალურ დეცენტრალიზაციას და გვპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უნივერსიტეტში

დამკვიდრდეს აკადემიური მიუკერძოებლობა, როგორც უნივერსიტეტის სტაბილური განვითარების გარანტი.

“პროფესორი ბარამიძე არის უაღრესად გამორჩეული მკვლევარი, რომლის მოღვაწეობა ფილოსოფიისთვის ფასდაუდებელ ღირებულებას წარმოადგენს. მისი   ფილოსოფიური მოღვაწეობა უმაღლეს აღიარებას იმსახურებს”, - ასე აფასებს პროფესორ გიორგი ბარამიძის სამეცნიერო მოღვაწეობას მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მაღალრეიტინგული მოაზროვნე დოქტორი ბოხუმის რურის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი - ბურკჰარდ მოიზიში.

მისი  მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი მიმართულებებია თეორიული ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, მეტაფიზიკა, ქრისტიანული მისტიკა, პოლიტიკურად ორიენტირებული ფილოსოფიური თეოლოგია და რწმენის შესახებ  მეცნიერება. იგი შესანიშნავად იცნობს ანგლო-ამერიკულ, გერმანულ, ფრანგულ და იუდეურ აზროვნებას.

პროფესორი გიორგი ბარამიძე თვლის, რომ უნივერსიტეტის რექტორობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ერისა და ქვეყნის წინაშე და მისი  მართვა დაფუძნებული უნდა იყოს სამართლიანობასა და უმაღლეს კომპეტენციაზე.

საზოგადოებისათვის საინტერესოა, რა იდეოლოგიის გამტარებელი იქნება პროფესორი გიორგი ბარამიძე თსუ-ის რექტორის პოსტზე და რა ნაბიჯებს გადადგამს აპირებს იგი უნივერსიტეტის განვითარებისათვის.

ბატონო გიორგი რატომ გადაწყვიტეთ, მონაწილეობა მიიღოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში?

უნივერსიტეტეს დღეს შველა უნდა! უნივერსიტეტი დაშორდა თავის იდეას და აღარ არის ის, რაც უნდა იყოს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. უნივერსიტეტში დღეს ადმინისტრაციის 3000 თანამშრომელია, მაშინ როცა პროფესორების რიცხვი მხოლოდ 640-ია. დღეს უნივერსიტეტი აღარ არის... უნივერსიტეტი  პროფესორებისა და სტუდენტების ერთობაა - ეს მომენტი კი  აბსოლუტურად დარღვეულია. რამ  გამოიწვია ეს?   იმან, რომ წინა  რეჟიმი კორუმპირებული  იყო  და უნივერსიტეტის შიგნით დიდი გასაქანი მიეცა  აკადემიურ კორუფციას. კოლეგები ერთმანეთს მიკერძოებით, არაობიექტურად, მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე აფასებენ, არ ფასობს პროფესიონალიზმი, აკადემიურ თანამდებობებს  დისკვალიფიცირებული ვითომსპეციალისტები იკავებენ...

-თქვენ ახლა ზოგადად საუბრობთ, ამ ფაქტების  დამადასტურებელი კონკრეტული მაგალითები თუ  გაქვთ?

- რა თქმა უნდა, კონკრეტული მაგალითებიც მაქვს. ეს არ არის ბრალდება, ეს არის ჩემი,  როგორც დამოუკიდებელი  პროფესორის შეხედულება, რომელსაც აკადემიური თავისუფლება გარანტირებული აქვს  საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით. ამ  საკითხებზე უკვე   დიდი ხანია   საჯაროდ ვსაუბრობ პრესითა და ტელევიზიით. მთავარი მოტივაცია, რამაც გადამაწყვეტინა მონაწილეობა  მიმეღო     რექტორის არჩევნებში, არის სტუდენტების და პროფესურის დიდი ნაწილის მხარდაჭერა.  ჩემი კონცეფციის მიხედვით, ამას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სხვადასხვა მიმართულებით.

რას შეცვლიდით უნივერსიტეტში?

უნივერსიტეტი, უპირველეს ყოვლსა, უნდა იყოს სამართლიანი ინსტიტუცია. დღეს კი იგი მთლიანად უსამართლობის საფუძველზე დგას. და ამას ვამბობ   აკადემიური თვალსაზრისიდან  გამომდინარე.  საკმაო   ხანია, რაც ხმამაღლა   ვლაპარაკობ აკადემიური კორუფციის შესახებ.  როცა ძირი  ეთხრება პროფესურის აკადემიურ თავისუფლებას, ძირი ეთხრება ხარისხსაც.

