„ცუდია როცა პროკურატურა ვერ ახერხებს დაამტკიცოს ბრალი“

„ცუდია როცა პროკურატურა ვერ ახერხებს დაამტკიცოს ბრალი“

ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე მოსამართლე გიორგი დარახველძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ 8 ბრალდებულიდან ორს - ალექსანდრე გორგაძეს და ზურაბ შამათავას 140-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრათ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის, პაატა პაატაშვილის შეურაცხყოფისთვის, თუმცა აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და ორივე ბრალდებულს დაკისრებული სასჯელი გაუბათილდა.

ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ 7 პირი, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სად-ის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. დარასელიაზე და კინწურაშვილზე ძებნაა გამოცხადებული, ხოლო კალანდაძე, გორდაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - 7 სპეცრაზმელის პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე. მას ამ საქმეებზეც პატიმრობა აქვს შეფარდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების მხარდამჭერები გამამართლებელ განაჩენს ოვაციებით შეხვდენენ. პროცესს თავად ბაჩო ახალაიაც ესწრებოდა. მას სხდომაზე არაფერი უთქვამს, ბადრაგმა ბაჩო ახალაია გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზიდან სასწრაფოდ გაიყვანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება და ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს გაეცნობა. „ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დახუჭა თვალი მოსამართლემ თუნდაც სენაკის ეპიზოდის ირგვლივ, როდესაც დაზარალებულებმა პროცესებზე არაერთხელ აღნიშნეს, რა ვითარებაში ამყოფებდნენ მათ. მოსამართლემ კი ამაზე თვალი დახუჭა. რით იხელმძღვანელა მან, ამას მაშინ გავიგებთ, როცა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩაგვბარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანმებოდა და სრულიად არაადეკვატური იყო“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელის შეფასებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ ნიშნავს, რომ ბაჩო ახალაია ანგელოზია, ეს საუბრობს იმაზე, რომ მას პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული.

„ბაჩო ახალაიას მიმართ ასეთი ტიპის დანაშაულის დამტკიცება ვერ მოახერხა პროკურატურამ, ეს არ საუბრობს იმაზე, რომ ბაჩო ახალაია ანგელოზია, ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული, სასამართლოს კი მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ დადგა ეს გადაწყვეტილება. კარგია, როცა სასამართლო ამას ახერხებს, ცუდია როცა პროკურატურა ვერ ახერხებს დაამტკიცოს ბრალი ასეთი მძიმე მუხლით წაყენებული ბრალდების შემთხვევაში.

პროკურორებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ სხვა საქართველოში ცხოვრობენ. არ ვიცი პროკურატურაში კადრები სუსტია თუ ძლიერი, ამ პროკურორებს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი და იგივე ხალხია, ვინც ზურაბ ადეიშვილის პროკურატურაში მუშაობდა. ისინი მიჩვეულნი არიან ასე მუშაობას - არ სჭირდებოდათ რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის განხორციელება, რომ ადამიანები ციხეში ჩაესვათ. როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ბრალის დასამტკიცებლად და სასასამართლოს გადაწყვეტილებისთვის საკმარისია მხოლოდ ის, რასაც პროკურორი იტყვის“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ ეთანხმება შეფასებას, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურორების სისუსტის შედეგად დადგა. როგორც არჩილ კბილაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის იცნობს წარდგენილ მტკიცებულებებს და საქმეში ჩართულ პროკურორებს და არ ფიქრობს, რომ ბრალდების მხარე პროცესებზე სუსტად გამოდიოდა.

„მე ვიცნობ წარდგენილ ბრალდებას, ვიცნობ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი იყო, ვიცი პროკურორები, რომლებიც საქმეში მონაწილეობდნენ და არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ბრალდების მხარე სუსტად გამოვიდა და ამან განაპირობა ეს შედეგი“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. მისივე განმარტებით, პროკურატურის და პირადად მისი პოზიცია არის ის, რომ ბაჩო ახალაია დამნაშავედ უნდა ყოფილიყო ცნობილი. „ჩვენი და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რომ იმ ეპოზოდში, რომელშიც ახალაია გამართლებულ იქნა, დამნაშავედ უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა სანამ სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი არ გვექნება, მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამ განაჩენის კანონიერებაზე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პროცესი არ დასრულებულა, საქართველოში არსებობენ პირველი ინსტანციის ზემდგომი მოსამართლეები, რომლებიც იმიტომ არიან ზემდგომი მოსამართლეები, რომ წესით, უფრო მეტი კომპეტენცია და გამოცდილება აქვთ.

