„ნაცვლიშვილის შეთქმულება ივანიშვილის წინააღმდეგ“

„ნაცვლიშვილის შეთქმულება ივანიშვილის წინააღმდეგ“

საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი, სპეციალური წერილით მიმართავს გენერალური პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს. ჰამერბერგი წერს, რომ დაკვირვებით შეისწავლა საქმე და არაა დარწმუნებული, რომ ეს არის მყარი საქმე დაკავებულთა წინააღმდეგ. ჰამერბერგის წერილი 2013 წლის 13 ივლისით არის დათარიღებული. გენერალურ პროკურატურაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებული მემორანდუმისათვის, რომელიც ჩვენი შეხვედრის შემდეგ, ივნისში გამომიგზავნეთ. დაკვირვებით შევისწავლე აღნიშნული დოკუმენტი და კვლავ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის მყარი საქმე მათ წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილად სცნეს. როგორც მოგეხსენებათ, წინასწარი დაკავება მხოლოდ ისეთ გარემოებებში გამოიყენება, როცა არ არსებობს სხვა გზა, როდესაც არსებობს საფრთხე იმისა, რომ პირმა, შესაძლოა, თავი აარიდოს ან გაანადგუროს მტკიცებულება“, - წერს ჰაბერბერგი გენერალური პროკურორის მოადგილისთვის მიწერილ წერილში.

ჰამერბერგის თქმით, ის ვერ ხედავს ამ პირებისთვის თავისუფლების შეზღუდვის გაგრძელების მიზეზს.

„თუ გაქვთ მათთან დაკავშირებული სხვა კითხვები, შეგიძლიათ, დაუსვათ მათ შემდეგ დაკითხვაზე, რაც არ მოითხოვს დაკავებას“, - წერს თომას ჰამარბერგი.

მეტიც, ჰამერბერგი ამავე წერილში წერს, რომ ეს საქმე სიღრმისეულად შეისწავლა და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრსაც აცნობა.

„ვაცნობე პრემიერ-მინსტრს ჩემი შეშფოთება ამ საქმის თაობაზე და ჩემი აზრით, ეს დაკავებული ადამიანები დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდნენ პატიმრობიდან“, - აღნიშნავს წერილის დასარულს თომას ჰამერბერგი.

რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილს, რომელის სახელი ამ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს, ამ დრომდე დუმს. მეტიც, ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ნაცვლიშვილმა შექმნა „ტრაქტორების“ საქმეზე „მტკიცებულებები“, რომლის საფუძველზე რამდენიმე პირი დააკავეს, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე თანამდებობიდან გადადგა. ჰამერბერგის წერილზე კომენტარი, ჯერჯერობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია.

საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგს, სპეციალური წერილით მიმართეს სოფლის მეუროების საქმეზე დაკავებული პირების ადვოკებმაც.

„ამ საქმესთან დაკავშირებით მასალები ჩვენც გავუგზავნეთ ბატონ ჰამერბერგს. მე ვფიქრობ, რომ მისი მოსაზრება უაღრესად საყურადღებოა, მას მთელი ევროკავშირი უწევს ანგარიშსს. რაც შეეხება თვითონ საქმეს, აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ეს საქმე არის თეთრი ძაფით ნაკერი, ანუ დაუსაბუთებელი. ჰაბერბერგის პოზიცია ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ სასამართლო წარიმართოს ობიექტურად. წინასასამართლო სხდომა დანიშნული არის 5 აგვისტოს, შემდგომში დაინიშნება საქმის არსებითი განხილვა. ეს საქმე იქნება საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც ხელს შეუწყობს საქმის ობიექტურ განხილვას“, - აღნიშნა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

ჰამერბერგის წერილიდან ზუსტად 16 დღეში, აბსოლუტურად მოულოდნელად, კვირა დღეს, პროკურატურის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, რომელიც ეხებოდა შპს „მექანიზატორის“ საქმეზე დაკავებულ ორ პირს - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორებს ოთარ ქარჩავას და ზაზა მახარობლიძეს და მათ პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ, ანუ პროკურატურამ დააყენა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვინაიდან საგამოძიებო მოქმედებები უკვე ამოწურულია და არ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საშიშროება, აქედან გამომდინარე, აღნიშნული პირები ხელს ვერ შეუშლიან გამოძიებას, რაც საფუძვლად დაედო აღკვეთი ღონისძიების შეცვლას.

