დამატებითი შეზღუდვები სოფლის მიწების დასაცავად

დამატებითი შეზღუდვები სოფლის მიწების დასაცავად

სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვით ხელის მოთბობის მსურველებს კოვზი ნაცარში უკვე მეორედ ჩაუვარდათ. პარლამენტმა დამატებითი შეზღუდვები დააწესა იმ მაქინაციების სანაცვლოდ, რომელმაც ბოლო დღეებში იჩინა თავი. 2015 წლამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლა მკაცრად შეიზღუდება.

30 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სასესიო სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით, 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ კანონპროექტი დაამტკიცეს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლას ეხება.

ცვლილებების მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე დასაშვები ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო ან_და საზოგადოებრივი საჭიროებით. ამგვარ გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. კანონის მოქმედი რედაქციით მიწის სტატუსის შესაცვლელად მხოლოდ საჯარო რეესტში მისვლა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა არის საჭირო.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, დაიწყო ახალი პროცესი, რამაც საშიში ფორმა მიიღო. მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, მიწებისთვის სტატუსის შეცვლის მიზნით, 61 განაცხადი დაიწერა, რომელთაგან 10 განაცხადი კერძო პირს ეკუთვნის, ხოლო 51 - იურიდიულ პირს.

„მორატორიუმის შემოღების პარალელურად გააქტიურდა მიწებისთვის სტატუსის შეცვლის მსურველთა რაოდენობა, ეს მაჩვენებელი გაიზარდა აშკარად. აქამდე არ ცვლიდნენ ხოლმე სტატუსს, ყოველ შემთხვევაში, თუ აუცილებლობა არ იყო. მით უმეტეს, ვიცით, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი 1 ჰექტარზე, საშუალოდ, 100 ლარია და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აქვს მისი შემცირების და ასევე გაზრდის უფლება 150%-ით. არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი კი არის მეტი - 0,24 თეთრი არის ერთ კვადრატულ მეტრზე. შესაბამისად, ინტერესი არ იყო, რომ შეეცვალათ კატეგორია.

მორატორიუმის დაწყების შემდეგ კი პროცესი გაცხოველდა. ამ ფაქტმა დაგვაფიქრა, რომ აუცილებელი და საჭირო იყო დამატებითით რეგულაციების შემოტანა“, - აღნიშნა აგულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინათ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. კანონის ფარგლებში 2015 წლის 1-ელ იანვრამდე უცხოელზე მიწას ვერც ფიზიკური პირი და ვერც სახელმწიფო ვეღარ გაასხვისებს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ბევრად უფრო ძვირია. მიუხედავად ამისა, მყიდველი თანახმა გადაიხადოს მეტი.

„სოფლები საძოვრების გარეშე დარჩა, აღარ დარჩა არც სარეზერვო მიწები, ასევე გაყიდულია მიწები სასაზღვრო ზონებში. აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის მექანიზმების შეჩერება საჭირო გახდა“, - აღნიშნა ტყემალაძემ.