„ივანიშვილის წასვლას აპოკალიფსურ მოვლენად ნუ აღვიქვამთ!“

„ივანიშვილის წასვლას აპოკალიფსურ მოვლენად ნუ აღვიქვამთ!“

ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლას ახალ წლამდე აანონსებს. მთავრობის ხელმძღვანელი ბელგიურ გამოცემა Euobserver-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დაკავებული პოსტიდან ახალ წლამდე გადადგება, რათა არასამთავრობო სექტორთან ერთად, თავისი გენერალური გეგმა განახორციელოს.

პრემიერის განმარტებით, გეგმა, საქართველოს ელიტარული კორუფციისგან გაწმენდაში, კარგი სკოლების, საავადმყოფოებისა და გზების აშენებაში, ასევე უცხოელი ინვესტორებისა და ტურისტების მოზიდვაში მდგომარეობს.

მართალია, ქართული საზოგადოებისთვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ახალი არ არის, რადგან პრემიერი აღნიშნულ საკითხზე ხშირად საუბრობს, თუმცა, მმართველი გუნდის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში, ჯერჯერობით, სიტუაცია კვლავ არ არის მომწიფებული, რის გამოც, მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი ივანიშვილმა არ უნდა დატოვოს.

კოალიციის ლიდერი რატომ ჩქარობს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლას, ამის გარკვევას for.ge საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში შეეცადა. კანონმდებელთა ნაწილი ამ საკითხზე საუბარს გაურბის და აცხადებს, რომ „ამ თემაზე ბევრი შეფასება გაკეთდა და პრემიერს ახალი არაფერი უთქვამს“. ხოლო მეორე ნაწილი ივანიშვილის პოზიციას არ იზიარებს და პრემიერს პოსტზე დარჩენას ურჩევს.

როგორც for.ge-ს გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, მისი სურვილია, ივანიშვილი დაკავებულ თანანმდებობაზე დიდხანს დარჩეს, რადგან ეს ქვეყანას სჭირდება.

მისი შეფასებით, საქართველო ფეხზე დასაყენებელია, ხოლო ეკონომიკა გასამყარელებელი.

„არ მგონია, ახლა იყოს დრო, რომ ბატონმა ბიძინამ თანანმდებობიდან წასვლაზე იფიქროს. იმედს ვიტოვებ, პრემიერი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ძალიან კარგად აღიქვამს და სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ეს სჭირდება საქართველოს და იმ საზოგადოებას, რომელმაც მის პოლიტიკურ გუნდს მანდატი მისცა. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ უმრავლესობაში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების განხორციელების დრო ახლა არ არის. მაღალი თანანმდებობიდან წასვლის თაობაზე, ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც, მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა. ის აცხადებდა, რომ „გარკვეულ როლს ვითამაშებ და შემდეგ წავალო“, მაგრამ მას ეს როლი ბოლომდე არ უთამაშია, პოლიტიკაში ნახევრად ნათამაშები როლი კი, ნაკლებად წარმომიდგენია, რადგან ამ როლს თუ თამაშობ, ბოლომდე უნდა შეასრულო და შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს კანონმდებელი.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ მას პრემიერის გადაწყვეტილების იდეა ესმის, მაგრამ ქვეყანაში ამისთვის სიტუაცია არ არის მომწიფებული და პრემიერი უნდა დაფიქრდეს.

„1-ელი ოქტომბერი მხოლოდ ხელისუფლების ცვლა არ იყო, არამედ ხელისუფლებას ფორმა ვუცვალეთ. ძალადობრივი რეჟიმი შევცვალეთ და ამჟამად, გარდამავალი პერიოდია. დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოსაყალიბებელია და ბევრი რეფორმა განსახორციელებელია, მათ შორის, პარტიული დემოკრატია ასაშენებელია“, - აღნიშნავს დეპუტატი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, კოალიციის დაშლას გამორიცხავს.

ცაგარეიშვილის განცხადებით, ამ მოწვევის პარლამენტში კოალიციის დაშლის დღის წესრიგი არ დადგება, რადგან პარტიები ერთად ყოფნისთვის არიან განწირულნი.