თუმცა, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ორი პირი და როგორც ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, 5 აგვისტოს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე მოხდება ორივე დაკავებულის განთავისუფლება.

ე.წ. ტრაქტორების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ, მას შემდეგ რაც ზედიზედ მოხდა მისი დაბარება მოწმის სტატუსით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, დუმილი დაარღვია. დავით კირვალიძემ 27 ივლისს გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას საბოტაჟის ფაქტებზე ისაუბრა. კითხვაზე, ებრძოდნენ თუ არა ყოფილ მინისტრს გუნდის შიგნით, კირვალიძემ უპასუხა, რომ გუნდის შიგნით თუ გუნდის გარეთ, არაკეთილისმსურველთა ჯგუფი იყო.

„ის, რომ ასეთი რაღაც ხდება, ფაქტია, გუნდის შიგნით ან გუნდის გარეთ, არაკეთილისმსურველთა ჯგუფი იყო. როგორც მოგახსენეთ, იყო საბოტაჟის ფაქტები, იყო პირდაპირი ხელშეშლა, მაგალითად, ბარათების დარიგების დროს, მოსახლეობას აფრთხილებდნენ, არ აიღოთ, ხელი არ მოკიდოთ ბარათებსო. იყო ხელშემშლელი ფაქტები, როდესაც ქვიშაგარეული საწვავი ჩაასხეს, რათა ტექნიკა დაზიანებულიყო. ყველაფერ ამას სხვა სახელი არ აქვს, გარდა საბოტაჟისა. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ საქმე არ გაკეთებულიყო კარგად“, - განაცხადა კირვალიძემ. 

შეკითხვაზე, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ხელის შეშლას ცდილობდა, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ასე უპასუხა: „ვინ იყვნენ ეს, წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები, ვისაც არ უნდოდათ მოკლე ვადებში ასეთი წარმატებული პროექტი განხორციელებულიყო, ამაზე ეჭვით და თურმეობითში საუბარი არასწორად მიმაჩნია.

კონკრეტული ადამიანების დასახელების შემთხვევაში უნდა გქონდეთ მყარი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება საუბარი. ეს არ არის სახუმარო საქმე. მე ვერავის ვერ დავასახელებ მანამ, სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, თუ ვინ რას აკეთებდა და ვისი როლი რა იყო ამ საქმიანობაში“, - განაცხადა დავით კირვალიძემ. 

როგორც ცნობილია, 2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტომ რვა პირი - შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი - ვაჟა ნახუცრიშვილი, მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი - ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები - ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.

დაკავებულებს „სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივ გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლაში“ ედებოდათ ბრალი. სასამართლომ 7 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ტრაქტორების საქმეზე“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება გრძელდება. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაიკითხა. 

საქმის პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი. როგორც ის ამბობს, მისი მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში სამართლებლივი დარღვევების წარმოჩენაა. მისივე თქმით საქმის არსებითი განხილვის დროს გამოჩნდება ბრალდების მხარის სისუსტე.

„პირველი მიმართულება გახლავთ შემდეგი - ჩვენ ვასაბუთებთ, რომ საერთოდ არ არსებობს განზრახვა ამ საქმეში, მეორე, რომ კვალიფიკაცია არის არასწორი, მესამე - თავდაპირველი ბრალდება რაც იყო, გამოშიგნეს და სხვა ბრალდებით შეავსეს, რაც კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე თავიდან იყო. შემდეგ ვამბობთ, რომ ჩვენ თვითონ გვაქვს არაერთი დასკვნა, გვაქვს ქართული, მოლდავური, გერმანული და ჩეხური დასკვნა ტარქტორების შესახებ. ეს ყველაფერი ადასტურებს ჩვენი პოზიციის სიძლიერეს“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

სწორედ ჩეხური დასკვნა გახდა მიზეზი იმისა, რომ სოსო ბარათაშვილს გვიან ღამით პროკურატურიდან დაუპატიჟებელი სტუმრები ეწვივნენ. For.ge- ს ინფორმაციით ისინი ადვოკატისგან კატეგორიულად ითხოვდნენ ამ დასკვნის გადაცემას, რომელიც ადვოკატმა ორშაბათს მიიღო. მცდელობის მიუხედავად ადვოკატმა მათ ჩეხეთიდან მიღებული დასკვნა არ გადასცა. ამ ინციდენტს for.ge-ს უდასტურებს სოსო ბარათაშვილიც.