„პროკურატურა გააორმაგებს თავის ძალისხმევას. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საქმის მასალებში არის გამოძიების დროს მოპოვებული არაერთი მტკიცებულება ბრალის შესახებ, პროკურატურა გაორმაგებული ძალისხმევით თუ გადაწყვეტს და, მე როგორც ვიცი გადაწყვეტენ განაჩენის გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში, კიდევ უფრო მეტი შემართებით და ძალისხმევით დაუჭერენ ბრალდებას მხარს“, - აღნიშნა თეა წულუკაინმა.

როგორც იუსტიციის მინისტრამა განაცხადა, ამას დაემატება ისიც, რომ წესით სააპელაციო მოსამართლე გაცილებით უფრო კომპეტენტურია, ვიდრე პირველი ინსტანციის. თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ მთავარია, სასამართლო არის თავისუფალი და ეს ამ განაჩენით დამტკიცდა. 

„ჯერ პროცესი არ დასრულებულა. ამიტომ ის პირველი უარყოფითი რეაქცია, გაუგებრობის განცდა რაც საზოგადოებას, მათ შორის შეიძლება მეც მქონდეს განაჩენისადმი, ამას ნუ ავყვებით, რადგან პროცესი გრძელდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დარჩენილ ორ სისხლის სამართლის საქმეზეც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, რეინჯერების – ე.წ.  7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაია ნახსენები საერთოდ არ არის და ამ საქმეებზე არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბაჩო ახალაიას დანაშაულში ამხელს.

„სამხედროების საქმეზე იყვნენ ისეთები, ვინც ამბობდა, რომ ბაჩო ახალაიამ შეურაცხყოფა მიაყენა. რეინჯერების საქმეში კი ახალაია საერთოდ არ არის ნახსენები. იგივე ხდება ციხის ბუნტის საქმეზეც. განხილვები ამ საქმეზე არ დაწყებულა, თუმცა მასში არის ჩვენებები, რომელიც ზეწოლის შედეგად არის მიღებული.

ამ საქმეზე ჩვენებები ამ ადამიანებს ერთხელ უკვე მიცემული აქვთ, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში შეცვალეს. თუკი ზეწოლა არ იყო, რატომ უნდა შეიცვალოს ჩვენება სამჯერ? ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტების ჩვენებები არსებობს, რითაც დასტურდება, რომ ამ საქმეში ახალიას ბრალი არ მიუძღვის“, - განუცხადა for.ge-ს მალხაზ ვენიჯანაშვილმა.

პროცესის შემდეგ კომენტარი ამ საქმეზე ბრალდებულებმა გააკეთეს. გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ გადაწვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ არც მისი და არც მასთან ერთად ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

„მოსამართლის მიმართ, რომელიც ჩემ საქმეს იხილავდა, იუსტიციის მინისტრი ზეწოლას ახორციელებდა. მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლე გიორგი დარახველიძეს, რომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს მოსამართლე 9 თვე იხილავდა ჩვენს საქმეს და არ მოექცა ზეწოლის ქვეშ, რომელ ზეწოლასაც ყოველანაირი პრეზუმპფციების დაცვის გარეშე აწარმოებდა იუსტიციის მინისტრი. რამდენჯერმე მან ღია ეთერში ბრალი დამდო თითქოს მე ვახდენდი ზეწოლას მოწმეებზე სამეგრელოში, რომელიც არც კი დადასტურდა და საერთოდ არც კი იყო ნახსენები. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და იმ ხალხს, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა ჩემი მოქმედების შეიარაღებულ ძალებში“, - განახცადა გიგი კალანდაძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა არასაპარალამენტო ოპოზოცია.  მათი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ აშკარა გახადა ის სამარცხვინო გარიგება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცინალურ მოძრაობას“  შორის არსებობს.  კახა კუკავა მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს დაუყონებლივ განთავისუფლებული იქნას თანმდებობიდან გენერალური პროკურატური და იუსტიციის მინისტრი.

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი მხოლოდ ქუჩაში გასვლასა და საერთო-სახალხო აჯანყებაშია. როგორც მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა ბაჩო ახალაიას გამოშვება არის ცოცხალი მაგალითი იმის, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ადამიანების წამების, გაუპატიურების და მიხრჩობის რეჟიმი კვლავ ადგილზეა.

„გამოსავალი არის საერთო-სახალხო აჯანყებაში, რომელიც მიშას და მის ბანდას ჩაუშესკუს ან ფუხიმორის სტილში გაასამართლებს. ლაშა ნაცვლიშვილის ნაღვაწი - ესეთი სასამართლო ვის რად უნდა! გავდივართ ქუჩაში!“, - წერს ირაკლი კაკაბაძე.