„დაპირებები ერთად გავეცით და პროგრამაც ერთად წარვადგინეთ. შესაბამისად, დაქსაქსული „ქართული ოცნება“ ამ პროგრამას ვერ აასრულებს და ჩვენ ვართ განწირული იმისთვის, რომ ეს ოთხი წელი ერთად ვიყოთ. 2014 წლის არჩევნებამდე ერთად უნდა მივიდეთ და პრემიერმა სურვილი გამოთქვა, რომ 2016 წელსაც ერთად ვიყოთ. ის ფიქრობს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები კოალიციამ ერთად უნდა მოიგოს. მართალია, კოალიციაში დიდი ბჭობა, აზრთასხვაობა და კამათია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს არის ტრაგიკული, რადგან ამ მოწვევის პარლამენტი უფრო საინტერესოა, ვიდრე წინა. რომ არა პრემიერი, ეს მონაპოვარი არ გვექნებოდა, რაც დასაფასებელია, მაგრამ ხალხს მეტი უნდა. კერძოდ, მათ სურთ, ფეხებზე მდგარი ქვეყანა იხილონ და არა ისეთი, რომელიც მხოლოდ ნაციონალებისგან გათავისუფლდა. ეს ნახევარი საქმეა და მთლიანი საქმე ჯერ კიდევ გასაკეთებელია!“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.

საკითხზე საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ პრემიერის პოსტიდან ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, კოალიცია არ დაიშლება.

აბაშიძის შეფასებით, საზოგადოება არ ხარობს იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოსტიდან მიდის.

„ეს ფაქტია, მაგრამ მეორე მხრივ, არის რეალობა. პრემიერმა ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა და ეს ჩვენთვის ახალი არ არის. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მთავარი ინსტიტუტებები მუშაობას გააგრძელებენ და ამას აპოკალიფსურ მოვლენად ნუ აღვიქვამთ! პრემიერი ფიქრობს, რომ საზოგადოების ნაწილში მისი საქმიანობა უფრო ეფექტური იქნება და არ მგონია, რომ ამას კოალიციის დაშლა მოყვეს“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.

პრემიერის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, მოკრძალებულ კომენტარებს აკეთებენ პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი.

დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ კოალიცია საზოგადოებისთვის მიცემულ ყველა დაპირებას შეასრულებს.

„კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად ოთხი წლით აიღო პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის წინსვლაზე“, - აცხადებს სპიკერი, ხოლო თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ „პრემიერი ამბობს იმას, რაც აქამდე ბევრჯერ ითქვა“.

მმართველი გუნდის ლიდერებისგან განსხვავებით, პრემიერის განცხადებას ნაციონალები არასერიოზულად აფასებენ და აცხადებენ, რომ ივანიშვილი ქვეყნის პორბლემებზე უნდა ზრუნავდეს და წასვლაზე ნაკლებად უნდა საუბრობდეს.

ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, პრემიერის განცხადებები ინვესტორებს აფრთხობს და ქვეყანაში არასტაბილურობის განცდას აჩენს.

„მისი ეს განცხადება არასერიოზულია. როცა შენი ქვეყნისა და პოლიტიკური პარტიის წინაშე ამოცანები დგას, რომ ქართულ მოსახლეობას ოცნებები აუსრულო, მსგავს საკითხზე საუბარი არადეკვატურია. ეს ინვესტორებსა და პარტნიორებს აფრთხობს და არასტაბილურობის განცდას აჩენს, რომელსაც მთავრობა ასხივებს. მართალი გითხრათ, მსგავსი განცხადებები ქვეყნის იმიჯზეც ცუდად აისახება. პრემიერი პრობლემებს ბევრად უფრო სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს და არა პირიქით, მუდმივად წასვლაზე ზრუნავდეს“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება იმ საკითხს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკურ კულუარებში მთავრობის ხელმძღვანელის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილს მოიაზრებენ. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის დიდი ნდობით შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სარგებლობს, რომელსაც კოალიციის ხელმძღვანელი პრემიერობისთვის ამზადებს.