დღეს უნივერსიტეტში აკადემიური თავისუფლება არ არსებობს?

- უნივერსიტეტი  უნდა იყოს პროფესორების და სტუდენტების  ერთობა და მე გეკითხებით თქვენ,  იმ შემთხვევაში,  როცა ჩვენს წინაშეა ადმინისტრაციული მონსტრი ადმინისტრაციის

3000 თანამშრომლით,  ეს მაშინ, როცა პროფესორთა რიცხვი მხოლოდ 640 შეადგენს, ეს ხომ, უბრალოდ, დაუჯერებელია...

-მაგრამ ეს 3000 თანამშრომელი იმისთვის ზრუნავს, რომ სწავლის პროცესი და სტუდენტთა მომსახურება ხარისხიანი  და ეფექტური იყოს?

- დიახ, იდეის მიხედვით ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს   მათემატიკურ თანაფარდობაშიც უნდა აისახებოდეს. აქ კი პირიქითაა, სტუდენტები და პროფესორები  ემსახურებიან ადმინისტრაციას,  და ეს   ასეა.   ამის  თქმის უფლება მაქვს,  ეს   არის ჩემი აკადემიური თავისუფლების გამოხატულება. ამ უნივერსიტეტში 1979  წლიდან 2012  წლის ზაფხულამდე ვმოღვაწეობდი. შარშან, კონკურსის საფუძველზე დამითხოვეს. ჩემი საქმე საკასაციო წესით  გავასაჩივრე.  სასამართლოს საბოლოო განაჩენი   ჯერ არ გამოუტანია.

ჩემი მიზანი აქ დაბრუნება კი არ არის, არამედ  ის,  რომ უნივერსიტეტი დაუბრუნდეს მათ, ვისაც ის ნამდვილად ეკუთვნის - სტუ- დენტებსა და პროფესორებს  და მათი საშუალებით მთლიანად საზოგადოებას, საერთა- შორისო აკადემიურ  თანამეგობრობას. აი, ეს  უნდა  მოხდეს! ინსტიტუცია უნდა იყოს სამართლიანი, უნივერსიტეტი უსამართლო ინსტიტუცია ვერ იქნება!

- როგორ უნდა გაკეთდეს ეს?

- ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო მეგობრობის დიდი ნაწილი ხედავს იმას, რომ წლების განმავლობაში უნივერსიტეტიდან ხდებოდა პროფესურის დაუსაბუთებელი, უკანონო დათხოვნა და ეს ფასდება როგორც რეპრესიული ინსტიტუცია, რომელიც საბოლოო ჯამში ახდენს სტუდენტების დისკრიმინაციას და პროფესურის თანდათანობით, გეგმაზომიერ გაძევებას აკადემიური სივრციდან.   უნივერსიტეტის კედლებში გასაქანი ეძლევა ინტელექტუალური სივრცის   მეკობრეობას   და  პლაგიატს.   ის, რის მიხედვითაც  დღეს უნივერსიტეტში ე.წ. კონკურსები ტარდება, ეს ხომ საერთოდ ნონსენსია! დაუშვებელია კომისიის შემადგენლობაში შესული არასპეციალისტები აფასებდნენ  სპეციალისტს. ბოლო წლებში უკვე ე.წ. “ტროიკები”  შემოიღეს ადმინისტრაციის წევრების სახით, რომლებიც პირდაპირ დირექტივებს ასრულებდნენ და წყვეტდნენ პროფესორის აკადემიურ სივრცეში ყოფნა- არყოფნის საკითხს, რასაც სხვა არაფერი ჰქვია აკადემიურ ენაზე, თუ არა დევნა. ამიტომ ჩემი გეგმის მიხედვით, პირველი, რაც უნდა მოხდეს, უნდა აღდგეს სამართლიანობა. ვინც არ უნდა გახდეს რექტორი, მან პირველად სამართლიანობა უნდა აღადგინოს. ეს უნივერსიტეტმა გარე ძალების ჩარევით კი არ უნდა გააკეთოს, არამედ   თვითონ გამოიჩინოს კეთილი ნება და უკან დააბრუნოს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც  უსამართლოდ გააძევეს უნივერსიტეტიდან და უნდა აღადგინოს  ყველა  ის აკადემიური  დანაყოფი,  რომელიც  ბოლო  წლების  მანძილზე  უკანონოდ და უსამართლოდ იქნა გაუქმებული.  მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამას არ უნდა მიეცეს რევანშისტული ხასიათი. ეს ადამიანები ერთად უნდა დასხდნენ და საერთო საუნივერსიტეტო კონსენსუსის საფუძველზე მოილაპარაკონ, თუ როგორ ჩაატარონ ნამდვილად ობიექტური აკადემიური არჩევნები და  კონკურსები. გარეშე  რეფერირების  გზით  უნდა  გაკეთდეს კონკურსზე წარდგენილი ნაშრომების ექსპერტიზა, ეს ნაშრომები უნდა შემოწმდეს პლაგიატზეც, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს სამეცნიერო სფეროში.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს უნივერსიტეტში ნამდვილი პრო- ფესიონალები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები აღარ დარჩნენ, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის...

- რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში ყოველთვის იღვწოდნენ და ახლაც იღვწიან მაღალკვალიფიციური პროფესორები, რომლებიც  თითქმის მარტონი დარჩნენ სისტემური გადაგვარების არნახული მასშტატების პირისპირ. ყოველივე ამის შედეგად ძირი გამო- ეთხარა უნივერსიტეტის ავტონომიურობასა და პროფესურის აკადემიურ თავისუფლებას. უნივერსიტეტმა უნდა დაიცვა  ავტონომია. უნივერსიტეტის ავტონომია არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას,  ანდა პარტიულ პასუხისმგებლობას. იგი  ანგარიშვალდებულია არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე, როცა უზრუნველყოფილი იქნება როგორც ე.წ. გარეგანი, ისე შინაგანი დამოუკიდებლობა, რაც  გულისხმობს პროფესურის თავისუფლებას საუნივერსიტეტო ადმინისტრაციის სტრუქტურებისგან.

ახალი საუნივერსიტეტო მოწესრიგების ცენტრი სტუდენტი გახდება. დღეს სტუდენტები თავს უნივერსიტეტის სტრუქტურებისა და ადმინისტრაციის დანამატად განიცდიან, რომელსაც შეგიძლია ისე მოეპყრო, როგორც გინდა. მათზე   ხორციელდება ფსიქოლოგიური და სხვა სახის ზეწოლა და სტუდენტები დისკრიმინირებულ მდგომარეობაში გრძნობენ თავს. სწორედ  ამ  სიტუაციას უნდა დაესვას წერტილი. სტუდენტი არის ზუსტად ისეთივე წევრი საუნივერსიტეტო კორპორაციისა, როგორც პროფესორი.  როცა ეს   ასე არ არის, ამას ჰქვია  უნივერსიტეტის გახრწნა, გარყვნა და კორუფციის ჭაობში ყოფნა.

უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს  საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებასა  და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში აქტიურ ჩართულობაზე. უნივერსიტეტი არა მარტო ჩვენი  შვილების მომავალია, არამედ ის სახელოვანი წარსულის ძეგლია, რომელსაც სამართლიანობა უნდა დაუბრუნდეს და გახდეს ეროვნული უნივერსიტეტი,  რომელმაც ღირსეულად უნდა ატაროს პირველი ეროვნული უნივერსიტეტის სახელი. ვერავინ ვერ უნდა ბედავდეს,  შეზღუდოს მისი  აკადემიური თავისუფლება!

და ბოლოს,  მოვუწოდებდი თსუ-ის რექტორობის   ყველა  კანდიდატს, რომ გამოაქვეყნონ   თავიანთი კონცეფციები   და გააცნონ ისინი ფართო საზოგადოებრიობას.

ბიოგრაფიული შტრიხები

გრიგოლ რობაქიძისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორი გიორგი ბარამიძე დაიბადა 1957 წელს ლანჩხუთში, დაამთავრა სოფელ ლესის საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1979  წლიდან 2012 წლამდე  მუშაობდა  სხვადასხვა  პოზიციაზე.

1985   წელს   დაიცვა   საკანდიდატო,   ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი    დოქტორი    ფილოსოფიის    დარგში.

1986-1996  წლებში იყო ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემათა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, ხოლო   1996-1999  წლებში ამავე ჯგუფის ხელმძღვანელი. 1999-2004 წლებში იგი   ფილოსოფიის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარეა. გიორგი ბარამიძე 2000-2012  წლებში თსუ-ის პროფესორი  გახლდათ.