ის ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობის აღმკვეთი ღონისძიება ამ ეპიზოდში გააუქმა, საზოგადოებამ ცალსახად ნეგატიურად აღიქვა. სამართლიანობის მომლოდინე ხალხის მხრიდან ასეთი რეაქცია მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო, გაკეთდა კატეგორიული განცხადებებიც საერთო სახალხო აჯანყების დაწყების შესახებ. თუმცა ცხელ გულზე გაჟღერებული განცხადებების მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ბაჩო ახალაია კვლავაც ციხეშია და კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - 7 სპეცრაზმელის პოლიტიკური ნიშნით წამებისა და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე, რის გამოც მას პატიმრობა აქვს შეფარდებული.
შესაძლოა, ახალაიას საქმეებს კიდევ არაერთი ეპიზოდი დაემატოს, რაც უკვე ცინიზმამდე დასული ვაშლის თლის ეპიზოდისგან განსხვავებით, ბევრად წონიანი იქნება.
გარდა ამისა, აღნიშნულ ეპიზოდშიც ახალაიას გამართლებით ყველაფერი არ დასრულებულა. მას მეორე ინსტანციაში წარდგენა ელის. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა ბაჩანა ახალაიას განაჩენს გაასაჩივრებს. ამავე პოზიციაზეა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. იგი აცხადებს, რომ პროცესი არ დასრულებულა და საქართველოში არსებობენ პირველი ინსტანციის ზემდგომი მოსამართლეები, რომლებიც იმიტომ არიან ზემდგომი მოსამართლეები, რომ წესით, უფრო მეტი კომპეტენცია და გამოცდილება აქვთ.
ამდენად, სამართლიანობის სურვილის შემთხვევაში, მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა თეა წულუკიანის მესიჯი, წესით, რიგით გზავნილად არ უნდა აღიქვან.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნაციონალთა და, მათ შორის, როლანდ ახალაიას სიხარული, შეიძლება ითქვას, ნაადრევიცაა და ეს ყველაფერი ხბოს აღტკინებას უფრო ჰგავს, რამაც კიდევ უფრო დაზაფრა ჩვენი საზოგადოება.
მართალია, კანონმდებლები ბაჩო ახალაიას შესახებ საუბრისაგან დღეს თავს იკავებდნენ და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ იმ მოტივით, რომ პარლამენტი არ უნდა ერეოდეს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, მაგრამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მოსამართლე გიორგი დარახველიძის სამართლიანობის ირგვლივ შეკითხვები აქვს.
ეკა ბესელიას აინტერესებს, არჩევნების შემდეგ მოსამართლე გიორგი დარახველიძის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა შემთხვევითობა იყო თუ გამიზნულად მოხდა?!
ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეკა ბესელია კითხულობს, „მოსამართლე დარახველიძე, რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში იყო სასამართლოს თავმჯდომარე და აპატიმრებდა „ოცნების“ აქტივისტებს პლაკატების გაკვრისთვის, სამართლიანი იქნება?“
აქვე იგი ქსნისა და რუსთავის ციხეებში პატიმრებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას სწორედ ამ კონტექსტში ეხმაურება.
„გუშინ ქსნისა და რუსთავის ციხეში ასობით პატიმარს შევხდი და ვესაუბრე. 15 წელია ციხე, პატიმარი, საამართლო - ჩემი ყოველდღიური საზრუნავი იყო და კარგად ვიცი, რა ხდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ არ შემიძლია იმის გადმოცემა, რაც ხდებოდა 7- საათიანი შეხვედრების დროს გუშინ. საშინლად ნაწამები პატიმრები და წლების განმავლობაში მიღებული ტრავმების აშკარა კვალი, საშინელი განცდა უსამართლობის, მოლოდინი და უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა... მშრალ შიმშილობაზე მყოფთ საუბრის თავიც არ ჰქონდათ, ვთხოვე და წყლის მიღება დაიწყეს... უმეტესობამ შეწყვიტა შიმშილობა რუსთავში, ქსანში სრულად. საოცრად მადლიერები იყვნენ ამნისტიის კანონით, მაგრამ ითხოვენ უკანონო განაჩენების გადახედვას... დიდი ხანი ვისაუბრეთ... ძალიან გამიჭირდა ემოციურად... ახალგაზრდა, ასაკოვანი, უხელო, ეტლით .... მძიმე, მძიმეა მათი ემოცია... რა შედარებაა პირობების თვალსაზრისით, მაგრამ მათ გადატანილი უსამართლობა აწუხებთ.... უამრავი წერილი გამომატანეს, ვკითხულობ და ვფიქრობ, ვინმე არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა... მათ ყველაზე მეტი გადაიტანეს... ძალიან მძიმე იყო ემოციურად ამ ისტორიების მოსმენა... ეს ყველაფერი ვისი პასუხისმგებლობაა? იმ მოსამართლეების, ვისაც არ ახსოვდა, რა იყო სამართლიანობა... დღეს გაახსენდათ? ახალაიას სასამართლოს დეტალებს არ ვეხები, მაგრამ მოსამართლე დარახველიძე, რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში იყო სასამართლოს თავმჯდომარე და აპატიმრებდა „ოცნების“ აქტივისტებს პლაკატების გაკვრისთვის, ეს მოსამართლე იქნება სამართლიანი?