ბეჟუაშვილმა და ნაყოფიამ, შესაძლოა, უმცირესობა დატოვონ

ბეჟუაშვილმა და ნაყოფიამ, შესაძლოა, უმცირესობა დატოვონ

ბიზნესმენებმა დავით ბეჟუაშვილმა და კობა ნაყოფიამ, შესაძლოა, საპარლამენტო უმცირესობის რიგები დატოვონ. for.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას საშემოდგომო სესიაზე გეგმავენ.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, შესაძლოა, საშემოდგომო სესიაზე, უმცირესობის რიგები ნაყოფიასა და ბეჟუაშვილის გარდა, კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს, რომელთა გეგმებშიც, ფრაქციის შექმნა შედის.

ყოფილ სახელისუფლება პარტიას ბიზნესმენების გარდა ვინ დატოვებს, ეს ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ნაყოფიასთან და ბეჟუაშვილთან ფრაქციის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებებს მარიკა ვერულაშვილი აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ აკაკი ბობოხიძე საშემოდგომო სესიაზე, უმცირესობის რიგებიდან კანონმდებელთა გადინებას, არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ყველა ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია, თუმცა, ისინი გადაწყვეტილებას გარემოებებიდან გამომდინარე ღებულობენ.

„ნაყოფიასა და ბეჟუაშვილზე აღნიშნული ინფორმაცია არ მსმენია. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს, არ ვიცი. თუმცა, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ მსგავსი რამე არ მოხდება-თქო, ეს ტყუილი იქნება, რადგან რამდენიმე დღის წინ, ასეთი რამ მოხდა და მოსალოდნელია, რომ მსავსი რამ უახლოეს მომავალშიც მოხდეს. ესენი იქნებიან - ნაყოფია თუ ბეჟუაშვილი, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩათვალონ, რომ მათი თავისუფლების ხარისხისთვის და მოქმედებისთვის ასე სჯობდეს, მაგრამ თუ ბიზნესმენები თავს ვალდებულად თვლიან, რომ პოლიტიკურ პარტიას გაემიჯნონ, ეს ქვეყანაში თავისუფლების ხარისხზე მეტყველებს. მართალია, მსგავსი ფაქტი არც ჩვენი ხელისუფლებისთვის იყო უცხო, მაგრამ ერთი და იმავე მექანიზმით ჩანაცვლება არ უნდა ხდებოდეს და პროცესები უკეთესობისკენ უნდა წავიდეს“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.

აღნიშნულ საკითხზე რაც შეეხება ნაყოფიასა და ბეჟუაშვილის შეფასებას, for.ge-სთან საუბარში ნაყოფია ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„ზოგადად, თუ რაიმე მოხდება, ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ. დღეს, მსგავსი არაფერი ხდება. ეს ინფორმაცია ვინც გითხრათ, საკითხიც მასთან გადაამოწმეთ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ სტუმრები მყავს და მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადა for.ge-ს ნაყოფიამ, რომელსაც სურვილის მიუხედავად, მეტი კითხვა ვეღარ დავუსვით.

რაც შეეხება ბეჟუაშვილის პოზიციას, იქედან გამომდინარე, რომ ბიზნესმენებმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ჩვენთვის მისი გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია უცნობი რჩება.

ნაყოფია-ბეჟუაშვილ-ვერულაშვილს შორის წარმოებული კონსულტაციები გამოიღებს თუ არა შედეგს, ეს სექტემბერში გამოჩნდება, თუმცა, ვერულაშვილის სახელმა იმ დამოუკიდებელ მაჟორიტარებთანაც გაიჟღერა, რომლებიც ფრაქციის შექმნას უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ.

კერძოდ, ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს გურამ მისაბიშვილთან, ანზორ ბოლქვაძესთან, გიორგი გოზალიშვილთან და იაშა შერვაშიძესთან ერთად ფრაქციის შექმნა სურს, თუმცა, მათ რეგლამენტისამებრ, ფრაქციის შექმნისთვის მეექვსე კვოტა სჭირდებათ. იდეაში, ენუქიძის ფრაქციის მეექვსე წევრად ვერულაშვილი მოიაზრებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აღნიშნულ პირებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ამ დრომდე, ფრაქცია არ დარეგისტრირებულა.

შეგახსენებთ, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დაახლოებით 13-მა დეპუტატმა დატოვა.