„ოფისში იყვნენ მოსულები. მათ უნდოდათ მტკცებულების გაცვლა. არ მინდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, მე არ ვფიქრობ ამის გასაჯაროება რამეს მისცემს საზოგადოებას“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

ჰამერბერგის წერილი მედიასაშუალებით ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა გაახმოვანა. მისივე თქმით, ჰამერბერგმა 13 ივლისსაც გაუგზავნა პირადად ნაცვლიშვილს წერილი იმის თაობაზე, რომ მისი წარმოდგენით სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობაში მყოფი ადამიანები, რადგან არ არსებობს არანაირი საფუძველი მათი დაკავებისა და, რომ იგი ეთანხმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალოგიურ დასკვნას ამ საქმის თაობაზე.

„ეს არის დიდი შეთქმულება ივანიშვილის წინააღმდეგ. როდესაც პრემიერი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ რეაგირებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დასკვნაზე, ვერ რეაგირებს როგორც ამერიკის, ასევე შვეიცარიის ელჩის ზეპირ და წერილობით მიმართვებზე, ე.ი. რაღაც ხდება, - ისეთი რაც ჩვენ არ გვესმის. ყველაფერი ეს მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ბატონ ნაცვლიშვილს, როგორც ჩანს, ის არის მთავარი მოქმედი პირი და სამწუხაროდ, არა მხოლოდ ამ საქმეში. არსებობს კიდევ სხვა დაპატიმრებული ბიზნესმენები, რომელთაც არაფერი ჩაუდენიათ, მაგრამ გააჩნიათ წილები სხვადასხვა კომპანიებში და ახლა იმათზეა ნადირობა.

დღეს პროკურატურის მთავარი ოცნებაა როგორმე დააკავონ კირვალიძე და, თითქოს, ქართული ბიზნესის ხელშეწყობის დროშის ქვეშ, აწიოკებენ სხვა ბიზნესმენებს, რომლებთაც გააჩნიათ წილი ამა თუ იმ კომპანიაში. ასეთი კონკრეტული გვარიც არსებობს ბიზნესმენი ბატონი მიქაძის სახით. შესასწავლია ეს საქმეც“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

კითხვაზე რატომ დამალა ნაცვილიშვილმა ჰამერბერგის სკანდალური წერილი, ექსპერტი პასუხობს:

„ამით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი დაადეს იმ დოკუმენტს. დღემდე არაა გასაჯაროებული ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დასკვნა იგივე საკითხზე, რომელსაც ახსენებს ჰამერბერგი მაგ წერილში და სხვათაშორის, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის თავის წერილში ბრძანებს, რომ ყველაფერ ამის შესახებ აცნობა პრემიერ-მინისტრს.

21 მაისს, როცა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში შევხვდით პრემიერ-მინისტრს, ამ საკითხზე საკმაოდ მწვავე კამათი გვქონდა და მაშინ ჩვენ ვერ შევთანხმდით მოვლენების შეფასებაში. მაშინ არ ვიცოდი, რომ, თურმე, ვლაპარაკობდი იგივეს, რასაც აშშ-ის, შვეიცარიის ელჩი და ბატონი ჰამერბერგი იტყოდნენ ცოტა მოგვიანებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან ერთად.

იმის შესახებაც მაქვს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი ძალიან აწუხებს პრემიერ-მინისტრს და ცდილობს რამენაირად დასრულდეს, რბილად რომ ვთქვათ, ეს გაუგებრობა, მაგრამ როგორც ჩანს, პროკურატურაში ვიღაცისათვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და შიში თავისი კარიერის შეწირვისა, ალბათ, უბნელებს გონებას ზოგიერთ პროკურორს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.