“ - წერს ეკა ბესელია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცალკეულ ეპიზოდში ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობამ საზოგადოებაში სკეპტიკური განწყობა არ უნდა შექმნას და ამისგან დრამატული ვითარება არ უნდა დავხატოთ, რადგან ახალაია ახლა ციხეშია და კიდევ გაგრძელდება სასამართლო პროცესები. ამიტომ უნდა დაველოდოთ პროცესებს და წინასწარ დასკვნას ნუ გავაკეთებთ. მით უმეტეს, რომ, შესაძლოა, ამჟამად კი გამართლდა ახალაია, მაგრამ შემდგომი ინსტანციებიც არსებობს.
ზურაბ აბაშიძის თქმით, კანონმდებლები ამ საქმეში ვერ ჩაერევიან, რადგან არსებობს ინსტანციურობა საქართველოში და, თუ ჩვენ გვინდა, სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, ამისთვის სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ.
„ვის მოსწონს ან არ მოსწონს ეს გადაწყვეტილება, ეს სხვა საკითხია. შეიძლება, მე განვეკუთნები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არ მოსწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის, რაც არის. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, როცა თვითონ ხელისუფალნი -იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი სასამართლოს ნაცვლად წყვეტდნენ, თუ ვინ ჩამჯდარიყო ციხეში, ვინ ყოფილიყო განწირული და ვის რამდენი ფული უნდა გადაეხადა, ეს დრო დამთავრდა ქვეყანაში. ამიტომ პარლამენტის მიერ მისაღები გადაწყვეტილება რომ მიიღოს სასამართლომ, ეს ხომ სწორი არ იქნება?! ისინი კანონმდებლობას ხომ ვერ შექმნიან ჩვენს მაგივრად?! ამდენად, არც პარლამენტმა და არც მთავრობამ არ უნდა მიიღოს სასამართლოს ნაცვლად გააწყვეტილება და ამას უნდა შევეგუოთ, ასეთი სახელმწიფო უნდა აშენდეს, რადგან სხვანაირად არაფერი გამოვა“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის- ვახტანგ ხმალაძისთვის სრულიად გასაგებია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებული ხალხის რეაქცია, მაგრამ მისთვის მთავარია, რომ სასამართლომ არ უნდა იმოქმედოს საზოგადოების განწყობის მიხედვით, არამედ მან უნდა აწონ-დაწონოს ყველაფერი და სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს.
„ქალბატონ თეა წულუკიანს სავსებით ვეთანხმები იმაში, რომ ჯერ არ დასრულებულა სასამართლო განხილვა, რადგან გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. ამიტომ მეორე ინსტანციამ უნდა იმსჯელოს ამის შესახებ. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო, მოგვეწონება თუ არა, პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ ამ გადაწყვეტილების კომენტირებისგან, რათა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლად არ იქნას აღქმული მათი დადებითი, გინდაც უარყოფითი შეფასებები. საზოგადოებას კი სრული უფლება აქვს, ეს გადაწყვეტილებები ან მოიწონოს, ან დაიწუნოს“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ.
მანვე საზოგადოების გასაგონად განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას საღი თვალით შეხედონ, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ დამდგარა. კერძოდ, სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ეხებოდა ბრალდების რამდენიმე ეპიზოდს, ამიტომ დანარჩენ ეპიზოდებში სასამართლოს განაჩენს უნდა დაველოდოთ. ასე რომ, რეალისტურად უნდა შევხედოთ ამ გადაწყვეტილებას და ერთი მხრივ, დასკვნა გამოვიტანოთ დღევანდელი გადაწყვეტილებას გასაჩივრების შემდეგ, ხოლო მეორე მხრივ, აქამდე განუხილველი ეპიზოდების განხილვას დაველოდოთ.